დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – უცნაური შემთხვევა

– არა, მაინც არაფერია ჩვენს ინგლისურ პროვინციაზე უკეთესი… – შენიშნა ინსპექტორმა ჯეპმა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა.

მე და პუარომ ერთად დავუქნიეთ თავი. ეს ინსპექტორის იდეა იყო – დასვენების დღეებში პატარა ქალაქ მარკეტ-ბეისინგში წავსულიყავით. სკოტლანდ-იარდის ზღურბლს იქით, ინსპექტორი ჯეპი ბუნების დიდი მოყვარული ხდებოდა.

– ჩვენ იქ არავინ გვიცნობს, – განმარტა მან, – და ამაშია მთელი მომხიბვლელობა.

მაგრამ მისი იმედები არ გამართლდა. კვირას, სასტუმროში ვსადილობდით, როცა თავზე ადგილობრივი კონსტებლი პოლარდი დაგვადგა.

– მომიტევეთ ჯენტლმენებო, მაგრამ ინსპექტორის რჩევა მჭირდება.

– მე დღეს ვისვენებ, – სასწრაფოდ წარმოთქვა ჯეპმა, – არავითარი სამუშაო! მითხარით მაინც, რაშია საქმე?

– ლეი-ჰაუზში ერთმა ჯენტლმენმა თავი მოიკლა.

– ალბათ ვალები, ან ქალი, – უინტერესოდ წარმოთქვა ჯეპმა.

– საქმე ისაა, რომ მას არ შეეძლო, თავი მოეკლა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს დოქტორი ჰაილზი. ირწმუნება, რომ ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა.

ტაფამწვარის მორიგი ულუფა გვერდზე გადავდეთ და ლეი-ჰაუზისკენ გავეშურეთ. გარდაცვლილს უოლტერ პროტერო ერქვა. იგი მარკეტ-ბეისინგში რვა წლის წინ გამოჩნდა და ლეი-ჰაუზი იქირავა. თავად მას ერთი ოთახი ეკავა. სახლს კი ეკონომი ქალი პატრონობდა, რომელიც თავადვე ჩამოიყვანა. ქალს მის კლეგი ერქვა და სოფელში მხოლოდ კარგს ამბობდნენ მის შესახებ.. იმ დღეებში, ბატონ პროტეროსთან ლონდონიდან მისტერ და მისის პარკერები სტუმრობდნენ. დილით მის კლეგს ოთახის კარი დაკეტილი დახვდა. ხმა რომ არავინ გასცა, შეშფოთდა და პოლიციას და ექიმს დაურეკა. კონსტებლი პოლარდი და ექიმი ჰაილზი ერთდროულად მოვიდნენ. საერთო ძალისხმევით კარის შემტვრევა მოახერხეს და ნახეს, რომ პროტერო იატაკზე იწვა, მარჯვენა ხელში პისტოლეტი ეჭირა. ერთი შეხედვით, ეჭვს ვერ შეიტანდით, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. თუმცა, გვამის დათვალიერების შემდეგ, ექიმმა კონსტებლი გვერდზე გაიყვანა და საკუთარი ეჭვი გაუმხილა.

როდესაც კონსტებლმა თხრობა დაასრულა, ჩვენ ლეი-ჰაუზს მივადექით. მისაღებ ოთახში ოთხი ადამიანი იყო: მისტერ და მისის პარკერები, მის კლეგი და ექიმი. ექიმთან ერთად მე, ჯეპი და პუარო ზევით ავედით. პოლარდი ჯეპის მითითებით დაბლა დარჩა, პროტეროს სტუმრებთან.

გვამი ჯერ ისევ ოთახში იყო. ჯეპი მისკენ დაიხარა.

– ჰმ! – თქვა ჯეპმა, – შემავალი ჭრილობაა მარცხენა ყურსუკან.

