დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – შემთხვევითი მხსნელი

ნისლსა და წვიმაში დაკარგული მორტიმერ კლივლენდი საკუთარ ბედს და მანქანას სწყევლიდა. ათ წუთში ბორბალში ორი ნახვრეტი, თანაც, ამ დაკარგულში ღამით… იმედი არაფრის ჰქონდა. თუმცა, მოულოდნელად შუქის სუსტი ციალი შენიშნა.

განმარტოებით მდგარ სახლამდე ძლივს მიაღწია. კარი თხუთმეტიოდე წლის ბიჭმა გაუღო. მრგვალი მაგიდის ირგვლივ, სანთლების შუქზე, ოჯახი ვახშმობდა. მაგიდის ერთ მხარეს ჩაფსკვნილი მამაკაცი და პატარა ჭაღარა ქალი ისხდნენ, მოპირდაპირე მხარეს ორი გოგონა იჯდა, ერთი ფართოდ გახელილი თვალებით უყურებდა და ფინჯნიანი ხელი პირთან გაშეშებოდა. ულამაზესი იყო. ოქროსფერი თმა და სახის ნაზი ნაკვთები ჰქონდა. კლივლენდმა მოსვლის მიზეზი აუხსნა. ჯერ იყო გრძელი პაუზა, შემდეგ ოჯახის უფროსი წამოდგა და სტუმარი სახლში შეიპატიჟა:

– მობრძანდით. მე დინსმიდი ვარ, ეს ჩემი ბიჭია, ჯონი, ეს – ჩემი ცოლი, ხოლო ესენი ჩემი ქალიშვილები არიან – შარლოტა და მაგდალენა.

კლივლენდი ბუხართან ჩამოჯდა და მეორე გოგონას სახეც დაინახა. იგი დაზე არანაკლებ ლამაზი იყო, თუმცა მას საერთოდ არ ჰგავდა: შავი თმა, მარმარილოსავით თეთრი პირისახე და წვრილი ცხვირი ჰქონდა.

მასპინძელმა ჩაი შესთავაზა. სტუმარი დათანხმდა. მისტერ დინსმიდი წამოდგა, მაგიდასთან მივიდა, ხუთივე ფინჯანი წამოკრიფა და ყველა ონკანში გადაყარა.

– ეს უკვე გაცივდა, – თქვა მან, – დედაკაცო, თავიდან აადუღე!

მისის დინსმიდი წამოდგა, ჩაიდანი აიტაცა და სამზარეულოში გავიდა. მორტიმერს მოეჩვენა, რომ ქალს ოთახიდან გასვლა გაუხარდა.

ვიდრე ჩაის სვამდნენ, მისტერ დინსმიდი წუთითაც არ გაჩუმებულა. საკუთარ თავზე სტუმარს ყველაფერი უამბო: ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ, რაც საკმარისი ქონება დააგროვა, მუშაობას თავი დაანება და გადაწყვიტა, საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადმოსულიყო. რა თქმა უნდა, გოგონებს ამ მიყრუებულში სწყინდებათ, მაგრამ ბედს მაინც არ ემდურიან. ბოლოს მისტერ დინსმიდი გაჩუმდა, სტუმარმა ამით ისარგებლა, მასპინძელს მადლობა გადაუხადა და დაძინების სურვილი გამოთქვა. მისტერ დინსმიდმა შარლოტასა და მაგდალენას სტუმრისთვის ოთახის მომზადება უბრძანა და მისტერ კლივლენდი დასაძინებლად გაეშურა. უკვე დაწოლას აპირებდა, რომ მისი მზერა წითელი ხის ტუალეტის მაგიდაზე შეჩერდა. კლივლენდი მოულოდნელობისგან გაშეშდა: მტვრიან ზედაპირზე გარკვევით ჩანდა თითით დაწერილი ასოები: SOS!

მორტიმერი თვალებს არ უჯერებდა. ვიღაც შველას ითხოვდა, მაგრამ ვინ? მაგდალენა თუ შარლოტა? ამ ოთახში ორივე ამოვიდა. მარჩიელობას აზრი არ ჰქონდა, ამ შუაღამისას მაინც ვერაფერს გაარკვევდა, ამიტომ ხვალისთვის გადადო.

