ოკეანეების სიღრმეები პლასტმასის ნარჩენების „ნაგვის ურნებად“ იქცა
პლასტმასის ნარჩენები განსაკუთრებით აბინძურებს გარემოს და ამ პროცესის შეჩერება ძალიან რთულია. დიდი ბრიტანეთის ნიუკასლის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ უხრწნადი ნაგავი არა მარტო დედამიწის ზედაპირზეა, არამედ ოკეანეების სიღრმეებშიც დიდი რაოდენობითაა დაგროვილი. გარდა იმისა, რომ ნაგავი ფსკერზე გროვდება, იგი ასევე ხვდება ღრმა წყლების ბინადრების საკვების გადამამუშავებელ სისტემაში. აღმოჩენამ მკვლევარები შეაშფოთა, რადგანაც პლასტმასის ნარჩენები უკვე გახდა უამრავი ზღვის კუს და ვეშაპის სიკვდილის მიზეზი.
კვლევა ტარდებოდა ისეთ რეგიონებში, სადაც ბევრია წყლისქვეშა ღრმულები ათასი მეტრის სიღრმეზე. ნიმუშების ასარჩევად სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით მეცნიერებმა ზედაპირზე უამრავი ცოცხალი არსება ამოიყვანეს. შემოწმდა ოკეანეების 90 ბინადარის საჭმლის მომნელებელი სისტემა პლასტმასის ნარჩენების აღმოსაჩენად.
ცხოველთა 72%-ის ორგანიზმში პლასტმასი აღმოჩნდა – არსებები წყლის ქვეშ რაც უფრო დიდ სიღრმეზე ბინადრობენ, მით მეტ პლასტმასს ყლაპავენ. მაგალითად, ჩელენჯერის უფსკრულის (10 890 მეტრი სიღრმე) ბინადარ ცოცხალ არსებათა 100%-ში დადასტურდა პლასტმასის არსებობა ორგანიზმში. ყველაზე გავრცელებული ნაგვის სახეობა აღმოჩნდა ცელულოზის ბოჭკოები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ტანსაცმლის მზადებისას. მკვლევარებმა აგრეთვე იპოვეს ნეილონი, პოლიეთილენი და პოლიამიდი.
მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ოკეანის სიღრმეები ადამიანების მიერ გადაყრილი ნარჩენების საბოლოო წერტილს წარმოადგენს – ოკეანეებს იქით ნაგავი ვეღარსად წავა. საზღვაო მეცნიერი, ალან ჯეიმისონის თქმით, მდინარებში ჩაყრილი ნაგავი საბოლოოდ ოკეანეებში აღმოჩნდება, პლასტმასის ნარჩენები კი ფსკერზე გროვდება.
სამწუხაროდ, კაცობრიობა ჯერჯერობით ვერ უმკლავდება ნარჩენი პლასტმასის რაოდენობის შემცირების საკითხს. 2017 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ 1950-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიოში იწარმოებოდა 8,3 მილიარდი ტონა პლასტმასი, ამ მასიდან 6,3 მილიარდი გარემოში გადაყრილი აღმოჩნდა.
hi-news.ru/research-development/okeanskie-glubiny-prevratilis-v-urny-dlya-plastikovyx-otxodov.html