დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – გამოცანის გასაღები

ქალი ძალიან შეუხედავი იყო, თითქმის ორმოცდაათ წელს მიტანებული. ჰასტინგსი ასეთებზე ამბობდა, როგორი უფერული ქალიაო. თითქოს ძვირფასი ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ საშინლად არ უხდებოდა. ჭაღარა თმა სასაცილოდ მოუჩანდა მოდური შლაპიდან. პუარომ ის ჩვეული თავაზიანობით მიიღო.

– მისის ჰენგელი ვარ. ძალიან მიჭირდა, მისტერ პუარო, აქ მოსვლა, მაგრამ პოლიციაში საერთოდ ვერ წავიდოდი. ხომ ხვდებით, შეიძლება, ჩემს ეჭვებში ვცდები და ტყუილუბრალოდ ვადანაშაულებ ჩემს მეუღლეს… საქმე ისაა, რომ… რომ…

– დამშვიდდით, მადამ… მე ერკიულ პუარო ვარ და შეგიძლიათ, ჩემთან სრულიად გულახდილი იყოთ. პოლიციასთან საერთო არაფერი მაქვს.

– დიახ, სწორედ ეს მჭირდება – კერძო გამოძიება! – გამოცოცხლდა ქალი, – ისეთი საშინელებაა, როცა ცოლი ქმარს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს…

– არა უშავს. ასეთები მომხდარა?! თუ სწორად მივხვდი, თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი მეუღლე თქვენს მოკვლას ცდილობს.

– დიახ. ძალიან მძიმეა ეს ჩემთვის, მაგრამ, უნდა ვთქვა: ბოლო დროს სულ ცუდად ვარ, თავბრუ მესხმის და გული მერევა. საკმარისია, რამე შევჭამო, რომ მაშინვე ექიმს ვიძახებ.

– მერე, რას ამბობს ექიმი? – პუარო შეიჭმუხნა და ნიკაპი მოისრისა.

– ამბობს, რომ ეს გასტრიტია. მაგრამ მე არ მჯერა, რადგან, როცა ედუარდი შაბათ-კვირას სადღაც გაემგზავრება, მსგავსი არაფერი ხდება. თანაც, მისი ქერათმიანი მედდა… ჩემი ქმარი კბილის ექიმია და მიმტკიცებს, რომ პაციენტების მოსაზიდავად სწორედ ასეთი გარეგნობის მედდა სჭირდება. მე კი ვფიქრობ, მათ რომანი აქვთ და ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, თავიდან მომიშოროს.

– თქვენ თქვით, რომ შეძლებული ხალხი ხართ, სად ცხოვრობთ?

– კორნულაში, კერძო მამულში.

– თქვენს სახელზე არის რამე ქონება?

– არანაირი. ყველაფერი ჩემი ქმრის საკუთრებაა. ჩემი ქონება, სულ რაღაც, ასი ფუნტია წელიწადში.

პუარომ თავაზიანად გაიღიმა.

– მომიტევეთ, მაგრამ… მე მოტივის დადგენას ვცდილობ და ამიტომ, შეიძლება, უხერხული შეკითხვა დაგისვათ.

– დიახ, რა თქმა უნდა. მე მზად ვარ ამისთვის.

– ანუ, თქვენი ქმარი დანტისტია და, შესაბამისად, დარიშხანი მისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომია… კიდევ ვინ ცხოვრობს თქვენთან? შვილები?

– მე და ჩემს მეუღლეს შვილები არ გვყავს. რამდენიმე წელია, ჩემი მეუღლის ძმისშვილი, ფრიდა სტენტინი ცხოვრობს ჩვენთან. მას მშობლები დაეხოცა და ედუარდი მფარველობს. მოსამსახურეც

გვყავს, ის ძალიან კარგი, პატიოსანი გოგოა. ფრიდა უკვე ერთი თვეა, ჩვენგან გადავიდა – რაღაც ეწყინა და წავიდა. განაცხადა, ყველასთვის ასე აჯობებსო. ედუარდმაც ბინა უქირავა ქალაქში.

– ფრიდა გათხოვილია? – დაინტერესდა პუარო.

– არა, რა თქმა უნდა. ცუდი გოგო არ არის, მაგრამ ჭირვეულია და არაფრით არ სჯერა, რომ ბიძამისს ცუდის გაკეთება შეუძლია. ამაში რედნოლიც ეთანხმება.

– რედნოლი ვინ არის? – იკითხა პუარომ.

