ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

არჩილ ქიქოძე – ოჰი, პედი მუ…

 თუ გინდა, რომ ჩვენნაირად იცხოვრო, არ ჩააგდო ფული, არ იყიდო ბილეთი, — მაჩერებს ლევანი და გამზადებულ ხურდას ჯიბეში მაბრუნებინებს. ამ დროს კონტროლი არ ამოდის ავტობუსში. ჯერ ადრეა — ბერძნები ზარმაცი ხალხია. უკანა გზაზე ბილეთი უკვე გვჭირდება ხოლმე…

   დილის რვის ნახევარია და ლევანთან ერთად ავტობუსით ქალაქგარეთ მისი სამუშაო ადგილის სანახავად მივდივარ. ლევანი დაახლოებით ათი წლის წინ გავიცანი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში, მაშინ ის არასამთავრობო აქტივისტი იყო. იმის მერე არ მენახა, მაგრამ საბერძნეთში შემთხვევით შეხვედრისას უცებ ვიცანით ერთმანეთი და ურთიერთობაც უცებ ავაწყვეთ. ამ გულღია და ძლიერი ადამიანის (დრო იყო, როცა ლევანი ჭიდაობდა და სპორტული მიღწევებიც ჰქონდა) შეყვარება სულ ადვილი აღმოჩნდა. დავმეგობრდით და ლევანმა ჩემი მეგზურობა და არალეგალური ემიგრაციის თავისებურებებში გარკვევა იკისრა, მაგრამ წინასწარ გამაფრთხილა, ორ და სამ კვირაში შენ ამ ხალხს ვერ გაუგებ, ჩვენი ცხოვრებით უნდა იცხოვრო ცოტა ხანიო.

   «შენ ჩვენ ცხოვრებას მაინც ვერ გაიგებ, ორ კვირაში შენ ამ ხალხს ვერ გაუგებ», — ეს ფრაზა არაერთხელ გავიგონე საბერძნეთში, სადაც ვიზით, თვითმფრინავით ჩამოსულს და, რაც მთავარია, ცოტა ხანში უკან წამსვლელს ისე გიყურებენ, როგორც რაღაც იშვიათობას. «ბედნიერი ხარ, საქართველოში ბრუნდები», — ამასაც ხშირად გეტყვიან და თითოეული იმასაც დაამატებს, რომ აუცილებლად დაბრუნდება, ოღონდ როდის, ამას ვერავინ იტყვის. «როცა ფეხზე დავდგები ცოტა,» — და ზოგი, უფრო იღბლიანი ან ყოჩაღი, დგება კიდეც, ოღონდ დაბრუნების ნაცვლად ცოლი, შვილი, მოყვარე ან დედა ჩამოჰყავს აქეთ და მრავლდება საბერძნეთის ქართველობა.

   პირველი, რაც აქ თვალში, უფრო კი ყურში, გხვდება, ქართველების სიმრავლეა. თუკი ათენში ქართულ ლაპარაკს ძალიან ხშირად გაიგონებ, მილიონნახევრიან სალონიკში, უბრალოდ, რეალობის შეგრძნებას კარგავ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაგონილი საქართველოს თითქმის ყველა კუთხის კილო-კავისგან. — მთელი ქუთაისი და ზესტაფონი აქაა, — გეტყვის ქართლელი. — მთელი ხაშური, გორი და იგოეთი აქაა, — გეუბნება იმერელი და ორივე დაამატებს, რომ მთელი დუშეთ-თიანეთიც აქაა, რუსთაველი კახეთისკენ იშვერს ხელს და — «იქ თუ დარჩა საერთოდ ვინმე?» და კიდევ, თურმე კუნძულ კრეტაზე გურულები არიან ბევრი, ოღონდ ისინი მაგრად არიან, დიდი ხნის ჩამოსულები ოჯახებიანად. მე კრეტაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ მიამბეს, კარგად არიანო. რაც მნიშვნელოვანია, ყველას სახლი აქვს ნაქირავები და საღამოთი, სამუშაოს მერე, ოჯახში ბრუნდება (ეს კი იშვიათობა საბერძნეთში). თურმე, კარგი მოსასმენია იმათი ბავშვების გურული კილო და წყალივით კრეტული დიალექტი…

