ისტორიასაკითხავი

დედალე და იკარე

მთელს საბერძნეთში ათენის მკვიდრთა შორის დედალე საუკეთესო მოქანდაკედ და ხელოვნად იყო მიჩნეული. ამ დიდბუნებოვანი ხელოვნის თითოეულ უბრალო ნაწარმოებსაც კი აღტაცებაში მოჰყავდა დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი. მარმარილოს ქვებიდან გამოქანდაკებული ნაწარმოებნი მნახველთა თვალში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თითქო ცოცხალი ხორცი შეუსხამთ, ადამიანებივით სუნთქავენ, იხედებიან და მოძრაობენო. დედალეს სახელი და დიდება დღითიდღე იზრდებოდა. თითოეული ქალაქი და დაწესებულება, შორეული და მივარდნილი სოფელიც კი დიდად აფასებდა ბუნებით დაჯილდოვებულ ჭეშმარიტ ხელოვანს და თავის მოვალეობად თვლიდა შეეძინა ამ იშვიათი მოქანდაკის ხელოვნური ნაწარმოებნი. დიდებულმა და უკვე შორს სახელგანთქმულმა ხელოვანმა მოწაფედ აიყვანა თავისი დისწული ტალი, რომელსაც იგი დღითიდღე წვრთნიდა, ასწავლიდა და ამცნებდა თავის ხელოვნებას. ნიჭიერმა მოწაფემ სულ მოკლე ხანში შეითვისა მასწავლებლის ხელობა. ტალის მიერ გაკეთებულ თითოეულ ნაწარმოებს განცვიფრებაში მოჰყავდა მნახველი, რომელიც დიდ მომავალს უქადიდა ჯერ კიდევ ჭაბუკ ხელოვანს. დედალე შიშობდა, რომ ტალი თავისი ნიჭითა და შემოქმედებით სულ მოკლე ხანში დაჩრდილავდა თავისი მასწავლებლის სახელს და ამიტომ შურის თვალით დაუწყო ცქერა თავისი დისწულის ხელოვნების ასპარეზზე წარმატებას. ახალგაზრდა ხელოვანის უტყუარი ნიჭის გაფურჩქნა დედალეს მოსვენებას არ აძლევდა და ამიტომ თავისი მეტოქის თავიდან მოსაშორებლად გადაწყვიტა მისი მოკვლა. ერთხელ დედალე და ტალი ათენის სიმაგრეების მაღალ მწვერვალზე ისხდნენ და ირგვლივ მდებარე მიდამოებს ათვალიერებდნენ. ბიძა და დისწული მარტოდმარტონი ისხდნენ ამ მაღლობ ადგილას. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იყო გამეფებული. არსაიდან ხმა, არსაიდან ძახილი. ყველაფერი თითქო რაღაც საიდუმლოებას მოეცვა. შეუბრალებელმა დედალემ ამ მოხერხებულ დროს უეცრივ ხელი ჰკრა ახალგაზრდა ხელოვან ჭაბუკს და თვალუწვდენელი სიმაღლიდან ძირს ჩააგდო თავისი ნიჭიერი მოწაფე, თავისი ღვიძლი დისწული. საბრალო ტალი უსულოდ დაეცა ათენის სიმაგრეების ქვემო კალთებზე, და სამუდამოდ გამოეთხოვა წუთისოფელს ბუნებით უხვად დაჯილდოვებული ნჭიერი ხელოვანი. დედალე დაუყონებლივ ჩამოვიდა სიმაგრეების მწვერვალიდან და ფარულად შეუდგა საფლავის გათხრას, რომ ამნაირად დაემალა თავისი ბოროტმოქმედება. მაგრამ ათენელებმა ყველაფერი გაიგეს და თავის სახელოვან მოქანდაკეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს იმ ბოროტმოქმედებისათვის, რომელიც მან ასე უსირცხვილოდ ჩაიდინა. დედალე, სიკვდილით სასჯელი რომ თავიდან აეცილებინა, კუნძულ კრეტას გაიპარა, საცა იმ დროს მეფედ იყო ღმერთების მამამთავრის ზევსის