ანიმენარუტოსხვადასხვა

ანიმე ნარუტო – აკაცუკი

აკაცუკი (暁, ქართ. „განთიადი“) იაჰიკოს, ნაგატოსა და კონანის მიერ შექმნილი ორგანიზაცია იყო, რომლის მიზანს ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა, მათი სოფლის – ამეგაკურეს დაცვა და მსოფლიოში მშვიდობის დამყარება წარმოადგენდა. მოგვიანებით, იგი სერიების მთავარი ბოროტმოქმედებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება გახდა, რომელმაც ჯერ კუდიანი ურჩხულების დაჭერა წამოიწყო, ნაგატოს სიკვდილის შემდეგ კი – მეოთხე მსოფლიო ომი.

ანიმეს პირველ ნაწილში აკაცუკი ერთხელ გამოჩნდა, როდესაც იტაჩი უჩიჰასა და კისამე ჰოშიგაკის მეშვეობით იგი ცხრაკუდიანი ურჩხულის დაჭერას შეეცადა, მეორე ნაწილში კი იგი საყოველთაო საშიშროებად იქცა.

ისტორია
თავისი არსებობის განმავლობაში, ორგანიზაციამ სამი განსხვავებული ეტაპი განვლო.

იაჰიკოს აკაცუკი
აკაცუკის თავდაპირველი მიზანი მშვიდობისთვის ბრძოლა იყო. იგი იაჰიკოს, ნაგატოსა და კონანის მიერ, მესამე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და ამეგაკურეს შინობებით იყო დაკომპლექტებული. ნაგატოს თქმით, ამ ომმა აკაცუკის უამრავი წევრის სიცოცხლე იმსხვერპლა. გუნდმა მალევე გაითქვა სახელი, რამაც ამეგაკურეს მმართველი ჰანზო შეაშფოთა, რომელმაც კონოჰას ანბუს ლიდერი დანზოს დახმარებით მისი განადგურება გადაწყვიტა. თავდაპირველად მან აკაცუკის თანამშრომლობა შესათავაზა, მომდევნო დღეს კი კონანი გაიტაცა და ნაგატოს იაჰიკოს მოკვლა უბრძანა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მათ კონანის მოკვლით დაემუქრა. არჩევანის გაკეთება იაჰიკომ მეგობარს არ დააცადა და თავი მოიკლა. აკაცუკის განადგურება ჰანზოს არ გამოუვიდა, რადგან გარეთა გზის დემონური ქანდაკების გამოყენებით ნაგატომ მისი და ანბუს მთელი არმია ამოხოცა, მოგვიანებით კი თავად ჰანზოც მოკლა. იაჰიკოს სიკვდილმა ნაგატოს პიროვნება შეცვალა. მან თავს პეინი უწოდა და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების სხვა, უფრო სასტიკი გზა აირჩია.

პეინის აკაცუკი
იაჰიკოს სიკვდილის შემდეგ, ნაგატომ პეინის ექვსი გზა შექმნა და აკაცუკი გაქცეული ნინძებით დააკომპლექტა. ამგვარად, ერთ დროს მშვიდობისათვის მებრძოლი გუნდი კრიმინალთა დაჯგუფებად გადაიქცა. ამავე პერიოდში, ყველასგან მალულად, აკაცუკის თანამმართველი მისი ერთ-ერთი რიგითი წევრი, ტობი გახდა, რომელიც გუნდს სასორის სიკვდილის შემდეგ შეუერთდა, თუმცა იგი ნაგატოსთან მანამდეც აქტიურად თანამშრომლობდა და მასზე სრულ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ფლობდა. მათი საიდუმლო კავშირის შესახებ აკაცუკიდან მხოლოდ ზეცუმ და კონანმა იცოდნენ, რომელიც პეინის მარჯვენა ხელს წარმოადგენდა. აკაცუკიმ კუდიანი ურჩხულების დაჭერა წამოიწყო, რასაც მისი წევრების უმრავლესობის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი ჩაკრას მეშვეობით პეინს ძლევამოსილი იარაღის შექმნა სურდა, რაც, მისი აზრით, მსოფლიოს დროებით მშვიდობას მოუტანდა. მისგან მალულად, ჩრდილში მდგომი ტობი კუდიანი ურჩხულების გამოყენებით მსოფლიოს დაპყრობას გეგმავდა. მოგვიანებით, ცხრაკუდიანი ურჩხულის ხელში ჩასაგდებად პეინმა მთელი კონოჰა მიწის პირისაგან აღგავა, თუმცა ნარუტო უზუმაკიმ მისი ექვსივე გზა გაანადგურა. მან ტკივილისა და სიძულვილისგან დაბრმავებული ნაგატო გონს მოიყვანა და მიახვედრა, რომ იგი სწორ გზას იყო ამცდარი. ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკის გამოყენებით ნაგატომ მის მიერ მოკლული კონოჰას ყველა მკვიდრი გააცოცხლა, თავად კი ჩაკრას გადამეტებულად მოხმარების გამო დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვევა, რომ ამ ძიუცუს გამოყენებით ტობი მადარა უჩიჰას გაცოცხლებას აპირებდა. გაირკვევა ისიც, რომ რინნეგანი ნაგატოსთვის მადარას მიუცია და რომ აკაცუკის შექმნა მადარას გეგმის ერთ-ერთი ნაწილი ყოფილა.