   სამუშაოსკენ მიმავალი ლევანი თითქმის ცარიელ ავტობუსში მაინც ჩურჩულით ლაპარაკობს. ეს უკვე ჩვევაა. ლევანმა დაახლოებით ერთი წლის წინ გადმოლახა თურქეთ-საბერძნეთის საზღვარი ფეხით და მალვით. მისი გადმოსვლა ცალკე ამბავია, ცალკე სიუჟეტი,— მესაზღვრის ძაღლების ყეფით, უკუნში უცებ ჩართული პროჟექტორით, დევნით, ერთი დღე-ღამე ჭაობში წოლით და გადარჩენით (სხათა შორის, ლევანმა იმ ადგილას გადმოკვეთა საზღვარი, სადაც რამდენიმე თვით ადრე ქუთაისელი ბიჭები აფეთქდნენ ნაღმზე). მას საკუთარი აზრი აქვს ემიგრაციის თავისებურებებზე, ამბობს, რომ აღარასოდეს გაკიცხავს იმათ, ვისი გაკიცხვაც საქართველოდან ძალიან ადვილი ეჩვენებოდა, რომ საქართველოში ოჯახის გამოსაკვებად აქ შრომისგან წელშიგამწყდარი ხალხის შემხედვარემ, ძალიან ბევრი რამ შეიტყო ადამიანის და საკუთარი თავის შესახებაც, მაგრამ არის ერთი რამ, რისიც ეშინია, რაც ბევრში არ მოსწონს: «იცი, წლები აცივებს აქ ადამიანებს. მე არ ვერიდები ხოლმე ამის თქმას და კონფლიქტებიც მომსვლია მაგაზე, მაგრამ ჩემ თავსაც ვაკვირდები და მეც იქითკენ მივდივარ, სადაც ესენი, ზოგი უკვე მისულია. გაცივება არის თავისი ოჯახების, ქვეყნის მიმართ. მარტო ერთი ვალდებულება დარჩა — ფულის გაგზავნა, დანარჩენი ვალდებულება, უკვე იმის იქით, იხსნება ამ ადამიანებში, აღარ არსებობს. ამას ვუყურებ და მძიმე საყურებელია. მეშინია, მეც ეგრე არ დამემართოს…»

