მისტერ კოუენი ოტელ „რიცში“ ფანჯარასთან იდგა. ეს ქალბატონი პაულა ნეზერკოფის – ცნობილი საოპერო მომღერლის აპარტამენტები იყო. იგი ახლახან დაბრუნდა ნიუ-იორკიდან. სწორედ მას ელოდებოდა მისტერ კოუენი, მისი იმპრესარიო. ქალი აგვიანებდა, მაგრამ მისტერ კოუენი უკვე დიდი ხანია, შეეჩვია მომღერლის კაპრიზებს. ათი წუთის შემდეგ საძინებლის კარი გაიღო და სასტუმრო ოთახში პრიმადონა შემოიჭრა. ოთახი მაშინვე დაპატარავდა, მისტერ კოუენი კი აიწურა.
ქალი მაღალი და არც ისე სრული იყო. უკვე ახალგაზრდაც აღარ ეთქმოდა – ორმოცი წელი შეუსრულდა, მაგრამ სახის ნაკვთებს მიმზიდველობა არ დაეკარგა. იცინოდა, როგორც ბავშვი და ეშმაკის ტემპერამენტით გამოირჩეოდა. თავისი დროის საუკეთესო დრამატულ სოპრანოდ იყო აღიარებული.
– ყველაფერი მოაგვარეთ, მეგობარო? – მიმართა მან მისტერ კოუენს.
– თითქმის, – შენიშნა მან, – „კოვენტ-გარდენში“ ხუთჯერ იმღერებთ: სამჯერ „ტოსკაში“, ორჯერ
„აიდაში“.
– ფუ, „აიდა“! – ჩაიფხუკუნა ქალმა, – ეს აუტანლად მოსაწყენი იქნება. აი, „ტოსკა“ სხვა საქმეა.
– ო, დიახ, – დაეთანხმა კოუენი, – ეს თქვენი პარტიაა.
– მე მსოფლიოში საუკეთესო ტოსკა ვარ, – უბრალოდ თქვა ქალმა.
– დიახ, – კვლავ დაეთანხმა იმპრესარიო, – ასევე, გექნებათ ცალკე კონცერტი „ალბერტ ჰოლში“ და, კიდევ ერთი წინადადება გვაქვს: ლედი რასტონბერი გთხოვთ, რომ მასთან გამოხვიდეთ.
– რასტონბერი? – ქალმა შუბლი შეჭმუხნა, – ეს სახელი სადღაც გამიგია, მგონი, ჟურნალში შემხვდა… სოფელიც უნდა იყოს.
– დიახ, ძალიან საყვარელი ადგილია ჰართფორდშირში, ლორდ რასტონბერის სახლი ხომ ნამდვილი ფეოდალური ხანის სასახლეა. საკუთარი თეატრიც კი აქვთ. ფულში ცურავენ. რეგულარულად მართავენ კერძო კონცერტებს. გთავაზობენ, რომ მთელი ოპერა შესრულდეს. მაგალითად, „ბატერფლაი“. კარგად იხდიან. დამიჯერეთ, ღირს. სტუმრად სამეფო ოჯახის წევრებს ელოდებიან და ჩვენთვის კარგი რეკლამაც იქნება.
ქალი წამოდგა, მაგიდასთან მივიდა, ჟურნალი აიღო და ფურცვლას შეუდგა. მოულოდნელად მისი ხელი ერთ-ერთ გვერდზე გაშეშდა. მერე ჟურნალი ხელიდან გაუვარდა. ხასიათიც უცებ შეეცვალა. ახლა მისი სახე აბსოლუტურად მშვიდი და პირქუში იყო.
– მოელაპარაკეთ მათ. ვიმღერებ მაგ თქვენს სასახლეში, ოღონდ, ერთი პირობით – ეს აუცილებლად „ტოსკა“ უნდა იყოს.
– სახლის თეატრისთვის რთული იქნება, – ჩაიბურტყუნა კოუენმა, – იქ ისეთი დეკორაციებია…
– „ტოსკა“ ან არაფერი!