დილით ადრე ადგა და ბაღში გავიდა. მშვენიერი დილა იდგა. ბაღის ბოლოს შარლოტა იდგა და დილის პეიზაჟით ტკბებოდა. კლივლენდი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ის სიტყვა შარლოტამ დაწერა. გოგონას მიესალმა, მერე ერთ-ერთ ხეს ტოტი მოატეხა და სველ მიწაზე ასოების ხაზვა დაიწყო. ჯერ ასო S, დახატა, შემდეგ OS-იც დაუმატა და გოგონას დაჟინებით დააკვირდა, მაგრამ სახეზე ვერაფერი შეამჩნია.

– ვიღაცამ წუხელ ეს ჩემს საძინებელში დაწერა, – წყნარად თქვა მან, – მეგონა, ეს თქვენ იყავით.

გოგონამ გაკვირვებით შეხედა:

– მე? არა, რა თქმა უნდა!

სწორედ ამ დროს სახლიდან ჯონი გამოვიდა, სტუმარს მიუახლოვდა და უხერხულად ჩაიბურტყუნა:

– საუზმე მზადაა. წამოხვალთ?

ამ დროს შეამჩნია, რომ კლივლენდი მის ხელებს აკვირდებოდა და ხმამაღლა გაიცინა.

– ვერაფრით მოვიშორე, ქიმიკატებია. იცით? – აუხსნა მან, – ვგიჟდები ქიმიაზე. გადაწყვეტილი მაქვს, მეცნიერი გამოვიდე.

ყველანი მაგიდასთან ისხდნენ. ის მისტერ დინსმიდისკენ შებრუნდა:

– ვხედავ, თქვენი ბიჭი ქიმიითაა გატაცებული, – თქვა მან მხოლოდ იმიტომ, რომ სიჩუმე დაერღვია.

ჭურჭლის მსხვრევის ხმა გაისმა და მისის დინსმიდი სასწრაფოდ ფინჯნის ნამტვრევების შეგროვებას შეუდგა.

საუზმის შემდეგ კლივლენდი ბაღში გავიდა. სამზარეულოს ფანჯარასთან ჩაიარა და მკაფიოდ გაიგონა, როგორ წარმოთქვა მისტერ დინსმიდმა:

– ეს ხომ უზარმაზარი თანხაა!

– ადვოკატმა თქვა, თითქმის სამოცი ათასი ფუნტიაო!

მალე მისტერ დინსმიდი გარეთ გამოვიდა.

– მშვენიერი დილა გათენდა, – თქვა მან, – იმედი მაქვს, თქვენს მანქანას ყველაფერი წესრიგში ექნება.

მასპინძელს ეტყობოდა, ერთი სული ჰქონდა სტუმარს თავიდან როდის მოიშორებდა. კლივლენდმა მასპინძლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. გარეთ გოგონებიც გამოვიდნენ, კლივლენდმა მათ შეხედა. ოქროსფერი და კუპრივით შავი თმა – საოცარი კონტრასტი იყო.

– როგორი სხვადასხვანაირები არიან! – აღმოხდა მას. მისტერ დინსმიდი შეხტა და ხელიდან ასანთი გაუვარდა.

კლივლენდს ინტუიცია იშვიათად ღალატობდა.

– სინამდვილეში ისინი დები არ არიან, არა? – ვითომდა ისე, სხვათა შორის იკითხა.

მისტერ დინსმიდმა წარბებქვემოდან გამოხედა, ცოტა შეყოყმანდა და წარმოთქვა:

– მართალია, სერ, ერთი აყვანილია. სულ პატარა ვიშვილეთ და, როგორც საკუთარი, ისე გავზარდეთ. თავად ამის შესახებ არაფერი იცის. ჯერჯერობით ვუმალავთ.

– მემკვიდრეობის მიღების დრო დადგა? – მშვიდად ივარაუდა კლივლენდმა.

