აკა მორჩილაძე წიგნიდან “აპოკრიფები”
მოგზაურობა კახეთში 1855 წ.
“სად არის ის ადრინდელი კახელობა, მე რომ
სიყმაწვილეში მინახავს? ჩოლოქის ომში რომ
კახელობა დაესწრო, მის სანახაობას არა
სჯობდა რა!..”
აკაკი წერეთელი
ასე თავდახრილი დასცქეროდა გაჭრილ სამარესა, ხელები მოწყენილათ დაესვენებინა შავ ახალოხიდან გამოზრდილ მუცელზე, კაბის ყურთმაჯებს ნიავი უფრიალებდა, ყალმუხის ქუდი თვალებამდის ჩამოფხატოდა და ძველქართველური ულვაშებიც მოწყენილად ეკიდა ტუჩის კიდეებზე.
ასე იდგა და დასცქეროდა გაჭრილს სამარეს, გარეშემო კი გარინდებულიყო მთელი კახეთის თავადობა, ასევე დარდდაფენილი ამ გრილ შუადღით, შემხედვარე ოჯახში უბედურებისა, ხმა მგალობელთა, ხმა მღვდლისა სულ არ სწვდებოდა მის ყურს, მხოლოდ სურნელი საკმევლისა, ნიავისგან ჩამოტარებული, მგლოვიარეთა და ჭირისუფალთა წინ აგრძნობინებდა, რომ ახლოა დასასრული ამ ამბისა და ახლოა დასასრული ყველაფრისაც.
გვერდით ძმა ედგა, უფროსი, ერთიანათ გათეთრებული, ხანჯლის ტარზე ხელებჩამოსვენებული, ისიც ჩაჩერებული რბილ და ათას რამისთვის გემრიელსა და ტკბილს კახეთის მიწას, ოღონდ კი სამარედ ქცეულს მთელ ცხოვრებისათვის, გამოვლილისა და დასრულებულისათვის, აი, ამ გაჭრილ სამარეში, მაინც ავისა და დაუნდობელისა.
აქ შორიახლო ელაგა კოხტათ დათლილი საფლავის ქვები და ამ ქვებქვეშ კი წინაპარნი კეთილი გვარისა, მამა-პაპანი. ყოველ საჭირო მოსვლაზე აქ, ყოველ ხელის გადასმაზე ამ საფლავის ქვებზე, აწ მგლოვიარეს გულში ადუღდებოდა ხოლმე კერძი სიამაყისა, თვალში იმედი გაუკრთებოდა და ის კი აღარ უცქერდა მამა-პაპათ, ვითარცა საგლოვ წინაპართ, არამედ, ვითარცა სიამაყის უპირატეს მიზეზს, მაგალითს ნამდვილ ქართველურ ცხოვრების თავადიშვილისთვის.
ახლა კი, ხვალინდელ დღიდან რაღას განცდით უნდა მოსულიყო ამ საგვარეულო ეკლესიის ეზოში ან გალავანში, რომელიც ეშენებინათ მის წინაპართ, იქავ მწოლარეთ. მათი ქამარ-ხანჯალი და სიეთა-დამბაჩეული ამშვენებდა კედლებს მის სახლში. განა დარჩებოდა თუნდ მისხალი სიამაყისა და იმედისა აქ მოსულს, განა ვინმე გაახსენდებოდა და განა დაშთებოდა რაიმე ფიქრი აქ ფეხშემოდგმულს. იმედი და ხვალინდელობა მისი ცხოვრებისა ესვენა აქა, სხვა აღარაფერი.
უკან კი იდგნენ კახელი თავადები: გამორჩევით ბევრნი მოსულიყვნენ ენდრონიკაშვილნი, ნათელ-მირონით გადაბმულნი ამათთან, ჭავჭავაძენი – აფიცრულად მოსილნი, ვაჩნაძენი, ყოველი აზნაურები, უფროს-უმცროსობით, ღირსებით, დარდით, ვინაიდან ამბავი ესე ქარს აატირებდა. უკან ქუდმოხდილნი ოხრავდნენ ყმები, შემხედვარენი, მომსწრენი და გულშემატკივარნი ამ ამბისა, მცოდნენი ყოველი დღისა, თავგადასავლისა, მომსმენნი ცოლ-ქმრის მხურვალე ლოცვათა, მომწსრენი აქიმ-ექიმბაშთა სირბილისა მათ სახლში. მოხუცებული გლეხები – ამათი ქორწილის სუფრის გამშლელნი და მერიქიფენი იმ მხიარულ დღისა, როცა ფინდიხის ჭექამ ისე გაანათა ცა, რომ შორი მიწის ღამის მეხრეებს ჭექა-ქუხილი ეგონათ.