და ფინიკიელთა მეფის აგენორის მშვენიერი ასულის ევროპის ვაჟიშვილი მინოსი. კუნძულ კრეტას ძლევამოსილმა მეფემ დიდის ლმობიერებით და სიყვარულით მიიღო მთელ საბერძნეთში სახელგანთქმული დიდებული მოქანდაკე და თავის მფარველობას, თავის მზრუნველობას არ აკლებდა. დედალე დიდის გულმოდგინებით შეუდგა მუშაობას და სულ მოკლე ხანში მთელი კუნძული გაამდიდრა თავისი ხელოვნური ნაწარმოებით. მეფე მინოსი დიდად აფასებდა საბერძნეთიდან გადმოხვეწილი დიდებული ხელოვანის ნიჭს და საშუალებას არ აძლევდა, რომ დედალე კუნძულ კრეტას საზღვრებს თუნდ ერთი წამით გასცილებოდა. მეფეს ჰსურდა, რომ დიდებული ხელოვანის შემოქმედებითი ნაწარმოებნი მხოლოდ და მხოლოდ მის და მისი სამეფოს კუთვნილებად დარჩენილიყო. საბერძნეთის სახელგანთქმულ ხელოვანს მეფის ასეთი თავისებურება და ძალდატანება სრულიადაც არ მოსწონდა და ამიტომ იგი დღითიდღე სასოწარკვეთილებას ეძლეოდა, აწუხებდა თავისი განმარტოებული მდგომარეობა და სულ თავის სამშობლო მხარეს დაბრუნების ოცნებაში იყო. სამშობლოში დაბრუნების სურვილი თანდათან უფრო იპყრობდა დიდბუნებოვანი ხელოვანის მთელ არსებას, იგი ვერ შერიგებოდა იმ აზრს, რომ მისი შემოქმედებითი ნიჭის ნაწარმოები მხოლოდ და მხოლოდ კუნძულ კრეტას კუთვნილებად იყო მიჩნეული, და ამიტომ სულით ობლობას, გულით მარტოობას განიცდიდა. დიდებულმა ხელოვანმა საბოლოოდ გადაწყვიტა კუნძული კრეტა სამუდამოდ დაეტოვებინა და ამრიგად თავისი ტყვეობისათვის ბოლო მოეღო. – თუ მინოსის ბრძანებით ხმელეთისა და ზღვით ჩემი მოგზაურობა აკრძალულია, ჰაერით რომ გადავფრინდე, ეს ხომ მოსახერხებელია? – სიხარულით წამოიძახა დედალემ. – დიახ, ტყვეობას შემიძლია თავი დავაღწიო მხოლოდ ჰაერში მოგზაურობით! აი ერთადერთი ჩემი მხსნელი გზა! ყველა გზა, მინოსის ბრძანებით, ჩემთვის შეკრულია. დარჩა მხოლოდ ჰაერი, ცის სივრცე, რომელზედაც მინოსის ძლევამოსილი უფლება არაა გავრცელებული. აი, ეს გზაა ჩემთვის სრულიად საიმედო, და აი, ამ მხრივ უნდა ავამოძრაო ჩემი ნიჭი და შემოქმედება, რომ უვნებლად დავაღწიო თავი კუნძულ კრეტას და მის ძლევამოსილ მეფე მინოსს, რომელიც აგრე ვიწრო ფარგლებით ზღუდავს ჩემს ხელოვნებას. ამ გადაწყვეტილების მიღებისათანავე შეუდგა დედალე მუშაობას. დიდებულმა ხელოვანმა გადაწყვიტა გამოეგონა ისეთი საფრენი მანქანა, რომ მისი საშუალებით უვნებლად გადაელახა ცის სივრცე და თავისი გულითადი მისწრაფება განეხორციელებინა. დედალემ მოაგროვა ფრთები, სელის ძაფებით შეკრა ეს ფრთები და წმინდა სანთლით გასანთლა მხრებზე მისამაგრებელი ადგილები, ფრთები ოდნავ მოღუნა და ფრინველთა ფრთების სახე მისცა. სწორედ იმ დროს, როცა დედალე ამ ახალს, ჯერ ყველასათვის სრულიად უცნობ გადასაფრენ მანქანას ამზადებდა, იქვე მამის გვერდით მხიარულად თამაშობდა მისი პატარა ვაჟიშვილი იკარე. ცნობისმოყვარე