პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე შრომა ხმაურობს – ხმაურობს პოეზია!

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

ქალაქებიდან ჩამოსულა
სოფელში მუშა.
სამეურნეო იარაღებს
სინჯავს, აკეთებს.
სოფელი იბრძვის,
ის ადიდებს
სათეს ფართობებს,
გამალებით ხნავს
მიტოვებულს უქმად
ნაკვეთებს.
უვლის საქონელს, ათასობით
იზრდება ჯოგი.
იყენებს სასუქს,
ხარისხიანს
ამრავლებს ნათესს.
მცენარეები,
ბალახები
ელიან სილოსს.
და ქვეყანაზე
ზეიმი აქვს
დღეს უდიადესს.
მე მინდვრებიდან,
კარგო მხარევ,
მოგკარი თვალი,
გულში აფეთქდა
ჩვიდმეტთა წელთ
მღელვარე გუნდი.
გადამავიწყდა
გადუდები
საქმე და ვალი,
შენკენ მომართულ
ძველად ნაცნობ
გზებით დავბრუნდი.
ამ გზებზე ისევ
აღტაცება
აურზაურობს,
ამ გზებს არა აქვს
არავითარ
მონობის შიში.
როცა ასეთი
გულდაგული
შრომა ხმაურობს,
თითქო ხმაურობს
პოეზია,
ვეფხვი
და
ქარი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button