ისინი იყვნენ შემსწრე ყოველივე ამისა, ოცფუთიან ქვევრთა ახდისა და ახლა ესწრებოდნენ ოჯახის დაქცევის სურათს. აქ არ მთავრდებაო, იტყოდა ზოგიერთი ეშმაკი, გაივლის წელიწადი ამ დღიდან და უხმობს ბატონი დალაქს, მოიპარსავს სამღვდელო წვერს, გამოიხედავს გარეთ, თალხს განჯინაში დასტოვებს და მეორედაც დაქორწინდება, რაც ახალ ცხოვრების დასაბამი იქნებაო. ჰაი, რომ ვინც კი იტყოდა ამას, თუნდ თავის გულში, ის აღიარებდა, რომ არა სცნობია თავისი ბატონი.
მთელ ამ გამოყოლებაზე ყველამ იცოდა, რომ ეს ფართოდ გაჭრილი სამარე, ქალისა და იმის უმანკო ჩვილისათვის, რომლებიც ამიერიდან საუკუნოდ ერთად იქნებოდნენ იმ სამოთხეშიაც, დიდხანს არ იქნებოდა ცალკეთ. ანუ, თავად ბატონს დიდი დღე აღარ ეწერა მიწაზე მარტოდ სამყოფად და ისაც მათ შორიახლო იპოვიდა ადგილს.
ამის დამნახავი იყო ყველა იქ მყოფი. ამიტომაც ამ ჭირის დღეს ხედავდნენ უკვე, ხვალის ჭირის დღეს, რომელიც ცოცხლად იყო აქა და თავის ყოველი იერით მიანიშნებდა, ასე იქნებოდა. ეს ამბავი, ამბავი ტკბილათ ცხოვრების და ნაღველგარეულ იმედისა დიდი ხნისა იყო. ასე დიდი ხნისა, რომ ადამიანთა თანაგრძნობას იწვევდა, სადაც კი მიმწვდარიყო. ქორწინება ორი ახალგაზრდისა, ძველებურად, ქართველურად, გემრიელ დროსა და მშვიდობის ჟამსა, სათანადო სიხარულითა, სათანადო მზითვითა, სათანადო გრძნობითა. ყოფა ერთ კეთილ და დარდმიუცემელ ბუდისა, რაიც ასე მოხდენილად იყო ძველი დროის სათავადო სახლებში. არც ქონებაზე გადაგება და არცა ჯავრი ხვეჭისა, თანდათანობითი გამოჩენა სიყვარულისა, ოჯახის ბუდეში – ეს ამბავი ოცი წლისა იყო და თუ არა დაუცხრომელი სურვილი, რაიც ყოველი ადამიანის გულში სძევს, რომ თუკი შემდგარა ამ ყოფაზედ, თუკი დაუდგამს გვირგვინი და უთამაშნია წრეში თავის დედოფალთან ერთად, ბოლო ამ ამბისა უნდა გახლდეს შვილები, დაზრდა იმათი და თავის ცხოვრების მათ ცხოვრებაში გაგრძელება, ვითარცა წესია გვარ-შტოთა სიცოცხლისა, თუ არა სურვილი ყოველი ასე ქრისტიანე კაცისა, ჩვეულებრივი და ალალი, ამბავი გამოვიდოდა ერთიორათ გძელი, თუმც ნაღვლიანი, მაგრამ არასგზით ამგვარ ჯავრისა და ტკივილის მომტანი.
