მოთხრობა

აკაკი წერეთელი ბაში-აჩუკი

თავი მეთოთხმეტე

იკორთაში მღვდელმთავარმა გამოიყვანა წირვა, პარაკლისი გადაიხადა და აიაზმა ასხურა ჯარს. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ერისთავების ლაშქარი იმერეთში მიდიოდა, მაგრამ იმ ღამესვე ელიზბარმა და შალვამ მხარი უქციეს და საიდუმლოდ კახეთისაკენ მიემართნენ; გზაში არაგველები დაუხვდნენ, სულ დარჩეული ვაჟკაცები. წინ კირილე მღვდელი უძღოდათ წმინდა გიორგის ხატით და შეუერთდნენ. დიდის სიფრთხილითა და სისწრაფით გავლეს გზა, გადაიარეს მთა და ჩავიდნენ ახმეტაში, სადაც ბიძინა ჩოლოყაშვილი დაუხვდათ დიდძალი ჯარით. აქ ბიძინამ, როგორც მთავარსარდალმა, ორად გაჰყო შეერთებული ჯარი: ნახევარი თავისთან დაიტოვა, მეორე ნახევარი მრავალ გუნდებად დაჰყო და აქეთ-იქით, სხვადასხვა მხრისაკენ, გაისტუმრა, რომ ერთსა და იმავე დანიშნულ დროს ყველგან თავს დასხმოდნენ თათრებს მოულოდნელად.

უმთვარო ღამე იყო. პირველ მამლის ყივილზე, როცა ქვეყანა მიწყნარებული იყო და მხოლოდ მდინარეების ერთნაირი შხუილი შორს და შორს უწევდა, ავარდა ალი მრავალი გაღმა-გამოღმა ალაზნის პირად, მოედვა ულუსების სახლკარობას და გააქათქათა არემარე. დასცეს კიჟინა და მას თანავე მოჰყვა საზარელი ვაი-უისა და გოდების ხმა. გავარდნილები ბაში-აჩუკის თაოსნობით დაესხნენ თავზე თათრებს და დაუწყეს ჟლეტა. იმავე დროს ბახტრიონს შემოერტყნენ არაგველები; ციხე-გალავანს გადაევლენ თავს ფშავ-ხევსურები და გაავლეს მუსრი. ესევე ამბავი მოხდა ბევრგან სხვაგანაც და დაიძრა ბიძინას წინამძღოლობით მთავრი ჯარიც. ალი-ყული-ხანს რომ სხვადასხვა კუთხეებიდან ცნობა მოუვიდა, შეშფოთდა და აბდუშაჰილის თაოსნობით მთელი მისი მხედრობა მიაგება წინ ქართველ ჯარს. მაგრამ ბევრ ხანს აღარ გაუვლია, რომ მოულოდნელი და ზარდამცემი ცნობა მოუვიდა: ერთ ვიწრო ხეობაში მოასწრეს თათრის ჯარს, შეიმწყვდიეს, იარაღი დააყრევინეს და აბდუშაჰილიც ტყვედ წაიყვანესო. ეს სულ იმან ჰქნა, რომ აბდუშაჰილმა არავისი რჩევა არ დაიჯერა და გზის სიმოკლის გულისათვის ისეთ ღრიანკელში შეიყვანა ჯარი, რომ გაშლა არ შეიძლებოდა და საძრაობა აღარ ჰქონდათო. იმავე დროს კი, თურმე, იქვე ახლო ჩასაფრებული ქართველი ჯარი შემოერტყა გარს, თვალის დახამხამებამდე გადაუჭრა უკან გასაბრუნებელი გზა და თითქმის დატყვევებულებს დაერიაო. ამის გამგონე ალი-ყული-ხანი შიშის ქარმა აიტანა და ათრთოლებული ხმით ბრძანა, რომ ჯანდიერისათვის შეეტყობინებიათ. მაგრამ სწორედ იმავე დროს მოიჭრა ერთი ცხენოსანი და აცნობა: „ჯანდიერმა გვიღალატა და მისი ქართველებით ჩოლოყაშვილისაკენ გადავიდაო“. თავზარდაცემულმა ფეიქარ-ხანმა დიდხანს ხმა ვეღარ ამოიღო და ბოლოს თითქო თავისთვის წაილაპარაკა: „აკი ჩოლოყაშვილი დამბლა იყო და ჯანდიერი კი ჩვენი ყურმოჭრილი ყმაო? ჰა, გიაურ! ახლა კი ვხედავ, რაც არის, მაგრამ რაღა დროს?“ – სთქვა კბილების ღრჭენით.

