PDFდეტექტივიწიგნები

აკა მორჩილაძე – ამბავი ვეფხვისა და ასისთავისა

დიდვეზირი არ იმჩნევდა, რომ სულტნის ნაცვლად ლაპარაკობდა. მიმხვდარიყო, რომ დაჰკრავდა ჟამი, როცა სულტანი სახელმწიფო სიმუნჯეს მოირჩენდა

და ბრძანებდა, ნიზამ ალ-მულქი ჩემი და რჯულის მტერია და უნდა დაისაჯოსო. ძალიან დიდხანს ეცხოვრა სასახლეებში დიდვეზირს, რომ ამას ვერ მიმხვდარიყო, თუმც კი საჯალათო კუნძზე ფიქრი ყველაზე უსარგებლო ფიქრად მიაჩნდა მთელს თავის ფიქრებში და სხვა რამ უფრო საინტერესო ერჩია. ნიზამ ალ-მულქი ხმელი იყო, ვითარცა ქოხის სახურავზე დაფენილი პალმის რტო და იასამნის ყვავილის ფერი ბებრული თვალები ჰქონდა. წვერი ქათქათა და ჩალმაც იმავ ყვავილის ფერი.

სინდბად ზღვათმოარულმა საგანგებო დარბაზი გააწყობინა დიდვეზირისა და მისი ამალისთვის, ფარჩა და სტავრა არ დაინანა, ბალიშებზე კი ოქრომკერდით აქარგვინა მისი სახელი. აქ იყო ხილი და ტკბილეული, რომელიც აქამდე არავის ენახა ბაღდადში. და განა წარმოიდგენ ხილს, რომელიც არ უგემნიათ ბაღდადში? აქ იყო, შორეულ მხარეში, უცხო კუნძულზე ხიდან მომდინარი რძის სავსე სურანი და ვარდის შერბეთი.

დარბაზის სამხრეთ აივანი გადასცქეროდა ოთხ ქარვასლას შუა იფნით შემორაგვულ ეზოს, სადაც გადაეფინათ ატლასისა და დიბის სუფრები და იყო უანგარიშოდ საზრდო და სასუსნავი. ფლავის მთები აღმართულიყო ყოველ ათ ნაბიჯში და ესე ყოველი იყო მუქთი. აბა, სთქვი, ვინ არ იშოვნიდა ბაღდადში ვერცხლის წყვილ ბეჭედს? ორი ბეჭედი ნიშნავდა, რომ ასი დინარი გადაგიხდია და თუ ასი დინარი გადაგიხდია, არ ეცდები, უბეში ჩაიყარო მეჯლისზე მოძღვნილი ლეღვი და ფლავით გამოივსო ხალათი. წინა დილიდანვე დაიკეტა ვერცხლის დუქნები და ათასი საქმის დიდოსტატი ბაღდადელი ქურდები ოინბაზობდნენ ბაზრის მოედანზე. ასე რომ, იმდენი ვერცხლის ბეჭედი მოაგროვეს, დალალები ხუთ-ხუთ დინარად ჰყიდდნენ დაფარულ ადგილებში. ჭეშმარიტად, ვაი ქალაქსა, სადაც ერთი ულუფა ფლავი უფრო ძვირია, ვიდრე ვერცხლის ბეჭედიო, გვამცნობს მისრით მისრიანელი.

სასახლეში კი ჩურჩულებდნენ, სახალხო აღრევანი უყვარს სინდბად ზღვათმოარულს, ყოველ მაწანწალას სტუმრად სცნობს და ყოველ დერვიშს ისე უმასპინძლდება, როგორც სულტანსო. სულტანი კი მიწვეული არ ყოფილა, რადგან მიწვეული იყო ყველა, ვისაც ვერცხლის ორი ბეჭედი ჰქონდა. არა ჰქონდა თვლა ვერცხლის ბეჭდებს სულტნის სასამკაულე ოთახში, მაგრამ არ ეამა, საზოგადო მიპატიჟება, თითქოს ერთი ვიღაც ბაღდადელი მემაწვნე ყოფილიყო.