იქნებოდა ასე, სიბერე, გაზომილი არშინით და ნაღველი უმემკვიდრეოდ გადაგებისა, რასაც შეებრძოლება ცხოვრების ნაირგვარ, შეუდარებლად პატარა სიხარულებით, ოღონდ კი, მაინც შეებრძოლება და იმ ნაღველსაც, ფერების აგრერიგად მოყვარულს მიაძინებს ხოლმე.
აჰა, საწყალი თავადიშვილი და თანამეცხედრე მისი, მომლოდინე მემკვიდრისა და აჰა, წლები ამ ფიქრით გამბალ-გაჯერებული.
წელიწადი ერთი, წელიწადი მეორე, წელიწადი მესამე, მეოთხე და ასე დაუსრულებლივ… ქ. სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა… იქ ხატებს შევედრება და სვლა ხატებთან, შიში და მარჩიელთა არცთუ ნამდვილი სიტყვა, ხატი იქნება გამწყრალიო, საკლავის ტარება ეკლესიათა გარშემო და ისევაც იმედი. თუმცა-კი რათ უნდა ყოფილიყო გამწყრალი? რა ჩაედინათ, რომ გამწყრალიყო წმინდა გიორგი და წმინდა ნიკოლოზი? პირველის მხედრობა ვიყავნით ჩვენ ყველა და ყმანი ამისნი. მამა-პაპით შენახული სიეთა-დამბაჩეული ხომ ამის მოწმე იყო და, აბა, რომელს, რომელს ამ გვარითაგან წაედგა ნაბიჯი უკან და გაეწყრო იგი. არც ერთსა და თუ მშვიდობა იყო ეხლა და ხმალშიც არ დაეძახათ იმის წმინდა ბაირაღქვეშა, ეს საწყენი იყო? რაღა თქმა უნდა, არ გასწყრებოდა. მისი გაწყრომის ამბავი საქალებოს ფუთფუთი გახლდათ, თორემ თუ ხმლით არა და წმინდა სანთლით და ლოცვით იმისათვის პატივი არ დაუკლია. აჰყვა ქალებსა და ამ იმედით გასწევდა სალოცავში, რომ ქალებისა მაინც სხვა ფიქრიაო. და წმინდა ნიკოლოზ რაღათ გასწყრებოდა. იმან სულ არ იცოდა ხალხისგან წყენა, მოხმარება იცოდა ხალხისა და სასწაულებით კაფვა იმათი გონების გზისა. ხატი არ იქნებოდა გამწყრალი, რათ გაუწყრები შენს წრფელ მონასა. არ გაუწყრები…
წელიწადი მეექვსე, მეშვიდე და ასრე წავიდა, რომ თუ რამ საჩუქარია ღვთისა, ვეღარც პატარძალი დაიკვეხნის სიახლესა და უჩვევობას და ხსნილს თავზედ აღუსრულებს საქმეებსა უკვე ქალობაში ფეხშედგმული და ქალობაც სხვანაირი გახლავს მისი, არათუ ცხელი და გზნებასწამყოლი, არამედ ცოდნით და გაჩვევით და უკვე ყოველდღიურობის სიყვარულით და არა სიყვარულით იერისა, წყურვილით უცხო რამისა და რახან ესაც არა შველის, არ გამოაჩენს საშველსა, რჩება აქიმობა, ძველი და ნაცადი, შემოწმებული იმ ძველების ქაღალდებში. თითონ, ქართველს თავადს, ძნელად რომ დაეჯერებინა აქიმთა წიგნებისაც და აქიმებისაც ასევე. აქიმობა სჯეროდა უფლისა და იმის სახელით შემოსილთა, იმის ძალ-მადლით განათლებულებისა, თორემ ქალაქს მისვლა და იქ აქიმობის მოლოდინი სირცხვილის ჭამად უფრო იყო, ვინემ წამლობად. ოთხი-ხუთი ყოფილიყო ქალაქს აქიმად, ოთახებში დაეჭირნათ, იქა წამლობდენ. ეს ამბავი ადრიდანვე მოიტანეს. რა არის რომ, კაცები ყოფილიყვნენ და კაცმა, როგორ უწამლოს ქალსა, რაგვარ გაშინჯოს საგანძურები