მოთხრობა

აკაკი წერეთელი ბაში-აჩუკი

თავი მერვე

ალი-ყული-ხანმა იმ დღეებშივე დაიბარა აბდუშაჰილი და უთხრა:

– ერთგულების გამომჩენი, როგორც ჩვენებში, ისე სხვისიანებშიაც, ბევრი მყავს, მაგრამ ამ საიდუმლოს შენს მეტს მაინც არავის მივანდობო!

აბდუშაჰილმა მორჩილების ნიშნად შუბლზე მიიდვა ხელი და მოახსენა: „ბაშ უსტაო!“ მაშინ მოუყვა ყოველივეს, რაც თიმსალ-მაკოსაგან შეეტყო და დაავალა, რომ ცხენოსნები წამოიყვანე დანიშნულ დღეს, შემოარტყი გარს მელანოს სახლს და როგორც ის ქალი, ისე ბაში-აჩუკი დაჭერილი მომგვარეო.

აბდუშაჰილს არ ეჭაშნიკა ეს საქმე.

„მარტო რომ სადმე შევყროდი და სამაგიერო გადამეხდევინებინა, ის იქნებოდა კარგი, თვარა კაცს უდროოდ და უადგილოდ მივასწრო, ჯარი დავახვიო და დავიჭირო, ეს რა ვაჟკაცობაა და რა საკადრისიაო?“ მთელი დღე სულ ამაზე ფიქრობდა; დაღამდა თუ არა, გაუდგა გზას მარტოდმარტო და მიადგა კარზე თევდორაანთ მელანოს; მელანომ რომ უდროო დროს მოსული უცხო თათარი დაინახა, შიშის ქარმა აიტაცა, მაგრამ აბდუშაჰილმა უთხრა:

– ნუ გეშინია! სამოყვროდა ვარ მოსული და არა სამტროდო.

ქალმა რომ მშვენიერი ვაჟკაცი ტკბილად მომღიმარი ნახა, გული მოიბრუნა.

– კურთხეულ იყოს თქვენი მობრძანებაო, – ყელმოღერებით უთხრა, მორცხვად კავები გაისწორა და სკამი დაუდგა. თათარმა მიიხედ-მოიხედა, კარები გადაუგდო შიგნიდან და ხანჯალი ამოიღო, ქალი შეკრთა და უთხრა:

– რა საჭიროა იქ ძალადობა, სადაც ნებაყოფლობას წინ არა უდგას რაო?

თათარმა, ვითომ ვერც კი გაიგონა ეს სიტყვები, ჩაიყო მეორე ხელი ჯიბეში და სავსე ქისა ამოიღო.

– აი, ხომ ხედავ? ერთ ხელში ხანჯალი მიჭირავს, მეორეში ოქრო. რომელიც გინდა აირჩიე! თუ ჩემს სურვილს შეასრულებ, გაგამდიდრებ, თუ არა და – ამ ხანძალზე აგაგებ ახლავეო.

ქალმა მორცხვად წაილაპარაკა: „ნურც ხანჯალს გარჯი და ნურც ოქროს დახარჯავ, მე შენს მარტო ვაჟკაცობასაც დავჯერდებიო“. აბდუშაჰილმა მკვახედ მიაძახა:

– სცდები! შენ რომ ჰფიქრობ, მე იმ განზრახვით არ მოვსულვარ! მე ვიცი, რომ შენთან ბაში-აჩუკი დადის და ის როგორმე ხელში ჩამაგდებინეო.

ამის გამგონე მელანო გაფითრდა და კანკალი აუვარდა: დიდ ფიცსა და უარზე დადგა; აბდუშაჰილმა სიამოვნებით შეხედა ქალს, მაგრამ ისევე უცბად შეიჭმუხნა სახე და ურჩია:

– არა, ქა ფიცი აღარ გაგივა, დაწვრილებით ვიცი, როგორც არის საქმე: აჰა! წაიღე ამ თავით ეს ქისა და მერე, როცა იმას ხელში ჩამიგდებ, ის ათასი ოქროც შენთვის დამითმია, და არც მოღალატობას გაგამხელ, ალლაჰი მომიცია თავდებადო. – ამგვარი რამეები ბევრი უთხრა, დიდხანს ურჩევდა, მაგრამ გაკერპებულმა ქალმა გააქნია თავი. აბდუშაჰილი თანდათან აღტაცებაში მოდიოდა და გუნებაში ჰფიქრობდა: „აი, სად ყოფილა ქალი! კიდეც ეს არის, რომ ამდენი ხანია ქართველები გვიმკლავდებიანო!“ უკანასკნელად მიუბრუნდა ქალს და შესძახა:

– მაშ, ახლა კი გამოეთხოვე სიცოცხლესო! – ქალი ჩაიკეცა და სიკვდილის მომლოდინემ თვალებზე ხელი მიიფარა; თათარმა ხელები მოავლო, წამოაყენა ზეზე და დამშვიდებით უთხრა:

– გეხუმრე, შენ სასიკვდილოდ გასამეტებელი არა ხარ! აფერუმ, დედაკაცო, სიყვარულიც გცოდნია და მეგობრობაც! ბევრი რამ გამეგონა ქართველ ქალებზე, მაგრამ ნახევარიც არ მეჯერა, ახლა კი გამოგცადე და დავრწმუნდიო.

მელანო მუხლებზე მოეხვია და დაუწყო კოცნა.

– მე ვიცი, – განაგრძო აბდუშაჰილმა, – რომ ამა და ამ დღეს ბაში-აჩუკი შენთან იქნება; მეც ნაბრძანები მაქვს, რომ ჩემი ცხენოსნებით შემოვერტყა გარს შენს სახლსა და დავიჭირო, მაგრამ გააფრთხილე, რომ აქ არ დამიხვდესო! – გაოცებულმა მელანომ უცბად შეჰკივლა:

– მაშ, შენ მეგობარი ყოფილხარ ბაში-აჩუკისო?

– არა, მტერი, დაუძინებელი მტერი! ან ის უნდა იყოს და ან მე! ახნ უნდა მოვკლა, ან უნდა შევაკვდე, მაგრამ უნდა შევხვდე სადმე და პირდაპირ უნდა მივიდეთ ერთიმეორეზე ისე, როგორც ვაჟკაცის წესია და არა ქურდულად, ღალატით, როგორც ნაბრძანები მაქვს!.. ხომ გესმის? ესეები ყველა გადაეცი ბაში-აჩუკს და ახლა კი მშვიდობით და გამარჯვებითო.

გამოეთხოვა, გადაუგდო სავსე ქისა და გაიარა კარი.

დანიშნულ ღამეს აბდუშაჰილი მართლა შემოერტყა გარს მელანოს სახლს, მაგრამ სახლში შეშინებული ქალისა და მძინარე ბავშვების მეტი ვერავინ ნახეს. იმავე დროს შიგ თელავში ავარდა ალი და თიმსალ-მაკოს სახლი ისე გადიბუგა, რომ ვეღარაფერი ვეღარ გადაარჩინეს, გარდა ადამიანებისა.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15შემდეგი გვერდი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button