ჯეიმსი ხელმოცარული ადამიანი იყო. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე მიაჩნდა. ძალიან უნდოდა, ძლიერიც ყოფილიყო და წარმატებულიც, მაგრამ… ძლიერი ადამიანები სიტუაციის ბატონ-პატრონები არიან, ჯეიმსი კი ყოველთვის მისი მსხვერპლი აღმოჩნდებოდა ხოლმე. საკუთარ უნიათობაზე გულმოსულმა, საგანგებოდ შეიძინა სახელმძღვანელო ერთ შილინგად, რომ ესწავლა, როგორ მიეღწია წარმატებისთვის. მართალია, ახლა შვებულებაში იყო, მაგრამ ამას დასვენებას ნამდვილად ვერ დაარქმევდა. მისთვის რომ გეკითხათ, მოდური და ძვირად ღირებული კურორტი კიმპტონ-ონ-სი სულაც არ იყო მისთვის სასურველი ადგილი, სადაც დასვენებას შეძლებდა. მაგრამ, გრეისმა, ქალიშვილმა, რომელზეც ჯეიმსი ჭკუას კარგავდა, აიხირა და კაციც დაჰყვა მის ნებას. თუმცა, კიმპტონ-ონ-სიში ჩამოსულმა გრეისმა საცხოვრებლად ყველაზე ფეშენებელური სასტუმრო „ესპლანადა” შეარჩია და იქ დაბინავდა. ჯეიმსის ჯიბე კი ამას ვერ შესწვდა – მან ზღვიდან მოშორებით, იაფფასიან სასტუმროში იქირავა ნომერი და, გულზე გახეთქილი, გამწარებული გასცქეროდა ჰორიზონტს, სადაც ზღვის სანაპიროზე, მოდური ბუნგალოები იყო ჩამწკრივებული. ჯეიმსი ვერც იოცნებებდა ასეთ ფუფუნებაზე. ერთ- ერთი ყველაზე ფეშენებელური ბუნგალო, თავისი გასახდელებითა და საშხაპეებით, თავად ლორდ ედუარდ ჯემპონს ეკუთვნოდა. ამ სეზონზე მასთან თავად რაჯა მარაპუტნი იყო სტუმრად. რაჯას სიმდიდრეზე ლეგენდები დადიოდა. ჯეიმსმა დილის გაზეთში წაიკითხა, რომ მარაპუტნის ეკუთვნოდა მსოფლიოში ყველაზე დიდი, მტრედის კვერცხის ზომის ზურმუხტი, რომელსაც არასდროს იშორებდა და სულ თან დაჰქონდა. ჯეიმსი ოცნებებში წავიდა. ეჰ, მას რომ ჰქონოდა ასეთი ზურმუხტი…
გრეისსა და მის მეგობრებს სანაპიროზე შეხვდა. გოგონები ყველაფერზე იცინოდნენ. ნერვებს უშლიდა ჯეიმსს მათი სულელური ქირქილი. აი, კიდევ ის კუდაბზიკა კლოდ სოპვორსი, თეთრი, გაქათქათებული ფლანელის შარვლით, გვერდიდან აღარ შორდებოდა გრეისს. ისინი ერთად მუშაობდნენ ეროვნულ ფინანსდეპარტამენტში – დიახ, გრეისი ნელ-ნელა აღწევდა წარმატებას. ჯეიმსმა ამოიოხრა.
– ერთმანეთს თითქმის ვერ ვხედავთ, – უსაყვედურა გრეისს.
– ჰო, მაგრამ, ახლა ხომ ერთად ვართ, შეგიძლია, ჩვენთან ერთად გაცურო. მაგრამ, ძვირფასო, ამ გასახდელით ვერ ისარგებლებ. აქ მხოლოდ ის ადამიანები იცვლიან, ვინც სასტუმრო
„ესპლანადაში” ცხოვრობს. რიგში მოგიწევს ჩადგომა, აი, იქით – და გრეისმა არაპრესტიჟული, უფასო გასახდელებისკენ გაიშვირა ხელი.