მიკუთნებული ღვთის კურთხევით და ჯვრისწერით მის ქმარსა. ამასაც დასთმობდა, ოღონდ კი ყოფილიყო, ოღონდაც იმედი ვერ იპოვნა: ქალის დამნახავი ქალაქის აქიმი წამლობას ვეღარ გასწევს, ეშმაკისკენ წაუვა ფიქრი. საიდუმლოებას ქალაქში წამლობისა ვერ მოერეოდა და განა აქიმი ანდა მოწამლე კახეთში არ იპოვებოდა? გასწიეს ესაცა… მოიყვანეს, ბაბო იყო, მეფის ირაკლის ნაჭენები ახსოვდა. უხარშა და ასვა ბალახ-ბულახი, თალგამეული ათუშვინა წამლისთვის. მერე სხვა მოიყვანეს, იმან გიშრის კენჭები დაჰკიდა საბრალოსა, ნაღვერდლით დასწვა ფეხისგულები და სისხლი გამოუშვა, გახადა ნაცრისფერი და ღონემიხდილი. ვწვალობო, ერთი იმის კვნესა მოესმა ქმარსა და უთხრა დარდით:
“არ გვინდა აქიმობა. მივსდიოთ განგებასა. მარტო სიბერეც ტკბილი გახლავს. აგე, აივანზე ვივახშმოთ ხოლმე, მიდამო ყოველთვის სხვანაირია და გაგვიხალისებს თვალსა”.
ასე ცხოვრობდნენ, არც აკლდათ რამე და არც ემატათ. ეს არის, ულვაში დამოკლდა და ასაჩეჩი აღარ შეიქნა, დაემოკლებინა რუსთ ხელმწიფესა და დამოკლდა აქაცა, ეგ არის, წელზე ქონმა იმატა და მუცელში წყალმა – მისაღებელს ხომ მიიღებ და იმის ამბავი ასეა ცნობილი, რომ რჩება და რჩება სტომაქში. ქალიც მოწყენილად შემძიმდა, სიყმაწვილის ფერი დაჰკარგა, სამი ღერი თეთრი თმაც გამოეზარდა მარჯვენა საფეთქელთან. და შემდეგი წელიწადები იყო ჟამი უთქმელი მოლოდინისა და ორივენი უმალავდნენ ერთმანეთს ამ მოლოდინს, არც თვალით გასთქვამდნენ, არც ქცევით, ერთურთისთვის მზა ჰქონდათ პასუხი – ღვთის ნებააო. ასე იყო. და ერთ დღესაც ის ახალი მობრუნებული იყო ნათლობიდან. ერთი კვირა გაეტარებინა წყალგაღმა, ბიძაშვილებისას, ნათლობას მოჰყოლოდა დიდი ხნის უნახაობის, მონატრების ამბავი და შეჰყოლიყვნენ ზეიმსა. ეტოლუმბაშნა, სიტყვა გაეწია და სმა დიდი ჯამებითა და იმ სამარადჟამო ცოტასიტყვიან დარდ-სიხარულითა, აგრე რომ ეხერხებათ კახელ ტოლუმბაშებს. დღე აღარც იყო, ნასამხრევს მობრუნებულიყო, წამოსულიყო შებნელებულზე, არ მორიდებოდა წყლის ქალს, რომლის გამოც ამბობდნენ, ზემოთ, ფონის ახლო ქვაზე ზის, თმას ივარცხნის და მარტოხელა მხედრებს უხმობსო. წამოსულიყო უცნაურად, შემთვრალობის იმ გაქანებაზე მყოფი, თავში რომ მხოლოდ კარგს აზრებს გაათამაშებს ხოლმე და მერეღა მიმხვდარიყო დაფიქრებული, რომ ესა, შემთვრალობის ხასიათი კი არ იყო, არამედ, ერთ რამ კეთილი წინათგრძნობისა.
ეს წინათგრძნობა დაუხვდა შინა, კუნაპეტ ღამეში ჭრიალა აივანზე სახლისა, ჩაცმული თეთრ საღამურ საძილე პერანგში, გამონათებულ, თუ იმედიანად გამკვესავ თვალებში, ქალის ხმაში, რომელიც მოესმა, რომ აშკარაა და წყალგაუვალი, რომ ღმერთმა მოხედა მათ გვარსა და ოჯახს, რომ ამ დღეებში არ მოხდა ისა, რაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.
