იმანუელ კანტი – Immanuel Kant
იმანუელ კანტი დაიბადა 1724 წლის 24 აპრილს.
კანტის ფილოსოფიური საქმიანობა ორ პერიოდად იყოფა: წინაკრიტიკულ (1770 წლამდე) და კრიტიკულ პერიოდებად. თავდაპირველად კანტი ფიზიკისა და ასტრონომიის ზოგადი პრინციპებით დაინტერესდა. ნიუტონით გატაცებულმა მისი გავლენით ჩამოააყალიბა ცნობილი ჰიპოთეზა პრიმიტიული ნისლოვანებიდან სამყაროთა ჩამოყალიბების შესახებ. შემდგომ ლაპლასის მიერ გავრცობილი ეს ჰიპოთეზა კანტ-ლაპლასის ჰიპოთეზის სახელით არის ცნობილი და შესულია კანტის 1755 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ბუნების უნივერსალური ისტორია და ცათა თეორია“. ამ პერიოდში კანტი ვოლფის რაციონალისტურ ფილოსოფიას იზიარებს და დიდ იმედებს ამყარებს ადამიანის გონების შესაძლებლობაზე, ჩასწვდეს რეალობას (დოგმატიზმი).
კანტის აზროვნების კრიტიკული მიმართულება იწყება 1770 წელს შექმნილი შრომით de mundi sensibilis atque intelligibilis forma et principiis. კანტის მთავარ შრომად „წმინდა გონების კრიტიკა“ ითვლება, რომელიც 1781 წელს გამოქვეყნდა და 11 წლის ინტენსიური მუშაობის შედეგს წარმოადგენს. შრომა ადამიანის ცოდნის შესაძლებლობებსა და საზღვრებს ეხება.
თავისი შედევრის, ამ ღრმა, მაგრამ ბუნდოვანი ნაშრომის, შედეგების წვდომის გასაადვილებლად კანტი 1783 წელს აქვეყნებს ნაშრომს „პროლეგომენები ნებისმიერი მომავალი მეტაფიზიკისათვის“.კანტის შემდგომ თანამედროვე ფილოსოფიაში მიმართულებები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: ესაა იდეალიზმი, სპირიტუალიზმი და პოზიტივიზმი. იდეალიზმს ზოგადად ახასიათებს სულის შემოქმედებითობის, ანუ შემოქმედი ტრანსცენდენტალურობის კანტისეული პრინციპის განვითარება, ამ მხრივ იდეალიზმი გერმანულ რომანტიზმს ეთანხმება. სპირიტუალიზმი, მიუხედავად კანტის ცალკეულ მიგნებათა გამოყენებისა, კანტიანელობას უპირისპირებს თეორიულ დოქტრინას, რომელიც სასრულ რეალობაზე ამაღლებულ უმაღლეს ტრანსცენდენტალურ სულსა და მრავალ სასრულ სულს ამკვიდრებს. პოზიტივიზმი ემპირისტულ ტრადიციას ემხრობა და თანამედროვე მეცნიერების პროგრესს იყენებს, მაგრამ, ამასთან იღებს და ავითარებს გამოცდილების, როგორც კონსტატაციით მიღებული წმინდა ფაქტის, გადაულახაობის კანტისეულ პრინციპს.
ბერლინის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ 1784წ. გამოაქვეყნა მორიგი საპრემიო კითხვა: რა არის განმანათლებლობა? მრავალ პასუხთა შორის იმთავითვე გამოიკვეთა დიდი გერმანელი ფილოსოფოსის, ი. კანტის პოზიცია: განმანათლებლობა არის ადამიანის გამოსვლა არასრულწლოვანებიდან, ანუ გაბედულება სხვისი ზედამხედველობის გარეშე გამოიყენოს საკუთარი გონება, საკუთარი განსჯა და დაუჯეროს მას. იგი გაბედულებაა, რადგან მიღებული დასკვნები, შეიძლება არა მარტო ტრადიციას და არსებულ პოლიტიკას, არამედ, თავად ღმერთის არსებობის წინააღმდეგ იყოს მიმართული. მართლაც განმანათლებელთა შორის მორწმუნეთა გვერდით, ბევრი იყო სკეპტიკოსი, რომელიც ღმერთის არსებობას საეჭვოდ მიიჩნევდა და ათეისტიც, რომელიც „ღმერთის პირადი მტრის“ სახელს იმსახურებდა. მაგრამ კანტი არ იყო ათეისტი, თუმცა საეკლესიო რიტუალებს არ ასრულებდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ ათეისტი, თუ იგი გულწრფელი იქნება, მივა ღმერთის არსებობის აღიარებამდე, რადგან ეს უადვილებს ადამიანს მის წინაშე მდგარი ურთულესი მსოფლმხედველობრივი პრობლემების გადაჭრას, უნარჩუნებს იმედს, მაგრამ ეს რწმენის სფეროა და იქ ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი გზა აირჩიოს, ოღონდ ისე, რომ სხვა ადამიანის უფლებებს და ღირებულებას არ შეეხოს. ყველა ადამიანი შეუცვლელი, თავისთავადი ღირებულების მქონეა.
1788 წელს გამოდის მისი ნაშრომი „პრაქტიკული გონების კრიტიკა“, ხოლო 1790 წელს „მსჯელობის უნარის კრიტიკა“.
გარდაიცვალა 1804 წლის 12 თებერვალს
ლიტერატურა: ფილოსოფიის ისტორია ტ.II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] – [თბ., 2008]