– აბსოლუტურად მართალია, – უპასუხა ექიმმა, – ცხადია, რომ იგი ამას თავად ვერ იზამდა. მაშინ მოუწევდა მარჯვენა ხელის მარცხენა ყურს უკან გადაწვდენა. ეს კი შეუძლებელია.

– მიუხედავად ამისა, როდესაც გვამი აღმოვაჩინეთ, მას პისტოლეტი ჯერ ისევ მარჯვენა ხელში ჰქონდა.

– ხელში ჰქონდა, მაგრამ თითები შემოჭერილი არ იყო.

– გასაგებია, შემდეგ ჩაუდეს, – შენიშნა ჯეპმა. ის იარაღს ათვალიერებდა, – საეჭვოა, აქ თითის ანაბეჭდები ვიპოვოთ.

პუარო ჩუმად იყო და ჯეპს თვალს ადევნებდა, მხოლოდ დროდადრო ჰაერს ყნოსავდა. მეც იგივე გავაკეთე, მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი. ჰაერი სუფთა იყო, მაგრამ პუარო მაინც ყნოსავდა. როდესაც ჯეპი გვერდზე გავიდა, პუარო გვამზე დაიხარა. ჭრილობისთვის არც შეუხედავს. დავინახე, რომ მისი ყურადღება პიჯაკის სახელოში არსებულმა ცხვირსახოცმა მიიქცია. როცა პუარო გვამს მოშორდა, დრო ვიხელთე და სახელოდან ცხვირსახოცი გამოვაძრე. ჩვეულებრივი თეთრი ცხვირსახოცი იყო, არანაირი ნიშანი, ან ლაქა ზედ არ აჩნდა. ცხვირსახოცი უკან, სახელოში შევჩურთე.

ჯეპმა და პუარომ კარის გასაღების ძებნა დაიწყეს, მაგრამ უშედეგოდ.

– ეს საქმეს აიოლებს, – განაცხადა ჯეპმა, – ფანჯარა შიგნიდანაა დახურული, მკვლელი კარიდან გავიდა, დაკეტა და გასაღები თან წაიღო. მას იმედი ჰქონდა, რომ გასაღების არარსებობას ვერავინ შეამჩნევდა და არავის გაუჩნდებოდა ეჭვი, რომ პროტერომ თავი მოიკლა.

მომეჩვენა, რომ პუარო დაბნეული იყო. მან კიდევ ერთხელ მოათვალიერა ოთახი და ფრთხილად წარმოთქვა:

– ის ბევრს ეწეოდა.

მართლაც ბუხარი და საფერფლე ნამწვავებით იყო სავსე.

– მკვლელობამდე, ეტყობა, მინიმუმ, ოცი ღერი სიგარეტი მოსწია, – შენიშნა ჯეპმა, – ყველა ერთი მარკისაა. როგორც ჩანს, ერთი ადამიანი ეწეოდა. აქ საინტერესო აღარაფერია. მოიცა, ეს რა არის?

– მან იატაკიდან რაღაც აიღო. პერანგის სახელოს შესაკრავი გატეხილი, – საინტერესოა, ვისია? ექიმო, აქ თქვენი და კონსტებლის გარდა ვინმე შემოვიდა?

– არა. პარკერები დაბლა იცდიდნენ, – უპასუხა ექიმმა და ეკონომი ქალის მოსაყვანად წავიდა.

– საინტერესოა, ვინ მოკლა ეს საცოდავი? – დაიწყო ჯეპმა, – ცხადია, ვიღაცამ ამ სამიდან. თუმცა, არა მგონია, ეს მის კლეგი იყოს. ამის გასაკეთებლად მის განკარგულებაში მთელი რვა წელი იყო. აი, რაც შეეხება პარკერებს… საინტერესოა, საიდან არიან და აქ რა უნდათ?