   გაცივებული და უკვე მხოლოდ ნომინალურად არსებული ოჯახები — ამ თემას ბევრი არ ახსენებს, ჩემთანაც კი — ორი კვირით ჩასულ ადამიანთან, რომელთანაც თითქმის ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი და გულახდილობაც საპატიოა. ვიღაცეები მაინც ლაპარაკობდნენ, უფრო მეტად კი ქალები, რომელთა სიცოცხლისუნარიანობამ და ამ სიცოცხლის შერჩენილმა ხალისმა უბრალოდ პირი დამაღებინა. მე ვნახე არაერთი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც საკუთარი შვილები და ბევრს ქმრებიც საქართველოში ჰყავს დატოვებული და სხვის შვილებს უვლის მათ გამოსაკვებად და ასე გრძელდება წლების მანძილზე… ვნახე ბებიები, რომლებიც მათზე ოდნავ უფრო მოფახფახებულ ბერძენ ბებიებს და ბაბუებს უვლიან და აღებულ ფულს თითქმის პირწმინდად გზავნიან საქართველოში და ესე წლების მანძილზე… ოღონდ, ქართველი ბებია ათი, რვა ან ხუთი წლის წინ, ჯერ კიდევ ოდნავ ახალგაზრდა და ჯანიანი, ხოხვით, სირბილით, მალვით ან ავტობუსის საბარგულში ჩანთაში ჩამალულია საზღვარს გადმოსული. საქართველოდან აქაურობა უფრო სხვანაირი ჩანს — უფრო მიმზიდველი. სამუშაოს პოვნა ხშირად არც ისეთი ადვილია, როგორც ამას ადრე წასული ნათესავები ან თანასოფლელები ყვებოდნენ, მაგრამ მაინც ღირს, რადგან თუკი იშოვე სამსახური — «აქედან ერთი თავი იქ ოთხ-ხუთ თავს არჩენს», იმათ რჩენაში გადის ერთფეროვანი წლები. მერე დგება მომენტი, როდესაც ბებიას, ან ცოლს, ან დედას ეჩვენება რომ საკმარისად იწვალა უკვე და ოჯახთან, შვილებთან, შვილიშვილთან ყოფნა დაიმსახურა, რომ «უკვე ამოუვსო ყველას მუცელი» და ბრუნდება იმ სითბოსთვის, რომელიც ჰგონია, რომ დაიმსახურა, გამოიმუშავა… მაგრამ შვილი დედას ვეღარ ცნობს, «ქალბატონოს ეუბნება,» ქმარს სხვა ქალი ჰყავს და მანქანაც, ცოლის გამოგზავნილი ფულით ნაყიდი, შვილი და უკვე წამოზრდილი შვილიშვილიც კი რამდენიმე კვირის მერე ბებიას ფრთხილად შეაპარებს: უკან როდის მიდიხარო? და ისევ იწყება ბებიას ანტიოდისეა ავტობუსით, ფეხით, მალვით, ხანდახან საზღვარზე დაკავებით, ციხით, დეპორტაციით, მერე ისევ ავტობუსის საბარგულით ან ისევ ფეხით და ბებიას უკვე აღარა აქვს იმდენი ჯანი, მაგრამ მაინც გასაოცარი, ჩემთვის გაუგებარი სიჯიუტით მიილტვის ქვეყნისკენ, სადაც თუკი გაგიმართლა და მთლად მძიმე მოხუცი შეგხვდა მოსავლელად, შეიძლება 800-850 ევროც მოგცენ თვეში. აქედან 100 ევრო (იშვიათად 150) საკუთარ მოთხოვნილებებს ხმარდება (ჩამოფასებული ან მეორადი ტანსაცმელი — «ხუთ ევროზე ძვირიანი არაფერი არ მაცვია», ჭამა კვირაობით, როდესაც მომვლელ და მოსამსახურე ქალებს უქმე დღე აქვთ და ომონიის (ათენში) ან არისტოტელეს მოედანზე (სალონიკში) იკრიბებიან სხვა თანამემამულეებთან შესახვედრად და კიდევ «ტელეფონის კარტა» მონატრებულ შვილებთან და შვილიშვილებთან სალაპარაკოდ), დანარჩენი ისევ საქართველოში იგზავნება. და ამ ყველაფერთან ერთად ქართველ მიგრანტებს მტკიცედ სჯერათ, რომ ისინი არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ ქვეყანას კვებავენ, რომ საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან გაგზავნილი ფული ტრიალებს საქართველოში, ისინი კი ყველასაგან დავიწყებულები არიან — ვითომც არ არსებობენ…

   — სახეზე ყველას ვცნობ, ვინც ამ ავტობუსით ამ დროს დადის, — მეუბენბა ლევანი და იქვე მჯდარ გოგოზე მანიშნებს. — აი, ეს გოგო ყოველთვის ამ სკამზე ზის და ყოველთვის მარტო. ბიჭები მეუბნებიან: შენ გინახავს ადგილსო. მაგის ენა მე არ ვიცი და მაგან — ჩემი, ესე ვუცქერთ ყოველდღე ერთმანეთს. ეგ სამ გაჩერებაში ჩავა…

   მეღიმება და საბერძნეთში ყოფნისას უკვე მერამდენედ მახსენდება შვეიცარიაში იტალიელ მიგრანტთა ყოფაზე გადაღებული ძველი ფილმი «პური და შოკოლადი.» ეგ ფილმიც ეგეთია, ხანდახან რო გაგეღიმება, მაგრამ მეტი წილი ძალიან სევდიანია. ქალაქი უკვე შორს მოვიტოვეთ და უკვე სულ დაცარიელებულ დილის ავტობუსში ლევანი მიყვება, როგორ სწავლობდა აქაურების მიმიკას და მიხვრა-მოხვრას, რომ არალეგალთა მადევარ პოლიციას მასში უცხო არ ამოეცნო. «ამათ აი ესე იციან, ლაპარაკის დროს წარბების აწევა,» — და მანახებს, — «ტუჩებსაც რაღაცნაირად ბზიკავენ. ესენი პირჯვარსაც სხვანაირად იწერენ,» — სწრაფად და თითქოს მალვით იწერს პირჯვარს, — «თურქების დასამალად ვიწერდით ეგრეო. ამასწინათ, კვირა დილა იყო, გარეთ ვიყავი გამოსული და გვიან დავინახე, ჯიპში ისხდნენ. აი, შენ წარმოიდგინე, რო მიყურებს თვალებში და უკვე კარებს აღებს, რო დამიძახოს ან მოვიდეს და ამ დროს დარეკა ეკლესიის ზარმა და ამათნაირად რო გადავიწერე პირჯვარი, ტიპს უკვე ფეხი ჰქონდა გადმოყოფილი და უკან შეყო და მიიხურა მანქანის კარი…»