– შენ წადი, – უთხრა დიდვეზირს, – ასე არ არის? განა წესია სულტანი იყოს იქ, სადაც ათასი უღირსი შეიპარება?

ეს იმთავითვე ამოიცნო სინდბად ზღვათმოარულმა და ოთხი საპალნე უცხოური ძღვენი გაუგზავნა მბრძანებელს. აქლემებს თუთიყუშები დააჯინა შუბლზე, სამი ათასი ნაბიჯი აბრეშუმის ნაჭერი დაუგო გზად, აბრეშუმი ჩინმაჩინის ქვეყნისა. სულტანმა კი უთხრა დიდვეზირს:

– რაღაც უცნაური ჩიტებით მითვლის პატივს. ეს ჩიტები ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ამბობენ. ჩანს, შეასწავლეს, – ამ სიტყვებზე თითიდან წაიძრო ვერცხლის ბეჭედი და დიდვეზირს გაუწოდა – აჰა, უძღვენი ეს ჩემგან…

ეს იაფი ბეჭედი იყო, მაგრამ ზედ ეწერა: “სულტნის ძმა”.

მეჯლისობა კი თავის რიგით იყო. სინდბად ზღვათმოარული დაუჯდა დიდვეზირ ნიზამ ალ-მულქს და მრავალი მთისა უამბო. ეზოს გადასცქეროდნენ და ნიზამ ალ-მულქი ათვალიერებდა მომეჯლისეებს. მერე კი უთხრა სინდბად ზღვათმოარულს:

– ბედნიერი ხარ, რომ შენი თვალი ხედავს ათას რამეს, ცისკიდურს სწვდება და ამბავი მიაქვს შენს თავში. მე თითქოს ბინდი გადამკვრია თვალებზე, გზის მხოლოდ მეათედს ვხედავ, ან იქნებ მეასედს, ვინ გაზომავს გზას? რაც უფრო შორსაა კაცი, მით უფრო ჰგავს ლანდს, – ამ სიტყვებზე მხლებელს ანიშნა და ეზოში გადაახედა, – მილეთის ხალხი ირევა იქა, მეჰდი. ფერებს ვხედავ და სხვას ვერაფერს. სპარსი ხარ, მჭრელი თვალი გაქვს, არის ამ ხალხში ნურადინ ფრიდონი, ასისთავი?

მეჰდიმ ერთი გახედა ხალხით სავსე ეზოს და სთქვა:

– ალაჰის ჩრდილო, სულ ოცდასამი ასისთავია აქა… ვხედავ თეთრ კანტებს მათ ხალათებზე… არის ნურადინ ფრიდონი, ფეხმორთხმულია და ატამსა ფცქვნის.

– ჩვენს სუფრასთან მოიწვიე, – უთხრა დიდვეზირმა.

ნურადინ ფრიდონი კრძალვით შემოვიდა და ცალ მუხლზე ჩაიჩოქა კიდეც. ახოვანი იყო და ბეჭბრტყელი.

– აქ მოგვიჯექ, – უთხრა ნიზამ ალ-მულქმა.

ნურადინ ფრიდონმა რიდით მოიკეცა ფეხები.

– სინდბად, გივლია ამდენი და ათასი ფერი გინახავს, შეხედე ამ ღოლამს, რას გეტყვის მისი იერი? – ჰკითხა მასპინძელს დიდვეზირმა.

ვერავინ ფცქვნიდა ბაღდადში ლეღვს ისე, როგორც სინდბად ზღვათმოარული. გაფცქვნისას, არც კი უყურებდა ხილს, არამედ მოსაუბრეს.

– ზღვისპირელია, – სთქვა დაჯერებით, – ზღვისპირელი რომ უყურებს ახლო მჯდომ კაცს, თითქოს არ უყურებს, შორით აქვს

თვალი, იქეთ, სადაც მთავრდება ზღვა.

– ეს ერთ რამეს ნიშნავს, – გაეღიმა დიდვეზირს.

