ლიტერატურაპოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ჩვენი შავი ზღვა
ამ სტრიქონებს ვწერ…
ზღვა იღვიძებს, ვით ფიქრი ჩემი.
მის ხერხემლებზე
ყორნის ფერი ქანაობს გემი.
ზღვა იშმუშნება,
როდესაც ვწერ მე ამ სტრიქონებს,
თითქო რაღაცა
აგონდება და ვერ იგონებს.
უფრო და უფრო
იღუშება ზღვა ტყვიისფერი,
ზღვას მრისხანების
ემატება ტალღა ძლიერი.
მაღლა, სულ მაღლა
იწევს მძაფრი ტალღათ კრებული,
ღმუის, ნაპირებს
ეხეთქება გააფთრებული.
ღრიალებს, გმინავს,
როგორც მხეცი გულგანგმირული,
დაუნდობელი,
უშიშარი და განწირული.
უსაზღვრო არის
ზღვის ბრაზი და თავგამეტება,
შორეულ მანძილს
გადამტეხი მეხი ედება.
დაუცხრომელი, შემზარავი
მისი განგაში
ისმის სახეთა მოღრუბლვაში,
გემთა კანკალში.