პოეზია

ილია ჭავჭავაძე – სამოცი წლისთავზე (ილიას)

”საგურამოს გზაზე მოუკლავთ ილია ჭავჭავაძე”
პ ი რ ვ ე ლ ი ც ნ ო ბ ა
1907 წელი.

– ”მე ილია ვარ. . .”
ეტლში კლდესავით
წამოდგა სახით უუკვდავესით
და გაწყდა სიტყვა:
– ”რას მოვესწარი,
როგორ დავკნინდით,
როგორ დავეცით. . .”

– ”შენ ილია ხარ,
სწორედ ისა ხარ,
დროშა წარსულის. . .”
და მგოსნის შუბლზე გამოისახა
ალმოდებული წვეთი ჯვარცმულის.

– ”შენ ილია ხარ. . .”
ცხლად და ანაზდად
მთამ მთას
ქუხილი მკერდს გაუყარა;
გასკდა არაგვთან,
გასკდა არმაზთან,
ზედაზნის მთები გადიმქუხარა.

იქ ბაზალეთთან მეხად იჭექა,
აქ მთაწმინდასთან ცრემლად ატირდა,
იქით იქუხა
უფლისციხესთან,
აქეთ იფეთქა ივრის ნაპირთან.

იქით ლიახვთან
ელვად იელვა,
აქეთ ალგეთთან ცეცხლად იალა;
იქ ქართლის ბოლოს
ლიხს გადაევლო,
აქ ყვარლის მთები გადიგრიალა.

იქ ანანურთან
კედლებს შეება,
აქეთ ქვებს შეჰყვა ნარიყალაში. . .
და მთები,
გზები,
მდინარეეები,
ქვები აქუხდა ჩვენს ქვეყანაში.

აქუხდა. . .
დაჭრილ მშობელ მხარეში,
რომ ექომ ექოს
ხმა უდასტუროს. . .
და მთებში მეხის დადგა თარეში
უგზოდ, უსაზღვროდ და უსასრულოდ –

იმ დიდ ქუხილის
დადგა თარეში,
იმ დღეს არაგვთან რომ ჩაისახა. . .
და ისმის, ისმის საქართველოში:
”შენ ილია ხარ, სწორედ ისა ხარ”.

1967

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button