ამ დროს მის კლეგიც მოვიდა. ჯეპის კითხვაზე განაცხადა, რომ ბატონ პროტეროსთან უკვე 14 წელი მსახურობდა. მისტერ და მისის პარკერები სამი დღის წინ გაიცნო, როდესაც მოულოდნელად ჩამოვიდნენ. მისი აზრით, ისინი აქ არავის მოუწვევია, საკუთარი ინიციატივით ჩამოვიდნენ და პატრონი მათი ჩამოსვლით კმაყოფილი არ იყო. პერანგის სამაჯურის სამაგრი, რომელიც ჯეპმა აჩვენა, მის პატონს არ ეკუთვნოდა. როდესაც პისტოლეტზე ჰკითხეს, უპასუხა, რომ მისტერ პროტეროს იარაღი ჰქონდა. გასროლის ხმა არ გაუგია, რადგან მისი ოთახი სახლის მეორე ბოლოში იყო. როცა უკანასკნელად პატრონი ნახა, მას ისევ ეღვიძა. საერთოდაც გვიან წვებოდა. შუაღამემდე კითხულობდა და ეწეოდა.

აქ პუარო ჩაერთო:

– თქვენს ბატონს ღია ფანჯარაში ეძინა, თუ დახურულში?

– საერთოდ, ფანჯარა ღია იყო ხოლმე, ყოველ შემთხვევაში სარკმელი მაინც.

– არ ვიცი. შეიძლება, ორპირი იყო.

ჯეპმა მას კიდევ რამდენიმე კითხვა დაუსვა და გაუშვა. შემდეგ ცოლ-ქმარი პარკერები ცალ- ცალკე დაკითხა. მისის პარკერი ისტერიკის ზღვარზე იყო. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. მისტერ პარკერი ილანძღებოდა და იმუქრებოდა. ის უარყოფდა, რომ პერანგის სამაგრი მას ეკუთვნოდა. მაგრამ, მისმა ცოლმა აღიარა, რომ მისი ქმრის იყო. ჯეკმა ეს საკმარისად ჩათვალა, რომ მისი დაჭერის ორდერი მოეთხოვა.

გამოძიება უკვე დასრულებული იყო, როდესაც საქმეში დამატებითი გარემოება გაჩნდა: ერთმა მაწანწალამ, რომელიც ლეი-ჰაუზის ბაღის, დანგრეულ ფარდულში ღამეს ხშირად ათევდა, განაცხადა, რომ ღამის 12 საათზე გაიგონა, ორი მამაკაცი სახლის პირველ სართულზე როგორ ჩხუბობდა. ერთი ფულს ითხოვდა, მეორე უარს ეუბნებოდა. ერთ-ერთი მათგანი – სახლის პატრონი მაშინვე იცნო. გამოდიოდა, რომ პარკერები პროტეროს აშანტაჟებდნენ. ყველაფერი ნათელი გახდა, როდესაც პროტეროს ნამდვილი სახელი გაირკვა – ვენდევორი. წარსულში ფლოტის ლეიტენანტი, 1910 წელს კრეისერ „მერიზოტის” აფეთქების საქმეში გადიოდა. გამოძიებამ მიიჩნია, რომ პარკერმა, რომელმაც იცოდა აფეთქების საქმეში მისი მონაწილეობის შესახებ, მოძებნა იგი და სიჩუმის სანაცვლოდ ფული მოსთხოვა. ჩხუბის დროს ვენდევორმა იარაღი ამოიღო, მაგრამ პარკერმა მისი განიარაღება მოახერხა და მოკლა, შემდეგ შეეცადა მომხდარი თვითმკვლელობად წარმოეჩინა.

პარკერი სასამართლოს გადასცეს. ერთ დღეს, როდესაც პროცესიდან ვბრუნდებოდით პუარომ თავი დააქნია და ჩაიბურტყუნა:

– ასე უნდა იყოს. კი, კი, ზუსტად ასეა. დროა ვიმოქმედო.

