Mini 2025 წელს გამოუშვებს ბოლო მანქანას შიდაწვის ძრავით, 2030 წლიდან კი ელექტრო ძრავებზე გადავა
გამკაცრებული ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით ბევრმა მანქანათმშენებელმა კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს, როდის იტყვის უარს შიდაწვის ძრავის მქონე მოდელების წარმოებაზე. BMW’s Mini-ს შემთხვევაში მსგავსი გრაფიკი უკვე დადგენილია. შიდაწვის ძრავის მქონე ბოლო ავტომობილი გამოვა 2025 წელს, 2030 წლიდან კი Mini გამოუშვებს მხოლოდ ელექტრომობილებს.
ამის შესახებ გერმანული გამომცემლობა Der Spiegel იუწყება. წყაროს ცნობით, 2027 წლისთვის Mini აპირებს ელექტრომობილების წილი ბრენდის გაყიდვების სტრუქტურაში 50%-მდე გაზარდოს. Mini-ს ასორტიმენტში მხოლოდ სამი მოდელია სხვადასხვა მოდიფიკაციითა და ძრავით: Cooper, Clubman და Countryman, ამიტომ მშობელი კომპანია BMW-ს გადაწყვეტილება ელექტროფიკაციის დაწყების შესახებ ლოგიკურად გამოიყურება. Mini-ს მარკის ელექტრო მანქანა უკვე არსებობს – ეს არის Cooper SE მოდელი, რომელსაც მალე შეუერთდება ელექტრო კროსოვერი. ჯერ კიდევ 2009 წელს ელექტრო Mini E გვევლინებოდა სატესტო პლატფორმის სახით, შემდეგ BMW-მ პირველი სერიის კორპუსში ჩააყენა “ელექტრო შიგთავსი”, პირველი მასობრივი წარმოების ელექტრო მანქანა კი იყო BMW i3, რომელიც ფართოდ არ გავრცელებულა.
ცოტა ხნის წინ წარმოდგენილ BMW iX3-ს გააჩნია ძრავის ფართო სპექტრი, მათ შორისაა ელექტრო ვარიანტი. 2018 წელს კომპანიამ პირობა დადო, რომ 2025 წლისთვის თორმეტ სრულიად ელექტრო მოდელს გამოუშვებს. ფაქტობრივად, ამ პერიოდის დასრულებამდე ოთხი წლის განმავლობაში BMW-მ უნდა წარადგინოს ელექტრომობილის ათი ახალი მოდელი.
გერმანიაში, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთში, აიკრძალება შიდაწვის ძრავის მქონე ახალი მანქანების გაყიდვა. ჩინეთში, სადაც BMW ყიდის ავტომობილების უმეტეს ნაწილს, მხოლოდ ჰიბრიდული და ელექტრომობილები დაიშვება 2035 წლიდან. ძნელია იმის განსჯა, რამდენად წარმატებით მოერგება BMW ახალ საბაზრო მოთხოვნებს, რადგან აქამდე იგი სერიოზულ ფსონს დებდა შიდაწვის ძრავზე.