ლიტერატურასაკითხავი

უსნეხის ძეთა განძევება

ვით განაძევეს უსნეხის ძენი?
ძნელი არ არის თქმა.
ერთხელ ულადებმა თავი მოიყარეს ნადიმზე, ფედელმიდის, დალის ძის, მეფე კონხობარის მთხრობელის სახლში. სტუმრებს უმასპინძლდებოდა თავად ფედელმიდის ცოლი, რომელიც იმჟამად დღე-დღეზე ელოდა მშობიარობას. ხელიდან ხელში გადადიოდა ლუდით სავსე ჯიხვები და ხორცის ნაფლეთები, და სულ მალე მთვრალი ღრიანცელი იდგა ირგვლივ.
ბოლოს ღრეულებმა ძილი ინებეს. დიასახლისმაც მიაშურა თავის სარეცელს. მაგრამ, ოდეს იგი პალატაში შედიოდა, უეცრად გვამში ბავშვმა დაიკივლა, და ეგზომ მძლავრი იყო კივილი იგი, რომ სრულიად შემოგარენს განეფინა. მამაკაცები დაზაფრულნი წამოიჭრნენ ადგილებიდან და გაიჭრნენ კივილისაკენ. მაგრამ სენხამ, აილილის ძემ, შეაჩერა ისინი.
_ ფეხი არ მოიცვალოთ ადგილიდან, – წარსთქვა მან. – დაე, მოგვგვარონ ფედელმიდის ცოლი და თავად გვითარგმნოს, თუ რას ნიშნავს კივილი იგი, გვამით გაღწეული.

_ მეუღლევ ჩემო, რა ამაზრზენი კივილი იშვა,
გასივებული და მგვრინავი შენი სხეულიდან?
მონადიმეთა ყურთასმენა დაზაფრა კივილმა,
როს გამოიჭრა გარუმბული გვამიდან გარეთ.

ზარით შეზარა გული ფედელმიდის
და იდუმალი შიშით დალახვრა.

მუცელქმნული მიეახლა კატბადს, ბრძენთა უბრძენესს, და კრძალვით იზრახა:

_ ამ შეკითხვაზე გიპასუხებთ მხოლოდ კატბადი,
მეფის ვაზირი, შემკობილი მეფურ ღირსებით,
ამაღლებული დრუიდული განსწავლულობით.
თავად არ ძალმიძს თარგმანი იმის,
თუ რას ნიშნავდა კივილი იგი, გვამით გაღწეული.
განა დიაცმან უწყის თავად, რა დააქვს მუცლით?

მაშინ ისიბრძნა კატბად:

_ ასულო, შენს გვამში იკივლა ასულმა,
დალალებიანმა და სახემზიანმა,
მტრედისფერია თვალები ასულის
და მეწამულია ღაწვები მისი.

კბილები მისი თოვლივით თეთრია
და ტარსიკონივით ღვივიან ბაგენი.
თვალად დამშვენდება, ტანად დასრულდება,
როს უსუარობას გარდავალს ასული.

მისთვის გახელდება მრავალი ხელმწიფე,
შურით აღივსება ურასტი დედოფალი,
დაემხობიან მხედართა სახელები,
ურვა საზარელი მოიცავს ულადს.

უბედურ თანმხლებთან დასტოვებს იგი
მშობლიურ ულადის მწუხარე საზღვრებს.

ამის შემდეგ ბრძენმა კატბადმა დიაცს მუცელზე დაადო ხელი და ჟრჟოლის მაგვარი რამ შეიგრძნო ხელმა.
_ რა თქმა უნდა,_ წარსთქვა მან. _ საშოში ასულია. დაე, იყოს სახელი მისი ჟრჟოლის მაგვარი და მომგვრელი ჟრჟოლის:

დეირდრე. მრავალი სიავე მოხდება მის გამო.
მალე ასულიც იშვა და ასე ამღერდა კატბადი მაშინ:

_ ჰოი, დეირდრევ, ფედელმიდის სათნო ასულო,
შენ დაიწუნებ უზენაეს მეუფეს ქვეყნის,
მრავალ განსაცდელს, მრავალ ურვას მოუვლენ ულადს,
გასაოცარი და უზადო მშვენების გამო.

