მოთხრობა

აკაკი წერეთელი ბაში-აჩუკი

თავი მეცხრე

ერთ დღეს, დილიდან საღამომდე, შუამთის უდაბურ ტყეში დადიოდა აბდუშაჰილი, რომ ეგებ ბაში-აჩუკს, ან მის ამხანაგთაგანს და ან მათ ბუდეს სადმე წავაწყდეო, მაგრამ მოუცდა განზრახვა. დაბრუნებულს წინ ერთი შველი შეეფეთა, შეჩერდა შორიახლოს და ისე დაუწყო ყურება, თითქოს შინაურიაო. აბდუშაჰილმა მშვილდ-ისარი მოიმარჯვა, სტყორცნა და გააგორა მიწაზე! რომ მივიდა ასაღებად, ნადირი უცბად წამოვარდა ზეზე და ბარბაცით გაუდგა გზას!.. მონადირე მიჰყვა კვალდაკვალ. შუაგულ ტყეში თურმე ერთი დიდი მინდორი იყო და იმას მიაშურა; მონადირეც რომ მიადგა ტყის პირს და მინდორს თვალი გადაავლო, შენიშნა, რომ მეორე მხრით ტყიდან გამოვიდა ერთი ახალგაზრდა ქალი, რომლის მსგავსი ჯერ მას არა ენახა რა; შეჩერდა და ამოეფარა ხეს. დაკოდილმა შველმა პირდაპირ ქალისაკენ მიმართა, შესწივლა ორჯერ-სამჯერ და მიადვა კალთაზე თავი. ქალი შეკრთა, მიიხედ-მოიხედა და, რომ ვერავინ დაინახა, თეძოში გარჭობილი ისარი ამოუღო, გადააგდო, მოჰკიდა შველს ნაყარ რქებში ხელი და იქვე, ახლოს, წყაროსთან მიიყვანა, სისხლი გაბანა და წყლული ამოუწმინდა. შველი ისე ემორცილებოდა, როგორც გრძნობიერი რამ: დაუწვა ფერხთით, ცალ გვერდზე და მიადო თავი; ქალმა მანდილს ყური მოჰხია და დაუცვა ჭრილობა. ამას ყოველივეს გაოცებით უყურებდა მონადირე და გუნებაში ამბობდა: „ნადირთა ღმერთს რომ იტყვიან, სწორედ ეს უნდა იყოსო!“ აღარ მოუთმინა გულმა, მიეპარა ფეხაკრეფით და წაადგა თავზე. შველმა იგრძნო, დაფრთხა, წამოვარდა ზეზე, ორჯერ-სამჯერ გადახტა განზე, მაგრამ უცბად შეჩერდა და მოიხედა უკანვე. ეტყობოდა, რომ მონადირეს ერიდებოდა და იმავე დროს ქალის მოშორებაც არ უნდოდა. ქალი წამოდგა ზეზე, მოიხედა უკან და, თათარი რომ დაინახა, ერთი საოცრად დაიკივლა, ჩაიკეცა და შემოეყარა გულს. აბდუშაჰილი მივიდა, მოჰკიდა ხელი, ბევრი აბრუნა აქეთ-იქით, ცხვირი მოუსრისა, ყურები აუწია, მაგრამ ვერ გამოაბრუნა; მივიდა მერე წყაროზე, პეშვი აივსო წყლით, გამობრუნდა, ასხურა გულწასულს. ქალმა თვალები გამოახილა.

– ნუ გეშინია! შენ და და მე ძმაო! – მიაძახა აბდუშაჰილმა. – მითხარი მხოლოდ, ვინ ხარ და საიდან, რომ ჭირისუფალთან მიგიყვანოო!