გულისფრთხიალი იმ ღამისა გადაიქცა გულისფრთხიალად კახურ რიჟრაჟისა. ისინი ისხდნენ აივანზე და ლაპარაკობდნენ, გაუთავებლად და ხმადაბლა ჰყვებოდნენ თავიანთი ცხოვრების ამბავს. ეს იყო, რომ ქალს შალი წამოეფარებინა მხრებზე, სუსხი მოჰქონდა ქვემოდან.
ადრე წლებს ითვლიდნენ, ახლა კი თვეებს, მერე კვირეებსაც. ეს არის მხოლოდ, რომ გულის ფრთხიალი და სიხარული თანდათან შეცვალა შიშმა და სიფრთხილემ, ამ ორთა შუა კი შემოიპარა სიყვარული ჯერაც არ დაბადებულ შვილისა. ყოველ კვირა დღეს მაჯის სიმსხო კელაპტარს აუნთებდნენ ხოლმე, სწირავდნენ და გასცემდნენ, დაუნანებლად გამოახსნევინებდნენ ხოლმე მოურავს ბეღლის კარს, ამოსწევდნენ ხოლმე ხატის ურდულს და ლოცულობდნენ. კნეინა უკვე ვეღარ დაიჩოქებდა ხოლმე ხატების წინა, იქვე, ლოგინთან დაუსვენა ხატები თავადმა და მღვდელიც ამოვიდოდა ხოლმე, როგორც რიგია. ბოლო კვირეები იმგვარად გამოვიდა, რომ ქალმა ვეღარ იპოვა ღონე წამოდგომისა და ასე მწოლარეთ ელოდა მშობიარობის საათს. იმავ დღეებში გამოჩნდა უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვილი ვაჟი გახლავს, რახანღა მოუსვენრად ტრიალებს დედის მუცელში და თავს მალემალ შეახსენებს. ამან კიდევ მეტად გამოხატა სიყვარული მისდამი და მადლიერება. ოღონდაც კი მაინც საფრთხილო იყო კნეინას ვითარება, რადგან ნაყოფით დამძიმებულს სრულიად აღარ შეეძლო განძრევა. ამას ზედვე ეხმარებოდა ბუნებრივი სიმძიმე თავად კნეინასი და ზედავე მის უმოძრაობისგან ყაბზობა. ესეც არა და მოლოგინების მომლოდინემ სრულიად შესწყვიტა საზრდელის მიღება და თუკი რამეს გაუხსნიდა ტუჩს, მხოლოდ ორიოდ ყლუპ რძესა. ეს აშფოთებდა კაცს, ის ჩამოუჯQდებოდა სასთუმალთან ნაღველ-სიხარულის მიტკალში გამოხვეულ ცოლს და ძალისძალათ, თავის ხელით შეასმევდა ხოლმე ამ რძესაც და მიაწვდიდა ყველის ნამცეცებს. ქალი ხმადაბლათ ლაპარაკობდა ხოლმე, თითქოსდა სხვა საფიქრალი გასჩენოდა, ეს უცხო, თუმც კი მაინც მისახვედრი საფიქრალი გადმოსდებოდა კაცსაც, ოღონდაც არ უტყდებოდა ამას. კარგს მისთავაზებდა ქალს და ასე ერჩივნა, რომ შიში ამათ შორის გამოუთქმელად დარჩენილიყო თავ-თავის გულებში. ადრევე ეთადარიგნათ და ბებიაქალი, მთელი ამ სოფლის დედათა პატრონი, აქავ, სახლში მოეწყოთ, ეს ბებერიც ტრიალებდა ფეხმძიმეს შორიახლო, ოღონდ კი, თუკი დაეკითხებოდნენ რასმე, წაიჩიფჩიფებდა გაუგებრად. ეს იყო, რომ ეგებ არც მოსწონდა კნეინას მდგომარეობა და არკი იტყოდა. ამის ეჭვი კი უტრიალებდა თავადს, ოღონდ მღელვარებას ეჯობნა და მოლოდინს ხომ საერთოდაც დაემარცხებინა სხვა რამ ხასიათები. ყალიონი ისე ჩაეფერფლებოდა თავადს, რომ ერთს სხვა რამეს არ იფიქრებდა, გარდა მოლოდინისა.
