პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ჩვენ, არა ერთი ცხოვრების კიდე..
ციკლიდან „პაციფიზმი“
ჩვენ არა ერთი
ვიპოვეთ კიდევ
ცხოვრების კიდე!
ჩვენ ქარხნის ბოლი
გვიყვარს ქალაქთა –
არა სიმშვიდე!
ბრძოლას შრომისთვის,
კლასიურ ბრძოლას,
რა დააწყნარებს?
ის ეძებს გზებს, რომ
თავისუფალი
მიაწყდეს კარებს.
მხოლოდ ბრძოლაზე
გვესაუბრება
ქურათა გროვა,
უფლება მისთვის
უმაგალითო
მოვა, დრო მოვა.
ყოფილა დიდი
უსამართლობა –
გამათხოვრება.
მხოლოდ ბრძოლაში
მთელი ცხოვრება –
არის ცხოვრება!