დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – ორმაგი ალიბი

– ერთი ამბავი გამახსენდა, – დაიწყო თხრობა მის მარპლმა, – უფრო სწორად, ნამდვილი ტრაგედია, რომელშიც, გარკვეულწილად მეც აღმოვჩნდი გარეული. ვფიქრობ, მაშინ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო… ალბათ იცით, ასეთი საკურორტო ქალაქი ჰიდროსი… როდესაც ეს ოჯახი პირველად დავინახე, მაშინვე ვიგრძენი, რომ მისტერ სანდერსს ცოლის თავიდან მოშორება უნდოდა. პირადად ჩემთვის, ეს ეჭვს არ იწვევდა. მისტერ სანდერსი ახალგაზრდა კაცი იყო, საოცრად მომხიბვლელი. სანდერსებთან მიმართებაში ჩემთვის ყველაფერი თავიდანვე

ნათელი იყო. ამისთვის საკმარისი აღმოჩნდა, მათთან ერთად ტრამვაით მემგზავრა. ბევრი ხალხი იყო და ჩვენ ზევით ავედით. როდესაც ჩამოვდიოდით, მისტერ სანდერსმა, მოულოდნელად, წონასწორობა დაკარგა და პირდაპირ ცოლს დაეჯახა. საცოდავი ზუსტად კიბის თავში იდგა… საბედნიეროდ, კონდუქტორი მოხერხებული კაცი აღმოჩნდა და მისი დაჭერა მოასწრო. რა თქმა უნდა, შეიძლება იფიქრო, რომ ეს შემთხვევითობა იყო, მაგრამ მისტერ სანდერსს წამოსცდა, რომ სავაჭრო ფლოტში მსახურობდა, ხოლო ის ვინც გემით ცურავდა, არასდროს დაკარგავს წონასწორობას ტრამვაიში, სადაც მეც კი მშვენივრად ვიჭერ თავს. ამის შემდეგ თუ კიდევ მრჩებოდა რაიმე ეჭვი, ისიც გაქრა. რა უნდა მექნა? ჩემს წინ იყო სიცოცხლისმოყვარე ახალგაზრდა, ლამაზი ქალი და მე ვიცოდი, რომ მისი მოკვლა უნდოდათ. საუბედუროდ, ჩემი შესაძლებლობები შეზღუდული იყო. ჩემი ეჭვებით პოლიციაში ხომ არ წავიდოდი?! გაირკვა, რომ ისინი ახალდაქორწინებულები იყვნენ. მალე ქმარს მემკვიდრეობა უნდა მიეღო, მაგრამ მანამდე თავი ძლივს გაჰქონდათ. ქორწინების შემდეგ მას და მის ქმარს ანდერძები შეუდგენიათ. თითოეული თავისი სიკვდილის შემთხვევაში ქონებას მეორე ნახევარს უტოვებდა. სასტუმროში ოთახი ზედა სართულზე ჰქონდათ. იქ, სადაც როგორც წესი, მოახლეები ცხოვრობენ. ოთახს აივანიც ჰქონდა და აივანთან სახანძრო კიბეც იყო. მე ძალიან დელიკატურად ვთხოვე ქალს აივანზე არ გასულიყო. ვუთხარი, რომ ცუდი სიზმარი მქონდა ნანახი. ამან იმოქმედა. როგორც ჩანს, ქალმა ჩვენი საუბრის შესახებ მაშინვე ქმარს უამბო. მან რაღაც უცნაურად დამიწყო ყურება. ალბათ, ისიც გაახსენდა, რომ იმ ტრამვაიში მეც ვიყავი.

ვერაფრით მოვახერხე მომეფიქრებინა, როგორ შემეშალა ხელი მისი ჩანაფიქრისთვის. მისთვის ხელის შეშლის ერთადერთი საშუალება, ხაფანგის დაგება იყო. ანუ, როგორმე იძულებული უნდა გამეხადა თავდასხმა განეხორციელებინა, მაგრამ ისე, რომ თავი გაეცა. ეს მისი ცოლისთვის საშინელი დარტყმა იქნებოდა, სამაგიეროდ, უბედურებას აგვაცილებდა. მაგრამ სანდერსმა დამასწრო. მიხვდა, რომ მომდევნო უბედურ შემთხვევას ველოდებოდი და მკვლელობა გაითამაშა!..

