ლიტერატურაპოეზია

აკაკი წერეთელი გამზრდელი

IV

არც გვარით, არც ვაჟკაცობით,
არც სიმდიდრით, არც ქონებით,
ჰაჯი-უსუბ ცნობილია
მხოლოდ ჭკუით და გონებით.

ჭირში, ლხინში საზოგადოდ
უმისობა არ იქნება;
ხელის გულზე უწერია
თვით მაჰმადის წმინდა მცნება.

ზღვა და ხმელი მოვლილი აქვს,
მნახველია ცა და ქვეყნის;
ჯერ ისევე ჭანმაკია,
თუმც არ არის კი მცირე ხნის.

ხელ-ფეხს ერჩის, თვალსაც უჭრის, –
არ ტყუილი ქადილია;
სადაც კაი გვარიშვილი,
ყველა მისი გაზრდილია.

საფარ-ბეგიც მან გაზარდა
ისე, როგორც სხვები ყველა,
მაგრამ მარტო წვრთა რას იზამს,
თუ ბუნებამც არ უშველა?

აი, ამ უსუბთან
მიდის ახლა საფარ-ბეგი,
მორდუობის გამტეხი და
ჩვეულების გადამდეგი.

ეუბნება ყოველისფერს,
უნებურად რაც შეემთხვა;
ცრემლები სდის და ეჩრება
ბურთფად ყელში მწარე სიტყვა.

ყურს უგდებდა ჰაჯი-უსუბ,
სახე მოინაღვლიანა:
სიდიადე ამ მუხთლობის
თვალწინ გაისიგრძეგანა.

ოხვრით ჰკითხა: “მერე? მერე?
რომ გაიგო, რა სთქვა ქმარმა?”
-“მაპატივა შეცოდება,
როგორც ძმამ და მეგობარმა!…

მხოლოდ ეს-კი დამავალა:
ნახე შენი გამზრდელიო
და მაგ შენი საქციელის
პასუხს მისგან მოველიო!”

-“მესმის, მესმის და პასუხიც
ჩემი მხოლოდ ეს არიო,
რომ ნამუსის გასაწმენდად
ჩემი ხელით სისხლს დავღვრიო!…”

შეაყენა ზედა ფეხზე
მან დამბაჩა გატენილი;
მორჩილებით გულ-მკერდს უშვერს
საფარ, მისი გამოზრდილი.

მაგრამ უსუბ ეუბნება:
“შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?!
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,
რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!”

წარმოსთქვა და საფეთქელში
მიიჭედა ცხელი ტყვია!…
ჩაიკეცა სულთამბრძოლი,
წამლის კვამლში გაეხვია…

წინა გვერდი 1 2 3 4

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button