აქ შენს შემდგომაც იტრიალებს საზარი ცოდვა,
ჰოი, დიაცო, დასადარო მგზნებარე ცეცხლის!
შენს სიცოცხლეშივ განდევნიან სამშობლოს გარეთ
იმ კეთილშობილთ უსნეხის ძეთა.

შენს სიცოცხლეშივ ემაინში მოხდება საქმე,
დამიწდებიან მოშუღარი ხელმწიფის ძენი.
შენი მშვენების გახსენება იქნება მანამ,
ულადის მკვიდრნი ამა ქვეყნად ჰგიებენ ვიდრე.

ჰოი, ასულო სასურველო, სწორედ შენს გამო,
განიდევნება ულადიდან ფერგუსი მძლავრი.
მოხდება ბრძოლა: დაეცემა ფიახნა ველად,
ის კონხობარის შვილიშვილი უნეტარესი.

დიდი ულადის სახელოვან ხელმწიფის მიმართ,
მრისხანების ჟამს შენ ჩაიდენ ამაზრზენ საქმეს.
დეირდრევ, მცირე თუმც იქნება სამარე შენი,
ხსენება შენი იქნება დიდხანს.

_ სიკვდილი ამ გოგოს! _ იღრიალეს ულადებმა.
_ არა! _ გასცრა კონხობარმა. _ ბავშვი მოიყვანეთ ჩემთან. იგი აღიზრდება, როგორც მე ვბრძანებ, და ოდეს მოიწიფება, გახდება ცოლი ხელმწიფისა, მეუღლე ჩემი.
ულადები წინ ვეღარ აღუდგნენ ხელმწიფის ჯერჩინებას. როგორც მან ბრძანა, ისე აღსრულდა.
ბავშვი იზრდებოდა კონხობარის თვალმდეგობის ქვეშ და ოდეს გაიზარდა, ულამაზესი ქალი დადგა მთელს ირლანდიაში. ამ დროის განმავლობაში იგი ცხოვრობდა განცალკევებით, სხვა სახლში, რათა არავის ეხილა მანამდე, ვიდრე კონხობარის სარეცელს არ გაიზიარებდა. მასთან უშვებდნენ მხოლოდ მამობილსა და დედობილს, აგრეთვე ლებორხამს; ამ დიაცს არაფერი ეკრძალებოდა, რამეთუ იგი უგრძნეულესი ჯადეგი გახლდათ მთელს ირლანდიაში.
ერთხელ, ზამთარში, დეირდრეს მამობილი თოვლიან ეზოში უშობელს ატყავებდა, სამხარს ამზადებდა თავისი აღზრდილისათვის. ანაზდად საიდანღაც ყორანი მოფრინდა და დაღვრილი სისხლის ხვრეპას შეუდგა. რა იხილა დეირდრემ ეს, ეზრახა ლებორხამს:
_ მამრი, რომელსაც მე შევიყვარებ, იქნება სამფერი: თმა ექნება ყორნისფერი, ღაწვები _ სისხლისფერი, ხოლო ტანი თოვლისფერი იქნება მისი.
_ ღმერთმა ასე აგიხდინოს ყველაფერი! _ წამოიძახა ლებორხამმა. _ შორს არაა ასეთი მამრი: ამავე ეზოშია იგი, _ იგია ნაისი, ძე უსნეხისა.
_ სენი არ გამეყრება მე, სანამ არ ვიხილავ მას, _ იზრახა დეირდრემ.
გამოხდა ხანი და მოხდა ასეთი ამბავი: ერთხელ ნაისი მარტოდმარტო მიმოდიოდა მეფის ციხე-სიმაგრის ემაინის ხანდაკზე და მღეროდა საამო სიმღერებს. ტკბილი იყო ხმები უსნეხის ძეთა. ყოველი ძროხა, თუნდაც სხვა შინაური ხვასტაგი, მათი მოსმენის შემდეგ, ორი მესამედით მეტს იწველიდა, ვიდრე ჩვეულებრივ; ყოველი ადამიანი ნეტარებით ივსებოდა და ძილად განეწყობოდა, როგორც ჯადოსნური ჰანგების მოსმენის ჟამს. დიდი იყო მათი საბრძოლო ხელოვნებაც: ირლანდიის ხუთი სამეფოდან ერთ-ერთი სამეფოს მთელი ხალხიც რომ ამხედრებულიყო მათ წინააღმდეგ, საკმარისი იყო, ისინი შეჯგუფულიყვნენ და ერთმანეთს ზურგებით მიბჯენოდნენ _ მათი დაძლევა შეუძლებელი გახდებოდა. ასეთი იყო სამი ძმის ხელოვნება მომხდურის დახვედრაში და ურთიერთ გატანაში ბრძოლის ჟამს. ნადირობის დროს კი ისინი მიუწევარნი იყვნენ, ვითარცა მწევარნი, და ნადირს მიწეულნი სრავდნენ ნადირს.