ყველაფერი შვეიცარის სიკვდილით დაიწყო. საცოდავს ბრონქიტი დაემართა, რაც პნევმონიაში გადაიზარდა და ოთხ დღეში დაიღუპა. შობამდე ოთხი დღე რჩებოდა. შემდეგ ერთ-ერთმა მოახლემ ხელი გაიჭრა და ერთ დღეში სისხლის მოწამვლისგან გარდაიცვალა. იმ დღეს, მისაღებში, მის ტროპალთან და მისის კარპენტერთან ერთად ვიჯექი. მისის კარპენტერი სულ ამ საშინელ შემთხვევებზე ყვებოდა.

„ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, – ამბობდა ის. – ეს დასასრული არაა. ღმერთი სამობითაა. კიდევ ერთი სიკვდილი იქნება, ეჭვი არ შეგეპაროთ.“

როდესაც იგი ამას ამბობდა, თავი ავწიე და კარში მისტერ სანდერსი დავინახე. არასდროს დამავიწყდება მისი სახის გამომეტყველება. იგი მაშინვე გამოერკვა და გაიღიმა. ვერავინ გადამარწმუნებს, რომ სწორედ მისის კარპენტერის სიტყვებმა არ უბიძგა მას. როდესაც ის წავიდა, რატომღაც ცუდი შეგრძნება დამეუფლა და დავინტერესდი, სად იყო მისის სანდერსი. მისის ტროპალმა მიპასუხა, რომ თავის მეგობრებთან – მორტიმერებთან ბრიჯს თამაშობდა. დავწყნარდი და ოთახში დავბრუნდი. საღამოს, როდესაც კიბეზე ჩამოვდიოდი, მისტერ სანდერსს შევეჩეხე. ზუსტად ექვსის ნახევარი იყო. შვიდს თხუთმეტი აკლდა, მე ჯერ ისევ ჩაის ვსვამდი, ოთახში მისტერ სანდერსი რომ შემოვიდა. მას ორი ჯენტლმენი ახლდა. სამივე შეჟუჟუნებული ჩანდა. მისტერ სანდერსმა მეგობრები მიატოვა და პირდაპირ ჩვენსკენ გამოემართა. ჩემთან ერთად მის ტროპალიც იყო. გვითხრა, რომ რჩევა სჭირდება, ცოლს საშობაოდ როგორი ჩანთა უყიდოს. რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზეს, თუ წინააღმდეგები არ იქნებით, ჩემთან ნომერში ავიდეთ და ამარჩევინეთო. გავყევით. მისტერ სანდერსმა კარი გააღო და შუქი აანთო. მისის სანდერსი იატაკზე ჩამხობილი იწვა. მივირბინე, მაჯის გასინჯვა მინდოდა. უკვე გაციებული იყო. თავთან ახლოს სილით სავსე წინდა ეგდო, რაც, როგორც ჩანს, მას თავში ჩაარტყეს. სანდერსმა იყვირა და ცოლისკენ გაქანდა, ოღონდ მე შეხების ნება არ მივეცი. მალე სასტუმროს მეპატრონეც გამოჩნდა. მან ოთახიდან ყველა გამოგვყარა, კარი ჩაკეტა და პოლიციაში დასარეკად გაიქცა. ხაზი დაკავებული აღმოჩნდა და მეპატრონეს სამმართველოში ბიჭის გაგზავნა დასჭირდა. სასტუმრო ქალაქიდან მოშორებით იდგა. მომეჩვენა, რომ ვიდრე ისინი მოვიდნენ, მთელი საუკუნე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მისტერ სანდერსი ბაღში წინ და უკან დადიოდა და უნუგეშო ადამიანის როლს თამაშობდა. ინსპექტორმა ყველა სათითაოდ დაგვკითხა. შემდეგ გვამი მაჩვენა, ყველაფერი ისევ ისე თუ არის, როგორც მაშინ, როცა ის აღმოაჩინეთო. მე ავუხსენი, რომ ყველაფერი ხელუხლებელი იყო, ქუდის გარდა. როდესაც პირველად შემოვედით ქუდი გლედისს თავზე ეხურა, ახლა კი გვამის გვერდით იდო. ინსპექტორი გვამს დააკვირდა. როგორც ჩანს, მისის სანდერსი სადღაც აპირებდა წასვლას. მას მუქი წითელი ტვიდის პალტო ეცვა. კარგად რომ დავაკვირდი შევნიშნე, გლედისის საყურეებიც გამქრალიყო. ამან ინსპექტორს საშულება მისცა ევარაუდა, რომ მკვლელი მძარცველი იყო, რომელიც იმდენად თავხედი აღმოჩნდა, უკან დაბრუნდა და გვამს საყურეებიც მოხსნა. შეუძლებელი იყო მკვლელი ისევ ოთახში ყოფილიყო, რადგან ყველა კარადა უკვე ნანახი გვქონდა. ერთადერთი, რაც ჩაკეტილი დაგვხვდა, ქუდების კარადა აღმოჩნდა.