– ეს ნიშნავს, რომ იგი ბევრს ხედავს ხმელეთზე.

– გესმის, ნურადინ ფრიდონ? – მუხლზე ხელი დაადო დიდვეზირმა. – რას არ გაუვლია ამ კაცის თვალთა წინაშე? ახლა შენც გაიარე. მე არ ვიცოდი, რომ ზღვისპირელი ხარ. მახსოვს მხოლოდ, რომ ამასწინანდელი შეჯიბრისას გაალმასებით არაფერს აკეთებდი. სიჩქარეს თავზე ხელის აღებით კი არა, ფიქრით გვიჩვენებდი. იქ შენზე მამაცნიც იყვნენ, მოქნილნიც და ოსტატნიც, მაგრამ შენ გაიმარჯვე. იმათი ოსტატობა ნასწავლი იყო, შენი – მოფიქრებული…

– ვმადლობ უფალს, ასეთ სიტყვებს რომ მიგზავნის თქვენი პირით, – თავი დაუკრა ასისთავმა.

– სულტნის ბაღში თუ გივლია?

– დიახ.

– ალბათ ყოფილხარ იმ მხარეს, სადაც ვეფხვები დასეირნობენ?

– მინახავს.

– სულტანი იშვიათად დადის იქეთ, მაგრამ ხშირად კი მოიკითხავს ხოლმე თავის ვეფხვებს, – თქვა ნაზიმ ალ-მულქმა. – თერთმეტი ძუ ვეფხვი ცხოვრობს იქა და ერთიც ხვადი. იცნობ, შუქურ ლაჰს, მათ მომვლელს?

– არა.

– შუქურ ლაჰი ინდოელია, უცხო რამ სიბრძნეთა მცოდნე. ის ჩემთვის სწერს მრავალ აზრსა და ხელობის წიგნებს. არ ეგების, შუქურ ლაჰი ერთ ცხოველს, თუნდაც ვეფხვს გადაჰყვეს და ხაროში გალიოს დღენი. აუცილებლად კი გადაჰყვება, რადგან სულტანი მოიკითხავს ბოკვრებს. ყოველ წელიწადს უგზავნის ბოკვრებს სხვა მხარეთა მბრძანებლებს. წელს კი შიშია, რომ ბოკვრები არ იშვებიან.

სინდბად ზღვათმოარულმა თავი გადააქნია.

– ასეთია, სინდბად, სასახლის ცხოვრება, – ხელი გაშალა დიდვეზირმა. – შენი წვრილმანი სხვისი მსხვილმანია. შენ კი, ასისთავო, გეტყვი, რომ ზეგ მეორმოცე დღე გასრულდება, რაც ხვადი ვეფხვი სადღაც გადაიკარგა… მე, რა თქმა უნდა, შემეძლო მეშოვნა ვეფხვი, მაგრამ ამ ხვადს თეთრი ნიშანი აქვს შუბლზე და მის ყოველ ბოკვერსაც აქვს ასეთი ნიშანი. ას ათი დღე არის ჩვენს ქისაში და მე, ნიზამ ალ-მულქი გეუბნები შენ, ნურადინ ფრიდონ, რომ გალიით უნდა მომიყვანო ის ვეფხვი ამ ქისის გამოლევამდე, – დიდვეზირმა ქისა ამოიღო ქამრიდან და წინ დაუდო ასისთავს. – თითო დღეს თითო კენჭს გადააგდებ. არ ეგების შუქურ ლაჰის წახდენა. ის მეტია, ვიდრე ყველა ვეფხვი აქედან ყანდაარამდე.

– ოთხი მხარე აქვს მიწას, – თქვა ჩუმად სინდბად ზღვათმოარულმა, ხოლო ნურადინ ფრიდონმა იგრძნო სისველე საფეთქელთან.

– ერთ მხარეს წავა?

