
კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა
Goingecko-ს მონაცემებით, 2021 წლის 5 აპრილისთვის კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას ხელი შეუწყო Bitcoin-ის, Ethereum-ისა და სხვა ციფრული ვალუტების ფასების შთამბეჭდავმა ზრდამ. ამრიგად, კრიპტო ბაზრის ღირებულებამ მიაღწია Apple-ის მაჩვენებელს, რომელიც სიდიდით მეორეა მსოფლიოში ნავთობის გიგანტ Aramco-ს შემდეგ.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბარიერის გადალახვა მოხდა იმ მდგომარეობიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ, როდესაც კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი ფიქსირდებოდა მიმდინარე წლის 7 იანვარს. იმ დროს Bitcoin-ის ღირებულება დაახლოებით 33 ათასი აშშ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ კრიპტო ბაზრის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ისეთი ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მხარდაჭერამ, როგორებიცაა PayPal და Visa. 2021 წელს Bitcoin-მა განიცადა რამდენიმე მოკლევადიანი კორექტირება, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში მისი ფასი 50 ათას აშშ დოლარს ქვევით არ ჩამოსულა.

Bitcoin-ის არასტაბილურობა ანუ ფასის ცვალებადობა გასული წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის დიაპაზონი იყო 55-60 ათასი აშშ დოლარი. Ethereum-ის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და გადააჭარბა 2 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს. ფონდის მმართველები და კრიპტოვალუტების ბაზარზე მოქმედი ინვესტორები საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებენ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივებს. ივარაუდება, რომ კრიპტოვალუტის ბაზარზე სერიოზული რყევები ზაფხულამდე არ არის მოსალოდნელი.

უნდა აღინიშნოს, რომ 2 აპრილს აშშ-ის წამყვანმა კრიპტო ბირჟა Coinbase-მა განაცხადა, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამ დაამტკიცა მისი რეგისტრაცია Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე. Coinbase-ის ლისტინგი დაიწყება იქნება 14 აპრილს, შედეგად იგი გახდება აშშ-ის საფონდო ბირჟაზე საჯაროდ მოვაჭრე კომპანია. მიიჩნევა, რომ ეს მოვლენა მიიზიდავს ტრადიციული ფინანსური ბაზრის ინვესტორების ყურადღებას და გაზრდის კრიპტოვალუტებზე მოთხოვნას. ამასთან, ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ Coinbase-ის რეგისტრაციამ ბირჟაზე შეიძლება სერიოზული არასტაბილურობა გამოიწვიოს, ვინაიდან ეს თარიღი ემთხვევა Bitcoin-ის ოფციონების ვადის ამოწურვის დროს.