– სიმართლე ითქვას, გოგონა ჩვენ დედამისის თხოვნის შემდეგ ვიშვილეთ. რა თქმა უნდა, ფულის სანაცვლოდ… ხოლო რამდენიმე თვის წინ გაზეთში განცხადებას წავაწყდი. ისე ჩანდა, რომ იქ საუბარი ჩვენს მაგდალენაზე იყო. ვუპასუხე და თავზე ეგრევე ადვოკატები დამადგნენ. შემდეგ კვირაში მას ლონდონში წავიყვან. მან ჯერ არაფერი იცის… როგორც გაირკვა, მამამისი ვიღაც მდიდარი ებრაელი იყო. ქალიშვილის არსებობის შესახებ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე შეიტყო. მთელი ფული მას დაუტოვა და დეტექტივები დაიქირავა მის მოსაძებნად.

ამბავი სარწმუნო ჩანდა. კლივლენდმა გადაწყვიტა, რომ ახლა უკვე წასვლის დრო იყო და მისტერ დინსმიდთან ერთად სახლში შევიდა. მისის დინსმიდი მათი ხმის გაგონებაზე შეხტა და სწრაფად მოტრიალდა. მას ხელიდან რაღაც გაუვარდა. მორტიმერი სასწრაფოდ დაიხარა და იატაკიდან შარლოტას ფოტო აიღო. გოგონას თავზე ისეთი ქუდი ეხურა, როგორიც 25 წლის წინ იყო მოდაში. მან სურათი მისის დინსმიდს დაუბრუნა, მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.

კლივლენდმა ნახევარი მილის გავლაც ვერ მოასწრო, რომ გზისპირა ბუჩქებიდან მაგდალენა გამოვიდა.

– უნდა დაგელაპარაკოთ, – თქვა გოგონამ.

– ამას ველოდი. ეს ხომ თქვენ დაწერეთ წუხელ SOS, ასეა?

გოგონამ თავი დააქნია.

– ოღონდ, არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე, – უთხრა მან, – მართლა არ ვიცი. მე იმ ადამიანების რიცხვს არ მივეკუთვნები, ვინც რაღაცეებს იგონებს. ჩვენს სახლში რაღაც ცუდი ხდება. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა აქ გადმოვედით. ჯონი ისევ იგივეა. ის ერთადერთია, ვისაც ეს არ შეეხო. მე კი ახლა ყველაფრის მეშინია. მამა ძალიან უცნაური გახდა. გუშინ საღამოს, ჩაის რომ ვსვამდით, მამამ სასწაულზე დაიწყო ლაპარაკი და მე ღმერთს ვევედრებოდი, რომ ეს სასწაული მომხდარიყო და ამ დროს კარზე თქვენ დააკაკუნეთ. იმედია, გიჟი არ გგონივართ. რაღაც საშიშროების მოახლოებას ვგრძნობ, მაგრამ, არ ვიცი, კონკრეტულად რა საშიშროებაა.

წადით სახლში, შევეცდები, დაგეხმაროთ.

მორტიმერი ბოლო ორი დღის შესახებ დაფიქრდა. მის თვალწინ მოვლენები ნაწყვეტ-ნაწყვეტად გაცოცხლდა. ხან ერთი სახე გამოჩნდა, ხან მეორე… ჯონი! ყველაფერი ჯონიმდე მიდიოდა. ისევ გაიგონა ფინჯნის მსხვრევის ხმა. რამ შეაშინა მისის დინსმიდი? მაშინ მისი ქმრისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ახლა კი ნათლად წარმოუდგა თვალწინ მისტერ დინსმიდი, რომელსაც ტუჩებთან მიტანილი ფინჯანი ხელში გაუშეშდა. ფინჯანი… მის მეხსიერებაში სხვა მოგონებაც ამოტივტივდა: როგორ გადააქცია მისტერ დინსმიდმა ჩაი და თქვა: „ეს უკვე გაცივდა;“ ორთქლი, რომელიც წყალს ასდიოდა… წარმოუდგენელია, ჩაი მართლაც ასეთი ცივი ყოფილიყო.

