მაია გესლაიძე – პოლიტიკა და ზნეობა (ნიკოლო მაკიაველი)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო კურსის “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I” სტუდენტი
„ამბობენ,რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა,
მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები,
რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველ
უძველეს პროფესიასთან.“
(უ. ჩერჩილი)
„პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე. ბინძურები
შეიძლება იყვნენ ის ადამიანები,რომლებიც პოლიტიკით
არიან დაკავებულნი. მე მხოლოდ იმას ვუშვებ, რომ ადამიანების
მოღვაწეობის ეს სფერო უფრო მეტად უბიძგებს ადამიანს
სიბინძურისკენ, ვიდრე სხვა საქმიანობა…“
(ვაცლავ ჰაველი)
არის თუ არა პოლიტიკა ზნეობრივი?! – ეს არის რიტორიკული შეკითხვა, რომელზეც უკვე საუკუნეებია მსჯელობენ, თუმცა დღემდე ცალსახა პასუხი არ არსებობს. არსებობენ ადამიანები,რომლებიც თვლიან, რომ შესაძლებელია პოლიტიკაში ზნეობრიობის დაცვა, (მაგ.:ვაცლავ ჰაველი) და პირიქით ადამიანები, რომლებიც შეუძლებლად მიიჩნევენ პოლიტიკის და ზნეობის თანაარსებობას.
ჩვენი მსჯელობის საგანს წარმოადგენს არა რომელიმე ამ მოსაზრების მტკიცება, არამედ კონკრეტულად, ცნობილი იტალიელი მოაზროვნის ნიკოლო დი ბერნადო მაკიაველის ნაშრომის: „მთავარის“ არსის სწორად გაგება.
მაკიაველის მიერ თავის ნაშრომში გამოთქმული მოსაზრებების მცდარმა და არასწორმა განმარტებებმა გამოიწვია ის,რომ ტერმინი „მაკიაველიზმი“ პოლიტიკური ცხოვრების ბნელი და უზნეო მხარეთა განსახიერების სინონიმად იქცა.
მაკიაველს მოუხდა დაქუცმაცებულ იტალიაში მოღვაწეობა და სწორედ ეს მიაჩნდა იტალიის უბედურების მიზეზად (5; გვ.1). იგი თავისი ქვეყნის უდავოდ დიდი პატრიოტი იყო. მან კარგად შეისწავლა არსებული მდგომარეობა და შეეცადა თავის ნაშრომში წარმოედგინა იდეალური მმართველის – „მთავრის“ სახე.
მაკიაველს მიაჩნდა, რომ „პოლიტიკოსის უმაღლესი ზნეობა და მორალი არის მისი ქვეყნის ინტერესები“. ის თვლიდა, რომ მთავარი ერთს უნდა ამბობდეს და მეორეს აკეთებდეს. ’’ყოველი მთავარი უნდა ცდილობდეს, გულმოწყალე და არა სასტიკი კაცის სახელი მოიხვეჭოს, მაგრამ უთავოდ არ უნდა იყენებდეს გულმოწყალებას. ჩეზარე ბორჯიას სასტიკ კაცად თვლიდნენ, მაგრამ სწორედ თავისი სისასტიკის წყალობით დაამყარა წესრიგი. ამიტომ მთავარი არაფრად არ უნდა აგდებდეს გმობას სისასტიკის გამო, თუკი ამის წყალობით ახერხებს იმას, რომ განხეთქილებისა და განდგომის საშუალება მოუსპოს თავის ქვეშევრდომებს.“(4)
მაკიაველის აზრით, ქვეშევრდომებს მთავრის მიმართ ორი გრძნობა უნდა ჰქონდეთ – სიყვარული და შიში. პირველი სიქველეს ეფუძნება, მეორე – სისასტიკეს. თუ არჩევანის გაკეთებაა საჭირო, ჯობია მთავარი შიშს უნერგავდეს ხალხს.