პატარა იკარე მამის მუშაობის დროს ხან ხელით იჭერდა ქარის გატაცებულ ფრთის ბუმბულს, ხან ხელით ჭყლეტდა დარბილებულ წმინდა სანთელს და ამრიგად უდარდელად ერთობოდა მამის მუშაობის დროს. დედალემ უკვე დაამთავრა გასაფრენი მანქანები. მანქანების ერთი წყვილი მარჯვედ მიიმაგრა ზურგსა და მხრებზე და წყნარად, ხელოვნური მხრების ქნევით დაიძრა დედამიწიდან. მძლავრად მოქნეულმა ხელოვნურმა მხრებმა მოაშორეს ეს დიდებული ხელოვანი დედამიწას და გააფრინეს შორს, ჰაერის თვალუწვდენელ სივრცეში. განცვიფრებით შესცქეროდა პატარა იკარე თავის საყვარელ მამას, რომელიც ცის სივრცეში უზარმაზარ ფრინველივით მოხდენილად დანავარდობდა. როცა დედალე ჰაერში დიდი ხნის ნავარდობის შემდეგ დედამიწაზე ჩამოეშვა, პატარა იკარე მამას ყელზე მოეხვია და დაჟინებით მოსთხოვა მისთვისაც გაეკეთებინა ასეთი ხელოვნური მხრები და ჰაერში მოგზაურობის დროს ისიც თან წაეყვანა. დედალე ხან უჯავრდებოდა, ხან ალერსიანად ამშვიდებდა თავის პატარა პირმშოს, მაგრამ როცა ამ გზით ვერას გახდა, დასთანხმდა მისთვისაც მოემზადებინა ხელოვნური მხრები, ხოლო ამასთანავე თავისი საყვარელი პატარა ვაჟიშვილი ასე გააფრთხილა: „ჩემო საყვარელო, ძვირფასო იკარე, მე მზადა ვარ აგისრულო ასე დაჟინებული თხოვნა! მე გადაწყვეტილი მაქვს კუნძულ კრეტადან გადავფრინდე ჩვენს სამშობლო ათენში და, რასაკვირველია, შენც თან უნდა წაგიყვანო. მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ: როცა ჩემ მიერ მომზადებულ ხელოვნურ მხრებს შემოისხამ, დიდის დაკვირვებით და სიფრთხილით უნდა იფრინო ჰაერში! ჰაერით მოგზაურობა, კარგად უნდა იცოდე, ჯერჯერობით მეტად საშიშო და სახიფათოა! გაფრთხილებ, ფრენის დროს ძლიერ ქვემოთ არ დაეშვა, თორემ ზღვის ზვირთები დაასველებენ შენს ფრთებს და ზღვაში ჩაგძირავენ, მაგრამ არც ძალიან მაღლა უნდა აფრინდე! იცოდე, რომ მზის სხივები, როცა მიუახლოვდები, დაადნობენ წმინდა სანთელს, რომლითაც ფრთები მიმაგრებულია მხრებზე, და სამუდამოდ დაიღუპები! ცის სივრცის შუა ადგილას უნდა იფრინო და არც ერთ წუთს მე არ ჩამომშორდე! გახსოვდეს ეს ჩემი დარიგება, თუ გსურს მშვიდობიანად იმგზავრო ჰაერში და უვნებლად დავაღწიოთ თავი ამ სულისშემხუთავ საზარელ კუნძულს!“ ამ სიტყვებთან ერთად დედალემ მხურვალედ ჩაიკრა გულში თავისი საყვარელი პატარა შვილი და ალერსიანად დაუკოცნა ლამაზი ტუჩები. მამის მდუღარე ცრემლები ნამივით ეპკურებოდა იკარეს პირისახეს. მაგრამ ვერც საბრალო მამა და ვერც საბრალო მისი შვილი ვერა გრძნობდნენ, რომ ეს მხურვალე ამბორი, უსაზღვროდ მოსიყვარულე მშობლის გულის სიღრმიდან ამონახეთქი, უკანასკნელი გამოსათხოვარი „მშვიდობით“ იყო. მამამ საფრენი ხელოვნური მხრები ჯერ შვილს მიუმაგრა ზურგსა და მხრებზე და შემდეგ თვითონაც მოიმარჯვა თავისი ხელოვნური მანქანა. დედალე