ლიკიის თვალუწვდენ ვაკეზე გადაჭიმულია ანკარა წყლით სავსე ტბა. ტბის შუაგულს ამობურთულია პატარა კუნძული, რომლის მშვენიერი მიდამოები ახოვანი ლერწმის ხეებითაა დამშვენებული. კუნძულის თვალსაჩინო ადგილას გამართულია ელინთა ქალღმერთის ლატონას სახსოვრად კოპწია საკურთხეველი. ელინთა ღმერთების მამამთავრის ზევსის მეუღლეს ჰერასა და ლატონას შორის კარგახანია დიდი უსიამოვნება იყო ჩამოვარდნილი. ოლიმპოს მბრძანებელი ზევსი, სანამ ქალღმერთს ჰერას შეირთავდა, ფარულად ქალღმერთ ლატონასთან ცხოვრობდა, რომლისგანაც ორი შვილი შეეძინა – აპოლონი და არტემიდე. ამ საიდუმლოდ შენახულ ამბავს ქალღმერთმა ჰერამ, როცა იგი ყოვლად შემძლებელ ღმერთს ზევსს შეუუღლდა, ყური მოჰკრა და კიდევაც ეს იყო მიზეზი, რომ ამაყი ქალღმერთი ჰერა მუდამ სდევნიდა და ავიწროებდა საბრალო ლატონას. დიდად შევიწროებული ლატონა თავისი ორი პაწია ქალ–ვაჟით იძულებული შეიქნა დაეტოვებინა სამშობლო დელოსი და სხვა ადგილას მოეძებნა უფრო მყუდრო თავშესაფარი. ზაფხულის გულშემზარავი პაპანაქება დედამიწას ანადგურებდა, როცა ქალღმერთი ლატონა ლიკიის საზღვრებს მიუახლოვდა. ლიკიის ფართოდ გადაშლილ მინდვრებზე ლატონამ უპირველეს ყოვლისა დაინახა ანკარა წყლით სავსე ტბა, რომლის გარშემო ლიკიელები ლერწმის ხეებს ჭრიდნენ და ერთ ადგილას ეზიდებოდნენ. ელინთა ქალღმერთსა და მის პაწია ქალ–ვაჟს, გზაში ძალზე დაღლილთ და დაქანცულთ, წყურვილისაგან ხახა უშრებოდათ. წყლის დანახვისთანავე ლატონა ტბისაკენ გაეშურა ფეხაკრეფით, მაგრამ დახეთ ლიკიელების გულქვაობასა და შეუბრალებლობას: ლატონას არა თუ წყლის დალევის ნება არ მისცეს, პირიქით, დამუქრება და ლანძღვა–გინება დაუწყეს. ელინთა ქალღმერთმა თავაზიანი კილოთი შესჩივლა ბრაზმორეულ ლიკიელებს: „რა დაგიშავეთ, რატომ გვიკრძალავთ დამაშვრალთ წყლის დალევას? წყალი ხომ საზოგადო კუთვნილებაა, ისე, როგორც ჰაერი, მზე და სინათლე. ჩვენ ხომ ტბის ანკარა წყალში ბანაობა არ გაგვიზრახავს! ჩვენ გვინდოდა მხოლოდ წყალი დაგველია. ლამის აუტანელმა წყურვილმა შორის გზით დაქანცულთ სიცოცხლე მოგვისპოს! ლაპარაკის ილაჯი გვიწყდება, ერთი ცვარი წყალი მაცხოვნებელ ნექტარად გადაგვექცევა, სიცოცხლეს დაგვიბრუნებს. გევედრებით, მე თუ არა, ეს საცოდავი ყმაწვილები მაინც შეიბრალეთ! ხედავთ, საწყლები წყურვილისაგან როგორ საცოდავად გმინავენ, რა მუდარებით შემოგცქერიან და შველას გთხოვენ!“ ლიკიელების გულქვაობა ვერც ამ თხოვნამ მოალბო. ლიკიელები ისევ გაბრაზებითა და სასტიკი მუქარით ერეკებოდნენ ტბის ნაპირებიდან საცოდავ ბავშვებს და მათ ერთიანად მოქანცულ საბრალო დედას. ლატონასა და მისი შვილებისათვის რომ წყლის დალევის შესაძლებლობა სრულიად მოესპოთ ლიკიელებმა შესტოპეს წყლის სიღრმეში და ტბის ფსკერზე ნადები ტალახითა და სილით ერთიანად აამღვრიეს ანკარა წყალი. ლატონამ ლიკიელების ასეთი თავხედობა და სტუმართმოყვარეობის სრული უგულებელყოფა, ახლა კი ვერ მოითმინა, ზეცას ხელები აღაპყრო და ყოვლად შემძლებელ ზევსს ლმობიერად შესთხოვა: „ყოვლად შემძლებელო მაღალო ღმერთო, გევედრები, ეს სამარცხვინო ადამიანები თავისი საზიზღარი, შემაძრწუნებელი მოქმედებისათვის სასტიკად დასაჯო, სამუდამოდ დასტოვო მათ მიერ აფორიაქებული წყლის წუმპეში!“ ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა შეისმინა ქალღმერთ ლატონას ვედრება. მართლაც, ლიკიელები ამ დღიდან წყალს არ მოშორებიან და ტბაში ცხოვრება თითქო კიდევაც გაუტკბათ. ზოგჯერ ეს რაინდი ვაჟბატონები ტბის სიღრმეში ჩაეშვებიან, ზოგჯერ წყლის ზედაპირზე ამოცურდებიან, ამოსკუპდებიან ტბის ნაპირას და ისევ წყალში ჩაეშვებიან. ძველებური ჩვეულება წყალშიაც ვერ დაკარგეს, მუდამ ერთი–მეორეს ლანძღავენ და ათრევენ. ახლა მხოლოდ ხმა გამოიცვალეს: უხეიროდ და ულაზათოდ დღედაღამ განუწყვეტლივ ყიყინებენ. მუდამ წყლის წუმპეში ყოფნისგან ლიკიელებმა სახე და შეხედულება გამოიცვალეს, კისერი დაუმსხვილდათ და დაუმოკლდათ, ზურგი მწვანე ზოლებით დაესერათ, ხოლო მუცელი გაუმსხვილდათ და გაუთეთრდათ. დღესაც ეს ვაჟბატონები ლიკიის ტბის წუმპეში იმალებიან, ხოლო ლიკიელების მაგივრად ბაყაყების სახელს ატარებენ.
ელინური მითები
მოთხრობილი ალ. მიქაბერიძის მიერ