   ლევანის წყალობით მე ბევრად მეტი შევიტყვე აქაურთა ყოფის შესახებ, ვიდრე მარტო შევძლებდი. გავეცანი ქართველებს, რომლებიც მასთან ერთად ქირაობდნენ დიდ, მაგრამ მოუწყობელ ბინას ქალაქის ცენტრში, ვიარე ქალაქის ქუჩებში და მოვინახულე ქართველთა შეკრების ადგილები, ტოტალიზატორები, ქართული რესტორნები, მოედნები, სადაც თანამემამულეები ერთმენეთს ხვდებოდნენ თავისუფალ დროს, მაგრამ შეიძლება მართალიც იყვნენ ლევანიც და სხვებიც, როცა მეუბნებოდნენ, ბოლომდე ჩვენსას ვერ გაიგებო, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი და მათი სტატუსი და, შესაბამისად, თავისუფლების ხარისხიც თვალშესაცემად განსხვავებული იყო. პოლიციელების გამოჩენაზე, რომელთაც, როგორც ჩემმა მეგზურმა მითხრა, უკვე გამოხედვით სცნობდა, ლევანი აუცილებლად უნდა გაქცეულიყო, მე კი ვიზაჩარტყმული პასპორტი მედო ჯიბეში და არანაირი ხიფათი არ მემუქრებოდა.

   თუკი, პოლიცია ვინმეს იჭერს, ამის შესახებ ყველა იგებს, თუნდაც არ იცნობდეს დაპატიმრებულს. წინა საღამოსაც, როდესაც ლევანის და მის თანამობინადრეებთან ერთად საქართველოდან გამოგზავნილ ჭაჭას ვსვამდით, ქუთაისელმა ქალბატონმა, რომელიც ამ ბინის მაცხოვრებელი ერთადერთი ქალი და დიასახლისი იყო, ამბავი მოიტანა: «დღეს გოგო დაუჭერიათ და მანქანიდან გაქცევია პოლიციელებს, მერე ბაზარში შევარდნილა ის უბედური და იქ უკვე ხალხს დაუჭერია — ქურდი გონებია.» «აქ ეგრეა, ძმაო,» — ფილოსოფიურად მეუბნება ერთ-ერთი არალეგალი, — «აქ როცა პოლიცია მოგდევს, ხალხი გიჭერს…»

   ერთ კვირაში კი, როდესაც ათენი-თბილისის თვითმფრინავში ჩავჯდები, ჩემი თვალით ვნახავ, დაპატიმრებულ და ქვეყნიდან გამოგდებულ ხალხს. ხუთ მამაკაცს და ერთ ქალს ქართული საკონსულოს თანამშრომლების თანდასწრებით ჩასვამენ თვითმფრინავში, ხელბორკილებს ახსნიან და სამშობლოს გზას გაუყენებენ… ყველანი სულ ბოლო რიგში სხედან ჩუმად და მხოლოდ ერთი, ილუმინატორთან მჯდარი წვერიანი, — ვერაფრით ისვენებს და სულ ბერძნებს აგინებს, უჯიშოებს ეძახის. საბერძნეთში ცოლი და თოთო შვილი ჰყავს დარჩენილი…

   — მოვედით, — მეუბნება ლევანი და ავტობუსიდან ჩავდივართ ლამის ტრიალ მინდორზე, — ესე უფრო მოკლეა. — ლევანი ღობეში ძვრება, მეც უკან მივყვები. მერე დიდი, ერთსართულიანი შენობისკენ მივუყვებით ბილიკს. ეს ლევანის სამსახურია — კუბოების საამქრო, სადაც მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ქართველი მუშაობს.