– ცხენიო! – დაიძახა, მოაჯდა უნაგირს და ისეთი სისწრაფით გაუდგა გზას, რომ ორმა-სამმა მხლებელმა ძლივს მოასწრო გაყოლა. ის იმ ღამესვე ქურდულად გავიდა კახეთით და მეორე დღეს, სამშვიდობოზე გასული, სპარსეთისაკენ მიეშურებოდა მისი ორიოდე მხლებელით.

დარჩენ თათრები კახეთში უსარდლოდ და უპატრონოდ, და აქ-იქ ციხე-სიმაგრეებში ჩაკეტილები, მხოლოდ იმას ფიქრობდნენ, თავი როგორმე გადაერჩინათ, მაგრამ წელგამართული და გაგულადებული კახელები მოსვენებას არ აძლევდნენ. ისინი, ვინც გუშინ თათრის ერთგულებასა და ქართველების მტრობას იჩენდნენ, დღეს პირველი თავდადებული ქართველები გახდნენ, და რამდენიმე კვირის განმავლობაში ისე გაიწმინდა კახეთი თათრებისაგან, რომ მათი ჭაჭანებაც აღარსად იყო. დახშული ეკლესიების კარები გაიღო და ხელახლა გაისმა ზარების რეკა; გულის სიღრმეში ჩაეჭრა დიდსა და პატარას, როგორც ნიშანი საქრისტიანო, ის ეკლესიის ენა და შეიქნა საერთო ლიტანიობა; ქალი და კაცი, მოხუცი და ყრმა, მაღალი და დაბალი, ყველა ერთხმად ადიდებდნენ ღმერთს და აქებდნენ გმირებს. ბიძინასი, შალვასი და ელიზბარის სახელი ყველას ტუჩებზე ეკერა აღტაცებით. კახეთის სიხარული ქართლელებსაც გადაედოთ და მათ თანაგრძნობას მათი მეფე ვახტანგიც გულში დასტურს აძლევდა, მაგრამ, როგორც შაჰნავაზი კი, ვითომ, ჯავრობდა და პირიდან ცეცხლსა ჰყრიდა: – „როგორ გაბედეს ერისთავებმა ჩემი ურჩობა და დიდებული შაჰ-აბაზის ღალატიო?!“

შაჰ-აბაზმა რომ ეს ამბავი გაიგო, ფილენჯის ქარმა მოუარა და ფიცხელი ბრძანება შეუთვალა განჯის ხანს: „კახეთი შენთვის მიბოძებია, წადი და ააოხრეო!“ ხანმაც წყალობისათვის მადლი მოახსენა დიდებულ შაჰს და გამოტეხილი შეუთვალა: „თუ მანდედან ჯარი არ მომაშველეთ, ახლა ისე გაგულადებული და გამაგრებული არიან კახელები, რომ ჩემი სახანო ერთიორადაც რომ უფრო მეტი იყოს და უფრო ძლიერი, მაშინაც ვერ გავბედავ კახეთზე საომრად მისვლას, რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ ვერას გავხდები და თავს შევირცხვენო“. ამ მოხსენებამ უფრო მეტად დააღონა და დააფიქრა ყეენი. ბრაზი მოაწვა გულზე და სირცხვილის ოფლი ასკდებოდა.