ქალი ოდნავ გაწითლდა და ენა დაება:

– ეე… რედნოლი ოჯახის მეგობარია, ისეთი თავაზიანი ახალგაზრდა კაცია…

– ფრიდასა და მას რომანი ხომ არ აქვთ?

– არა, არა… ის, უბრალოდ, მეგობარია…

პუარომ შუბლი მოისრისა:

– აი, რა, ძვირფასო ქალბატონო! ჩვენ თქვენთან ჩამოვალთ, რომ ადგილზე გავეცნოთ სიტუაციას და თქვენს ქმარსაც შევხვდებით. შეგიძლიათ, როგორც თქვენი შორეული ნათესავები ისე წარგვადგინოთ. ჩვენს ჩამოსვლამდე კი ქენით სიკეთე და არაფერი მიირთვათ, გარდა იმისა, რასაც საკუთარი ხელით მოამზადებთ.

ქალი რომ წავიდა, პუარომ ჰასტინგს ჰკითხა:

– აბა, რას ფიქრობ ამ ყველაფერზე?

ჰასტინგსმა მხრები აიჩეჩა:

– რა გითხრათ! ეჭვიანი ცოლის ჰალუცინაციებია.

– არა, ეს ქალბატონი ნევრასთენიკსა და პათოლოგიურად ეჭვიანს არ ჰგავდა. ისეთებიც ბევრი მინახავს, შენ რომ თქვი. მაგრამ ისინი სხვანაირად იქცევიან და სხვანაირი გამოხედვა აქვთ. თუმცა, გამორიცხული არაფერია. ახლა კი, ქენით სიკეთე, დარეკეთ სადგურში და კორნულისკენ მიმავალი მატარებლების განრიგი იკითხეთ.

ჰენგელების სახლი გზიდან ოდნავ მოშორებით იდგა, წინ კი პატარა, ლამაზი ბაღი ჰქონდა. პუარომ ზარი დარეკა, მერე დააკაკუნა… კარი საკმაოდ გვიან გაიღო. მოახლეს შეშფოთებული სახე და ნამტირალები თვალები ჰქონდა.

– ჩვენ მისის ჰენგელის ნახვა გვინდოდა.

– დააგვიანეთ, ქალბატონი ამ დილით გარდაიცვალა, – დაისლუკუნა მოახლემ.

პუარო გაფითრდა:

– ჯანდაბა! ეს როგორ დამემართა! რა მოუვიდა ქალბატონს?

მოახლემ თავი გადააქნია:

– მე არაფერი არ მინდა ვთქვა, თუმცა, ბევრი რამე ვიცი და ბევრსაც ვხვდები. ექიმი ამბობს, ეს გასტრიტის შეტევა იყოო. რაც უნდა, ის თქვას, მაგრამ მე ხომ დავინახე ბატონის ხელში დარიშხანიანი ბოთლი, ქალბატონის პუდინგი კი იქვე იდო. მერე, როგორ შეკრთა, როცა მიხვდა, რომ დავინახე… ერთ წუთსაც აღარ გავჩერდებოდი ამ ბოროტებით სავსე სახლში, მაგრამ, მიცვალებულს მარტო ხომ არ დავტოვებ! თუმცა, მშიერიც რომ მოვკვდე, სანამ აქ ვარ, ერთ ლუკმასაც არ გადავყლაპავ.

– სად ცხოვრობს მის ფრიდა, ბატონის ძმისწული?

მოახლემ მისამართი უთხრა და სახლში შეიმალა.

პუარომ მხრები აიჩეჩა:

– ვითომ, არაფერი არ უნდოდა, ეთქვა, ყველაფერი კი თქვა. წავიდეთ. მადმუაზელი მოვინახულოთ.

ფრიდა წარმოუდგენლად ლამაზი ქალიშვილი აღმოჩნდა. მასთან ერთად იყო ახალგაზრდა მამაკაცი, ჯეკობ რედნოლი – სწორედ ის, მისის ჰენგელმა რომ ახსენა.

– საწყალი ბიცოლა, – ამოიოხრა მის ფრიდამ, – ეს საშინელებაა. ახლა უკვე სინდისი მაწუხებს. ბიძაჩემს, ალბათ, დააპატიმრებენ. უკვე მთელი ქალაქი ჭორაობს, რომ მან მოკლა თავისი ცოლი, არადა, ბიძია ყოველთვის თბილი და ყურადღებიანი იყო მის მიმართ.

– თქვენ და ეს ჯენტლმენი დანიშნულები ხართ. ასე არ არის?