   ლევანი, რომელიც საქართველოში თავის სამსახურიდან ჯერ კიდევ ერთწლიან შვებულებაში იმყოფება და რომელსაც დურგლობასთან და, მით უმეტეს, კუბოს კეთებასთან, შეხება არასდროს ჰქონია, მაინც თვლის, რომ გაუმართლა. ეკონომიკურმა კრიზისმა მშენებლობების უმეტესობა გააჩერა და ქართველ მამაკაცთა უდიდესი ნაწილი უმუშევრად დატოვა (სწორედ ამის მერე განსაკუთრებით გაიზარდა კრიმინალი ქართველ მიგრანტთა შორის), თანაც მშენებლობებზე პანტა-პუნტით შავდება და სახიჩრდება ხალხი (ჩემი საბერძნეთში ყოფნის დროსაც ერთ-ერთ ქართველს დაეცა ბეტონის ფილა და წელს ქვევით მოწყვიტა — ეს ამბავიც, როგორც ყველა სხვა მსგავსი, წამში მოედო მთელ ლეგალურ და არალეგალურ დიასპორას), სასოფლო სამუშაოები კი მხოლოდ სეზონურია და ისიც ძალიან მძიმე. მართალია, ლევანი ამბობს, რომ ნელ-ნელა თვალთ აკლდება და ახალგაღვიძებულს თხუთმეტი წუთი საგნების გარჩევაც უჭირს (ამას ქიმიურ მტვერს აბრალებს), მაგრამ მაინც მისი სამუშაო სხვებს სჯობია და რაც მთავარია, სტაბილურია, რადგან ხალხი იბადება და იხოცება და ამას ვერანაირი ეკონომიკური კრიზისი ვერ შეცვლის. «თავიდან ჭირს, თორე ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. პირველად რო ბავშვის კუბო გავაკეთე, ცუდად გავხდი, მეთქი — ამას რას ვაკეთებ?!» სხვათა შორის, ლევანი მაქსიმალურად ცდილობს, რომ სიტყვა «კუბო» ნაკლებად ახსენოს და უფრო «ნივთს» უწოდებს.

   ლევანის დამქირავებელმა, როგორც ბევრმა სხვამ, ვის მშენებლობებზეც, ტავერნებში თუ კაფეებშიც მუშაობენ ქართველი მიგრანტები, მშვენივრად იცის, რომ არალეგალს აძლევს სამუშაოს. «რო გაუგონ, პრობლემა როგორ არ შეექმნება, მაგრამ აქ გამაზულია ყველაფერი. ამათ ყველგან თავისი ხალხი ჰყავთ. ვთქვათ, მოდის კომისია, წინა დღეს ვიღაცა აუცილებლად დაურეკავს და გააფრთხილებს, რო ხვალ შენთან მოდიან. ესეც იმ დღეს დაგვითხოვს და არ გამოგვაჩენს. არალეგალი მუშა ორჯერ იაფი ჯდება. დღიური ჯამაგირიც ერთი მესამედით ნაკლებია, ვიდრე ადგილობრივისთვის და «ენსიმოს» სადაზღვეო გადასახადსაც აღარ იხდის — უღირს.»