ჰოდა, სანამ ნაისი მარტოდმარტო მიმოდიოდა და მღეროდა, დეირდრე ანაზდეულად გამოსხლტა თავისი სენაკიდან, ეზოში გაინავარდა და თამამად ჩაუარა გვერდით ნაისის. ნაისიმ თავდაპირველად ვერ იცნო იგი.
_ ლამაზი დიაკეული მიმოდის ჩვენს ახლორე, _ იზრახა ნაისიმ.
_ დიაკეულები შთებიან დიაკეულებად, ვიდრე მოზვერნი შორით ზვერავენ მათ, _ ეზრახა დეირდრე.
მაშინ კი მიხვდა ნაისი, თუ ვინ იყო ასული იგი.
_ შენს გვერდით ხომ დგას სახელოვანი ხარი, მთელი სამეფოს მბრძანებელი, _ იზრახა ნაისიმ.
_ მე თავად მნებავს მოვახდინო არჩევანი ორთა შორის, _ უპასუხა დეირდრემ, _ და უფრორე მესათნოები შენ, აზავერო.
_ ეს არ მოხდება! _ წამოიძახა ნაისიმ, გაახსენდა რა კატბადის წინასწარმეტყველება.
_ მაშასადამე, შენ უარყოფ მე? _ ჰკითხა ასულმა.
_ ოღონდაც! _ მიუგო ნაისიმ.
მაშინ დეირდრე მიეჭრა მას და ყურებში ჩაავლო ხელები, თან ეუბნებოდა:
_ სირცხვილი შენ, თან თუ არ წამიყვან
_ ჰოი, დიაცო, განმეშორე! _ წამოიძახა ნაისიმ.
_ აღსრულდება სურვილი ჩემი, _ უპასუხა ასულმა.
მაშინ იძახა ნაისიმ თავისი წკრიალა ხმით და რა ესმათ ულადთ ძახილი მისი, ყველანი ფეხზე წამოიჭრნენ და მზად იყვნენ, ურთიერთს დარეოდნენ, ნაისის ძახილზე მისი ორი ძმაც მოვარდა.
_ სთქვი, რა შეგემთხვა? _ ჰკითხეს ძმებმა. _ ულადებმა ლამის ერთმანეთი ამოჟლიტონ შენი გულისთვის.
ნაისიმ უამბო მათ, რაც შეემთხვა.
_ დიდი უბედურება შეიძლება მოჰყვეს ამას, _ თქვეს ძმებმა, _ მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, სირცხვილი და წყენა არ შეგემთხვევა შენ, ვიდრე ჩვენ ვცოცხლობთ. უმჯობესია წავიდეთ სხვა თემში ასულთან ართად. ირლანდიაში არ მოიძევება ისეთი მთავარი, რომელიც სიხარულით არ შეგვიხიზნებს.
მათ გამორჩევით ითათბირეს და დაადგინეს. იმავე ღამეს დადგომოდნენ გზას. ასერგასი მხედარი ახლდა მათ, ასერგასი შიმუნვარი, ასერგასი ძაღლი და ასერგასი მსახური. დეირდრეც მათ გაჰყვა.
დიდხანს იხეტიალეს ლტოლვილებმა ირლანდიის მხარეში. ერთი მთავრის ბადრაგს ცვლიდა მეორე მთავრის ბადრაგი, რამეთუ კონხობარი ნიადაგ ცდილობდა მათ დაღუპვას ცბიერებითა და მუხანათობით. მთელს ირლანდიას შემოუარეს მათ, ესრუადიდან მოკიდებული, თემან და აღმოსავლეთ თემთან გავლით, ვიდრე ბენდ-ენგარამდე, რომელიც ბორრაის აღმოსავლით მდებარებს.