საღამოს პირი იყო, რომ საქალებოდან გამოვარდა მოახლე გოგო და მღელვარედ მისჩურჩულა: “დროა, ბატონო”, წყლით სავსე სპილენძის ტაშტს მოარბენინებდა გაშტერებულ სახით.
თავადი კართან აიტუზა, გააკავა მთელი აივანი თავის წამოზრდილ მუცლით და ყური მიუგდო ოთახიდან გამომავალ ხმებს. მიუგდო და ვერც მიუგდო, რადგან გული დასწვა ჯერ კვნესამ, მერე კი ყოვლის გამჭრელმა კივილმა. მოშორდა კარს და ჩამოვიდა ქვემოთ, უანგარიშოთ გასწია ეზოს მივარდნილ კუნჭულისკენ. კივილი კი მოსდევდა, ვერ დაემალებოდი, ისე. დაინახა, თოფსა ტენიდა მოურავი, გამოეტანა ადრევე გამზადებული, პაპისეული გრძელლულიანი, ზუმბარა საპირიწამლე, ამზადებდა, რომ მთელ კახეთს გავარდნილიყო ხმა – ბიჭია, ბიჭი გახლავს, პატარა ბატონი!…
მერე თავადს აღარც ახსოვდა, როგორც ხდება ხოლმე ასეთ დროს. წვიმა წამოვიდა, ან საიდან წამოვიდა, ან რა წვიმის დრო იყო იმ შებნელებულზე. ეზოს ბოლოში მოსძებნეს, ღობესთან პირით ჩამჯდარი, აღარც კივილის ხმა იყო და აღარც სხვა რაღაც ხმები. მოსძებნეს და ვეღარც უთხრეს ვერაფერი, ასე ედგენ ზურგს უკან და თავისით გამოხედა. მოურავს თოფი არ ეჭირა ხელში, გალეულიყო იმ წვიმაში და ბოლოს მაინც გაუბედა, წვიმა იყო, თუ ისე დასველებოდა სახე, უთხრა:
“არ დარჩა, ბატონო… არ დარჩა…”
“კნეინა…” ღობეს ჰკითხა მან.
“კნეინა… და ჩვილიცა… არ დარჩნენ… ღმერთმა… ერთმანეთს გადაჰყვნენ… ერთად წავიდნენ…” თავადი წამოდგა და ჭალებისკენ წავიდა ტალახში.
ეძებდნენ, მაშხალებით დადიოდნენ ღამეში და მოესმოდა: “ბატონო… ბატონოოო…” ეგებ არც კი მოესმოდა გლეხების ხმა, აგრე ნაცნობი შეძახილი გზირისა, იგივ, ჩვეული ხმოვანებით გამოსროლილი. იქ იყო დიდხანს, იქავ მოადგა მოურავი გამთენიას, გალუმპულს შემოაფარა ნაბადი და უთხრა:
“დათო ვარ, ბატონო… დათო ვარ”, და წამოაყენა ფრთხილათ, ძალიან ფრთხილათ და წაიყვანა.
ასე იდგა და დასცქეროდა გაჭრილ სამარეს, გარშემო კი გარინდებულიყო კახეთის თავადობა, ასევე დარდდაფენილი ამ გრილ შუადღით, შემხედვარე ოჯახურ უბედურებისა.