   მართლა უცნაურია საბერძნეთში ქართველ არალეგალთა ლეგალური ყოფა. საბერძნეთი არის ქვეყანა, სადაც თითქმის ყველა ელიტარულ ოჯახში, მთავრობის თითქმის ყველა წევრის ოჯახში არალეგალი ქართველი მოსამსახურე ქალი მუშაობს. თავის დროზე ჩვენმა ქალებმა ამ ბიზნესიდან ფილიპინელები გააძევეს. მე მიამბეს, რომ ამასწინათ ერთ-ერთი ბერძნული მემარცხენე პარტიის ლიდერს არალეგალური მიგრაციის თემაზე საჯარო განხილვისას გამოუცხადებია კიდეც: გულზე ხელი დავიდოთ, რომ სახლებში ყველას არალეგალი მოსამსახურეები გვყავსო. ათენში მე შევხვდი ქალბატონს, რომელიც ერთი წლის წინ ახლანდელი პრემიერ-მინისტრის პაპანდრეოს ოჯახში გასაუბრებაზე იყო ნამყოფი. «ხელფასზე ვერ მოვრიგდით, თორემ ისეთი კარგი ქალი იყო იმისი ცოლი, თვალზე ცრემლიც მოადგა, როცა მოვუყევი, რა გაჭირვებით და წვალებით ჩამოვედი საბერძნეთამდეო…» ძალიან საინტერესო და უცნაური მოსასმენი იყო, როდესაც ათენის და სალონიკის ელიტარულ უბნებში — პალეო ფსიხიკოში და პანორამაში — მომუშავე თიანელი ან ახალგორელი ქალბატონები იქაურ ელიტარულ ჭორებს ყვებოდნენ ან ტელევიზორში გამოჩენილ პოლიტიკოსზე და თუნდაც წამყვანზე იძახდნენ: — ეს ჩვენი მეზობელია, ეს სკოლაში ოროსანი იყო და სულ კლასში რჩებოდა… ერთ ახალგაზრდა ქალს შეეშალა კიდეც და გადაცემის წამყვანზე თქვა: ეს ჩვენთან ცხოვრობს წყალტუბოშიო… ეს ის მომენტი იყო «პური და შოკოლადიდან», სადაც შეიძლება გაგეღიმოს, მაგრამ სულ ცოტა ხნით. ნახევარ საათში კი, მისი წასვლის შემდეგ, ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა ქალის ისტორიას მოგიყვებიან ჩურჩულით და უკვე აღარ გაგეღიმება და კიდევ, უკვე მერამდენედ ამ ორი გრძელი კვირის მანძილზე, საკუთარ თავს მისცემ პირობას, რომ აღარასოდეს დაიწუწუნებ არაფერზე.

   საბერძნეთში ყოფნისას მე მრავალჯერ ვურჩიე საკუთარ თავს, ყველაფრისთვის უფრო მარტივად შემეხედა, რომ, იქნებ, არაფერია ტრაგიკული იმაში, თუ ღარიბი ქვეყნიდან ხალხი უფრო მდიდარში გარბის, რომ ქართველებს ჩვენი დიასპორა პრაქტიკულად (თუ არ ჩავთვლით საამაყო ქართველების პატარა ფრანგულ სათვიტომოს) ჯერ არასდროს გვქონია და ამიტომაც მეჩვენება ტრაგიკულად ის, რასაც გლობალიზაციის ეპოქაში, წესით, მარტივად უნდა უყურებდე… ალბათ, შეიძლება ესეც შეხედო. მე მაინდამაინც არ გამომივიდა. საბერძნეთის არალეგალური ქართველობა (მიგრანტთა შორის მეტი წილი სწორედ არალეგალურად იმყოფება საბერძნეთში და ამის გამო არ არსებობს არანაირი სტატისტიკაც) რაღაც განსხვავებულად მიჩუმათებული და დავიწყებულია. ის თითქოს ორმაგად არალეგალურია. ის ნამდვილად არ ეამაყება ხელისუფლებას, რადგან ლუკმა-პურის საძიებლად ქვეყნიდან გასული ამდენი ადამიანი ნამდვილად არ ებმის აყვავებული სახელმწიფოს კოსმეტიკურ იმიჯს და წასულები ხშირად ერცხვინებათ აქ დარჩენილებსაც, მათაც კი, ვინც უშუალოდ მათით საზრდოობს («შენი გამოგზავნილი ფული ჯიბეს მიწვავს, დედი!»). სტატიებში მათ «უძღებ შვილებს» უწოდებენ, კიცხავენ, მაგრამ მიგრანტთა შორის მტკიცედ გამეფებული აზრი, რომ სწორედ მათი და მათნაირების გადმორიცხული თუ გამოგზავნილი ფული ასაზრდოებს და აჭმევს ქვეყანას, არ უნდა იყოს მთლად აზრს მოკლებული. უბრალოდ, ზუსტად არავინ იცის, რამდენი ადამიანია ქვეყნის გარეთ გასული და არა მგონია, თუკი რეალური ციფრი როდესმე დასახელდა, იგი სანუგეშო აღმოჩნდეს.

