პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე პოემა ვეფხვისა

აქ დასიცხული თვლემით გრძნობენ ვეფხვთა სიარულს,
თითქო ცეცხლში ხარ და განწირულ სიტყვას ჰკიოდე:
ცას, დედამიწას, ღვთაებრივს და ადამიანურს
„ვეფხისტყაოსნის” სტრიქონებში ვხედავ არეულს.

ვით სულდგმულები, ირევიან მცენარეები,
ვეფხვი მოქმედობს ლმობიერი და თან მრისხანე.
ხან მნგრეველების არის ყრილობა:
იფეთქა ცეცხლმა, იბუგება მთელი ქვეყანა –
ზეცით სიცივე და გულგრილობა
ვის სურდა ქვეყნად ჩამოეყვანა?

შეხედეთ: ქვებიც გადმომსხდარან მოსმენად მშვიდი;
მშვიდი სამუმი – მათრობელი, მშვიდი ჭავლეთი;
აქ ძველი არის ყველაფერი, როგორც სანსკრიტი,
მაგრამ ახალი მუდამ, როგორც აღმოსავლეთი.
ასეთ ოცნებას ხსნა არ მოელის,
სიმღერა აღარ იგრძნობს დასასრულს.
დაცხრება სული უდაბნოელის,
გულცივი ზეცა რომ გადასაზროს.

კიდევ გადავა საუკუნეთ მღვრიე მრავლობა.
მაჲა, დედა მსოფლიოს, მოირხევს დღეებს,
შთამომავლობას მოეცლება შთამომავლობა,
როგორც ფოთლები გიგანტიურ, უძველეს ხეებს.
ქარმა ველებზე ძნები დაშალა
და მიმოფანტა ქვეყნის კიდეზე:
შევუნთოთ ცეცხლი, რომ იგი ალი
იყოს უვრცესი და უდიდესი!

ან ისევ სამხრეთ-დასავლეთით წავლენ ზენდები,
ან ისევ სამხრეთ-აღმოსავლეთსინდოთა ჩანგი,
იქ, სადაც თვალწინ გაიშლება ხეობა ინდის,
სადაც პენჯაბის ხეობიდან ხმაურობს განგი,
გადაიშლება კვამლი მხუთარი
და გადიქცევა მზის ვუალებად,
შემდეგ იფეთქებს, რომ საკუთარი
ქნარს მისცეს სუნთქვის საშუალება.

მოვარდნილ ღვართქაფს ვერ დაიჭერს მსუბუქი თალხით
ზეციდან მსვლელი ჰიმალაის მწვერვალთა გზები,
შთაჭრილი უფსკრულს, რომ გარეცხოს თავისი ტალღით
სამოც ათასი მეომარის დაღლილი ძვლები.
ავა ზეცამდე – და შეეხება
იქ, ლაჟვარდებში რომ გემებია.
აჰა, ალისფერ ნაღმით შეღება,
თითქო ის ცეცხლიც უგემებია.

ტროპიკის სიცხე. სიყვარული ლაკედემონის.
მეგობარს კიდევ მეგობარი შეურჩენია.
შრიალებს ფრთები ელადათა სიბრძნის დემონის,
ძველი ეგვიპტის აქ ხმიანებს მძლავრი გენია.
ხმათ აიაზმის ნელი პკურება…
ისარი გულზე ვის არა სოდეს?
იყო მრავალი განადგურება,
ლექსთა სიკვდილი კი – არასოდეს.

ომებში ლომი – ნახტომიდან შამბის არშიით,
ტაიჭნი ჰქრიან, როგორც მძაფრი ისრები ქარში,
მაგრამ ხანდახან დაუნდობელ გრძნობებზე სტირის
ელეგიური დღე იზისის და ოზირისის.

აი, უდაბნო არაბეთის. დაიფარავდა
უხსოვარ დროით ოაზისებს ძველი ტომები,
ძლიერი, გამძლე და ამაყი ტომი არაბთა,
მხურვალე ზეცის და ოცნების ქვეშევრდომები.
დაე, მინდვრები ცეცხლმა გადახრას.
იგი მომავალს ძლიერს მოიტანს.
დრო ხედავს ახალ გზისკენ გადახრას,
სიცოცხლეს ახალ მიდამოიდან.

მას რაინდული ჰქონდა სული, სავსე ანთებით,
ლაშქართ მრავალი აღტაცება მისდევდა თანა,
საგანძურებში დაგროვილი ფოლიანტებით,
სადაც იწოდა პოეზიით მდიდარი ხანა.
რაც ამ ხანაში არის მთავარი
და რაც ყველაზე უფრო შორია,
ეს: გადამრჩენი წვიმას ყავარი,
რითიც იფარავს ძველს ისტორია.

გაფრინდნენ თვალწინ უდაბნოთა ბედუინები
და ქალაქების სიმდიდრენი გაჰკრთნენ ზმორებით,
თავისუფალი და დანარჩენ კაცობრიობას
დაშორებული თვალუწვდენი ქვიშის მორევით.
ახალ მხარეთა გაჩნდა სახელი,
მან არ წაშალა იმ ხმათა დარგი,
მუდამ ყველაზე უფრო ახალი
და უფრო კარგი.

თუ აქლემების ქარავნები და ცხვრების ჯოგი,
რომლის მახლობლად იშენებენ მშვენიერ კარვებს,
თუ სიმამაცე და ლანდები სტუმართმოყვარე,
დამავალი დღე ესალმება საღამოს ქარვებს,
შემდეგ ქარცეცხლი, შემდეგ შერყევა.
და პოეზია იქცა ერთ ელვად.
საკმარისია ქაოსის შერხევა –
იფეთქებს ერთხელვე.

დავლიოთ ჩვენ იმ კარგი დროის შესანდობარი,
ოდეს პოეტი იყო არა მარტო პოეტი:
პოეტი იყო ბედუინი და მეომარი,
პოეტი იყო მოსამართლე და უფრო მეტი –
იყო გრიგალი, იყო შერყევა,
იყო მსოფლიო ძალა – უგეში.
მისთვის არ იყო რამ შეფერხება –
იგი უყვარდათ, როგორც ნუგეში.

„ვეფხისტყაოსანს” შეინახავს აღმოსავლეთი,
პერგამენტების შეინახავს ჩრდილი კეთილი,
პალმის ფოთლებზე დაწერილი სისხლიან ცრემლით,
ან სპილოს ძვალზე სასოებით ამოკვეთილი
გადაშორდება დღეებს მტვერიანს,
გადაშორდება დროთა ბანაკებს,
მას მომავლიდან კვლავ უცქერიან –
რა სხვა დიდება უამხანაგებს.

რუსთაველს მოჰყვა სიხარული დაუთრგუნავი,
მას შეუძლია ცა გადაჰკალოს.
საუკუნეთა ტყეებს იქით მოჩანს ბუნაგი:
იქ ესალმება შუქი ნათელს ზოდიაკალურს.

ასე მგონია: ეს იმედი მას მოასწავებს,
რომ სულ შემთხვევით ჩამარხულებს და ჩაკალულებს
ჩვენ აღმოვაჩენთ ძველი დროის ძველ წიგნთსაცავებს,
ომიანობის გამო სადმე გადამალულებს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button