აკაკი წერეთელი ბაში-აჩუკი
თავი მეცამეტე
სისხლიანი ფაფანაკი დიდხანს იყო გამოკიდებული მოედანზე, რომ ხალხს ენახა და დარწმუნებულიყო ბაში-აჩუკის სიკვდილზე. დიდი და პატარა ყველა ულოცავდა გამარჯვებას აბდუშაჰილს, მაგრამ მისი პასუხი კი ყოველთვის ეს იყო:
– მე რა?! მადლიერი უნდა ვიყოთ ჩოლოყაშვილის. თუ იმას არა, მარტო მე რას გავაწყობდი? დღეს ბაში-აჩუკიც ცოცხალი იქნებოდა და მისი გუნდიც გაუფანტავიო.
გავიდა ხანი, რამდენიმე თვემ გაიარა; დაწყნარდა ქვეყანა და გავარდნილების აღარა გაუგონიათ რა. დამშვიდდნენ თათრები. სიფრთხილეს თავი დაანებეს. ადრინდულადვე უშიშრად დაიწყეს ფარფაში. ამ ამბავმა ყეენის კარამდის მიაღწია. დაუფასეს ჩოლოყაშვილს სამსახური და ერთგულება, მაგრამ თვითონ ის კი ლოგინად იყო ჩავარდნილი. ახმეტიდან ცუდი ხმები მოდიოდა… ამბობდნენ, რომ მისი გამობრუნება აღარ შეიძლება, დამბლას ორივე ხელ-ფეხი წაურთმევიაო. ფეიქარ-ხანი ხშირად კითხულობდა და პატივისცემის ნიშნად ორჯერ-სამჯერ აბდუშაჰილიც გაუგზავნა. ერთ საღამოს, ვიღაც შორიდან მომავალმა შემოაჭენა ოფლად გახეთქილი ცხენი ჩოლოყაშვილის ეზოში, გადახტა მარდად, მიაბა სვეტზე, როგორც შინაური, აიჭრა კიბეზე, და შევიდა პირდაპირ სახლის პატრონთან. ჩოლოყაშვილი ტახტზე იყო წამოწოლილი; დაინახა თუ არა მასთან შესული, უცბად წამოჯდა და მიაძახა:
– ოო, ბაქრაძე?!
ბაში-აჩუკმა მძიმედ თავი დაუკრა.
– ასე მალე მოიარე? – ჰკითხა ჩოლოყაშვილმა.
– მოვიარე, შენი ჭირიმე! – მოახსენა ბაქრაძემ და წერილები გადა??ილმა გახსნა სიჩქარით და კითხვა დაუწყო; სახე უღელავდა და თანდათან სიამოვნება ეტყობოდა. ბაში-აჩუკი უძრავად იდგა ადგილზე; რომ გაათავა კითხვა, მიუბრუნდა და ჰკითხა:
– კაი სანუგეშო ამბავია!
– ღმერთმა ნუ მოგიშალოს ნუგეში, შენი ჭირიმე! მაგ ამბავს უფრო ადრეც მოვიტანდი, რომ წყალდიდობას არ შევეჩერებინე.
– მალე დასთანხმდნენ?
– არაგვის ბატონი არა და ქსნის ერისთავები კი.
– იციან ყოველიფერი ჩვენი საიდუმლო?
– შალვას მეტს არავის გამოვტეხივარ.
– მაშ ზაალ როგორ დასთანხმდა?
– არ დასთანხმდებოდა, რომ მის კარის მღვდელს ჩვენება არ ენახა ჩემი მისვლის წინა დღეს.
– ჩვენება? – გაკვირვებით შეხედა ბიძინამ.
– დიახ, შენი ჭირიმე, – მიუგო მორჩილად და მოუყვა, რაც იცოდა გველეშაპის შესახებ; ისიც მოახსენა, რომ ერთი იმ გმირთაგანი თქვენ ბრძანებულხართო, მაგრამ სიკვდილის შესახებ კი არაფერი უთხრა. ბიძინამ სასოებით პირჯვარი გამოისახა და თქვა:
– დაილოცოს ღვთის განგება და მისი სასწაული! მაშ მოგვეშველებიან?
– დღეის თხუთმეტს უეჭველად გაჩნდებიან.
– ჯარი მეცოტავება! ვაითუ ვერ გავწვდეთ ამდენ თათრებს!..
– რა ბრძანებაა?!. თუ ღვთის ნება იქნება, ათ იმდენსაც ვეყოფით. ფშავ-ხევსურები ბახტრიონს დაეცემიან დანიშნულ დროზე, ქსნის ერისთავები მთავარი ჯარით თქვენ შემოგიერთდებიან თათრის ჯართან საომრად და ულუსებს ჩვენც ვეყოფით.
– სულ რამდენი ხართ?
– საკუთრად ჩვენი დასი ას ოცი კაცია, ერთი ამდენი თევდორაძისაც იქნება.
– ისინი ხომ აქეთ-იქით არიან დაფანტული?.. ზოგი თათრის ჯარშია და ზოგი კედევ, ვინ იცის, სად!..
– ისე, როგორც ჩვენი! მაგრამ იმ დროისთვის ყველა ერთად მოვიყრით თავს.
– მაშ, კარგი, ნუღა აგვიანებ! დროა საქმეს შევუდგეთ! წადი, ცოტა შეისვენე, რომ ადრიანად ვეწიოთ საქმეს.
ბაში-აჩუკი გავიდა. დარჩა მარტო ბიძინა. ხელახლა გადაიკითხა წერილები, გაიმეორა გუნებაში, რაც ბაში-აჩუკმა უთხრა სიზმრის თაობაზე, ადგა ნელა, მოიხადა ქუდი, მივიდა ხატის წინ და დაიჩოქა. დიდხანს ხელებაპყრობილი შესჩერებოდა უხმოდ ღვთისმშობელს და ევედრებოდა მის ძესთან შუამდგომლობას, რომ ქრისტიანობა გამოხსნა ურჯულოს ხელიდან, გადაერჩინა კახეთი და მით მისი მადიდებელი მთელი საქართველო გაეძლიერებინა.
მკრთალი ნათელი, სახატიდან მინაშუქი, პარპალით ეცემოდა სასოებით აღტკინებულ მის ვაჟკაცურ სახეს და მდუღარე ცრემლები წურწურით ჩამოდიოდნენ წვერ-ულვაშზე.