– დიახ, – ფრიდა გაწითლდა, – ამის გამო მოგვივიდა ჩხუბი მე და ბიცოლას. მას არ სჯეროდა, რომ… – ქალიშვილი გაჩუმდა – არა, არ შემიძლია, ის ხომ მკვდარია, მაგრამ, მეჩვენებოდა, რომ ბიცოლა ყურებამდე იყო შეყვარებული ჯეკობზე.

პუარომ თანაგრძნობით დაუქნია თავი და თავაზიანად გამოემშვიდობა. გარეთ რომ გამოვიდნენ, ჰასტინგსმა ჰკითხა:

– რის გაკეთებას აპირებთ?

– არაფრის. დავიცდი, სახლში წავალ და დაველოდები, როგორ განვითარდება მოვლენები…

ერთი კვირის შემდეგ ჰასტინგსმა პუაროს გაზეთი აჩვენა.

– ნახეთ, აქ რა წერია… მისტერ ჰენგელს ცოლის მკვლელობისთვის ასამართლებენ. მას, ალბათ, სიკვდილი ელის. მოტივიც გამოიკვეთა – მისმა მედდამ ჩვენება მისცა, რომ რომანი ჰქონდათ და ექიმი ცოლად მოყვანასაც დაჰპირდა, როცა მისი ცოლი გარდაიცვლებოდა.

– უკვე ვიცი და ზომებიც მივიღე: ის ახალგაზრდა – ჯეკობ რედნოლი დავიბარე. მგონი, უკვე მოვიდა კიდეც…

განცვიფრებული ჰასტინგსის თვალწინ პუარომ ოთახში შეიპატიჟა სტუმარი.

– ჩემი ნახვა გინდოდათ? – ჰკითხა ჯეკობმა, – უცნაურია, რისთვის?

– პატარა ფორმალობაა – მინდა, ამ ქაღალდზე მოაწეროთ ხელი.

– ხელი მოვაწერო? კი მაგრამ, ეს რა არის? – ახალგაზრდა კაცმა უკმაყოფილოდ დახედა ფურცელს.

– ეს თქვენი აღიარებაა. აქ წერია, რომ თქვენ მოწამლეთ მისის ჰენგელი.

– რა სისულელეა! – იბღავლა ჯეკობ რედნოლმა, – წარმოუდგენელი სისულელეა!

– სულაც არა. თქვენ დიდი ხანია, გინდათ, საკუთარი საქმე წამოიწყოთ. მკერავი ხართ და ატელიეზე ოცნება ოცნებად რომ არ დარჩენილიყო, ფული გჭირდებოდათ. ფრიდა ლამაზია, კი, მაგრამ ბიძის ქონებას ის მაშინ მიიღებდა, თუ ბიცოლა მოკვდებოდა, ბიძას კი ცოლის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯიდნენ. ჰოდა, მშვენიერი გეგმა მოიფიქრეთ: თავი შეაყვარეთ იმ საბრალო ქალს – მისის ჰენგელს. შეყვარებული კაცის როლი შესანიშნავად ითამაშეთ და საკუთარი ქმრის მიმართ ეჭვი ჩაუნერგეთ. საწამლავს კერძში მარტო მაშინ უყრიდით, როცა მისი ქმარიც სახლში იყო. აი, ფრიდასთან თამაში კი არ დაგჭირდათ – ის ისეთი

ლამაზია… მოკლედ, მე შანსს გაძლევთ: მოაწერეთ ამას ხელი და ოცდაოთხი საათის განმავლობაში პოლიციაში არ მივალ. თუ უარს იტყვით, ჩემს თანაშემწეებს ვთხოვ, აქვე შეგბოჭონ…

ახალგაზრდა კაცი ჯერ გაფითრდა, მერე კალამს ეცა, ფურცელზე ხელი მოაწერა და უკანმოუხედავად გავარდა..

– ეს რა ქენით, რატომ გაუშვით? – შეჰყვირა ჰასტინგსმა.

– იმიტომ, რომ არანაირი თანაშემწეები არ მყავს. არც სამხილები გამაჩნდა ამ არამზადის წინააღმდეგ. რა უნდა მომეყოლა პოლიციისთვის? მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. ნუ ღელავთ, სკოტლანდ-იარდის ყოჩაღი ბიჭები მას მაინც დაიჭერენ. მისტერ ჰენგელი იჯდება კიდევ 24 საათი ციხეში – ასეც მოუხდება, ცოლს რომ ღალატობდა… მე სიტყვის კაცი ვარ…

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button