ბოლოს ულადებმა აიძულეს ლტოლვილნი, შოტლანდიაში გადასულიყვნენ და უკაცრიელ ადგილას დასახლებულიყვნენ. როცა ლტოლვილებმა მთებში ნადირი სრულიად გამოლიეს, იძულებული შეიქნენ, მოერბიათ თავად შოტლანდიელები და გამოერკვიათ მათი ხვასტაგი. ერთხელ შოტლანდიელები შეგროვდნენ, ითათბირეს და გადაწყვიტეს ლტოლვილთა გაწყვეტა. მაშინ ლტოლვილები ეახლნენ შოტლანდიის მეფეს და სამსახური შესთავაზეს. მეფემ შეიწყნარა ისინი და თავის სპად განაწესა. საუფლისწულო მამულში მათ აიშენეს სახლები შოტლანდიელთაგან მოშორებით, რათა დეირდრე არავის ეხილა და არ დაღუპულიყვნენ მისი მიზეზით.
ერთხელ, გამთენიისას, სახლთუხუცესმა ნაისის სახლის წინ ჩაიარა და იხილა სიყვარულით გადაჭდობილი მძინარე ქალ-ვაჟი. იგი მაშინვე გაეშურა მეფესთან და გააღვიძა იგი.
_ დიდებულო მეფეო, _ ჰკადრა მან მეფეს, _ დღემდე ჩვენ ვერ შეგირჩიეთ ღირსეული თანამეცხედრე. მაგრამ ნაისისთან, უსნეხის ძესთან, თურმე ცხოვრობს ასული ერთი, რომელიც ეკადრება დასავლეთ მსოფლიოს განმგებელს. ბრძანეთ, ახლავე მოკლან ნაისი და მისმა ცოლმა თქვენი სარეცელი გაიზიაროს.
_ არა, _ ბრძანა მეფემ, _ აგრე არ ივარგებს. უმჯობესია, შენ საიდუმლოდ იარო მასთან და დაიყოლიო იგი ჩემს სიყვარულზე.
სახლთუხუცესი ასეც მოიქცა. მაგრამ ყველაფერს, რასაც იგი დეირდრეს დღისით ეუბნებოდა, დეირდრე ღამით უყვებოდა ქმარს, და ვინაიდან დეირდრე მეფის სურვილს არ დამორჩილდა, განრისხებული მეფე უსნეხის ძეთ ძნელ საქმეებზე და მძიმე ბრძოლებში აგზავნიდა. მაგრამ ძმები ყველგან გამარჯვებულნი გამოდიოდნენ და შინ მშვიდობით ბრუნდებოდნენ. ამრიგად, მეფემ ამ გზითაც ვერაფერი გააწყო.
მაშინ მოუწოდა მან შოტლანდიელთ და უბრძანა, თავს დასხმოდნენ უსნეხის ძეთ და მოესრათ ისინი. მეფემ ეს განიზრახა მას შემდეგ. რაც დეირდრე თვალთმაქცურად დასთანხმდა ამაზე. დეირდრემ კი მაშინვე გააფრთხილა ნაისი:
_ ჩქარა გაუდექით გზას. თუ ამ ღამითვე არ დააგდებთ სამეფოს საზღვრებს, ხვალ უკვე ცოცხლები აღარ იქნებით.
ლტოლვილებმა იმავე ღამეს დააგდეს სამეფოს საზღვრები და ზღვაში ამოზიდულ ერთ კუნძულს შეაფარეს თავი. ამ ამბავმა ულადამდე მიაღწია.
_ ო, კონხობარ, _ ჰკადრეს ულადებმა, _ სამწუხარო იქნება, თუ უსნეხის ძენი ერთი რეგვენი დიაცის მიზეზით მტრის ქვეყანაში დაიღუპებიან, მოიღე მოწყალება მათზე: უმჯობესია შემოიქცნენ ისინი თავიანთ მიწაზე, ვიდრე მოისრან მტრის ხელით.
_შეწყნარება მიბრძანებია! დაე, შემოიქცნენ! _ წარსთქვა კონხობარმა. _ წარგზავნეთ მძევალნი მათ შესახვედრად.
მეფის ჯერჩინება ამცნეს უსნეხის ძეთ.
_ დიდად გვიხარის, _სთქვეს მათ, _ უკუ შემოვიქცევით სიამოვნებით, მხოლოდ მძევლებად გვიბოძონ ფერგუსი, დუბტახი და კორმაკი _ ძე კონხობარისა.