პეინის აკაცუკის წევრები S-რანგის შინობები იყვნენ. წარსულში მათ შორის ოროჩიმარუც ირიცხებოდა, თუმცა გუნდი მან იტაჩი უჩიჰასთან მომხდარი ინციდენტის გამო დატოვა.

მუდმივი შტაბი ორგანიზაციას, სავარაუდოდ, არ გააჩნდა. ნაგატოს რინნეგანის წყალობით, მისი წევრები ერთმანეთს ასტრალური სხეულების მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ.

გუნდები
პეინის აკაცუკი ორკაციან გუნდებად იყო დაყოფილი. ყოველ ასეთ გუნდს განსხვავებული მისია ჰქონდა დაკისრებული. ერთადერთი ზეცუ მოქმედებდა დამოუკიდებლად და მის მოვალეობას ჯაშუშობა წარმოადგენდა. გარდა ამისა, სასკეს ტაკაც აკაცუკისთან თანამშრომლობდა.

გუნდიწარმატებით შესრულებული მისიებიმარცხით დასრულებული მისიები
პეინი და კონანიექვსკუდიანი ურჩხულის დაჭერა (პეინი)ცხრაკუდიანი ურჩხულის დაჭერა
იტაჩი უჩიჰა და კისამე ჰოშიგაკიოთხკუდიანი ურჩხულის დაჭერა (კისამე)ცხრაკუდიანი ურჩხულის დაჭერა
რვაკუდიანი ურჩხულის დაჭერა (კისამე)
სასორი და დეიდარაერთკუდიანი ურჩხულის დაჭერა (დეიდარა)ცხრაკუდიანი ურჩხულის დაჭერა (დეიდარა)
კაკუზუ და ჰიდანიორკუდიანი ურჩხულის დაჭერაცხრაკუდიანი ურჩხულის დაჭერა
დეიდარა და ტობისამკუდიანი ურჩხულის დაჭერა
ოროჩიმარუ და სასორიუცნობიაუცნობია
ტაკარვაკუდიანი ურჩხულის დაჭერა

ტობის აკაცუკი
ნაგატოს სიკვდილის შემდეგ კონანმა აკაცუკი დატოვა და ამეგაკურეს მმართველი გახდა. ორგანიზაციას სათავეში ტობი ჩაუდგა, რომელიც საკუთარი გეგმის განხორციელებას უკვე დაუფარავად შეუდგა. აკაცუკის წევრების უმრავლესობა პეინის ლიდერობის დროს დაიღუპა, ძველი წევრებისგან კი მხოლოდ ზეცუ და კისამე ჰოშიგაკი შემორჩნენ. მათ შეუერთდა კაბუტო იაკუშიც, რომელმაც რეინკარნაციის ტექნიკით ყველა დროის უძლიერეს შინობები გააცოცხლა, მანამდე კი ხუთ დიდებულ ქვეყანას ტობიმ ომი გამოუცხადა. ამ დროს მის მფლობელობაში შვიდი ცალი კუდიანი ურჩხული და გიუკისა და კურამას ჩაკრას ნაწილები იყო. მას შემდეგ, რაც კისამემ ორგანიზაციის გულისათვის თავი გასწირა, აკაცუკის რიგებში მხოლოდ ტობი და ზეცუ შემორჩნენ. მათ მხარეზე იბრძოდა ტაკაც. გარეთა გზის დემონური ქანდაკებისა და ჰაშირამა სენჯუს ძალის მეშვეობით, აკაცუკიმ თეთრი ზეცუს 100,000 კლონი შექმნა, რაც, უწმინდური მსოფლიო რეინკარნაციით გაცოცხლებულ შინობებთან ერთად, შინობთა გაერთიანებულ ძალებს დაუპირისპირა და მეოთხე მსოფლიო ომი წამოიწყო. მოგვიანებით, თეთრი ზეცუ სასკე უჩიჰამ მოკლა, შავ ზეცუს კი ჩოჯურო გაუმკლავდა. რაც შეეხება კაბუტოს, სასკესა და იტაჩი უჩიჰებთან ბრძოლისას იგი ამ უკანასკნელის გენძიუცუს ზემოქმედების ქვეშ მოექცა და იტაჩიმ უწმინდური მსოფლიო რეინკარნაციის შეჩერება შეძლო.