ყველანი ისევ მრგვალი მაგიდის ირგვლივ ისხდნენ. ოჯახის უფროსმა სამზარეულოდან საკუთარი ხელით მოიტანა მდუღარე. მისის დინსმიდმა ჩაი ფინჯნებში ჩამოასხა. კარზე კაკუნის ხმა გაისმა. მისი ქმარი სასწრაფოდ შემოტრიალდა და გაღიმებული მორტიმერ კლივლენდი დაინახა.

– მაპატიეთ, თუ შეგაშინეთ, – მოიბოდიშა მან. – რაღაცის გამო დაბრუნება მომიხდა.

– დაბრუნება? – გაცეცხლდა მისტერ დინსმიდი, – საინტერესოა, რისთვის?

– ჩაისთვის, – თქვა მორტიმერმა.

მან მაგიდიდან სწრაფად აიღო ერთი ფინჯანი და მისი შემადგენლობა პატარა სინჯარაში ჩაასხა, რომელიც ჯიბიდან ამოიღო.

– რას… რას აკეთებთ? – სულს ძლივს ითქვამდა გაფითრებული მისტერ დინსმიდი.

– როგორ, თქვენ ხომ კითხულობთ გაზეთებს? – აუღელვებლად უპასუხა მორტიმერმა, – იქ ზოგჯერ საინტერესო რაღაცეებს წერენ. მაგალითად, როგორ მოიწამლა მთელი ოჯახი. ვიღაც გამოჯანმრთელდა, ვიღაცა – ვერა. ოღონდ, ჩვენს შემთხვევაში ერთი გვამი იქნება, სწორია? საკუჭნაოში დარიშხანის პაკეტი გაქვთ მომარაგებული. ერთი თაროთი დაბლა კი, ჩაის ინახავთ. არავის გაუკვირდება, თუ შემთხვევით ის დაბლა ჩამოიყრება. ჯონიმ შემთხვევით წააქცია პაკეტი, მაგრამ, მას რა პასუხს მოსთხოვ?

– ვერ ვხვდები, რაზე საუბრობთ, – გამოსცრა მისტერ დინსმიდმა.

– ძალიანაც კარგად ხვდებით, – თქვა მორტიმერმა, მაგიდიდან კიდევ ერთი ფინჯანი აიღო და სხვა სინჯარაში ჩაასხა, – ერთში შარლოტასთვის განკუთვნილი ჩაია, მეორეში – მაგდალენას ფინჯნიდან გადმოვასხი. მზად ვარ, დავიფიცო, რომ პირველში დარიშხანი სამჯერ და ოთხჯერ მეტი იქნება, ვიდრე მეორეში.

– თქვენ გაგიჟდით!

– გარწმუნებთ, არა. დღეს თქვენ ამბობდით მისტერ დინსმიდ, რომ მაგდალენა როგორც საკუთარი შვილი, ისე გიყვართ. სწორედ ის არის თქვენი ნამდვილი შვილი. აყვანილი კი შარლოტაა. ის ისე ჰგავს თავის დედას, ვის ფოტოსაც დღეს თქვენი ცოლი ნახულობდა, რომ თავიდან შარლოტას ფოტო მეგონა. ყველა, ვინც დედამისს იცნობდა, მაშინვე მიხვდებოდა, ვინ ვინ არის. მაგრამ თქვენ გინდოდათ, რომ მემკვიდრეობა თქვენს ღვიძლ შვილს, მაგდალენას შეხვედროდა. რა გადაწყვიტეთ, ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით – ცოტა დარიშხანი ჩაიში…

კლივლენდმა შარლოტას გაფართოებული თვალები დაინახა და ამ დროს იგრძნო ვიღაცამ ხელზე როგორ დაქაჩა. მაგდალენამ მორტიმერი გვერდით გაიხმო:

– მისმინეთ…, – გოგონამ სინჯარებზე მიუთითა. – თქვენ ხომ არ აპირებთ…. მამა…

– შვილო ჩემო, – რბილად უთხრა მორტიმერმა. – მე ამ სინჯარებს შევინახავ შარლოტას უსაფრთხოებისთვის. ამის გარდა, არაფერს გავაკეთებ. გასაგებია, მისტერ დინსმიდ? და ხშირად ვივლი თქვენთან, ჩაიზე…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button