მართალია, დარწუნებული ვიყავი, რომ მკვლელი სანდერსი იყო, მაგრამ საკუთარ ვერსიაში ეჭვი მეც შემეპარა. თუ მკვლელი სანდერსი იყო, რაში დასჭირდა მას სახანძრო კიბეზე აძრომა და ცოლის საყურეების წაღება? ძიებამაც დაადასტურა, რომ მისტერ სანდერსი მკვლელი ვერაფრით იქნებოდა. ამას ფაქტები მოწმობდა. როგორც თქვენთვის ცნობილია, მისის სანდერსმა დღე მეგობრებთან – მორტიმერებთან გაატარა. ის მათგან დაახლოებით შვიდის თხუთმეტ წუთზე წამოვიდა. მორტიმერების სახლიდან ჰიდროსამდე თხუთმეტი წუთის სავალია. ესე იგი, სასტუმროში ის შვიდის ნახევრისთვის დაბრუნდა. შემდეგ გამოიცვალა და როგორც ჩანს, ისევ სადღაც აპირებდა წასვლას. რაც შეეხება მისტერ სანდერსს, სასტუმროდან ის დაახლოებით ექვსის ნახევარზე გავიდა. საყიდლებს მორჩა და ექვსი საათისთვის სასტუმრო „გრანდ სპაში“

შეიარა, სადაც მეგობრებთან ერთად რამდენიმე პარტია ბილიარდი ითამაშა და დალია. მისი მეგობრები მას არ მოშორებიან. შემდეგ ერთად დაბრუნდნენ ჰიდროსში, როდესაც ექვს საათსა და 45 წუთზე იგი ჩვენთან რჩევის საკითხავად მოვიდა, მისი ცოლი უკვე მკვდარი იყო.

კიდევ ერთი დეტალი გაირკვა. ბრიჯის დროს მისის სანდერსს ტელეფონთან უხმეს. მასთან საუბარი ვინმე მისტერ ლიტვორტს სურდა. საუბარმა ქალი კიდეც გაახარა და კიდეც ააფორიაქა. დროზე ადრე მიატოვა თამაში და წამოვიდა. მისტერ სანდერსმა მათ ნაცნობებში ლიტვორტი ვერავინ გაიხსენა. არადა, მის ცოლს საერთოდ არ ეტყობოდა, რომ უცნობს ელაპარაკა. როგორც ჩანს, იმ კაცმა მორტიმერებს გამოგონილი სახელი უთხრა, რაც უკვე საეჭვო იყო. ერთი ვერსია კიდევ გაჩნდა: – მისის სანდერსმა ვიღაცას პაემანი დაუნიშნა. ხომ შეიძლებოდა ეს ვიღაცა სახანძრო კიბით ოთახში ამძვრალიყო, შემდეგ კი ეჩხუბათ.