ჩაცმულობა
აკაცუკის წითელი ღრუბელი აკაცუკის წევრების ფორმას თავიდანვე გრძელი, შავი ფერის მოშვებული სამოსელი წარმოადგენდა, რომელსაც მაღალი საყელო ჰქონდა, სახელო კი ხელს თითქმის მთლიანად ფარავდა. მარჯვენა თვალის გასწვრივ, ვერტიკალურად, მთელ სიგრძეზე მას ერთი ცალი წითელი ზოლი დაჰყვებოდა. პეინის აკაცუკის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, იაჰიკოს აკაცუკის წევრებს წელზე ფართო ნაცრისფერი სარტყელი ეკეთათ და მასზე ვიწრო ქამარი ჰქონდათ შემორტყმული. პეინის აკაცუკის სამოსზე მკვეთრი წითელი ფერის რამდენიმე დიდი ზომის ღრუბელი იყო გამოსახული იმ ომის ნიშნად, რომელმაც ამეგაკურეს სისხლი აწვიმა. პეინის აკაცუკის ყველა წევრს ხელისა და ფეხის ფრჩხილები წითლად ჰქონდა შეღებილი. ზოგიერთი მათგანის შუბლსაკრავზე მისი სოფლის სიმბოლო გადახაზული იყო. საზოგადო თავშეყრის ადგილებში აკაცუკის წევრები კონუსის ფორმის ჩალის ქუდებს ატარებდნენ, საიდანაც უამრავი თეთრი ზონარი ეშვებოდა. ასეთ დროს მათი სახე მაღალ საყელოში იყო ჩამალული ისე, რომ მათ მხოლოდ თვალები მოუჩანდათ, ქუდის ზონრები კი მათი თავის გვერდითა და უკანა ნაწილებს ფარავდნენ. აღსანიშნავია, რომ აკაცუკის წევრები ხალხმრავალ ადგილებშიც კი აკაცუკის ფორმას ატარებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იმთავითვე მათი ვინაობის მიმანიშნებელი იყო. ტობის აკაცუკის ჩაცმის რაიმე დამახასიათებელი სტილი არ გააჩნია.

ბეჭდები
პეინის აკაცუკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ბეჭდებს ენიჭებოდა. მის ყოველ წევრს ხელის შესაბამის თითზე ერთი ცალი ასეთი ბეჭედი ეკეთა. გარეთა გზის დემონური ქანდაკების თითებზე აკაცუკის წევრების განაწილება მათ თითებზე ბეჭდების განლაგების შესაბამისად ხდებოდა. ეს ბეჭდები ერთმანეთისგან ფერითა და მათზე გამოსახული კანძის სიმბოლოებით განსხვავდებოდნენ.

თითიკანძიფერიმფლობელი
მარჯვენა ხელის ცერა თითი零 (რეი, “ნული”)მოწითალო-მონაცრისფროპეინი
მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი青 (აო, შო, “ლურჯი”, “მწვანე”)მოცისფრო-მომწვანოდეიდარა
მარჯვენა ხელის შუა თითი白 (ბია, “თეთრი”)თეთრიკონანი
მარჯვენა ხელის არა თითი朱 (შუ, “სინგურისფერი”, “ალისფერი”)წითელიიტაჩი უჩიჰა
მარჯვენა ხელის ნეკა თითი亥 (გაი, “ტახის ნიშანი”)მწვანეზეცუ
მარცხენა ხელის ნეკა თითი空 (კუ, “სიცარიელე”, “ზეცა”)მოლურჯო-მონაცრისფროოროჩიმარუ
მარცხენა ხელის არა თითი南 (ნან, “სამხრეთი”)ყვითელიკისამე ჰოშიგაკი
მარცხენა ხელის შუა თითი北 (ჰოკუ, “ჩრდილოეთი”)მუქი მწვანეკაკუზუ
მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი三 (სან, “სამი”)სტაფილოსფერიჰიდანი
მარცხენა ხელის ცერა თითი玉 (გიოკუ, “ძვირფასი ქვა”, “ბურთი”, ასევე შავი მეფე იაპონურ შახმატში)მეწამულისასორი, ტობი

წყარო
https://naruto.fandom.com

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button