ლიტერატურაპოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ჩვენ

უცხო ვინმე არ გეგონოთ,
მე ვარ რატი რატიშვილი,
ათი შვილი ცოცხალი მყავს,
ასი შვილის შვილისშვილი.

მათში სულ ყველაზე უმცროსს
ჩემი სახელი აქვს: რატი,
მე ასი წლის მოხუცი ვარ,
მას წელს შეუსრულდა ათი.

როცა ვკითხავ: „ოცი წელი,
მიმდინარე წლებს რომ ერთვის,
ვისთვის იყო მეომარი?“
ბავშვი მიპასუხებს: – „ჩვენთვის!“

შემდეგ ვკითხავ: „ამ დროშებით
ამ ვარდებით მონაფენი
დღე ვისია დღევანდელი?“
ბავშვი მიპასუხებს: – „ჩვენი!“

ბოლოს ვკითხავ: „მომავალი
საქართველოს შვება-ლხენა
ვინ იგრძნოს და უზრუნველყოს?“
ბავშვი მიპასუხებს: – „ჩვენა!“

ასეც არის! ამ ოც წელში,
რაც ჩვენში გზა გაიკაფა,
მსგავსზე ფიქრსაც ვერ ბედავდა
ჩვენი პაპის – პაპისპაპა.

მაშ, მრავალი გამარჯვების
წინ გვიძღოდეს, ჩემო რატი,
ოცჯერ ოცი, ოცჯერ ასი
და ათასი წელიწადი!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button