კოუენმა გაკვირვებით შეხედა. ქალი მის მიღმა, სივრცეში იყურებოდა უცნაურად. კაცი ამ მზერამ შეაშფოთა. ქალის ტუჩები შეირხა და თითქმის უხმოდ ამოთქვა რაღაც სიტყვები. კოუენმა ძლივს გაიგონა:
– როგორც იქნა! როგორც იქნა! ამდენი წლის შემდეგ!..
ლედი რასტონბერი არა მარტო პატივმოყვარე, არამედ კარგი გემოვნების ადამიანიც იყო. მის ქმარს კი, ცხენების მეტი არაფერი აინტერესებდა. სამაგიეროდ, თავისი ცოლით ამაყობდა და მზად იყო, მისი ყველა კაპრიზი შეესრულებინა. საკუთარი თეატრი, რომელიც ასი წლის წინათ მისმა ბაბუამ ააშენა, ლედი რასტონბერის საყვარელი სათამაშო გახდა. მისი ძალისხმევით ამ თეატრის სცენაზე რეგულარულად დგამდნენ სპექტაკლებს. ახლა ლედი რასტონბერის სტუმრები „ტოსკას“ სანახავად შეეკრიბა – ლონდონის ბომონდს სრულად მოეყარა თავი.
მადამ ნეზერკოფი ლანჩამდე ჩამოვიდა. ჰენსდეილი, ახალგაზრდა ამერიკელი ტენორი, კავარადოსის პარტიას შეასრულებდა, ხოლო სკარპია – ცნობილი იტალიელი ბარიტონი – როსკარი იქნებოდა. მათი ერთად თავმოყრა უამრავი ფული დაჯდა, მაგრამ ეს არავის ადარდებდა.
პაულა ნეზერკოფი ბრწყინვალე გუნებაზე ჩანდა. არანაირი კაპრიზები. ყველას მიმართ კეთილად იყო განწყობილი. სასიამოვნოდ განცვიფრებული კოუენი მხოლოდ იმაზე ლოცულობდა, ეს დიდხანს გაგრძელებულიყო. ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა, რომ შეშფოთდა კიდეც. სულ რაღაც უსიამოვნო სიურპრიზის მოლოდინი ჰქონდა.
მალე მისი პროგნოზი გამართლდა. საღამოს 7 საათი სრულდებოდა, რომ ვიღაცამ იყვირა, როსკარი კვდებაო. ყველა საცოდავი იტალიელის ოთახში შეცვივდა. მომღერალი საწოლზე იწვა და კრუნჩხვებისგან იკლაკნებოდა. მსახური ექიმის მოსაყვანად გაგზავნეს.
– არ მოკვდება, – თქვა პაულამ კოუენის დანახვაზე, – მაგრამ დღეს ნამდვილად ვეღარ იმღერებს.
სპექტაკლის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო რჩებოდა. მალე ლედი რასტონბერიც მოვარდა. მასაც, როგორც პაულას, უპირველესად „ტოსკას“ ბედი აღელვებდა.
– ვინმე რომ გვაპოვნინა! – დაიკვნესა პრიმადონამ.
– ოჰ! – მოულოდნელად გაახსენდა მასპინძელს, – ბრეონი. რა თქმა უნდა, ბრეონი, ცნობილი ფრანგი ბარიტონი! იგი აქ ახლოს ცხოვრობს. ამ კვირაში „ქანთრი ჰოუმსში“ მისი სახლის ფოტო ვნახე.
– შესანიშნავია! – წამოიძახა ნეზერკოფმა, – ბრეონი სკარპიას როლში… კარგად მახსოვს, ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო პარტიაა. მაგრამ, იგი ხომ უკვე აღარ მღერის?
– დღეს იმღერებს, – თქვა ლედი რასტონბერიმ, – გარწმუნებთ.
როდესაც ლედი რასტონბერის რამე ძალიან სურდა, მიზანს ყოველთვის აღწევდა. მესიე ბრეონი მალე მიხვდა, რომ მოულოდნელ სტუმარს უნდა დათანხმებოდა. სიმართლე რომ ითქვას, თავადაც მონატრებოდა სიმღერა და აპლოდისმენტები. ოც წუთში ორივე რასტონბერის სასახლის სასტუმრო ოთახში შედიოდა. მასპინძელი გახარებული იყო:
– მაინც დავითანხმე. მესიე ბრეონ, ეს მადამ ნეზერკოფია. სწორედ ის იმღერებს თქვენთან ერთად.
