ლიტერატურამოთხრობასხვადასხვა

გიორგი ბუნდოვანი – ორიოდე სიტყვით შოთა იათაშვილის პოეზიის შესახებ

მე არასოდეს დამიწერია კრიტიკული წერილი, ეს ჩემს საქმედ არც მიმაჩნია, მაგრამ ამჯერად გადავწყვიტე აზრი გამოვთქვა ჩემი თაობის პოეტის, შოთა იათაშვილის შემოქმედებაზე. ამის მიზეზი, პირდაპირ ვაცხადებ, ის არის, რომ თავის კრიტიკული წერილების წიგნში ”დალაგება” (რომელიც სულ ახლახან ”საბათი” დაჯილდოვდა, რასაც გულწრფელად ვულოცავ შოთას!!) იგი ჩემს პოეზიას არც თუ ისე სერიოზულ შეფასებას აძლევს და, ჩემის აზრით, საკმაოდ ზედაპირულადაც განიხილავს. აქვე დავამატებდი, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და მე წლების განმავლობაში ვგრძნობ მისგან ამგვარ დამოკიდებულებას ჩემი შემოქმედებისადმი!

გარდა ამისა, წლებია უკვე, რაც ვხედავ, რომ მას აშკარად ეხამუშება, ერთ დროს რომ ”ანომალიური პოეზიის” კრებულის ერთ-ერთი ავტორი იყო (უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთობლივი პოეტური კრებული გახლდათ-”ქართველ პოეტთა ორდენ – ”ქრონოფაგების” რიგით მეორე წიგნი!) ჩემთან და ზურაბ რთველიაშვილთან ერთად.
იმ კრებულში შოთა იათაშვილის ფსევდონიმი გახლდათ ”მეტამორფოზული”, ხოლო ზურაბ რთველიაშვილისა-”ქაოსური”.

როდესაც შოთა აცხადებს, რომ ჩემი ლექსები ”ავტორივით ბუნდოვანია”, მეც მაქვს უფლება, მისი ლექსები მისსავე პიროვნებას მივუსადაგო.

ჩემის ღრმა რწმენით, ყველა პოეტი თავის შინაგან არსებას გამოხატავს ლექსებში. თუ ის არის ბუნებით მეამბოხე, შეურიგებელი, ნონკონФორმისტი, დესტრუქციული თუ ნევროზული განწყობის მქონე, ეს აისახება კიდეც მის შემოქმედებაში. ხოლო თუ მისი ბუნება შემგუებლური, დროის მოთხოვნებისადმი ანგარიშის გამწევი, ანუ კონФორმისტული და კონიუნქტურისადმი მიდრეკილია, ეს უსათუოდ დაეტყობა მის შემოქმედებასაც. ერთსაც ვიტყვი: კონიუნქტურა მხოლოდ საბჭოთა პერიოდის ხელოვნებას როდი ახასიათებდა. დღევანდელობასაც აქვს თავისი მოდური (სნობისტური) მოთხოვნები და ხელოვანის კონიუნქტურულობა სწორედ ამ მოთხოვნებისადმი დაქვემდებარებაში იჩენს თავს. ეს ტენდენცია დღეს, ამ რეალობაში განსაკუთრებით გამოიკვეთა ხელოვნების ყველა დარგში!

”ანომალიური პოეზიის” ავტორთა სამეულიდან მხოლოდ მე შევინარჩუნე ფსევდონიმი, გამიზნულად კი არა, არამედ ეს ფსევდონიმი სისხლხორცეულად მომერგო, ამას სხვებიც აღნიშნავენ! დანარჩენმა ორმა პოეტმა კი უარყვეს თავიანთი ფსევდონიმები და საკუთარ წიგნებსა თუ პუბლიკაციებს ნამდვილ გვარებს აწერენ. ასე რომ, ”მე იგივე ვარ მარად და მარად”, არ ვემორჩილები ”ასაკისმიერ დაბრძენებას”და იმ ყმაწვილურ, წრფელ მუხტს ვინარჩუნებ, ”ანომალიური პოეზიის” და ”ქრონოფაგების” პერიოდში რომ მქონდა, თუმცა ჩემი წერის სტილი მას შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა! სხვებს კი ალბათ ჰგონიათ, რომ ”გაიზარდნენ” და ”ჭაბუკური ცდომილებები” უკან მოიტოვეს. შევახსენებ მათ, რომ ლირიკოსისთვის ხშირად ადრეული ახალგაზრდობის წლებია გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შემოქმედებითი თვალსაზრისით: ბარათაშვილმა ”შემოღამება მთაწმინდაზედ” 17 წლის ასაკში დაწერა (პირველი ვარიანტი), გალაკტიონმა ”ლურჯა ცხენები”-22 წლის ასაკში; რემბომ 19 წლისამ საერთოდ დაანება თავი პოეტობას, მაგრამ მაინც მიაღწია იმას, რომ გენიოსთა რიგებში ჩამდგარიყო…

კიდევ ერთი რამ: მე საგანგებოდ ”ავანგარდისტობას” არასოდეს ვიჩემებდი, ვწერდი ისე, როგორც ჩემი შინაგანი განწყობა მკარნახობდა, ამიტომ რაიმე სტილის თუ მიმდინარეობის არჩევა არც მიცდია, ზოგ-ზოგებისაგან განსხვავებით. არასოდეს მიფიქრია, ვერლიბრის ფორმა უფრო ”მომგებიანად” წარმომაჩენდა, თუ კონვენციური ლექსი. სტილების და მიმდინარეობების ამ ქაოსურ სამყაროში, მეტამორფოზული ლავირება აწ და მარადის სხვებისთვის დამითმია!

უშუალოდ შოთა იათაშვილს რაც შეეხება: მისი ფლეგმატური, რაღაცნაირად მოქანცული თუ უენერგიო ბუნება ისევე აირეკლება მის ნაწარმოებებში, როგორც ჩემს ლექსებში ჩანს ჩემი გაუწონასწორებელი, ბუნდოვანი, ფეთქებადი ენერგიით სავსე ხასიათი.

მკითხველის გემოვნების საქმეა, როგორი ტიპის შემოქმედებით პროდუქტს უფრო გაითავისებს და მიიღებს!

მე პირადად, თუ ვინმე მკითხავს, შოთა იათაშვილს უფრო მეტად პროზაიკოსად ვთვლი, ვიდრე პოეტად, ან კრიტიკოსად! ვიმეორებ: ეს მე მიმაჩნია ასე და ჩემს აზრს არავის ვახვევ თავს!

P.S. როდესაც შოთა იათაშვილი იყო ჯერ გაზეთის, შემდეგ კი ჟურნალ-”ალტერნატივის” რედაქტორი, მან არაერთ ნიჭიერ შემოქმედს გაუხსნა გზა, ეს დასაფასებელი ფაქტია! მაგრამ ასევე არაერთ ნიჭიერს რატომღაც უარი უთხრა პუბლიკაციებზე, რითაც კინაღამ წერის სურვილი დააკარგინა მათ. შეგნებულად არ ვასახელებ ამ ადამიანებს!

პატივისცემით და სიყვარულით – გიორგი, უაღრესად ბუნდოვანი!

15.07.2011

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button