იგი ფოსტაში გაემართა და სპეციალური კურიერის მეშვეობით იქვე დაწერილი წერილი სადღაც გააგზავნა. შემდეგ სასტუმროში დავბრუნდით. პუარო წინ და უკან ნერვიულად დადიოდა. ჩემდა გასაკვირად, უცებ ოთახში მის კლეგი შემოვიდა. მის გამოხედვაში შიში დავინახე.

– დაბრძანდით, მადმუაზელ, – ღიმილით მიმართა პუარომ, – მე მართალი აღმოვჩნდი, არა?

პასუხის მაგივრად ქალმა ტირილი დაიწყო.

– ეს რატომ გააკეთეთ? – რბილად ჰკითხა პუარომ, – რისთვის?

– ის მე ისე მიყვარდა, – უპასუხა ქალმა, – მე მათ ოჯახში დიდი ხანია ვმუშაობ… ის მაშინ სულ პატარა იყო. იყავით ჩემს მიმართ შემწყნარებელი.

– მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ არ შეიძლება, უდანაშაულო ადამიანის დასჯა დავუშვათ, თუნდაც ის უკანასკნელი ნაძირალა იყოს.

ქალმა ტირილი შეწყვიტა.

– ალბათ, მართალი ხართ. გააკეთეთ, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ.

ქალი ადგა და წავიდა.

– ამ ქალმა მოკლა? – ვკითხე პუაროს უკიდურესად დაბნეულმა.

პუარომ გაიღიმა და თავი გააქნია.

– მან მართლა თავი მოიკლა. გახსოვთ, ცხვირსახოცი მისი პიჯაკის მარჯვენა სახელოში. ამან მიკარნახა, რომ იგი ცაცია იყო. მისტერ პარკერთან ჩხუბის შემდეგ, ყველაფრის გამოაშკარავებით შეშინებულმა თავი მოიკლა. დილით მის კლეგი ოთახში შევიდა და ნახა, რომ იგი მკვდარი იყო

– მისი გაზრდილი, რომელიც ძალიან უყვარდა. ქალი სიძულვილმა შეიპყრო… სიძულვილმა პარკერებისადმი, რომლებიც მისი საყვარელი არსების სიკვდილის მიზეზი გახდნენ. ისინი ამ ქალისთვის ჩვეულებრივი მკვლელები იყვნენ და მან გადაწყვიტა დამნაშავეები დაესაჯა. მარტო

მან იცოდა, რომ ვენდევორი ცაცია იყო. პისტოლეტი მარჯვენა ხელში გადაუტანა, ფანჯარა დახურა, კარი ჩაკეტა და გასაღები დამალა.

– პუარო, – ვთქვი მე აღრთოვანებულმა, – ბრწყინვალეა. მთელი თქვენი ვერსია ერთ პატარა დეტალზეა აგებული, – ცხვირსახოცზე.

– და სიგარის კვამლზე. თუ ფანჯარა დახურული იყო და ოთახში ამდენი პაპიროსი მოწიეს, იქ თუთუნის სუნი უნდა დარჩენილიყო. ოთახში კი პირიქით, ჰაერი აბსოლუტურად სუფთა იყო. აქედან დავასკვენი, რომ ფანჯარა მხოლოდ დილით დაკეტეს. დიდხანს ვიმტვრევდი თავს, მკვლელს ფანჯრის დაკეტვა რაში დასჭირდა-მეთქი. მისთვის ხომ უკეთესი იყო, ფანჯარა ღიად დაეტოვებინა, იმ შემთხვევისთვის, თუ თვითმკვლელობის ვერსიას უარყოფდნენ, ეფიქრათ, მკვლელი ფანჯრიდან გაიპარაო. მაწანწალას ჩვენებამ ჩემი ეჭვი მხოლოდ დაადასტურა. იმ საუბარს ხომ ვერ გაიგონებდა, ფანჯარა დახურული რომ ყოფილიყო?!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button