ამ დროს მოუვიდა ქართლიდან შაჰნავაზის წერილიც. სამძიმარს უთვლიდა და თანაც ატყობინებდა: „კახეთის გამარჯვებამ ქართლიც შეარყია; ერისთავები გამიდგენ, აღარას მიჯერიან და მოიღეთ წყალობა, თქვენი უძლეველი და ქვეყნის დამპყრობელი ჯარი მომაშველეთ, რომ ურჩები ისევ დავიმორჩილო და კახეთსაც საშვილიშვილოდ შევანანო თქვენი ორგულობაო. ამასთან ესეც უნდა მოგახსენოთ: დღევანდელი გამარჯვებით იმდენად წელგამართულია ქვეყანა და გათამამებული, რომ, თუ არ დიდძალი ჯარი, ცოტათი ვერას გახდებითო“. შაჰ-აბაზმა გადაიკითხა წერილი, დაჭმუჭნა და დაახეთქა ძირს.

– ესეც იმას იწერება! – სთქვა წარბებშეჭმუხვნით. – დიდძალი ჯარიო?! ჰმ… ასე ჰგონიათ, თუ მარტო მათთვის ვიყო მოცლილი და მეტი საქმე აღარა მქონდეს რა? არა, ახლა დრო არ არის! დროს შერჩევა უნდა და მე ვიცი, როგორ გადავიხდი მაშინო. – დასწერა პასუხი და მურთუზალ-ხანის ხელით გამოუგზავნა ქართლის მეფეს. საპირფერო და სამლიქვნელო სიტყვებით აავსო წერილი!.. მადლობას უთვლიდა ერთგულებისა და მორჩილებისათვის, მაგრამ ურჩევდა, რომ ასე გულფიცხად არ მოჰკიდებოდა საქმეს. „მართალია, ვერ უნდა გაებედნათ კახელებს ამისთანა საქმეო – იწერებოდა ვერაგი – მაგრამ, როგორც შევიტყვე, სულ მანდაური მმართველობის ბრალი ყოფილა: წინააღმდეგ ჩვენი სურვილისა, დიდ გაჭირვებაში თურმე ჩაუგდიათ ქვეყანა და კახელებიც იძულებული ყოფილან, რომ მაგრე მოქცეულიყვნენ. ველი შენგან ამ საქმის გამოკვლევას და დაწვრილებით მოხსენებას; ამასთანავე გავალებ, რომ ეგ გამოჩენილი ვაჟკაცები ჩემს კარზე გამოგზავნო; მე მინდა, რომ სამივე ჩემი თვალით ვნახო და, როგორც წინდაწინვე ჩემგან შენდობილებს, ჩემი პირით გამოვკითხო ყოველიფერი ტკბილად და არა მრისხანებით. ვფიცავ ჩემ მზეს და თვით მაჰმადის წვერებსაც, რომ ეგენი აქ საკადრისად მივიღო და გულდაწყვეტილ-მომდურავი არც ერთი არ დავაბრუნო; წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ჩემი ტკბილი წყალობა არ დააფასეს და კიდევ ურჩობა გამიწიეს, მაშინ ვფიცავ ყოვლის შემძლებელს, რომ ამ ჩემს უკადრის შეურაცხყოფას არათუ მარტო კახეთს, მთლად საქრისტიანო საქართველოსაც ვაზღვევინებ და, მე რომ ვერ შევძლო, საშვილიშვილო ანდერძად დავაგდებ ამ სურვილსო“.

ორჯერ-სამჯერ გადაიკითხა ვახტანგმა ეს წერილი და მუქარა, მწუხარედ გაიღიმა და სთქვა გუნებაში: „მეც ამას ველოდი ჩემი წერილის პასუხად! ჩვენ ორივე ერთ სოროში ვართ გაზრდილი! გიცნობ, რაც ხარ, შაჰ-აბაზ! ჯერჯერობით ლომობა რომ აღარ გაგიდის, მელიაობას ეპოტინები, მაგრამ, ღმერთი ყოვლის შემძლებელია, შეიძლება ისიც მოგიცდესო!“ ჩაფიქრდა ნაღვლიანად და ჩაჰკიდა თავი.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15შემდეგი გვერდი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button