მერე აღარ შერჩენოდა ხსოვნა არც ჭირის სუფრისა, ეზოში რომ გადაეფინათ და არც არავის მოურთხავს ფეხი იმ სუფრასთან, ფეხზედგომელა უთხრეს შენდობა, თითონ კი ამ ამბის მერე აღარ ასულა მაღლა, ვინაიდან არ შეეძლო ჯდომა ჭრიალა აივანზე და ჰკლავდა კარი ამათი ოთახისა. ქვევით მოუწყვეს ოთახი და დასახლდა იქა, არც სანთელი შეიტანა, არაცა ჭრაქი, თეფში და ჯამი. იჯდა იქა და დღის შუქს არ ენახვებოდა, შეღამებულზე გამოდგამდა ხოლმე ფეხსა და ისევ შევიდოდა და მიეგდებოდა, ძალისძალ შეუტანდა ხოლმე მოურავი პურის ფაფას და იმ ბნელშიაც ხედავდა, როგორ დნებოდა ეს ამოდენა დევსავით მოსული და სუქანი კაცი, მომლოდინე თავის სიკვდილისა და ოჯახთან შეერთებისა.
ასე გავიდა ორმოცი დღე და მეტიც და ერთიც გაჭრიალდა კარი. არ გაუგია სხვა ხმა, ან ცხენის ფლოქვისა ან შეძახილისა და მაინც მოხედა კარს, რომელთანაც ზურგშექცეული იჯდა ხოლმე და კარში იდგა თოფ-იარაღში ჩამჯდარი, ეპოლეტდაბნეული ენდრონიკაანთ ერთი თავადიშვილი და უცქერდა. წამოდგა ამის დანახვაზე და გადაეხვივნენ კვნესით.
“ოსმალო წამოსულა”. სთქვა მოსულმა, ამან კი არ უპასუხა.
“ოსმალო წამოსულა და ნამესტნიკმა კახელ თავადობას მილიციის შედგენა გვითხრა ჩვენ-ჩვენი ხალხით, ახალციხით წავალთ და ჩოლოქზედ უნდა ვიყვეთ დათქმულ დროს…”
ეს კვლავ გაჩუმებული იყო, მერე კი თქვა:
“ჩემ მახსოვრობაში ომი აღარა ყოფილა. ორმოცი წლისა ვარ და ომი არ მინახავს”.
“შენთან მოვედი… უნდა წამოხვიდე”.
იმ ბნელში ჩანდა მხოლოდ ერთმანეთის თვალები, ერთი იმედიანი თავადისა და მეორე ჩამქრალი, თუმცაღა მაინც ცოცხალი, ორივ წყვილი ამ თვალებისა ერთმანეთს მიბჯენილი შუაგაბმულ რაღაც ძაფებით.
“არა…” სთქვა მან.
ენდრონიკაანთ თავადმა კი იცოდა ერთი რამ: გადარჩენა ამ კაცისა, მისი გამოხედვა სინათლეზე, მოვლა მისი ჭრილობისა შესაძლოა ამ ერთადერთ, განგებისგან მოსულ გზით, რომ თავის დაღუპვა ბნელ ოთახში ერთია და მეორე კიდევ – ომში, და ამ წრფელის აზრით შემკულმა უთხრა:
“კარში გამოდი, მეტს არას გთხოვ”, და გამოუძღვა გარეთ.
გარეთ კიდევ სცემდა დღის სინათლე და მთელი ეზო გაევსო ხალხს, მთელი ეზო გაევსო ამხედრებულ იარაღასხმულ თავადობას კახეთისას და ყველანი უყურებდნენ ამას, თავის სიბნელიდან გამოსულს და მან, როცა შეხედა, თავის კახელებს, გამზადებულს საომრად და ასე მოსულთ მის სახლ-კარში, სთქვა ხმადაბლა:
“მე… ომისა, რა გამეგება?”
და დაინახა შორიახლო მდგომი მოურავი, ხელში იმ ძველი თოფით და კიდევ ასჯერ ძველი, კოხტა ქამარ-ხანჯლით, თითქოს უნდა მიართვას თავის ბატონსო, და მოესმა ენდრონიკაანთ თავადის ხმა, მისთვის ასე ამხანაგური და თბილი:
“მთელი კახეთი აქა ვართ, შენ სახლში. ჩინ-მედლისთვის არ მივდივართ იქა, ეგებ თავის მოსარჩენათ ან ტკივილის უფრო მეტ ტკივილით მოსავლელათ. აისხი ეგ იარაღი და წამოგვყევი. ვინ იცის, როგორ მისვლა სჯობია, იქა… ცაში”.
ასე წავიდა თავადი ლუარსაბ თათქარიძე ომში.