პოეზია

ილია ჭავჭავაძე – დამაკვირდი

I
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, –
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

II
სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევასა:
სულგრძელებითა ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა.

III
ვაჟკაცთ ცრემლსა რად უძრახვენ?
რკინაც სტყდება, როს სცემს გრდემლი…
კაცთ და პირუტყვთ გასარჩევად
ღმერთმა შექმნა მარტო ცრემლი.

IV
წუთის-სოფელი ასეა:
ღამე დღეს უთენებია.
რაც მტრობას დაუქცევია –
სიყვარულს უშენებია.

V
ხმალი იმოდენს ვერას იქმს
მრისხანე და ძლიერიო,
რასაც იქმს მშვიდობიანი
კალმის პატარა წვერიო.

VI
შუბი დიდია და მძლავრი,
სისხლმღვრელი, სისხლის მსმელია,
წყნარი, პაწია ნემსი კი
შიშველ-ტიტველთა მცმელია.

VII
არა, არ ვუქებ ვაჟკაცსა
კაცთა მუსრვას და ომსაო!..
ვაჟკაც იგია, ვინც მართალს
ეტყვის ქვეყანას მცდომსაო;
ვინც არ შეუდრკა მრავალსა,
ხშირად მართლისთვის მწყრომსაო,
ვინც კრავს უმანკოს ეკრძალვის
და პირში უდგა ლომსაო.

VIII
მადლმა სთქვა: წუთის-სოფელში
ყოფნა, ვაი, რა ძნელია!
ძალი ჰძალოვნობს, ჰბატონობს,
მე გული გადამელია;
საცა კი შევხვდი, დამძლია,
ვერ შევუბრუნე ხელია…
მართალი უთქვამს, ვინცა სთქვა:
„ძალა აღმართის მხვნელია“.

IX
თუ სახელის შოვნა გინდა,
დღეს ისეთი ნერგი დარგე,
რომ ხვალემა მადლობით სთქვას:
ნანერგითა შენით მარგე.

X
ვაჟკაცად იმას არ ვაქებ,
ვინცა სისხლისა მღვრელია,
ვაჟკაცად იგი მიქია,
ვინცა უბედურთ მხსნელია.

XI
ჭკუამ სთქვა: წუთის-სოფელსა
აღმართი მე ვახვნევინე,
თესლი მოვკრიბე და ხნულში
დავთესე, დავაბნევინე,
უღონოს ღონე მე მივეც,
ხელი მე გავაქნევინე.
გულმა სთქვა: ჭკუავ, მართალ ხარ,
და ზოგიც მე მათქმევინე!
შენი ნახნავის გორახი
ფარცხით მე მომაფშვნეტინე;
ნაგოლვი, მშრალი ბელტები
ცრემლით მე მომარწყვევინე;
შენი ნათესი, ნანერგი
სისხლის ღვრით გამაზდევინე;
შენსა ჯეჯილში, ყანაში
ღვარძლი მე ამარჩევინე;
ნაამაგარი ძნად შევკარ,
ზვინად მე დამადგმევინე…
ვკვნეს, რომ ერგოს ყველას სწორად,
და შენ ეს ვერ გაქმნევინე, –
არ იქმნა, ჭკუავ, მადლის გზა
მე შენ ვერ დაგაქნევინე.

XII
ამოწვდილს ხმალსა მტრისასა
წინ მიაგებე ფარიო;
დროზედ ნახმარი ფარიცა
იგივე ხმალი არიო.

XIII
პატიოსანთ მტერთა შორის
მოციქული ნამუსია.

XIV
გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ
კაცს შენზედ შურით მწდომსაო!..
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო,
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button