– მადამ, – თქვა მესიე ბრეონმა და პაულას ხელს ეამბორა, – ადრე ჩვენ ერთად არასდროს გვიმღერია და ეს ჩემი ასაკის ბრალია. ახლა ბედმა ეს უსამართლობა აღმოფხვრა და ეს ჩემთვის დიდი პატივია.
– ამ როლს არა მარტო მომღერალი, არამედ კარგი მსახიობიც სჭირდება, – ჩააკვეხა სიტყვა ლედი რასტონბერიმ.
– მართლაც, – დაეთანხმა ბრეონი, – მახსოვს, იტალიაში, ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა რომ ვიყავი, მილანში ერთ მიყრუებულ თეატრში მოვხვდი. ბილეთი სულ რამდენიმე ლირა დამიჯდა, მაგრამ იმ საღამოს ნიუ-იორკის „მეტროპოლიტანზე“ უკეთესი შესრულება მოვისმინე. ტოსკას პარტიას სულ ახალგაზრდა გოგონა ასრულებდა და, როგორც ანგელოზი, ისე მღეროდა, მაგრამ, დრამატიზმი აკლდა. მას ბიანკა კაპელი ერქვა. მაშინ მე გარკვეული წვლილი შევიტანე მის კარიერაში, კარგ მომავალსაც შევუქმნიდი, მაგრამ, იგი ძალიან ქარაფშუტა იყო, ძალიან…
– და ეს რაში გამოიხატა? – მოულოდნელად გაისმა ბლანშ ემერის – ლედი რასტონბერის 24 წლის ქალიშვილის ხმა.
– სამწუხაროდ, მადმუაზელ! – უპასუხა ბრეონმა, – ის ვიღაც ბანდიტს გადაეყარა. შემდეგ იგი დაიჭირეს და სიკვდილი მიუსაჯეს. გოგონა ჩემთან მოვიდა, ჩემი გავლენის გამოყენებას და თავისი შეყვარებულის გადარჩენას მთხოვდა, თუმცა ბიჭი ამად არ ღირდა. აი, გოგონასთვის კი, რაც შემეძლო, გავაკეთე… – აქ ბრეონმა უცნაურად გაიღიმა, – ბიჭი ჩამოახრჩეს, გოგონა კი მონასტერში წავიდა. სამწუხაროდ, მსოფლიომ ბრწყინვალე მომღერალი დაკარგა.
ნეზერკოფმა ჩუმად გაიცინა.
– ჩვენ რუსები უფრო გონიერები ვართ, – უდარდელად ჩაილაპარაკა მან.
მხოლოდ ბლანშ ემერიმ შეხედა ამ მომენტში კოუენს და დაინახა, როგორ გაუფართოვდა მას თვალები და ყბა როგორ ჩამოუვარდა.
სპექტაკლი ბრწყინვალედ წავიდა. ნეზერკოფი შეუდარებელი იყო. მისი დრამატული ნიჭი ცხადად გამოჩნდა, განსაკუთრებით მეორე აქტში. დგება დრამატული მომენტი, როდესაც ტოსკა ღვინით სავსე ჭიქას იღებს, მაგიდაზე დანას ამჩნევს და მას ზურგსუკან მალავს. ცოტაც და, ტოსკა სკარპიას ხანჯლით განგმირავს.
ნეზერკოფს შურისძიების ეს სცენა ასეთი გრძნობით არასდროს შეუსრულებია. გაისმა ბოროტი ჩურჩული: მუორი დანნატო (მოკვდი, წყეულო)! შემდეგ კი უცნაურმა წყნარმა ხმამ გაიჟღერა: ორგლი პერდონო (ახლა უკვე ვპატიობ)!..
სიკვდილის თემა შემოდის და ტოსკა მკვდრის თავთან სანთლებს ანთებს, მკერდზე ჯვარცმას ადებს, კართან ჩერდება და სცენას გამოსათხოვარ მზერას მოავლებს… დოლის შორეული ხმა ისმის და ფარდა ეშვება.