   საბერძნეთში ხალხი გაჭირვებას გაექცა და მათი დიდი ნაწილი ისევ გაჭირვებაში ცხოვრობს. აქ ჩუმი ომი მიდის არსებობისთვის, აქ ბევრია კრიმინალი, ომონიის მოედანის მიმდებარე ქუჩების ჯურღმულებში, სადაც პოლიციაც კი მხოლოდ დიდ ჯგუფებად ბედავს შესვლას, ქართველ ახალგაზრდებს ათასგვარ «დურმანებზე» მიუწვდებად ხელი და სამუდამოდ იკარგებიან შიგ. 14-15 წლის გოგოები, რომლებიც ოდნავ ფეხზე დამდგარ დედებს ჩაჰყავთ, მაშინვე ოჯახებში ან კაფეებში იწყებენ მუშაობას და სწავლას სამუდამოდ ანებებენ თავს. ან არადა, საბერძნეთში სწავლა უფასოა (სახელმწიფო უნივერსტეტებშიც კი), ხოლო სკოლაში სიარულს კანონი არალეგალსაც კი ავალდებულებს. «ყველას ვეხვეწები, არ დაანებებინოთ ბავშვებს სწავლისთვის თავი,» — მეუბნება ნინო ბაჯელიძე, ჩემი იქ შეძენილი კიდევ ერთი მეგობარი, რომლის ლეგალური სტატუსიც უფლებას მაძლევს ნამდვილი სახელითა და გვარით მოვიხსენიო, — «დავდივარ და ყველას ვეხვეწები, რომ ისწავლონ ბავშვებმა — ვერ ვაჯერებ. ეგ ძაან ცუდია იმიტომ, რომ ემიგრანტების ჩემმა თაობამ ეგ გაიარა — იყო დამლაგებელი და მომავალ თაობაზეც ხო უნდა ვიზრუნოთ და გამოდის, რო უსწავლელად ისინიც დამლაგებლები გამოვლენ. შენ შვილს და მომავალ თაობას ხომ უნდა შეუწყო ხელი, რო იმანაც იგივე არ გაიაროს, რაც შენ გაიარე?» ნინოს არგუმენტებზე პასუხი სულ მარტივია — «ჩემი 15 წლის გოგო მეტს იღებს, ვიდრე საქართველოში აკადემიკოსი»… რა გინდა, რომ უთხრა? და იზრდება მომავალი თაობა, რომელსაც წინასწარ აქვს შანსი წართმეული, რომ წინ წაიწიოს და რაღაცას საკუთარ მშობელზე მეტს მიაღწიოს უცხო ქვეყანაში, სადაც ცხოვრება მოუწევს. რადგან მიუხედავად ყველა ქართველის დაპირებისა, რომ აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში, ალბათ, მაინც ძალიან ბევრი დარჩება…

   საბერძნეთიდან მე დაღლილი და დაფიქრებული დავბრუნდი, აი, «დაგრუზულს» რო იტყვიან თბილისში — ეგეთი. თან მომყვებოდა ბევრი ნანახი და უამრავი გაგონილი ამბავი და თითქმის ყველა მძიმე და მუქი, მაგრამ იყო ერთი რამ, ასევე ჩასაფიქრებელი — მიუხედავად ამ სიმუქისა, მე შემხვდა ძალიან ბევრი ღირსეული, მშრომელი ადამიანი, რომლებიც გაჭირვებას არათუ გაეტეხა ან გაებოროტებინა, უფრო მნიშვნელოვანი და საკუთარ თავში ღრმად მაცქერალი გაეხადა. მათთან ურთიერთობამ შემახსენა სულ მარტივი ჭეშმარიტებები, რომ აუცილებელია იყო თვითკმარი, რომ არ უნდა გაბოროტდე, რომ უნდა შეგეძლოს გაიხარო დღევანდელი დღით, შვილებით, ოჯახით ან თუნდაც ალალი შრომით ნაშოვნი ლუკმა-პურით. ამ შეხსენებისთვის ამ ხალხს მადლობა მინდა ვუთხრა და ეს წერილიც მათ მივუძღვნა…

   — შენ, შენ რას აპირებ? — ვეკითხები ლევანს.