ჯეიმსმა კარგად გაარჩია გრეისის ხმაში ირონია, მაგრამ მხოლოდ ის შეეძლო, საკუთარ თავზე გაბრაზებულიყო. რიგი მართლაც შთამბეჭდავი იყო. თანაც, ქალები ისე თავხედობდნენ… ზღვიდან კი უკვე გრეისის კისკისი და იმ იდიოტი კლოდის ჭიხვინი ესმოდა. ჯეიმსი მიხვდა, რომ კიდევ დიდხანს ვერ შეძლებდა ზღვაში შესვლას. ისე, რა მოხდებოდა, თუ რომელიმე ბუნგალოში გამოიცვლიდა? ჯეიმსმა საათს დახედა – ჯერ 10 საათიც არ იყო. ასეთ დროს ლორდ ჯემპონთან ხალხს ისევ ეძინა. ისინი 12 საათზე ცოტა ადრე ჩამოდიოდნენ პლაჟზე. მერე ის წყეული სახელმძღვანელოც გაახსენდა – წარმატებული ქალები ძლიერი ადამიანების შესახებ და… გარისკა. ბუნგალო სახელწოდების მიხედვით შეარჩია. „მინდეზირი” – ამაზე სულელურ სახელს ვერაფრით მოიფიქრებდი და ჯეიმსიც ბუნგალოში შეძვრა. კარი ღია დახვდა. გასახდელები მის მარცხენა ფლიგელში იყო. კომფორტული, ორად გაყოფილი – ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. გასახდელში საკიდზე თითქმის ისეთივე ტილოს შარვალი ეკიდა, როგორიც თავად ჯეიმსს ეცვა. იქვე იდო საზღვაო ქუდი, პულოვერი და ფეხსაცმელები. ჯეიმსმა სწრაფად გამოიცვალა და საკუთარი თავით უზომოდ კმაყოფილი, პლაჟზე გავიდა. წარმატებამ ისე გაააქტიურა, რომ გრეისს ცურვის გაკვეთილებიც კი ჩაუტარა. ინგლისური წყლების ტემპერატურამ მთელი კამპანია მალე „ამოყარა” წყლიდან. გრეისი და მისი მეგობრები სასტუმროს რესტორანში აპირებდნენ ლანჩზე წასვლას, ჯეიმსმა კი ისევ ბუნგალოს მიაშურა. სწრაფად გამოიცვალა და გარეთ გამოვიდა. მაგრამ გრეისი და მისი მეგობრები აღარსად ჩანდნენ. ჯეიმსი გაბრაზდა – ხომ შეეძლო გრეისს, დალოდებოდა?! სასტუმროს რესტორანში წასვლა გადაიფიქრა, გადაწყვიტა, ქალაქში, რომელიმე იაფფასიან კაფეში ესადილა. უკვე კაფესთან იყო მისული, რომ მარჯვენა ჯიბეში, ბარძაყთან, რაღაც სიმაგრე იგრძნო. მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ჯიბეში ხელი რომ ჩაიყო, თითები რაღაც კვერცხისებრსა და მაგარს მოხვდა. კაფეში აღარ შესულა, იქვე კედელს ამოეფარა და ხელისგული გაშალა. ზურმუხტის ბრწყინვალებამ თვალი მოსჭრა. ძვირფას ქვებში კარგად ვერ ერკვეოდა, მაგრამ ზურმუხტის ორიგინალობაში ეჭვი ოდნავაც არ შეჰპარვია. ქვა შეუდარებელი სილამაზის იყო. ჯეიმსს კანი დაუბუსუსდა. ღმერთო! ეს ხომ რაჯას სახელგანთქმული ზურმუხტი იყო, მაგრამ, როგორ აღმოჩნდა მისი შარვლის ჯიბეში?! და ჯეიმსს უცებ გონება გაუნათდა: ეს მისი შარვალი არ იყო. გასახდელში შეცდომით სხვისი შარვალი ჩაიცვა. ღმერთო, ახლა, ალბათ, მთელი ადგილობრივი პოლიცია ზურმუხტის ქურდს ეძებდა. რა უნდა ექნა? პოლიციაში რომ მისულიყო, ვინ დაუჯერებდა რომ ზურმუხტი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მასთან? მიიხედ-მოიხედა, ქუჩის მეორე მხარეს გაზეთებს ყიდდნენ, ზურმუხტიანი მუჭი ღრმად ჩაიტენა ჯიბეში და გაზეთების გამყიდველთან მივიდა. ყველა გაზეთის პირველივე გვერდებზე, ვეება ასოებით ეწერა მყვირალა სათაურები: „რაჯას სახელგანთქმული ზურმუხტი დაიკარგა”, „რაჯა სასოწარკვეთილია და მპოვნელს დიდ ჯილდოს ჰპირდება”, „არავინ იცის, ვინ მოიპარა მსოფლიოში ყველაზე დიდი ზურმუხტი”. ჯეიმსმა შუბლზე მოისვა ხელი. ერთადერთი შანსი
შარვლის დაბრუნება იყო. პლაჟზე ახლა ხალხიც არ იქნებოდა, სასწრაფოდ უნდა მოეშორებინა თავიდან ეს ავბედითი ქვა. ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ბუნგალო „მინდეზირი” ლორდის საკუთრება იყო. ესე იგი, ვინმე ისეთმა იქურდა, ვინც ლორდთან იყო დაახლოებული. თუმცა, ჯეიმსს ეს ნაკლებად აინტერესებდა.
ბუნგალოს კარი ისევ ღია დახვდა, მისი შარვალიც იქვე ეკიდა. ის იყო, საკიდიდან ჩამოხსნა, რომ ზურგს უკან ვიღაცის ხმა გაიგონა:
– ვიცოდი, რომ მოხვიდოდი. ჩავარდი?
ჯეიმსი ნელა შემობრუნდა, მის წინ საშუალო სიმაღლის ჩაფსკვნილი მამაკაცი იდგა.