როგორც ვხედავთ მაკიაველი ქადაგებს ე.წ. „ძალის მორალს“, რომელიც საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული არა მარტო მის ეპოქაში, არამედ თანამედროვე მსოფლიოშიც, თუმცა, ახლა ეს უფრო შენიღბულად ხორციელდება. (2;გვ.310)
მაკიაველი მიიჩნევდა, რომ სისასტიკე მთავარმა უნდა გამოიჩინოს დასაწყისში ერთჯერედად და ის არ უნდა გახდეს მზარდი, რათა ხალხმა ნაკლებ მტკივნეულად განიცადოს. ქველმოქმედება კი მთავარმა ნელ-ნელა უნდა გამოავლინოს, რათა ხალხმა შეძლოს უკეთ აღიქვას და შეიცნოს იგი. (1; გვ.177)
მთავრის სიბრძნის და დღეგრძელობის წყაროდ მაკიაველს მიაჩნია მისი სიძლიერე და ცბიერება: “მთავარი უნდა იყოს ლომივით ძლიერი და მელასავით ცბიერი“. ლომი იმიტომ, რომ ყველა მტერს გაუსწორდეს და მელა – ყველაზე დახვეწილ მატყუარასაც მოატყუოს. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა სიკეთეს არ დაშორდეს, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში არც ამას უნდა მოერიდოს. მაკიაველისთვის პოლიტიკაში განმსაზღვრელია არა პატიოსნება, არამედ ცბიერება. მოღვაწეობაში კი, კანონის ნაცვლად ძალაზე დამყარება, უზნეობა, გაუტანლობა, დაუნდობლობა და სისასტიკე.
სწორედ ამის გამო მიაწერენ მას ლაპიდარულ გამოთქმას: “მიზანი ამართლებს საშუალებას“, რაც სიტყვასიტყვით არ უთქვამს მაკიაველს. როგორც ცნობილი ისტორიკოსი ფ. ლომაშვილი განმარტავს: “მაკიაველის ზოგიერთი შეხედულება სწორად ვერ გაიგეს, ან განგებ ტენდენციურად განმარტეს. მათი მტკიცებით, მაკიაველი თვლიდა, რომ პოლიტიკური მიზნის მისაღწევად შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველანაირი, მათ შორის ყველაზე „ბილწი“ საშუალებებიც. (2;გვ.308)
ფ. ლომაშვილის აზრით, მაკიაველი უზნეობას კი არ ქადაგებდა, არამედ სიკეთესა და ბოროტებას შორის სწორი შეფარდების მოძებნას ცდილობდა. (2;გვ.309)
მაკიაველის ამ მოსაზრების შესახებ, ცნობილი ფილოსოფოსი კ. ბაქრაძე აღნიშნავს: “მაკიაველი, რასაკვირველია, არ თვლის, რომ ეს სისასტიკე და გულქვაობა არის სამართლიანობა, ზნეობრივი პრინციპი, მაგრამ მეფეს ეს კი არ აინტერესებს, არამედ მან არსებულ პირობებში ასეთ ზომებს უნდა მიმართოს ეროვნული აღორძინებისთვის.“ (3; გვ.47)
მაკიაველი მიმოიხილავს ბრძოლის სხვადასხვა სახეს და მიდის იმ დასკვნამდე, რომ მთავარმა უნდა შეძლოს როგორც ადამიანური (კანონის დაცვით), ისე მხეცური (ძალის გამოყენებით) ბრძოლა, რადგან მხოლოდ ერთი ბრძოლის სახით ვერავინ ვერ მიაღწევს სასურველ მიზანს.
ცხოველებიდან ლომისა და მელას გამორჩევასაც თავისი დატვირთვა აქვს. ლომს არ შეუძლია გველისგან თავდაცვა, მელას – მგლებისგან. ამიტომ მელა უნდა იყო, რომ შენიშნო გველი და ლომი, რომ მოიგერიო მგლები. (1;გვ.183)
მაკიაველს შეუძლებლად მიაჩნია, რომ მთავარი თავისი აღთქმის ერთგული იყოს, რადგან ეს შეიძლება მისთვის და მისი ქვეყნისთვის საზიანო აღმოჩნდეს. თავისი ორპირობის გასამართლებლად კი ყოველთვის იპოვის მიზეზს. პოლიტიკოსის ქმედებას მაშინ მიიჩნევს მოსაწონად, თუ მიზანი კეთილშობილური იქნება. ასეთ მიზნად კი მას ქვეყნის დამოუკიდებლობა წარმოუდგენია, შემდეგ სახელმწიფოს უშიშროება. ბოლოს კი მთავარმა უნდა შეზღუდოს თავისი მმართველობ, რათა ის ტირანიაში არ გადაიზარდოს. მაკიაველი ყველანაირ საშუალებას მიიჩნევს დასაშვებად, თუ კი ეს კეთილ მიზანს ემსახურება. მისთვის ბოროტება, როგორც საშუალება დასაშვებია, მაგრამ ბოროტება, როგორც მიზანი გაუმართლებელია.
გამოყენებული ლიტერატურა
1 შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, წ. 1, თბ. 2010
2. ფ. ლომაშვილი. ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ. 2003
3. კ. ბაქრაძე. რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. 6, თბ. 1972
4 .www.wordpress.com/2012/10/14/machiaveli/
5. http://www.scribd.com. ვაცლავ ჰაველი. ზნეობრივი პოლიტიკოსის თვალსაჩინო სახე