ქალმა ხმა ვერ გასცა, გაუშვირა თითი დასავლეთით ტყისაკენ და ხელახლა შეუწუხდა გული. თათარმა აიყვანა ხელში ბავშვივით, გადაიწვინა მკლავებზე, მიიყრდნო გულ-მკერდზე და ალალბედზე წაიღო იქით, საითკენაც ანიშნეს. შველი ძაღლივით აედევნა, წაუსწრო წინ; ერთ-ორს რომ გადახტებოდა, შეჩერდებოდა ხოლმე და მოიხედავდა უკან. თათარმა იფიქრა: „აქ რაღაც განგება არის, მივყვები ამ ნადირს და, სადაც მიმიყვანს, მიმიყვანსო“. გზაში, ქალმა რომ ვაჟკაცის გულ-მკერდის სითბო იგრძნო, გონზე მოვიდა: რაღაც უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში; ჯერ გამოუცდელი სიტკბო იგრძნო, ვერ გამოერკვა; იფიქრა: „ეს სწორედ სიზმარიაო! ძილში ადრეც მინახავს ამგვარი რამ, მაგრამ ეს კი ყველაზე უძლიერესიაო“; დახუჭა თვალები და განაბა სული. ახალგაზრდა აბდუშაჰილსაც რაღაც უცნაური ემართებოდა; დასჩერებოდა სახეზე და ფიქრობდა გუნებაში: „ეს სწორედ მაჰმადის დაპირებული მზეთუნახავი უნდა იყოს და მეც ცოცხლად სამოთხეში მივდივარო“. ყოველ ბიჯის გადადგმაზე გულის ძგერა უხშირდებოდა და უმატებდა. ქალთან სიხლოვის უჩვეულო არ ყოფილა, მაგრამ არაოდეს ეს არ უგრძვნია, რასაც ახლა ჰგრძნობდა; სხვიმის მხოლოდ ხორცი ჰგრძნობდა; ახლა კი ხორცი დადუნებულია, მხოლოდ სული იტაცებს და მიაფრენს სადღაც სანეტარო უფსკრულისაკენ. ამ ყოფით რომ მიდიოდა ნელ-ნელა, უცბად შუაგულ ტყეში შენობა გამოჩნდა და პირდაპირ მის გალავანს მიაწყდნენ.

შველი მიადგა ჭიშკარს და წივილი დაიწყო. აბდუშაჰილმაც წიხლი ჰკრა, მაგრამ მაგრად დაკეტილი დაუხვდა; მიაყურა და ხმაურობა არა იყო რა. დასდვა თავისი ძვირფასი ტვირთი ძირს და მოინდომა გალავნის ირგვლივ შემოვლა და, იმავე ადგილს რომ მივიდა, აღარც ქალი დაუხვდა, აღარც შველი, კარები კი ისევ ისე დაკეტილი იყო შიგნიდან. აბდუშაჰილს თითქმის ელდა ეცა; დიდხანს იყურყუტა, ბევრი ათვალიერა აქეთ-იქით, გალავანსაც ორ-სამჯერ გარს შემოუარა, მაგრამ სიცოცხლის ნიშან-წყალი არაფერს ეტყობოდა. სთქვა: „რაც განგებას ჩემთვის დაუნიშნავს და ბედს ერთხელ უჩვენებია, ის, იმედია, აღარ ამცდება და კიდევ სადმე შევხვდებიო, მაგრამ საიდუმლოდ კი უნდა შევინახოო“. დაღონებული და ნეტარებით გაბრუებული დაბრუნდა თელავისაკენ.

იმ დღიდან, რაც უფრო მეტი ხანი გადიოდა, უფრო და უფრო ეკიდებოდა მას სიყვარულის ცეცხლი, მოსვენება აღარ ჰქონდა; შუამთის მონასტრის ახლომახლო ტრიალებდა მოჯადოებულსავით; ბევრჯერ წყაროსთანაც გაუთენებია, მაგრამ აღარ იქნა, ვერ მიხვდა საწადელს. აღმოსავლეთურმა მიჯნურობამ შეიპყრო, გაახელა და მარტოობისათვის მიაცემინა თავი. მეგობრები სწუხდნენ, არეულად რომ ხედავდნენ, ეკითხებოდნენ მიზეზს, მაგრამ ის საიდუმლოს ჰფარავდა და უბრალო ავადმყოფიბას სდებდა ბრალს.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15შემდეგი გვერდი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button