პუბლიკის აღფრთოვანება დიდხანს არ გაგრძელებულა – ვიღაც კულისებიდან გამოვარდა და ლორდ რასტონბერისთან მიირბინა. მალე ახალი ამბავი მთელ დარბაზს მოედო: უბედური შემთხვევა… ვიღაც სერიოზულად დაჭრეს. ერთ-ერთი მომღერალი გამოვიდა და გამოაცხადა, რომ მისიე ბრეონს უბედურება შეემთხვა და სპექტაკლი ვეღარ გაგრძელდებაო. მაშინვე გავრცელდა ხმა – ნეზერკოფმა თავი დაკარგა, როლში იმდენად შეიჭრა, რომ პარტნიორი დაჭრაო.
ლორდმა ლეკონმიმ, რომელიც უცხოელ ელჩთან ერთად განიხილავდა მომხდარს, ხელზე შეხება იგრძნო. ეს ბლანშ ემერი იყო.
– ეს უბედური შემთხვეევა არ ყოფილა, – თქვა გოგონამ, – ზუსტად ვიცი. თქვენც ხომ მოისმინეთ ის ისტორია, რომელიც ბრეონმა სადილზე გვიამბო იტალიელი გოგონას შესახებ? ის გოგო პაულა ნეზერკოფი იყო. მაშინ მან თქვა, რომ რუსია, მაგრამ მე დავინახე, მისტერ კოუენს გაკვირვებისგან ყბა როგორ ჩამოუვარდა. მან მშვენივრად იცოდა, რომ პაულა იტალიაში დაიბადა, თუმცა სასცენო ფსევდონიმად რუსული გვარი აირჩია – ამაში დარწმუნებული ვარ. მის ოთახში დევს ჟურნალი, რომელიც იმ გვერდზეა გადაშლილი, სადაც მისიე ბრეონისა და მისი სახლის ფოტოა. მან ყველაფერი წინასწარ გათვალა. დარწმუნებული ვარ, საცოდავ იტალიელს სასმელში რაღაც ჩაუყარა, რათა სცენაზე ვერ გასულიყო.
– მაგრამ რისთვის? – წამოხტა ლორდი ლეკონმი, – რა საჭირო იყო?
– როგორ ვერ ხვდებით? ეს იგივე ტოსკას ისტორიაა: მაშინ იტალიაში მან მისი დაუფლება გადაწყვიტა, მაგრამ ქალს სხვა უყვარდა და მასთან დახმარების სათხოვნელად მივიდა. კაცი დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა, მაგრამ ბიჭის გადასარჩენად არაფერი გააკეთა. ახლა, ბოლოს და
ბოლოს, ქალმა შური იძია. ნუთუ ვერ გაიგონეთ, როგორ თქვა: „მე ტოსკა ვარ!“. იმ მომენტში ბრეონის სახეს ვუყურებდი და გარწმუნებთ: იგი ყველაფერს მიხვდა, მან ქალი იცნო!
თავის საგრიმიოროში პაულა ნეზერკოფი სავარძელში გაუნძრევლად იჯდა. კარზე დააკაკუნეს. მისი მოახლე ელზა შემოვიდა. ის ტიროდა:
– მადამ, მადამ, ის მოკვდა! იქ ორი პოლიციელია და თქვენ გკითხულობთ.
– გავალ, – წყნარად თქვა მან. შემდეგ ყელიდან მარგალიტის ყელსაბამი მოიხსნა და ელზას გაუწოდა: – ეს შენ, კარგი გოგო ხარ. იქ, სადაც მივდივარ, ეს არ დამჭირდება. მე ტოსკას აღარავინ მამღერებს.
ქალი ცოტა ხნით კართან გაჩერდა და საგრიმიოროს მზერა მოავლო, თითქოს თავისი ცხოვრების ბოლო ოცდაათ წელს გადმოხედა. შემდეგ ნელა და დამარცვლით წარმოთქვა სიტყვები უკვე სხვა ოპერიდან: „ფინიტა! ლა კომმედია!“