– ყოველდღე ვიღებ ცნობას ჩემი ხალხისგან, თუ სად უნახავთ ან მოუკლავთ ვეფხვი, – მიუხვდა ნიზამ-ალ მულქი. – ყოველ ადგილას მას დახვდება ჩემი კაცი და ეტყვის, თუკი რამ სმენია თეთრნიშნიან ვეფხვზე. ყოველ ასეთ კაცთან ის დატოვებს ამბავს, რომელსაც მე მივიღებ. ჩვენს შორის სხვაობა იქნება ჯერ ხუთი, სულ ბოლოს კი ოცდაათი დღე, – ამ სიტყვებზე მან სახელოდან იძრო პატარა გრაგნილი და გაშალა. სინდბადმა დახედა ქაღალდს და ჩაილაპარაკა: “მიწის ასეთი დამხატავი არც კი მინახავს. ზღვათმოარულებს რომ ჰქონდეთ ამგვარი რუკები, თავგადასავლები აღარ იარსებებს”. ნიზამ ალ-მულქმა კი ჰკითხა ასისთავს: – იცი, მიწის კითხვა?

– დიახ.

– ეს ბაღდადია. შენ კი აი, აქეთ უნდა წახვიდე, – თითი გაატარა ქაღალდზე. მერე ხონჩიდან ალუბალი აიღო და ზედ დააჭყლიტა რუკას. – აი, ამ ადგილებში, აი, ამ შორ ადგილებში, აქ თორმეტი ქალაქია…

– მანდ არასოდეს უვლიათ ვეფხვებს, – შეახსენა სინდბადმა.

– შენამდე არც არავის უვლია მცხუნვარე ზღვებში. მე ვიცი სვლა და ნირი ვეფხვისა. ასისთავი რომ გადაკეცავს გზებს, ის სადღაც აქ უნდა იყოს. ნადირი კაცი არ არის, მხარი არ ეცვლება. ის მიდის, ვითარცა დღენი, – დიდვეზირმა ნეკიდან წაიძრო ვერცხლის ბეჭედი და ნურადინ ფრიდონს გაუწოდა. – ამ დილით სულტანმა გამომატანა სინდბადთან. მგონია, შენ უფრო დაგჭირდება.

სინდბადს გაეცინა.

– სულტნის ძმა, – თქვა დიდვეზირმა. – კითხვა ხომ იცი?

– დიახ.

– ეს ბეჭედი გზას გაგიხსნის. მოგეშველება ციხისთავებსა და მედუქნეებთან კამათისას, – და უძირო სახელოდან კიდევ ერთი პატარა გრაგნილი გამოაცურა. – ამას დაიზეპირებ, მერე დასწვავ. ქალაქების სახელებია, იმათ გასწვრივ კი კაცების სახელები. ყოველ აქ ჩამოწერილ ქალაქში იკითხავ ამ კაცს და ეწვევი. ეს ჩემი კაცებია…

– მმართველობა ჭკუის ხელობაა, – თქვა სინდბად ზღვათმოარულმა.

– მე მსახური ვარ და არა მმართველი, – ჩაიცინა ნიზამ ალ მულქმა და ხმაჩაკმენდილ ნურადინ ფრიდონს მიხედა. – დუმილი ფიქრთა სიუხვის ნიშანია. ხედავ რაიმეს იქეთ, სადაც ზღვა მთავრდება?

– ბაღდადში ზღვა არ არის, – მიუგო ასისთავმა. – მხოლოდ ორი მდინარე.

– ოხუნჯიცაა, – კვლავ მუხლზე დაადო ხელი დიდვეზირმა. – ამაღამვე გაქუსლავ. ჩემს თავლაში მიდი, ცხენი აირჩიე…

თავი მეცამეტე

პირველი, რამაც უჩხვლიტა ნურადინ ფრიდონს, ნელსაცხებელთა სურნელი იყო. მეორე – პირბადის იქედან გამომზირალ თვალთა ციმციმი. მესამე – ბალიშებზე მიწოლილი ქალის შიშველი ფეხის თითები. ქოშები კი იქვე ეყარა. ეს იყო ფათმა ხანუმი. ალკაზ აქიმის ფხვნილი ვერ მოარჩენდა ამ გულისძგერას. მაგრამ ნურადინ ფრიდონი ბაღდადელი იყო. მას ენახა დაკიდული ბაღები და უცხოთა საქალებოს სარკმელთა იდუმალებაზეც ეფიქრა.

