ლიტერატურაპოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ჩვენ შევქმენით, ჩვენი არის

ჩვენ შევქმენით,
ჩვენი არის
ეს სიმდიდრე
დაგროვილი,
ჩვენ შევქმენით
იგი ოქრო,
იგი ფარჩა
და ქსოვილი.

ჩვენ მოვაწყეთ
მანქანები
და რკინიგზის
ქსელი ხშირი,
ჩვენ ამოგვაქვს
მიწის გულით
ის რკინა და
ქვანახშირი.

მხოლოდ ჩვენი
შრომა ბადებს,
რაც ამშვენებს
ყოფნის დღეებს,
ზღვაზე გემებს
და ხომალდებს
და მიწაზე
სასახლეებს.

შექმნილია
ჩვენის ხელით,
ჩვენის სისხლით
მოწეული,
იგი ოქრო,
იგი ვერცხლი,
ხავერდი და
ძოწეული.

თავდამსხმელს კი
ვერაგულად
სურს წაგვართვას
ჩვენი შრომა,
მრისხანების
ღელავს სისხლი –
სვავმა მის სმა
მოინდომა.

ჩვენ ვუჩვენებთ
მტერს მის ადგილს,
სადაც მისი
სამკვიდროა,
ანგარიშის
გასწორების
დროა,
გადუდები დროა!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button