
პოეზია
ილია ჭავჭავაძე – ალექსანდრე ჭავჭავაძე
Его стихов пленительная сладостъ
Пройдет веков завистливую далъ.
პუშკინი.
მისი ლექსი შვებით, ლხენით
ხან მეჯლისში მოჰფრინდება,
გულს ჩაგეკვრის, ჰლაღობს, ჰხარობს,
გამღერებს და ამღერდება;
ხან ღონდება ნაზ ქალსავით
უიმედო სიყვარულით,
ხან იფეთქებს ჭაბუკსავით
და განდევნის სევდას გულით;
ხან ბუჩქებში მიმალული
ჰზის მარტო, ვით იადონი,
შეჰყეფს სატრფოს გულსაკვდავად,
ტრფობის ისრით განაწონი;
ხან ჰრბის ველად, მარტო ჰგალობს
უდაბნოში, ვითა მწირი,
შეჰკვნესს შავ-ბედს ქვეყნისასა,
ქვეყნისათვის ანატირი;
ხან დაჰყურებს ნაღვლიანად,
დაფიქრებით გოგჩის ტბასა
და ემდურის მწვავის მოთქმით
დაუდგრომელ დროთ ბრუნვასა…