ლიტერატურამოთხრობა

ნოდარ დუმბაძე – “შენ ნუ იტყვი, შვილო, რომ სტალინს დამბლა დაეცა”

ნაწყვეტი წიგნიდან “მზიანი ღამე”

დედამ კარი გამიღო. მას მხრებზე თეთრი შალი ჰქონდა მოხვეული და გაფითრებული იყო.
– სად ხარ, შვილო, ამდენ ხანს, ჯავრით გავთავდი! – მითხრა მან და ოთახში შემომყვა.
– გურამთან ვიყავი! – ვიცრუე მე.
– მერე, არ უნდა გამაფრთხილო, შვილო? მით უმეტეს, ასეთ დროს.
– რა დროს, დედა? – ვკითხე მე გაკვირვებულმა.
– შენ არაფერი გაგიგია? – ჩემზე უფრო გაუკვირდა დედას.
– რა უნდა გამეგო?
– დავიღუპეთ, შვილო, სტალინს დამბლა დაეცა! – თქვა დედამ და ცოცხალ-მკვდარი მაგიდას მიუჯდა.
– გაგიჟდი, ქალო? – ვკითხე მე. ჟრუანტელმა დამიარა.
– გავგიჟდი, შვილო, გავგიჟდი. რადიომ გადმოსცა, სტალინს სისხლი ჩაექცაო…
– მერე?
– მერე რა? ძალიან მძიმედ არისო, დავიღუპეთ, შვილო…
– რას ამბობ, დედა! – ვთქვი მე და საწვიმარი ჩავიცვი.
– ავად ვარ და ნუ დამტოვებ, არსად წახვიდე. ძალიან ავად ვარ, შვილო, ძალიან ავად. – დედას ადამიანის ფერი აღარ ედო და თვალებზე ორი დიდი ცრემლი ეკიდა.
მე მინდოდა, მივმხვდარიყავი, რას განიცდიდა, რა აწუხებდა, რა სტკიოდა, რისი ეშინოდა, ან რას ტიროდა დედაჩემი, მაგრამ ვერ მივხვდი და, ალბათ, ჩემს სიცოცხლში ვერასოდეს ვერ მივხვდები და ვერ ავხსნი ამ სათნოებით სავსე პატარა, შეშინებული, შეძრწუნებული, ჭაღარა ქალის ცრემლების მიზეზს იმ მისთვის საშინელ დღეს.
– ნუ წახვალ ნურსად, შვილო, სახლში იყავი, ცუდად ვარ, შენს თავს გეფიცები. – ისევ მთხოვა დედამ და ძალით დამსვა სკამზე.
– რა მოგივიდა, დედა, წავალ, გურამს ვნახავ, უნივერსიტეტში შევივლი, ამბავს გავიგებ, მერე ისევ მოვალ, შენ დაწყნარდი, დაწექი, დედა. მე წავალ და სულ მალე მოვალ. – მხრებზე ხელი მოვხვიე, ვაკოცე, მოვეფერე, – დედა თითქოს დაწყნარდა ცოტათი.
– წადი, ოღონდ მალე დაბრუნდი. – როგორც იქნა, დამრთო ნება. მე გარეთ გამოვედი, კარში დამეწია.
– შვილო!
– რა იყო, დედა?
– შენ ნუ იტყვი, შვილო!
– რას, დედა?
– ნუ იტყვი, შვილო, რომ სტალინს დამბლა დაეცა.
– რატომ, დედა, რადიომ თუ თქვა, ალბათ, მთელმა მსოფლიომ იცის.
– შენ ნუ იტყვი, შვილო, რადიომ თქვას, შენ მაინც ნუ იტყვი, თუ დედა გიყვარს. – მითხრა მან და ჩემი ხელი გულზე მიიკრა.
– კარგი, დედა! – ვუთხარი მე და კიბეზე კისრისტეხით დავეშვი.

მზიანი ღამე. ნოდარ დუმბაძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button