და პატარა იკარე მსუბუქად და მოხდენილად მოწყდნენ დედამიწის ზურგიდან და მწყობრად შეცურდნენ მტრედისფერი ცის თვალუწვდენელ სივრცეში. მეთევზე, რომელსაც ანკესი თევზის დასაჭერად წყალში შორს გადაესროლა, მწყემსი, თავის სამწყესო ყავარჯენზე დაყრდნობილი, და მეგუთნე, რომელიც დედამიწის წიაღში ღრმა კვალს ავლებდა, განცვიფრებით შესცქეროდნენ ჰაერში ფრინველებივით მონავარდე მამა– შვილს და სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ცის თვალუწვდენელ სივრცეში უბრალო მოკვდავნი კი არ დაფრინავენ, არამედ თვით ყოვლად შემძლებელი ოლიმპოს მბრძანებელი ღმერთები. შორს, დიდ მანძილზე, მამა–შვილმა მარცხნივ დატოვეს კუნძულები სამოსი, დელოსი, და პაროსი, ხოლო მარჯვნივ კი ლებინფოსი და თაფლით უხვი კლიმნე. ელვის სისწრაფით მიფრინავენ შორს, შორს, სულ მაღლა, მწყობრად და მოხდენილად, ცის სივრცეში ჩვენი მოგზაურები. აი, ელადის მშვენიერი ნაპირები კიდევაც გამოჩნდა, და დედალეს სიხარულს საზღვარი არა აქვს, იგი გამალებით მიისწრაფის საყვარელი სამშობლოსაკენ თავისი საყვარელი პირმშო შვილის თანხლებით. იკარე აღტაცებაში მოდიოდა თავისი გაბედული მოგზაურობით. ამ უსაზღვრო აღტაცებამ დაავიწყებინა ახალგაზრდა მფრინავს მზრუნველი მამისა და მასწავლებლის დარიგება და გაფრთხილება. იკარემ განიზრახა ცას უფრო მიახლოვებოდა და ამიტომ უეცრივ ჩამოშორდა საყვარელ მამას და გაბედულად შეცურა ცის მახლობლივ სივრცეში. მზის მხურვალე სხივებმა პირველი მიახლოვებისთანავე დაადნეს წმინდა სანთელი, რომლითაც მიმაგრებული იყო იკარეს მხრებზე ხელოვნურად გაკეთებული საფრენი ფრთები. დედალეს პირმშო მყისვე შურდულივით დაეშვა ცის თვალუწვდენელი სივრციდან და სამუდამოდ განუტევა სული ზღვის აბობოქრებულ ზვირთებში. საბრალო მამამ, როცა უკან მოიხედა და თავისი საყვარელი შვილი მახლობლად ვერ დაინახა, შიშისაგან თავზარდაცემულმა საცოდავად შეჰყვირა: „იკარე! იკარე! ჩემო საყვარელო შვილო, სად ხარ? ხმა გამეცი, ჩემო ძვირფასო პირმშო, ჩემო მუდამჟამს გულის სიღრმიდან განუყრელო, ჩემო მარადის და ყველგან სათაყვანებელო შვილო!“ სამწუხაროდ, იკარე არსადღა ჩანდა და პასუხსაც არავინ არ აძლევდა, ხოლო ამ დროს ზღვის გააფთრებული ზვირთები ერთიმეორეს მძლავრად ეხეთქებოდნენ და ზღვის ზედაპირზე უთავბოლოდ აქანავებდნენ საბრალო იკარეს მხრებიდან ჩამოცვენილ ხელოვნურად მომზადებულ საფრენ ფრთებს. საბრალო დედალე მხოლოდ ახლა მიხვდა თავის უბედურების სამწუხარო ამბავს და თვალთაგან ცრემლები ნაკადულებრ წასკდა. ზღვის აბობოქრებული ტალღები კი ისევ მედგრად და შეუბრალებლად ეხეთქებოდნენ ერთი–მეორეს და აინუნშიაც არ მოსდიოდათ ის დიდი, უსაზღვრო მწუხარება, რომელიც გულს უკლავდა მთელს ელადაში სახელგანთქმულს დიდებულ ხელოვან – მოქანდაკეს. აბობოქრებულმა ზღვის ტალღებმა საბრალო იკარეს