მისტერ სანდერსს ურყევი ალიბი ჰქონდა, ამიტომ მისი უდანაშაულობა ყველამ ირწმუნა. მე ასე დანებებას არ ვაპირებდი. ორი დღე ვიმტვრევდი თავს და ბოლოს გონება გამინათდა. გახსოვთ ქუდების დაკეტილი კარადა? იცით, ის დაკეტილი რატომ აღმოჩნდა? საცოდავი გლედისი ქმრისთვის საჩუქრად სვიტერს ქსოვდა და არ უნდოდა მისტერ სანდერსს წინასწარ ენახა. ამიტომ, საქსოვს ქუდების კარადაში ინახავდა, გასაღები კი ჯიბეში ედო. სწორედ ამ გარემოებამ არია მკვლელის გეგმები. მე ინსპექტორს ვთხოვე, ის ქუდი, რომელიც გვამის გვერდით იპოვეს გარდაცვლილისთვის მოერგოთ. ქუდი პატარა აღმოჩნდა. რატომ? იმიტომ, რომ მისი არ იყო. თუმცა, ჩნდება კითხვა, მანამდე ხომ ეხურაო. საქმეც ისაა, რომ არ ეხურა… ჩვენ ისე დარწმუნებულები ვიყავით, რომ ოთახში საცოდავი გლედისის გვამი იყო, რომ სახეზე არც მიცვალებულისთვის შეგვიხედავს. ის ხომ ჩამხობილი იწვა. როდესაც ჩვენ პოლიციაში ვრეკავდით, გლედის სანდერსი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. იგი მოგვიანებით მოკლეს. ამაზრზენი გეგმაა, მაგრამ კარგად მოფიქრებული. ხომ გახსოვთ გარდაცვლილი მოახლე. ისიც გახსოვთ ალბათ, რომ სანდერსების ოთახი ზედა სართულზე სწორედ მოახლეების ოთახის გვერდით იყო. სანდერსმა სადღაც ხუთი საათისთვის მოახლის გვამი აივნიდან თავის ოთახში გადაათრია. თავისი ცოლის ერთ-ერთი კაბა და წითელი პალტო ჩააცვა და მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ქუდების განყოფილება ჩაკეტილია! მაშინ იძულებული გახდა, საცოდავი მოახლის ქუდი აეღო. იგი დაწმუნებული იყო, რომ ამას ვერავინ შეამჩნევდა. გვამის გვერდზე სილით გატენილი წინდა დააგდო და წავიდა. შემდეგ მოვლენები ასე ვითარდება: ის ცოლს ურეკავს, ოღონდ გამოგონილ სახელს ამბობს. არავინ იცის, რა უთხრა, მაგრამ დაარწმუნა, რომ თამაში სასწრაფოდ დაესრულებინა და ჰიდროსში, შვიდ საათზე, სახანძრო კიბესთან მას შეხვედროდა. ალბათ, უთხრა, რომ მას სიურპრიზი ელოდა.

ჰიდროსში მეგობრებთან ერთად დაბრუნებულმა სანდერსმა ისე მოაწყო, რომ მე და მის ტროპალი იქ ვყოფილიყავით, როდესაც იგი გვამს იპოვიდა. მან ისიც კი გაითამაშა, თითქოს გვამის გადაბრუნება უნდოდა და თავად გავაჩერე! შემდეგ კი, როდესაც პოლიციის მოსაყვანად

ბიჭი გააგზავნეს, იგი ვითომ ანერვიულებული ბაღში ჩავიდა. არავინ დაინტერესებულა რას აკეთებდა ამ დროს. სწორედ მაშინ შეხვდა ცოლს და სახანძრო კიბით ნომერში აიყვანა. ალბათ რაიმე ისტორიაც მოიგონა, რათა ოთახში მოახლის გვამის არსებობა აეხსნა… და აი, ქალი იხრება, ის კი სილით სავსე წინდას იღებს და თავში ურტყამს. შემდეგ სწრაფად ხდის ტანსაცმელს, გარდერობში კიდებს და ტანთ იმას აცმევს, რაც მანამდე მოახლეს ჩააცვა, მაგრამ ქუდი არ ერგება. სანდერსი იძულებულია ქუდი გვამის გვერდით დადოს იმ იმედით, რომ ამას ყურადღებას არავინ მიაქცევს. შემდეგ მოახლის გვამს უკან აბრუნებს. გახსოვთ ალბათ, ტელეფონის ხაზი არ მუშაობდა. ესეც მისი ნამოქმედარი იყო, რათა პოლიციის მოსვლამდე საკმარისი დრო ჰქონოდა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button