ქართული გვარები

ბარბაქაძეთა გვარი

ბარბა – საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო: ბარბალა, ბარბატა, ბარბანა და ბარაბაქა იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.

გვარის სახელით “ბარბ”-ფუძისანი არიან: ბარბაიები, ბარბანიძეები, ბარბატები, ბარბაშები, ბარბალაძეები და ბარბაქაძეები – გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ლიხთიმერეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ბარბაქაძეთა.

KARIBCHE

ეგრე უბნობენ, ტყიბულის მხარის სოფელ მუხურიდან დაწყებულაო ბარბაქაძეთა განსახლება მთელ საქართველოში.

ქართულ საისტორიო საბუთებში ბარბაქაძეთა გვარი გვიანი შუა საუკუნეებიდან იხსენიება.

XVIII საუკუნის II ნახევრის ერთ თამასუქში ვკითხულობთ: “ევიღე შენ, მუსტაფა ბარბაქაძისაგან, მე, ხოსია მესხიშვილმა და შიო მწყერაშვილმა, შუა ენკენისთვეს ოცი მარჩილი…” ეს მუსტაფა ბარბაქაძე – იმერელი ბარბაქაძეა, რადგან საბუთში იხსენიება ქუთათელი ეპისკოპოსი და იმერთა მეფე სოლომონი.

ამავე XVIII საუკუნის უცნობი პირის მიერ შედგენილ დავთარში იკითხება, რომ ვინმე იესემ “გირაო კაცებს ბარბაქაძეებს გამოართვა მარჩილი ცხრა”. ეს ბარბაქაძეები უკვე შიდა ქართლში გადმოსული ბარბაქაძეები უნდა იყვნენ. საბუთში ნახსენებია ქართლური გვარი თოფჩიაშვილი და ხაშურის მხარის სოფელი ოსიაური.

1787 წლის აზნაურ ზაალ მახვილაძის ქვრივის არზაში მეფე ერეკლესადმი ვკითხულობთ: “ორი კვამლი ხიზანი კაცი მყვანდა – ხარასზიშვილი დათუა და ბარბაქაძე ბერი; რაც ჩემგან შეიძლებოდა, დიდი ამაგი უყავით და დიდი ხანიც არის, ჩემთანა არიან, ვეხვეწები და აღარ მოდიან…” სხვა საბუთებიდან ირკვევა, რომ აზნაურ ზაალ მახვილაძეს მამულები ჰქონდა შიდა ქართლის სოფელ აბისში.

შიდა ქართლში ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა ბარბაქაძეთა გვარის სახელი: ბარბაქაძეებისგვერდი – ადგილი სოფელ ზემო ბროლოსანში, ბარბაქაძეების წყარო – წყარო სოფელ რბონაში, ბარბაქაძის მიწები – სახნავები სოფელ ცხრამუხაში…

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბარბაქაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.

ამჟამად ბარბაქაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, ოდიშში, გურიაში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. მრავლად იყვნენ აფხაზეთშიც. განსაკუთრებით მრავლად არიან: ხაშურის, ლაგოდეხის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ტყიბულის, გარდაბნისა და ბორჯომის რაიონებში.

თბილისში ამერ-იმერ ბარბაქაძეთა დაახლოებით 350 კომლი ცხოვრობს. საქართველოში ბარბაქაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი შვიდი ათასს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბარბაქაძეთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button