პუაროს გრიპი სტანჯავდა, ამიტომ, დერბშირში, მონადირის სახლში მომხდარი მკვლელობის დეტალებში გასარკვევად კაპიტანი ჰასტინგსი გაემართა. როჯერ ჰერინგტონი, რომლის ბიძაც მოულოდნელად მოკლეს, თანაც, გაურკვეველ გარემოებაში ძალიან დაამწუხრა პუაროს ავადმყოფობამ. იმედი ჰქონდა, რომ ცნობილი დეტექტივი ნათელს მოჰფენდა ამ საიდუმლოებით მოცულ საქმეს. პუარომ მეგობარს მოსთხოვა, ყველა დეტალის შესახებ დეპეშებით ეცნობებინა მისთვის და, როცა ჰასტინგსისგან გულწრფელი დასტური მიიღო, ბუზღუნით მოიკალათა სავარძელში და ბალახების ჩაი მოხვრიპა.
პირველი დეპეშა, რომელიც პუარომ მიიღო, ასეთი შინაარსის იყო: „მოკლულია მისტერ ჰერინგტონ პეისი, საკმაოდ შეძლებული, შუახნის ჯენტლმენი. ქონება ამერიკაში დააგროვა. ცოლი არ შეურთავს. მისი ერთადერთი მემკვიდრე როჯერ ჰერინგტონია, ჩვენი კლიენტი. ისინი ერთად ცხოვრობდნენ. როჯერი და მისი ცოლი ვალების გამო ხელმოკლედ იყვნენ და ბიძია მათ ყველანაირად ეხმარებოდა. დერბშირში მონადირის სახლიც მისტერ პეისმა იყიდა. იქ გარბოდა ხოლმე, როცა მაღალი წრის ხმაურიანი წვეულებები ჰბეზრდებოდა. პატრონების არყოფნის პერიოდში სახლს ეკონომი ქალი უვლიდა. მეგობრებსაც ხშირად ეპატიჟებოდა სანადიროდ. ტრაგედიის დღეს სახლში მხოლოდ მოხუცი ჯენტლმენი, მისის ჰერინგტონი და ეკონომი ქალი იყვნენ. როჯერ ჰერინგტონი იმ დილით ადრიანად გაემგზავრა ლონდონში. მეორე დილას კი ცოლისგან შეტყობინება მიიღო: „სასწრაფოდ ჩამოდი. გუშინ საღამოს ბიძია მოკლეს. თუ შეძლებ, იპოვე კარგი დეტექტივი. ნებისმიერ შემთხვევაში, სასწრაფოდ დაბრუნდი. ზოია“. შემთხვევის ადგილზე ჰასტინგსს სკოტლანდიარდელი ჯეპი დახვდა. ისიც როჯერ ჰერინგტონს ელოდა. ეკონომი ქალი და მისის ჰერინგტონი უკვე დაკითხული ჰყავდა. მან მისტერ ჰერინგტონი გვერდზე გაიხმო, ჰასტინგსს კი გულითადად მიესალმა. როჯერ ჰერინგტონმა გააპროტესტა – ჯერ ცოლი უნდა ვნახოო, მაგრამ, ინსპექტორმა არ გაუშვა და ჰასტინგსმა მარტომ შეაბიჯა ცუდად განათებულ ჰოლში. ეკონომი თმაშევერცხლილი, შუახანს მიტანებული, წელგამართული ქალი აღმოჩნდა, შავ, ბოლომდე შეკრულ კაბაში გამოწყობილი. სავარაუდოდ, მკვლელი პირისპირ მან ნახა. მოყვა, რომ ის კაცი სადილის მერე მოვიდა და თქვა, რომ მისტერ პეისის ნახვა უნდოდა. თავისი ვინაობა არ დაუსახელებია. ბატონი მისის ზოიასთან ერთად ბიბლიოთეკაში ყავას სვამდა ეკონომი ქალი მისტერ პეისის დასაძახებლად გაემართა, მერე კი ქალბატონთან ერთად სამზარეულოში ჩავიდა. ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ, სრულ სიჩუმეში გასროლის ხმა გაიგონეს. ხმა იარაღების ოთახიდან გაისმა. კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ეკონომმა ქალმა და მისის ჰერინგტონმა ოთახს ეზოს მხრიდან შემოურბინეს. ფანჯარა ღია იყო. ბატონი იატაკზე ეგდო და სისხლში ცურავდა. კედელზე ჩამოკიდებული იარაღების კოლექციას ერთი დამბაჩა აკლდა. მკვლელი, სავარაუდოდ, ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა. ვერც ეკონომმა ქალმა და ვერც მისის ჰერინგტონმა, რომლის სილამაზემაც მოხიბლა კაპიტანი ჰასტინგსი, იდუმალი სტუმრის გარეგნობა ვერ აღწერეს.