– ბაღდადელი, – სთქვა ქალმა. – სხვა იერი აქვს ბაღდადელ ასისთავს. ყოველ ქალაქში სპასალარობას გასწევს, ბაღდადის გარდა. შენი მხარბეჭი ჩემს საწოლ ოთახს აპატარავებს…

– არასოდეს ვყოფილვარ საქალებოში, – იყო პასუხი.

– მანდ ვერ იპოვი საიდუმლოს. საიდუმლო ხომ გულშია ხოლმე, ახლოს მოიწი, ასისთავო ნურადინ…

– ფრიდონ, – ფეხი მოირთხა კაცმა.

– ათასისთავი გახდები, არა? – მხიარულად წარმოთქვა ფათმა ხანუმმა. – და ეგებ ხალათიც გიძღვნას სულტანმა. ყოველ მეჯლისზე იტყვიან, აი მოსავს ხალათი, სულტნის ნაცვამი, მაგრამ ციხეებს მაინც პირველი უნდა მიუხტე. ხომ ასეა?

ნურადინ ფრიდონმა დაინახა პატარა და ფაფუკი ხელი თავის მუხლზე და სამკაულები ამ ხელზე და კვლავ უჩხვლიტა რაღაცამ.

– შუაღამე ჩამოჰკრავს მალე, – სთქვა ქალმა. – ნამდვილ მეომრის სურნელი ტრიალებს აქა. შენი სურნელი ნადირისაა და იცი, როგორ ენატრებათ სოვდაგრის ცოლებს ნადირის გემო? შენ ვეფხვს დაეძებ, შუბლზე თეთრი ნიშნით. განა არ ვიცი? აი, ამ სახლში თავისუფლად დადიოდა ის ვეფხვი. აქა ცხოვრობდა. ჩემმა ჩაფრებმა დაიჭირეს გალავანს იქეთ, დაბნეული, მხარნაცვალი. აქ მოიყვანეს და მათრობელა ბალახებით დამშვიდებული ცხოვრობდა ჩემთან. აქა ცხოვრობდა, ჩემს ბაღში ჰქონდა ბინა. ვეხუტებოდი ხოლმე და შევიგრძნობდი ნამდვილი მებძოლის სურნელს…

– ეს ვეფხვი, – ყურს უკან გრძნობდა ნურადინ ფრიდონი ამ ქალის სუნთქვას და ნემსების ჩხვლეტას წელსა და ტუჩებზე, – აქ აღარ არის, წავიდა, გაჰქრა, ნადირს არტახით ვერ დააკავებ. შენც ხომ გაქრები ხვალ? როგორ გშვენის ეგ ხანჯალი, რასა ჰგავს ნეტავ?

– მაშ წავიდა? – ამოთქვა ნურადინ ფრიდონმა.

– ვინ არის ახლა სულტნად? ვიცი, დიდი იქნება რისხვა მისი, როცა იხილავს ხელცარიელ ასისთავს. თავები დალაგდება კარიბჭეზე. მაგრამ მისმინე, ასისთავო, შენი ფიქრითა და სუნთქვით ვერ აავსებ ამ ოთახს. და ვხედავ, არაფერი გაბადია ამ ლამაზი ხანჯლის და სატევრის გარდა. მე კი გავავსებ ამ ოთახს სიყვარულით და როცა ცისკრის ნიშანი გაგვიხელს თვალებს, მე აგივსებ ამ ოთახს ოქრო-ვერცხლით. და კიდევ ერთ ოთახს და კიდევ ერთს, მომცროს და კოჭებამდე იქნები ოქროში. აჰკიდე ეს ოქრო აქლემს და ნუ წახვალ ბაღდადში. წადი საითაც გინდა და იცხოვრე იქა… შორს იქნება სულტნის რისხვა და დაგავიწყდება საერთოდ მისი სახელი. ვინ არის ახლა? – ერთი დიდი სადგისი ეძგერა გულის ფიცართან ნურადინ ფრიდონს. სადგისი იყო თუ დაბურცული ტუჩები ფათმა ხათუნისა? აბრეშუმში გაბურდულიყო თავი, ხელები, ორთავე სხეული და ჩურჩულებდა სიტყვებს და არ ესმოდა ნურადინ ფრიდონს, პირგამშრალ მაძებარს ფათმა ხანუმის ტუჩებისას. ოქრო… ნადირი… აბრეშუმი ჩინმაჩინისა და ღამე, სარკმლიდან შემოვარდნილი და ფაჰლავა იგი, ტუჩთა შორის წარმოქმნილი. ხელი შენს ხელზე, მკერდი შენს მკერდზე და კვლავ ძებნა ამ ხელებით დამალულ ადგილებისა.