მძევლები გაემართნენ უსნეხის ძეთა შესახვედრად და ოდეს ნაპირზე გადავიდნენ, ხელი ჩაჰკიდეს უსნეხის ძეთ.
ამ თემის მკვიდრთ კონხობარის შეგულიანებით ფერგუსი ნადიმზე მიიწვიეს. ფერგუსი ეწვია მათ დუბტახისა და კორმაკის თანხლებით.
ხოლო უსნეხის ძეთ უარი თქვეს მიპატიჟებაზე. ირლანდიაში არ მივიღებთო არავითარ ჭამადს, ვიდრე კონხობარის სუფრაზე არ გავტეხთო პურს. სწორედ ამიტომ მათ თავიანთი მძევლები ნადიმზე დატოვეს და თავად კი ემაინ-მახასაკენ გაეშურნენ. ციხე-სიმაგრის მდელობამდე მათ მიაცილებდა ფიახა, ფერგუსის ძე.
როგორღაც სწორედ იმჟამად ემაინ-მახაში მოვიდა ეოგანი, ძე დურტახტისა, მეფე ფერმანაგისა; ზავის ჩამოგდება ეწადა კონხობართან, რომელსაც დიდ ხანია ებრძოდა. სწორედ მას დაავალა კონხობარმა, წაეყვანა რამდენიმე თავისი მხედარი და მოესრა უსნეხის ძენი, ვიდრე ისინი კონხობარამდე მიაღწევდნენ.
უსნეხის ძენი მდელობზე იდგნენ, ხოლო მახლობლად დიაცნი ისხდნენ ხანდაკზე, რომელიც გარშემორტყმოდა ციხე-სიმაგრის ეზოს. ეოგანი მხედრებითურთ გამოვიდა მდელობზე და სალამივით სტყორცნა შუბი ნაისის. ნაისის გვერდით მდგარმა ფერგუსის ძემ მოასწრო და ხელები შემოხვია ნაისის და შემოეჭდო მას. ამრიგად, ნაისი შუბმა განგმირა ფერგუსის ძის სხეულში გავლით. შემდეგ განგმირეს ყველა ლტოლვილნი, მაგრამ თვითოეულნი დასცა ან ჰოროლმა, ან პირმა მახვილისამ. დეირდრე კი ხელებშეკრულნი მიჰგვარეს კონხობარს.
მოკლულთა თავდებებმა _ ფერგუსმა, დუბტახმა და კორმაკმა, _ შეიტყვეს თუ არა მომხდარი ამბავი, სასწრაფოდ დაუტევეს ნადიმი და ემაინისაკენ ისწრაფეს. მათ იქ ჩაიდინეს სახელოვანი საქმეები. დუბტახმა შუბით განგმირა მანე, ძე კონხობარისა და ფიახნა-კონხობარის ასულის _ ფედელმის ძე. ხოლო ფერგუსმა განგმირა ტრაიგტრენი, ძე ტრაიგლეტანისა, და ძმაც მისი. უსაზღვრო რისხვამ მოიცვა კონხობარი და იმავე დღეს მოხდა ბრძოლა, რომელშიც დაეცა სამასი ულადი მოსისხართა ხელით. შემდეგ დუბტახმა მოსრა ულადის ასულნი, ხოლო ფერგუსმა ემაინ-მახა გადაწვა იალონზე.
ამის შემდეგ ფერგუსმა და დუბტახმა კონახტში მიაშურეს აილილსა და მედბს, რამეთუ უწყოდნენ, რომ ისინი მათ სიხარულით შეიწყნარებდნენ. სამი ათასი მხედარი გაიყოლეს თან თავდებებმა. მათ გულში ჩაიდეს დიდი მტრობა ულადთა
მიმართ და თექვსმეტი წლის მანძილზე ვერ განერა ულადი მიწყივ ვაისა და ვიშისაგან. მოსისხარნი მარად-ღამე აღავსებდნენ ულადს ვაითა და ვიშით.
დეირდრემ მთელი წელიწადი იცხოვრა კონხობართან და ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ შეურხევია ღიმილს ბაგენი მისნი. ერთხელაც არ უჭამია და უძინია მაძღრისად, ერთხელაც არ აუღია თავი მუხლთაგან. როდესაც მასთან მძნობელნი მოჰყავდათ, იგი ამბობდა:

_ თქვენ დიდებულად გეჩვენებათ სამეფო სპანი,
ემაინში რომ შემოიქცნენ ძნელ ლაშქრობიდან,
მაგრამ უფრორე ამაყი და მტკიცე ნაბიჯით
საკუთარ სახლში ბრუნდებოდნენ უსნეხის ძენი.

ჩემთვის ნაისის თან მოჰქონდა ველური თაფლი,
მე ცეცხლისპირას თავად ვბანდი დიდებულ ვაჟკაცს,
არდანს მოჰქონდა ჩვენთვის ტახი ანდა ირემი,
ამაყი ზურგით მოიღებდა ქარქვეტებს ანდლე.

ზეცის მანანად გეჩვენებათ თქვენ თაფლი იგი,
ნესის ძის სახლში შეექცევით რომელსაც ახლა,
მაგრამ, ო, ხშირად _ ჟამი იგი წარვიდა, განქრა! _
უფრო გემრიელს მივირთმევდი თაფლუჭს და ხორაგს.

ოდეს ნაისი ცეცხლს ანთებდა უსიერ ტყეში,
მე ვწვავდი ნადირს, ვამზადებდი გემრიელ სადილს,
თაფლზე უტკბესი იყო ჩემთვის ჭამადი იგი,
ნადირობით რომ მოიპოვა უსნეხის ძემან.

თქვენ უტკბილესად გეჩვენებათ ჰანგები იგი,
აქ ყვიროსტვირი და ტაბლაკნი რომ გამოსცემენ,
მაგრამ უფრორე ტკბილი იყო ის სიმღერები,
მოცალების Gჟამს რომ მღეროდნენ უსნეხის ძენი.

ნაისის ხმაში გაისმოდა ტალღების ტლაში,
და ამ სიმღერის ყურისგდება გეწადა მიწყივ,
ამო რამ იყო, ხმა არდანის _ უტკბესი ზილი,
ხმას აყოლებდა მას ავაჯით ძვირფასი ანდლე.

ახლა სამარემ ჩაიხუტა ნაისი ჩემი.
უიღბლო ჰპოვა ცხოვრებაში მან თავმდებები!
ვაი მე! ნუთუ თავად ვიყავ სამსალა იგი,
ჩემი ნაისი სიცოცხლეს რომ გამოასალმა?

ერთობ მიყვარდა მე ბერტანი, კლდოვანი მხარე,
მიყვარდა ძლიერ მისი ერი, თუმც ამბოკარი.
ვაი მე, ვაი! ვერასოდეს წამოვდგე აწი,
რათა კარებთან შევეგებო უსნეხის ძესა.

მიყვარდა ძლიერ მტრედისფერი თვალები მისი,
ასულებისთვის სასურველი, მტრებისთვის მკაცრი.
ოდეს სიმღერით ბრუნდებოდა ნაისი ტყიდან,
სიმღერა ტევრებს გაღწეული მავსებდა ლხენით.

შემდეგ კი თეთრად გავათენე მრავალი ღამე,
აღარც ფრჩხილები შემიღებავს მეწამულ ფერით,
სიხარული და ნეტარება წამერთვა სრულად,
რამეთუ ახლოს ვეღარა ვჭვრეტ უსნეხის ძეთა.

აწ აღარ იწვევს არავითარ სიხარულს ჩემში
დიდ ემაინში გამართული ლხინი და მღერა,
აღარც ავეჯი აღარ მხიბლავს მშვენიერ სახლის,
უდრტვინველობამ, განსვენებამ დამტოვა უკვე.

