აკაკი წერეთელი გამზრდელი
II
ბნელა ისე, რომ აღარ ჩანს
თითი, თვალთან მიტანილი!…
ცა მრისხანებს, ელვა-ჭექამ
ნადირსაც-კი უფრთხო ძილი!…
ქარი ზუის გულსაკლავად,
წვიმა უშვებს კოკის პირად;
ხან აქ, ხან იქ მთა-ღრეებში
გავარდება მეხი ხშირად.
თითქოს მართლა თვით ჯოჯოხეთს
აუშვია ქვეყნად ზარი!
აიტანა შიშის ქარმა
თანასწორად მთა და ბარი!
ამ დროს ხოლმე თვით ეშმაკიც
ეძებს ძრწოლით თავშესაფარს,
მაგრამ, დახეთ, ვიღაც მგზავრი
სტურად მოსდგა აფხაზის კარს!…
დაურეკა და ხმა მისცა:
“გამომხედეთ!… ვინა ხართ შინა?
სტუმარი ღვთის კარზე ვდგავარ,
ცხენს და კაცსა გვინდა ბინა!”
გაუკვირდა აფხაზს და სთქვა:
“ამ თავსხმაში ეს ვინ არი?!”
შეუკიდა ცეცხლს და უცად
გამოაღო ფაცხის კარი.
გავიდა და შემოუძღვა
ფეხებამდე დასველებულს,
მიიყვანა ცეცხლის პირად,
უდგამს სამფეხს სკამს დ დაღალულს.
ხმას არ იღებს ჯერ სტუმარი,
ნაბდის თასმებს ნელა იხსნის…
თავ-პირი აქვს შებუდნული
ყაბალახით და იცინის!…
ჯერ ნაბადი მიაყუდა,
ბნელ კუთხისკენ მიდგა წყნარა
და, ბაშლიყი რომ გადიძრო,
მოტრიალდა უკან ჩქარა:
“მასპინძელო! სიცილით სთქვა
წახდა ჩემი ხუმრობაო!…
ვერ მიცანი, თუ გეწყინა
ეს უდროვო სტუმრობაო?”
-საფარ, შენ ხარ?… ენაცვალოს
ძიძის შვილი მაგ შენ თავსო…
ეს თვალები რაღას ნახვენ
შენს უკეთეს სანახავსო?
მოეხვია, გადაკოცნა,
როგორც ძმა და თვისი ტოლი,
და მერე კი გააღვიძა
შიგნით მწოლი მისი ცოლი.
შეეხვეწა: აბა ჩქარა
მოამზადე ვახშამიო:
შორი გზა აქვს გამოვლილი,
არ ექნება ნაჭამიო.
-არა, ბათუ, ვახშამს არ ვჭამ,
არ მცალია იმისთვისო!
მე სხვა მადა მაქვს აშლილი,
სხვანაირი გულისთქმისო…
უპასუხა და მოუყვა:
“მინდა გითხრა ჩემი ჭირი:
დღემდის მტკიცე პირიანსა,
დღეს მიტყდება, ძმაო, პირი!
ალმასხიტს ხომ კარგად იცნობ,
თავმომწონე ინალიფას?
მის ცხენსა და მის იარაღს
ვერვინ დასდებს ღირსეულ ფასს.
ვაჟკაცია თვალ-ტანადი,
ცხენოსანი უებარი!…
მეტოქეა ჩემი მხოლოდ,
ერთადერთი საშიშარი.
შორს გაისმის მისი ქება,
ჩვენიც ხშირი სტუმარია;
ბიჭობით და სილამაზით
ქალებიც კი გადარია.
ერთი მხოლოდ ზია-ხანუმ
არად აგდებს, არც უყურებს,
რადგან იცის, რომ სხვებსავით
იმას ის ვერ იმსახურებს.
მზია-ხანუმ, შენც კი იცი,
რომ მშვენებით განთქმულია;
ბევრი კარგი ახალგაზრდა
მისი ეშხით დაბმულია;
მთვარესავით ხელუხლები, –
სხივებს ჰფენს და არვის ათბობს;
მომხიბლავი შორეულად
თანასწორად ყველას ატკბობს.
ჯერ გაჰღალავს, მიიბირებს,
დაიმონებს, იგდებს ხელში,
მერე უნდა გამოსცადოს:
აგდებს მის მსხვერპლს განსადელში!
მეც მომხიბლა ჯადოსანმა,
დამამარცხა, დამიმონა!…
და, ქალი მაჯობებდა,
არ ვფიქრობდი, არ მეგონა…
დამაჩემა: თუ გიყვარვარ
და ხარ ჩემი მოგვარეო,
ინალიფას ლურჯი ცხენი
ამ სამ დღეში მომგვარეო!ნ
ინალიფა მის ბედაურს
არ დაუთმობს ნებით გამჩენს
და, თუ ვინმე ძალას იხმარს,
შეაკვდება, არ შეარჩენს!
სხვა გზა არ მაქვს: მოპარვაა
მხოლოდ ერთადერთი ღონე,
თუმც-კი სხვა დროს არ იკადრებს
ამას კაცი თავმომწონე.
აი, რისთვის მოვსულვარ აქ,
ჩემო კარგო მეგობარო!
მე მინდა, რომ ალმასხიტის
ლურჯი ლაფშა მოვიპარო”.
მოუსმინა ძიძიშვილმა,
ყველა კარგად გაიგონა,
მაგრამ საქმემ უკუღმართმა
შეაწუხა, დააღონა.
უთხრა: “ვწუხვარ, რომ ეგ საქმე
უკადრისი გიკისრია,
მაგრამ, რადგან სიყვარულის
ტკბილი სენი შენც შეგყრია,
გზა აღარ გაქვს!… უნდა გული
დაუდვა და ემსახურო,
რომ სატრფოს წინ შენ სირცხვილის
ოფლი აღარ მოიწურო:
მის ოცნებას, მის გულისთქმას
უნდა მიჰყვე, დაემონო,
გინდ სიცოცხლეც შენი ტკბილი
მწარე სიკვდილს შეუწონო.
ეს შენც იცი, – არ ხარ ქვეყნის
უცადი და უმეცარი, –
სავაჟკაცოდ გამოსული,
უდრეკი და უშიშარი!
მაგრამ მარტო უშიშრობა
ძლევისათვის არა კმარა,
თუ სიფრთხილეც გონივრული
დროზე მას არ დაეხმარა.
ერთმანეთის მინამსგავსი,
შიში სხვაა, სიფრთხილე სხვა,
ისე, როგორც სხვადასხვაა
ღვთის წყალობა და ღვთის რისხვა.
რომ მიდიხარ, სად მიდიხარ?
მართალია, გიჭრის თვალი,
მაგრამ ჩვენში როგორც უცხოს,
აგებნევა გზა და კვალი.
შენ ეგ საქმე მე მომანდე,
მე ვიზამ შენს მაგივრობას:
ან მოგიყვან იმ ცხენს, ან თავს
შევწირავ შენს მეგობრობას!
შენ აქ დარჩი, დაიძინე,
გამოშუშდი ცეცხლის პირას!…
და, თუ დამრჩა გამარჯვება,
მაშინ მოგთხოვ ფეხის ქირას”.
გაეხუმრა, გამოეწყო
სამგზავროდ და გავლო კარი.
მიდის, ელვა გზას უნათებს
და დაჰზუის თავზე ქარი.