და ამ დროს, ამ გაწელილ წამთა შუა, როცა ტუჩებს შორის მანძილი არს მხოლოდ გემო რაჰათლუჰუმისა, ყურს მოსწვდა ხმა მტვრევისა, თითქო ვიღაც კომბლით დარეოდა ჩინმაჩინურ ლარნაკებს საქალებოს დერეფანში. იქავ მოისმა შეკივლება – ალბათ, საჭურისები შფოთავდნენ.

– ა, თქვე ქოსებო, გავის და თავის ერთიანობავ! – გაისმა ხრინწიანი ღრიალი.

ფათმა ხანუმი ბნედიანივით მოსწყდა ნურადინ ფრიდონს, აეკრა კედელს და თრთოლვით წაიჩურჩულა:

– ჩაფრები… ჩაფრები… მოუხმე ჩაფრებს…

ამის თქმა იყო და შემოილეწა კარი მისი საძინებელი ოთახისა, ხალიჩაზე გაიშხლართა საჭურისი, რომელსაც ერქვა… და უკან მოჰყვა ერთი ბრგე, თავზეჯიღამოქცეული კაცი, სულ ერთიანად ძვირფას თვლებით შემკული გულისფიცრით და მკვესავ თვალებით. ულვაშები ცვილით გაეწყო და ღმუთუნებდა.

– ახ! რა წესები შემოუღია ამ საჭურისს, – და ფათმა ხათუნს რომ ჰკიდა თვალი, გადაიხარხარა: – მეფის ჭაშნაგირი გეახლა მტრედთა ღუღუნსავით მოყვარულო ფათმა ხანუმ! რამ შეგაშინა? არც პირველია და არც უკანასკნელი.

უკანასკნელი ღმერთმა გვაშოროს, – უბეში ჩასწვდა რაღაცას. – ეს, მარგალიტის…

მაგრამ მარგალიტი აღარ უჩვენებია, ასე გაშეშდა უბეში ხელჩაყოფილი და უყურებდა ხალიჩაზე, ბალიშებში ჩამჯდარ წვერაბურდულ ნურადინ ფრიდონს, ვისაც მხარზე შერჩენოდა ფათმა ხანუმის აბრეშუმები, თითქოს საჩქაროდ მიაფინესო.

– ასსს… – შესძახა შემოვარდნილმა, – სხვა საჭურისიც ჰყოლიათ აქა! უცბად მოგპარსავ მაგ წვერს…

– ეს შიკრიკია! – დაჰკივლა ფათმა ხანუმმა, – ჩემი ქმრის შიკრიკი.

– არ მინახავს საქალებოში დაბნედილი შიკრიკები! ვეღარ გაძეხი? კვლავ ბაღდადურ მორს დაეძებ?

ამ სიტყვებზე ჭაშნაგირმა იძრო ხმალი და ნურადინ ფრიდონისაკენ გაქანდა.