ხოლო ოდეს კონხობარი დეირდრეს დამშვიდებას ცდილობდა, დეირდრე ასე მიუგებდა მას:

_ ჰოი, კონხობარ, მიპასუხე, რას ითხოვ ჩემგან?
რატომ აღმავსე უბედური დარდით და სევდით?
კარგად უწყოდე, ვიდრე სული მიდგია ბედშავს,
მე სიყვარული არ მექნება აროდეს შენი.

ყველაზე მეტად სანუკვარი რაც იყო ჩემთვის,
რაც ამა ქვეყნად განუზომელ სიხარულს მგვრიდა,
შენ წარიტაცე, _ საზარელი საქმეა სწორედ!
ვეღარასოდეს ვერ ვიხილო მშვენება მისი.

ავაჰმე, აჰა, სილამაზემ დალია სული,
რომელსაც სახე ასხივებდა უსნეხის ძისა!
გმირის თეთრ ცხედარს დასწოლია შავლეგა ლოდი,
და ლოდი იგი ადგილიდან ვერავინ დასძრას!

წითელნი იყვნენ ბაგენი და მეწემულ _ ღაწვნი,
ხოჭოებივით შავნი იყვნენ წარბები მისი,
მარგალიტივით აშუქებდნენ კბილები მწყობრნი,
ქათქათა თოვლის ფერი იყო კბილები მისი.

მე კარგად მახსოვს საოცარი სამოსი მისი,
შოტლანდიის სხვა მებრძოლთაგან რომ განარჩევდა!
მახსოვს, კურტაკზე, ძოწეულში ამოვლებულზე,
შემოვლებული ოქრომკერდით ნაქსოვი ქობა.

ტანზე ემოსა ხატაური ძვირფასი კვართი,
კვართზე კი ესხა ასი თვალი პატიოსანი,
ძვირფასი კვართი თურმე ერგას უნციად დაჯდა,
და ერგასივე ნახურვები იყო ბრინჯაო.

მე მახსოვს ხმალი, ოქროს ვადით დამშვენებული,
მახსოვს მე ორი მრისხანე და მგმირავი შუბი,
ფარის ქიმები _ ანთებული ყვითელი ოქრო,
ხოლო ფარზე კი _ ჯმუხი კოპი, ერთიან ვერცხლის.

ფერგუს ლამაზმა გვიღალატა, გაგვყიდა ურცხვად,
როს დაგვითანხმა სამშობლოში დაბრუნებაზე.
ერთ ჭიქა ლუდზე გადაცვალა სინდისი თვისი,
სირცხვილი დიდი გარდეფარა მის დიდთა საქმეთ.

იმ მოშუღარი კონხობარის მრისხანე მებრძოლთ
რომ მოუყარო თავი ერთად უკაცურ ველად,
მე მათ გავცვლიდი ერთიანად, გამოუკლებლივ,
მწყაზარ სახეზე სახელოვან უსნეხის ძისა.

ნუ განმიახლე ჭრილობები მოკლული გულის,
სასომიხდილი მარტო ვდგავარ სამარის კართან.
ზღვათა ტალღებზე უმძლავრეა დარდები ჩემი,
ჰოი, კონხობარ, უწყოდე ესე!
_ ვინ გეზიზღება ყველაზე მეტად, ვისაც აქ ხედავ? _ ჰკითხა მას კონხობარმა.
_ ჯერ შენ და შემდეგ ეოგანი, ძე დურდახტისა.
_ თუ ასეა, მაშინ ერთ წელიწადს დაჰყოფ ეოგანის სახლში, _ გასცრა კონხობარმა.
და მან დეირდრე ერთი წლით ათხოვა ეოგანს.
მეორე დღეს ეოგანი დღესასწაულზე მოვიდა ემაინ-მახაში. ეტლში ეოგანის უკან დეირდრეც იჯდა, მაგრამ მან აღთქმა დასდო, რომ არასოდეს ეყოლებოდა ორი ქმარი ერთდროულად.
_ ყოჩაღ, დეორდრევ! _ გასცრა კონხობარმა, ოდეს შენიშნა იგი, _ შენ თვალებს აცეცებ ჩემსა და ეოგანს შორის, როგორც შიშაგი ორ ვერძს შორის.
სწორედ ამ დროს ეტლი მოდიოდა კლდის გასწვრივ და დეირდრე გადაეშვა ეტლიდან, კლდეს თავით შეასკდა და იქვე განუტევა სული.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button