– ინსპექტორი მერდესი ვარ სკოტლანდ-იარდიდან. ზურმუხტი უნდა მომცე.
– რა ზურმუხტი? – დრო გაწელა ჯეიმსმა, – არაფერი მესმის.
– გესმის და მომცემ კიდეც, თორემ, საქმე უარესად წაგივა. მაგრამ, თუ ჭკუას მოუხმობ და ზურმუხტს დააბრუნებ, გაგიშვებ. ლორდს ამ ამბის გახმაურება არ სჭირდება. რაჯას – მით უმეტეს. დააბრუნე ქვა და წადი შენს გზაზე.
– რატომ უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ნამდვილად სკოტლანდ-იარდიდან ხართ?
წამის უსწრაფესად მერდესმა ლაბადის კალთა გადაიწია და ნიშანი აჩვენა.
– კარგი, დავიჯერე, – თქვა ჯეიმსმა, – მაგრამ, ზურმუხტი თან არ მაქვს, საიმედო ადგილას შევინახე.
– ერთად წავიდეთ და ავიღებ, – თქვა მერ- დესმა და ჯეიმსს მკლავში მოჰკიდა ხელი. მათ ერთად ჩაუარეს სასტუმრო „ესპლანადას” და ქალაქისკენ აიღეს გეზი. როცა პოლიციის განყოფილებას
გაუსწორდნენ, მოხდა გაუთვალისწინებელი რამ – ჯეიმსი ინსპექტორს მკლავებში ჩააფრინდა და მთელი ხმით იბღავლა:
– ქურდი, ქურდი! მიშველეთ, მიშველეთ! – რამდენიმე წუთში მათ გარშემო პოლიციელების გუნდი შეიკრა და ორივე შენობაში შეიყვანეს.
– ეს კაცი ჯიბეში ჩამიძვრა და საფულე ამომაცალა, – თქვა ჯეიმსმა. მერდესი გაწითლდა:
– ნუ უსმენთ, გიჟია. გამჩხრიკეთ და ნახავთ, რომ ცრუობს.
ინსპექტორს დიდი წვალება არ დასჭირვებია, ისე ამოიღო მერდესის ჯიბიდან ჯეიმსის საფულე და მასთან ერთად მბრწყინავი მწვანე ქვა.
– დასწყევლოს ეშმაკმა! ეს ხომ რაჯას ზურმუხტია, რომელიც მოჰპარეს!
– ეს მან, მან ჩამიდო ჯიბეში თავის საფულესთან ერთად! – აყვირდა მერდესი – ის არის ქურდი, მე კი არა!
ინსპექტორმა შუბლი მოისრისა:
– აქ რაღაც-რაღაცეები უნდა გაირკვას. ახლა ბატონი ლორდი მობრძანდება და ვნახოთ, რას გვეტყვის.
მერდესი ცარცივით გათეთრდა:
– მე მეჩქარება, უნდა წავიდე, ქურდი ეს ჯენტლმენია. მე პატიოსანი მოქალაქე ვარ.
– ვერსად ვერ წახვალთ. აი, მისი ბრწყინვალებაც. ოთახში მაღალი, ძალიან სიმპათიური მამაკაცი შემოვიდა და აღელვებული მივიდა ინსპექტორთან:
– შეუძლებელია! თქვენ ის იპოვეთ? რანაირად?
– მილორდ, ძალიან გაგვიმართლა. ამ ორი ჯენტლმენიდან, რომელიმე ხომ არ გეცნობათ?
ლორდმა ზურმუხტიდან მზერა ჯეიმსსა და მერდესზე გადაიტანა.
– ჯონ, აქ რას აკეთებ? ეს ჩემი კამერდინერია. ერთი თვის წინ ავიყვანე სამსახურში. ჯონ, ეს შენ იქურდე, შენ მოიპარე ქვა?
– სავარაუდოდ, ასეა, სერ. აი, ეს ჯენტლმენი კი ძალიან დაგვეხმარა, – მოახსენა ინსპექტორმა.
ლორდმა აღფრთოვანებით ჩამოართვა ხელი ჯეიმსს:
– თქვენ ჩემთან ერთად წამოხვალთ, რაჯა უნდა გაგაცნოთ. სადილზე გეპატიჟებით. უარს არ მივიღებ.
ჯეიმსმა თავი დაუქნია. მანქანაში კი ლორდს ყველაფერი უამბო.
– კი, მაგრამ, როგორ მიხვდით, რომ სკოტლანდ-იარდიდან არ იყო?
– ო, სერ… მისი ნიშანი… მეც იმ კლუბის წევრი ვარ. საიდან უნდა სცოდნოდა…
– შესანიშნავია, შესანიშნავი! – ლორდმა ხელები მოიფშვნიტა, – ძალიან მომწონხართ, ახალგაზრდავ, სწორედ თქვენნაირი თანაშემწე მჭირდება პარლამენტში!
ჯეიმსმა ბედნიერებით გაიღიმა – აი, ახლა კი ნამდვილად ფლობდა სიტუაციას.