ასისთავი გაკოტრიალდა ოთახის მეორე კუთხისკენ, ისე რომ, თავდამსხმელმა ბალიშს დაარჭო ხმალი. თუ რომ ვერ მოესწრო ნურადინ ფრიდონს, გულგანგმირული დარჩებოდა იქვე, მაგრამ მოხდენილად აასრულა ეს საკოტრიალო ილეთი და ზეწამოჭრილმა თამამად შეუტია ბაღდადურ გონიერებით. პირველივე კვეთებამ მიახვედრა ნურადინ ფრიდონი, რომ ნაცად და ჯანიან ხელთან ჰქონდა საჭიდაო. მეორე მისვლაზე ასისთავმა ფერდული მოუქნია და როცა ჭაშნაგირმა აუკრა, მიხვდა ნურადინ ფრიდონი, რომ დიახ, კი ჰქონდა მარჯვენა მძლავრი ამ ულვაშცვილიან კაცს, მაგრამ სახმალაო ვერაგობა კი აკლდა, იწევდა როგორც ლურსმანი ტახტის კიდეზე ჩაჭიდებისას. ნურადინ ფრიდონმა უკან დაიხია, მუხლჩახრილმა შეაგება ხმალი ზემოდან გულუბრყვილოდ დაკრულს, იმავ წამს იძრო ხანჯალი ცაცია ხელით და გულში აძგერა მომხდურს.

ჭაშნაგირი შეტორტმანდა, მოსწყდა მკლავი და გაუვარდა ამართული ხმალი. ნურადინ ფრიდონმა გულში ჩაუტოვა ხანჯალი, ხელი ჰკრა და ბალიშებზე გადააქცია.

მოკლულის ხრიალს ვინღა უსმენდა. ფათმა ხანუმი ამოუცნობ სიმშვიდით იდგა, საჭურისი კი სცდილობდა, ხანჯალი ამოეძრო გულიდან.

– ფათერაკიანი ყოფილხარ, – სთქვა ქალმა და სარკმელს მიაბჯინა თვალი.

– ვეფხვი, – წამოსცდასავით ნურადინ ფრიდონს.

– აჩვენე ვეფხვი, – საჭურისს მიხედა ქალმა. – რაღაც იწვის იქა, ყიასის ქარვასლა. ნათებაა დიდი…

საჭურისი ფართო დერეფანში გაუძღვა დაბნეულ ნურადინ ფრიდონს, აატარა ორი კიბე, ახსნა ჩირაღდანი კედლის სიმაგრიდან და გადასწია ფარდა.

ოთახის შუაგულში ჭილოფი ეფარა რაღაც ძალიან დიდს. საჭურისს, რომელსაც ერქვა… მოავლო ხელი ჭილოფს, გადააძრო და მიუნათა…

ნურადინ ფრიდონმა დაინახა თეთრი ნიშანი შუბლზე.

ეს იყო სულტნის ბაღიდან გამოქცეული ვეფხვის ფიტული.

– ოსტატია ტყავისაგან ცოცხლის კეთებისა ქალაბი, გალავანთან აქვს სახელოსნო, – ჩაიცინა საჭურისმა. – ხუთასი დრაჰმა გადავუხადე ამის გაკეთებაში… ოღონდ, აღარ ვიცი, სულტანი მოიწონებს ამგვარს?

ნურადინ ფრიდონი იდგა და დასცქეროდა ვეფხვის ფიტულს.

– მოგახსენებ, ასისთავო, ვეფხვი ესე დაჰბანგეს ჩვენმა ჩაფრებმა ტყის პირებზე და დიდად უყვარდა ჩემს ხანუმს. არ გამოგვიფხიზლებია აგე, რამდენ თვეს. მეორე ვეფხვი ვეღარ მოჰკლა ჭაშნაგირმა… შენა ხარ მეორე ვეფხვი. რისთვისაც შენ გკლავდა, იმიტომ მოკლა ჭაშნაგირმა მთვლემარე ვეფხვი. ეჭვიანი კაცი იყო… ოქროში ბანაობდა და აგე, ბანაობს სისხლში.

ნურადინ ფრიდონი კი იდგა და დასცქეროდა ვეფხვს შუბლზე.