   — მე ჯერ აქა ვარ, ერთწლიანი შვებულება დეკემბერში მითავდება. ალბათ, ერთი წელი კიდე დავრჩები, მერე ვნახოთ. ეგეთ სამსახურს საქართველოში კიდე ვიშოვი. ჩემი ბიჭი მინდა ჩამოვიყვანო, ფეხბურთს თამაშობს და იქნება აქ მივხედო. თან ჩემზე მაღალია, იმ დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელს ვუსმენდი და მაღალი ფეხბურთელების დეფიციტიაო. ვნახოთ, იქნება გამოვიდეს რამე…

P.S. ნანა ათენში ქართული კულტურის სახლში გავიცანი. კონცერტის მერე ოფიციალური სადილი იყო. მე გარეთ, ვერანდაზე ვსვამდი ახლადგაცნობილ ქართველებთან ერთად — იქ უფრო მომეწონა. ჩასვლიდან მეორე თუ მესამე დღეს ხდებოდა ეს ამბავი. რაზე უნდა გველაპარაკა? უფრო ისინი ლაპარაკობდნენ, მე ვუსმენდი. თელაველი თელავს იხსენებდა, პლეხანოველი — პლეხანოვს და ქუთაისელი — ქუთაისს. ყველა იმას ყვებოდა, რაც ენატრებოდა. ყველაფერი ავურ-დავურიეთ, მაგრა დავთვერი. მერე მეც ავლაპარაკდი. მე მეგონა, ნანამაც დალია, მეორე შეხვედრაზეღა მივხვდი, რომ უბრალოდ ეგეთი იყო — თითქოს ძალიან ლაღი და თამამი, თან ერთიანად დაძაბული — ზამბარასავით. ნანას ერთი წლის უნახავი შვილები და თბილისში თავისი სკოლა ენატრებოდა, სადაც დაწყებით კლასებს ასწავლიდა, კიდევ, ერთი ბერძნული ფრაზა ჰქონდა ამოჩემებული: «ოჰი, ოჰი, პედი მუ!» სულ ამას იძახდა, ეტყოდი რამეს, ხელს ჩაიქნევდა და ამას გეტყოდა, სერიოზულად არ გპასუხობდა, თან ეშმაკები ჰყავდა შავ თვალებში. როცა ინტერვიუზე შევუთანხმდი და მისი ნომერი ჩავიწერე, ასევე ჩავწერე ტელეფონში — ნანა ოჰიპედიმუ.

   მეორე დღეს სხვას ვკითხე: რას ნიშნავს-მეთქი და «არა, ჩემო პატარაო!» — მიპასუხეს. მაშინ ეს მომეწონა. სალონიკიდან ათენში დაბრუნებულმა კიდევ მოვინახულე კულტურის სახლი, სადაც ნანა კვირაობით ქართველ ბავშვებს ასწავლიდა, მერე მასთან ინტერვიუც ჩავწერე, უფრო კი მშრალი პასუხები კითხვარის შეკითხვებზე. მერე ისევ დავლიეთ — ოღონდ ცოტა. ბევრი ვილაპარაკეთ, იქ სხვებიც იყვნენ, რომლებსაც ნანას თითქოს მარტივად ნაამბობი ისტორია შეიძლება უკვე გაგონილიც ჰქონდათ — მოტაცება, გათხოვება თექვსმეტის წლის ასაკში, სროლაში დაღუპული ქმარი და ოცი წლის ასაკში ორი ბავშვით დაქვრივება. ახლა გოგოები 14 და 15 წლისები არიან, ძალიან ლამაზები (ნანა თვითონაც ლამაზია), მეზობლები სულ მირეკავენ აქ და ჩემს შვილებს მიქებენ — უნდა ნახო სახლიდან რომ გამოდიან, რა ლამაზები არიანო. სულ მიჯერებენ ყველაფერს. გუშინ დამირეკეს და კინოში წასვლის ნებართვა მთხოვეს… აი, იმათ ვუსურვებდი, რომ მარტო ტურისტებად ჩამოსულიყვნენ საბერძნეთში…

   მერე ნანა წავიდა, ცარიელი «ლეპ-ტოპის» ჩანთა გადაიკიდა, რომ უფრო პრეზენტაბელური ყოფილიყო და პოლიციას არ გაეჩერებინა გზაში. წავიდა ოჯახში, სადაც სხვის ბავშვს ზრდიდა და იმ სიტყვებით ეფერებოდა, საკუთარი შვილებისთვის რომ უნდა ეთქვა:

   — ოჰი, ოჰი, პედი მუ — არა, არა, ჩემი პატარავ…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button