ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

რევაზ ინანიშვილი – უდაბნოს მაუგლი

ეს მოხდა ორმოცი წლის წინათ, არაბეთის ნახევარკუნძულზე, უდაბნოში. ორი ინგლისელი ოფიცერი ნაშუაღამევს ყაზარმებში ბრუნდებოდა “ჯიპით”. მთვარიანი ღამე იყო, მშვიდი.

ერთ მოსახვევში, უცებ, ქარბორბალასავით მუქად აუვარდათ რაღაც._ჯეირნები!_წამოიძახეს ოფიცრებმა. მეტი არაფრის თქმა არ იყო საჭირო, საჭესთან მჯდარმა ოფიცერმა მანქანა გზიდან გადაიყვანა და ჯეირნებს დაედევნა, მეორე ოფიცერმა დამბაჩა ამოიღო.

ჯეირნები ძგრიალით გარბოდნენ და უკან მტვრის ღრუბელს მიიყოლებდნენ. ხან გაუჩინარდებოდნენ ჩადაბლებულებში, ხან ამოჩნდებოდნენ შემაღლებებზე. მანქანა ხათქახუთქით მისდევდა, ჩერდებოდა, გვერდზე უხვევდა, ისევ მისდევდა, თანდათან ამცირებდა მანძილს ფარამდე. და უცებ ერთ შემაღლებასთან ისევ ერთად წამოიძახეს ოფიცრებმა, _ მაუგლი! მაუგლი!.. მათ აშკარად დაინახეს, რომ ფარაში შიშველი ადამიანიც გარბოდა. ოფიცრებს ყური ჰქონდათ მოკრული, სადღაც ვიღაცა ჯეირნებს დაჰყვებაო. ახლა ის ვიღაც მათ თვალწინ იყო. _ ჩქარა! ჩქარა!_ იძახდა დამბაჩიანი ოფიცერი. მანქანის შუქები უკვე ფარას სწვდებოდა, უკვე ისიც კი ჩანდა, როგორ უბზინავდა ოფლისაგან ბეჭები ადამიანს, ფარიდან მოესმათ ნამდვილად მისი ხავილიანი ხმაც, _ აახ!.. აახ!.. ის თითქოს ჯეირნებს მიაჩქარებდა ხელებგაშლილი, მისი გრძელი თმა ღელვით აწყდებოდა აქეთ-იქით, _ ააახ!.. უკან არ მოუხედავს არც ერთხელ.

_ ჩქარა! ჩქარა!_ ძარღვები აწყდებოდათ ოფიცრებს, მაგრამ მანქანა მაინც მანქანაა, პატარა ჩაღრმავებებშიც კი სიჩქარეს კარგავდა, ჯეირნები კარგა მანძილზე იტოვებდნენ უკან. მერე მანქანა ისევ ამცირებდა მანძილს. ოფიცრები უკვე უყვიროდნენ ადამიანს ხან ინგლისურად, ხან არაბულად, _ გაჩერდი! გაჩერდი! მაგრამ ადამიანს არაფერი ესმოდა, ის ისევ ფარას მიჰკიოდა და ისევ მირბოდა…

ასე გაგრძელდა თურმე საათზე მეტ ხანს. დაიწყო გათენება, და ამ გათენების ჟამს  ადამიანი წაიქცა. ჯეირნებმა ბღავილი ატეხეს, მაგრამ არ შეჩერებულან. ოფიცრებმა მანქანა წაქცეულ ადამიანთან მიაგდეს და გადახტნენ. ადამიანი პირქვე ეგდო და მთელი სხეულით ფეთქავდა. ხელი მოჰკიდეს და ამოაბრუნეს, შეეცადნენ გონს მოეყვანათ, ლავიწებს უზელავდნენ, ყბებში უწკაპუნებდნენ, მაგრამ ამაოდ, ადამიანი თანდათან ეშვებოდა და ცივდებოდა. ბოლოს მთლად გაცივდა. ოფიცრები ჩაჩოქილნი იდგნენ და ხმას ვერ იღებდნენ.

როცა გათენდა, მთელი სისრულით გამოჩნდა _ მკვდარი იყო შხვართად წასული ჯერ ისევ სახესუფთა ბიჭი. შავი, შავი, მხოლოდ თვალის გუგები და კბილები უელავდა თეთრად. ტერფები მძიმე ჰქონდა, მიწისფერი, გარქოვანებული. ხელის მტევნებიც _ უხეში, მოღუნულფრჩხილებიანი. შავ თმაში ხშირად ჩარეოდა ხმელი ბალახების ბრე. ოფიცრებმა ბიჭი მანქანაში ჩაასვენეს და ყაზარმებში წაიღეს.

ბიჭს გული გახეთქოდა სირბილისაგან. სხვა ვერავინ ვერაფერი გაიგო მისი ცხოვრებისა. _ ადამიანს მაინც სუსტი გული აქვს, ვინ იცის, რატომ, _ ამბობდნენ სწავლულები,_ ადამიანის გულმა მაინც ვერ გაუძლო ამდენ სირბილსო…

ოფიცრები, რომლებსაც ბიჭი შემოაკვდათ, ყველას ერიდებოდნენ იმ დღეებში, ბოლოს სხვაგან გადაიყვანეს უდაბნოდან.

არაბები ჰყვებოდნენ და არავინ იცოდა, ტყუილი იყო თუ მართალი, _ ღამღამობით ჯეირნები ბღავილით დაეძებენ ბიჭს, სადაც ისინი დადიან, ის ადგილები სულ ცრემლით არისო სველი.

არაბებს უყვართ გულისამაჩუყებელი ამბების შეთხზვა…

თუ თვით უდაბნო და ბადრი მთვარე მოითხოვენ უბედური ამბის ასეთ დასასრულს?!A

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button