– შემოვარდა ერთხელ ჭაშნაგირი, – განაგრძობდა საჭურისი, – მკრა წიხლი და გასტეხა დარაბა ფატმა ხანუმის ოთახისა. იქ მიუსწრო, ხანუმი რომ ეფერებოდა ვეფხვს, როგორც კატას. აკაფა ეკალბარდივით, რარიგ გამეორდება ყველაფერი. შენ არ შეხვდი მთვლემარე… რა ხმაურია?

დიახაც, მოისმოდა რაღაც ხმები შუა ქალაქის მხრიდან.

– რა ვთქვა, ასისთავო? განა სულტანს ეყოფა ვეფხვის ტყავი ვეფხვის სანაცვლოდ? იფიქრე, ოღონდ ნუ დაგათენდება… გავხედავ, რა გნიასია? აჰა, ჩირაღდანი გამომართვი…

ნურადინ ფრიდონმა ფეხი მოინაცვლა და გაახსენდა, რომ ხმალი კვლავ ხელში უჭირავს.

დიდვეზირი ნიზამ ალ-მულქი გაახსენდა, ბაღდადის ბრტყელი ალაგები და წვეტები შუბებისა თუ მინარეთებისა და გაახსენდა მთელი გზა ბაღდადიდან ამ დაბლანდულ ქალაქამდე და ყოველი კენჭი, რომელიც გადაუგდია ამ გზის პირებზე. და მიხვდა ნურადინ ფრიდონი, რომ მისი თავგადასავალი ამ უცხო სახლში დასრულდა.

– უნდა იჩქარო, – მოესმა უკნიდან, – ქალაქში რაღაც ხდება, მოედანზე ხალხი ხმაურობს.

საჭურისი იყო. ხელში ხურჯინი ეჭირა.

– ფატმა ხანუმი კოშკში უნდა შევხიზნოთ…

– ეგ რა არის?

– ეს დაგჭირდება სულტნის წინაშე, როგორც დამნაშავისა, – და ფეხებთან დაუდო ხურჯინი. – თავია მისი. მდინარის პირას თუ დაისვენებ მგზავრობისას, ხურჯინიანად ჩადე წყალში. მაშინ

მკბენარი არ დაეხვევა…

ნურადინ ფრიდონი იდგა და დასცქეროდა ვეფხვის შუბლზე თეთრ ნიშანს.

მერე უსწრაფესად ამართა ხმალი და კისერზე დასცა ფიტულს, ძირს გაგორდა სულტნის ხვადის თავი. ჭინჭები და რაღაც ამგვარი მიმოიფანტა გარშემო…

– ესეც ჩადე, – გული ამოაყოლა ასისთავმა, – ხურჯინში.

და როცა მხარზე მოიგდო ტვირთი, ალისფრად აცეკვებულ თვალებში ჩახედა საჭურისს:

– ეს განმეორდა ალაჰის ნებით, თუ შენა და შენმა ხანუმმა გაიმეორეთ?

– ათასისთავი შეიქნები. უკანა კარიდან გაგარიდებ ჭირს და ნუ მოიხედავ, სანამ არ გახვალ ქალაქიდან, – მიუგო უტეხად საჭურისმა, რომელსაც ერქვა… – ჰო, და ვინ არის ახლა სულტნად?

და ნურადინ ფრიდონმა გააბიჯა შორეული ხმაურითა და ცეცხლწაკიდებულ ქარვასლათა ათინათით მოციმციმე ეზოში.

სულტნად კი იყო მალიქ შა, ხოლო დიდვეზირად – ბრძენთაბრძენი ნიზამ ალ-მულქი.

ნურადინ ფრიდონმა ქისა მოსძებნა ქამარზე, ამოიღო იქედან ერთი კენჭი და მოისროლა ჯაგებში, ეგებ ვარდის ბუჩქებშიც, იმ შუქზე ვერ გაარჩევდა ხურჯინის სიმძიმის გამო.

წინა გვერდი 1 2 3 4

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button