პუარომ მაშინვე აფრინა საპასუხო დეპეშა, რომელშიც ცოტა უცნაურ შეკითხვებს სვამდა. ნახეთ თუ არა შენ ან ჯეპმა ეკონომი ქალი და მისის ჰერინგტონი ერთადო და მათი ჩაცმულობით დაინტერესდა. ჰასტინგსს გაუკვირდა, მაგრამ მაინც მისწერა: მისის ჰერინგტონს საცხენოსნო შარვალი და ტანზე მომდგარი ალისფერი ჯემპრი ეცვა, თავზე კი ტყავის პატარა, მხედრული ქუდი ეხურაო. თანაც დაუმატა, რომ მისტერ ჰერინგტონის ალიბი ეჭვს არ იწვევს – ის ნამდვილად გაემგზავრა ლონდონში. ჯერ ბანკში იყო, მერე მთელი საღამო დახურულ კლუბში გაატარაო. პუაროს მორიგი პასუხი ასეთი იყო: „არ მაინტერესებს ჰერინგტონის ალიბი. გაიგე, რა ტრანსპორტით ჩავიდა ეკონომი ქალი მონადირის სახლში და რომელი საშუამავლო კომპანიის საშუალებით იქირავეს ის ჰერინგტონებმა“. აი, აქ კაპიტანი „გაიჭედა“. დილით ადრე ცოლ-ქმარმა ჰერინგტონებმა აცნობეს, რომ მათი ეკონომი ქალი უკვალოდ გაქრა – ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ იცოდა. მონადირის სახლიდან დასახლებულ პუნქტამდე მხოლოდ ორი ძველისძველი
„ფორდით“ შეიძლებოდა მისვლა. ორივე „ფორდი“ იმ ღამით სადგურზე მორიგეობდა. ამ აღწერილობის ქალი იქ საერთოდ არ უნახავთ, არც უცხო მამაკაცი შეუნიშნავს ვინმეს წინა დღის
განმავლობაში. იმედგაცრუებული კაპიტანი ჰასტინგსი პუაროსთან დაბრუნდა და ცოლ-ქმარი ჰერინგტონები სასოწარკვეთილები დატოვა. ჯეპი კი ნანობდა, რომ ეკონომი ქალი მაშინვე არ დააპატიმრა…
პუაროს საეჭვოდ უციმციმებდა თვალები:
– ჩემო მეგობარო, კარგად იმგზავრე? ვწუხვარ, რომ შენ გვერდით არ ვიყავი. კაპიტანმა ამოიოხრა:
– მაინც ვერაფერს გახდებოდი, საშინელი საქმეა. თუ ფიქრობ, რომ მკვლელი ეკონომი ქალია, ხელიდან გაგვისხლტა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ.
– ნუთუ? მე ზუსტად ვიცი, მკვლელი ვინ არის. სხვა რამ მაფიქრებს – მტკიცებულებები.
– ეკონომი ქალი უკვალოდ გაქრა-მეთქი. მტკიცებულება რომც გვქონდეს…
ეკონომი ქალი ვერ გაქრებოდა, იმიტომ, რომ არც არასოდეს არსებობდა, – თქვა მოულოდნელად პუარომ. კაპიტანმა გაოცებისგან პირი დააღო:
– მაგით რისი თქმა გინდა?
– მკვლელი მისის ჰერინგტონია. მაცადე, ყველაფერი ვთქვა. მოტივი ის ქონებაა, რომელიც მათ ამ მკვლელობით ჩაიგდეს ხელში. რა ფუნქცია ეკისრებოდა ეკონომ ქალს? – ერთადერთი: მას უნდა გაემყარებინა მისის ჰერინგტონის ალიბი. მკვლელობის მომენტში ის ქალბატონის გვერდით იყო. უცნობსაც, ანუ მკვლელსაც, კარი მან გაუღო. ჰასტინგს, თქვენ სამხედრო ხართ. გაგიგიათ, ვინმეს კედელზე დატენილი დამბაჩა ეკიდოს? ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ მისტერ პეისს ტყვია ზურგიდან ესროლეს კეფაში.
– ჰო, მაგრამ მე ვნახე ის და, შემიძლია, დავიფიცო, – აღშფოთდა კაპიტანი.
– ჩემო მეგობარო, ქალებისადმი თქვენი დამოკიდებულება, ერთხელაც იქნება, დაგღუპავთ. ახალგაზრდებს აკვირდებით, ხანში შესულებს კი ზედაც არ უყურებთ. არც გაზეთებიდან ამონაჭრებს კითხულობთ. სხვათა შორის, მშვენიერი კოლექცია დამიგროვდა…
– ეგ ამ საქმესთან რა კავშირშია?
– იმ კავშირში, რომ ზოი, იგივე ზოია ჰერინგტონი, სანამ ბარონესა გახდებოდა, მსახიობი იყო. არც შენ და არც ჯეპს ქალბატონი და მოახლე ერთად არ გინახავთ და ამას ვერც მოახერხებდით, რადგან, იმ სახლში მარტო ერთი ქალი იყო – ზოი ჰერინგტონი. მან, უბრალოდ, კარგად შეასრულა ეკონომი ქალისა და გულდათუთქული ჭირისუფლის როლი. ალისფერი, ტანზე მომდგარი ჯემპრი საკმარისი აღმოჩნდა შენი ეჭვის ბოლომდე გასანეიტრალებლად, თუკი საერთოდ გქონდა ასეთი ეჭვი. მე იმაზე ვდარდობ, რომ მკვლელი შეძლებს თავისი ნამოქმედარით დატკბობას, მხოლოდ ღმერთი თუ გადაუხდის სამაგიეროს, რადგან, არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნია… არანაირი…
პუაროს შეშფოთება საფუძველს მოკლებული არ აღმოჩნდა – ცოლ-ქმარმა ჰერინგტონებმა სრულად მიიღეს მემკვიდრეობა, მაგრამ, ხუთი თვის შემდეგ პუარომ გაზეთში ინფორმაცია წააკითხა კაპიტან ჰასტინგსს: ცოლ-ქმარი ჰერინგტონები ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, როცა რივიერაზე თავიანთ ვილაში მიფრინავდნენ… სამართალი მაინც აღსრულდა.