გვამი შორეული კუნძულის ნაპირას გარიყა. მწუხარებით აღსავსე მამამ თავისი პირმშო შვილი ამ კუნძულზე დაასაფლავა და საყვარელი შვილის სახელის აღსანიშნავად ამ შორეულ კუნძულს იკარია უწოდა. შვილის დასაფლავების შემდეგ დედალე სიცილიაში გადასახლდა. ამ კუნძულის მეფემ კოკალმა სთხოვა დიდებულ ხელოვანს სამუდამოდ სიცილიაში დარჩენილიყო და თავის მხრით დიდი დახმარება აღუთქვა. დედალემ სიამოვნებით მიიღო მეფის საპატიო წინადადება და მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება, მთელი თავისი დიდი ნიჭი სიცილიელთა საბედნიეროდ და საკეთილდღეოდ აამოძრავა. დიდებულმა ხელოვანმა სიცილიის ერთერთ თვალსაჩინო ადგილას გამართა ისეთი ხელოვნური ტბა, რომ სიცილიის მთელი მოსახლეობა აღტაცებაში მოდიოდა. დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი, ყველანი ამ თვალწარმტაცი ტბის მშვენიერებით იხიბლებოდნენ და უზომოდ აღტაცებულნი სიხარულის ცრემლებს ღვრიდნენ. ციცაბო კლდის თავზე, საცა გარეულ ნადირსაც კი უჭირდა ფეხის მოკიდება, დიდებულმა ხელოვანმა აღმართა საუცხოვო კოშკი, რომელიც მთელ კუნძულს ამაყად თავს დასცქეროდა. დიდის ხელოვნებითა და მხატვრული შემოქმედებით გამართა დედალემ კოშკის ყელამდე მიმავალი გზები. მეფე კოკალს ისე მოეწონა დიდის გემოვნებით გამართული კოშკი, რომ თავისი სასახლე ამ საუცხოვო კოშკში გამართა. დიდებულმა ხელოვანმა სიცილიაში აფროდიტე ქალღმერთის სახელობაზე ააგო მშვენიერი ტაძარი და ქალღმერთს შესწირა ისეთი ხელოვნებით მომზადებული ოქროს ფიჭა, რომ კაცს ასე ეგონებოდა თითქო ნამდვილი თაფლი გადმოღვენთსო. კუნძულ კრეტას მეფემ, მინოსმა, დედალეს მოღვაწეობის ამბავი შეიტყო და დაუყონებლივ თავისი სამხედრო ამალით გაემგზავრა სიცილიაში, რომ დიდებული ხელოვანი ისევ თავის სახელმწიფოში დაებრუნებინა. მეფე მინოსის საუბედუროდ, კოკალის ქალიშვილებმა სთხოვეს მამას მინოსის მოთხოვნა შეესრულებინა, და მართლაც, მინოსი ისე მიიღეს სასახლეში, როგორც სტუმარი. მაგრამ კოკალის ქალიშვილებმა ცბიერება იხმარეს: როცა მინოსი აბაზანას ღებულობდა, მდუღარე წყალი თავზე გადაასხეს, და მინოსი საშინელი ტანჯვით მოკვდა. ამის შემდეგ დიდებული დედალე სიკვდილამდე სიცილიაში დარჩა. დიდბუნებოვანმა ხელოვანმა მთელი სიცილია გაალამაზა და გაამშვენიერა, სიცილიელ მკვიდრთა ყოველდღიური ცხოვრება ბედნიერი და ლამაზი გახადა. სიცილია ბედნიერი, სიცილია ლამაზი და საამური კარგად გრძნობდა ხელოვნების დიდი ოსტატის უდიდეს ღვაწლს და კიდევაც ამიტომ იყო, რომ დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი მწუხარედ იცრემლებოდნენ, როცა ამ დიდბუნებოვან ხელოვანს საუკუნოდ განსასვენებელ ადგილისაკენ მიაცილებდნენ.

ელინური მითები

მოთხრობილი ალ. მიქაბერიძის მიერ

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button