ილია ჭავჭავაძე – ქვათა ღაღადი (თავი მეთერტმეტე)
ჩვენ ხომ ვნახეთ, – რა ტყუილად მოუწვევია ბ-ნ გოლმსტრამს ბ-ნი ნიკოლსკი იმის მოწმად, ვითომც იგი ამტკიცებდეს ურარტელების სომხობას. ეხლა ჩვენ ვიმოწმებთ იმავ ბ-ნ ნიკოლსკის იმაში, თუ რა ჭირვეულობას, რა თაღლითობასა და ოინბაზობას ეწევიან სომეხთა მეცნიერნი, რომ ქვათა ღაღადს იგი ათქმევინონ, რაც თითონ ჰსურთ, და ამ სახით ქვებსაც-კი, ქვებსაც თაღლითობა გააწევინონ, ტყუილი ალაპარაკონ ღა ყურები გამოგვიჭედონ „ქვები ღაღაღებენო“ მას, რასაც ჰღაღაღებენ მარტო მატყუარანი „ბაგენი მათნი ნამეტანობისაგან გულისა“.
ბ-ნ ნიკოლსკის სიტყვით, რამდენიმე ლურსმული წარწერანი უპოვნია სომეხთა ეპისკოპოსს მესროფ სუმბათიანცს. ამის თაობაზე ბ-ნი ნიკოლსკი ამბობს: სამოციან წლების დასაწყისში ბ-ნმა მესროფმა, მაშინ ჯერ კიდევ ვარდაპეტმა, ამოიკითხა მეხითარისტების წერილებში, რომ იქ, საცა ეხლა სომხები მკვიდრობენ, არის ლურსმული წარწერანი, და მოიწადინა ამათი შეკრება, რადგანაც ჰგონებია, რომ სომხების ძველისძველს ისტორიას ძალიან ასლო შეეხებიანო. ბ-ნ მესროფს, იმავე ბ-ნ ნიკოლსკის სიტყვით, ალჩუ დასჯდომია, მაგრამ იმის გამო-კი არა, რის იმედიცა ჰქონია. აღმოუჩენია ექვსი, თუ რვა წარწერა, გადაუღიათ ეს წარწერანი და გაუგზავნიათ იმ მეცნიერთათვის, რომელნიც ცნობილ არიან მკვლევარად ამგვარ წარწერებისა, სახელდობრ მორდტმანისათვის, სეისისა და მიულერისათვის. ამაო გარდამცემად ღა შუამავლად ჰყოლიათ პროფესორი პატკანოკი, რომელსაც სწამებია, რომ იგი წარწერანი სომხობის ისტორიული ნაშთია და აბა – რა თქმა უნდა – სიხარულით ფეხზე ვეღარ დადგებოდა.
ბოლოს გამოჩნდაო, ამბობს ბ-ნი ნიკოლსკი, რომ-იგი ლურსმული-წარწერანი იმ ენაზეა ნაწერნი, რომელსაც არავითარი მზგავსება არა აქვს სომხურისაო.
რა თქმა უნდა, ამ ამბავმა ცუდად უცვალა ფერი ბ-ნ მესროფსაც და პატკანოვსაც. საჭიროა ვიცოდეთ, რომ უფროს-ერთი წარწერა, ნაპოვნი ბ-ნ მესროფისაგან, აღმოჩენილია ეჩმიაძინის სამხრეთ-დასავლეთით, 25 ვერსტის მანძილზე ეჩმიაძინიდამ. იქ ერთი ქედია, სახელად „ბლური“, ამ ქედთან ძველი რაღაც ნანგრევებია და სომხები დიდი ხანია მუშტრის თვალით შესცქერიან და იძახიან, რომ სწორედ აქ იყოო ჩვენი დედა და სატახტო ქალაქი, რაღაც მითოლოგიური „არმავირი“, ცნობისმოყვარე მეცნიერებამ აქაც მიაწვდინა თავისი დალოცვილი თვალი და ხელი. აქ დაუწყეს თხრა გრაფ უვაროვის ზედამხედაობით, სინჯეს ნანგრევები, აქეთ ეცადნენ, იქით ეცადნენ, მთელი შვიდი დღე თხარეს, დი ის იპოვეს, რაც სომეხთა მეცნიერთ ჩვენის სახელის მოთხრისაგან, ესე იგი არაფერი სომხების საჩხუბარო და სანუგეშო არა აღმოაჩინეს-რა. რასაკვირველია, დაიწყეს ჭინჭყლი და ჭირვეულობა და ბ-ნმა მესროფმა და პატკანოვმა სამდურავი გაძთაცხადეს, კარგად ვერ უთხრიათ და უძიებიათო და ხელახლად მოითხოვეს იმავ ადგილების თხრა და სინჯვა.
ამისთანა დაჟინება მარტო იმით აიხსნებაო, დასძენს ბ-ნი ნიკოლსკი, რომ ჯერ შემცდარს აზრს აჰყოლიან შესახებ ამ წარწერების თვისება-ხასიათისა და გაჩენისა და მერე, – ადვილად მისახვედრია სომეხთა მეცნიერთა ატაცებული სურვილი, რომ აღმოჩენილ იყოს ძველი სატახტო ქალაქი არმენიისაო.
სჩანს, ჯიუტობით, ჭირვეულობით ლარის გატანა სომეხთა მეცნიერთა განუყრელი თვისება ყოფილა.
სჩანს, რაც „ჩოტკში“ არ მოდის, რაც-გინდ მართალი იყოს, მაინც თავისის გაყვანა უნდათ, თორემ რა გასამართლებელი საბუთია, შემცდარის აზრით გატაცებულნი არიან და ადვილად მისახვედრია რის გამო ურჩობენ და ჭირვეულობენო სომეხთა მეცნიერნიო. აშკარაა, თუ ბ-ნ ნიკოლსკიმ აქ მეტი არა სთქვა-რა ამისთანა საქციელზე, ეს მის თავდაჭერილსა და მართებულს მეტყველებას მოასწავებს და არა საქციელის სრულს დახასიათებასა და დასახელებას. ეს კიდევ არაფერი.
ბ-ნ მესროფისაგან ნაპოვნ წარწერათა შორის, ბ-ნ ნიკოლსკის სიტყვით, ერთი წარწერაა, რომელიც აღნიშნულია XV ნომრით ღა „ზახალუსად“ წოდებულ ადგილის ახლოა აღმოჩენილი. ამისი ასლი დაბეჭდილი იყო სომხურს ჟურნალს „არარატში“, რომელიც ეჩმიაძინში გამოდიოდა. ამ წარწერის გამო ბ-ნი ნიკოლსკი სწერს, რომ „აქედამ გადმოღებული ნაწერი, „არარატში“ დაბეჭდილი, ისეთი დამახინჯებულია, რომ ნიშნებიც-კი თითქმის არა ჰგვანან ვანის წარწერებს. შესაძლოა ვიგულოთ, რომ გადმომდებს განგებ სდომებია ეს ნიშნები მიამსგავსოს სახით სპარსულ აქემენიდების წარწერასაო იმ მიზეზით, რომ წარმოუდგენია ვითომც იგინო ერთნი და იგივენი არიან, ან რაიმე ნათესაური კავშირი აქვთო“ .
ესეთი ოსტატობა და ოინბაზობა არ დაეფიცებათ იმათ, ვინც ძველს ქვას აცლის ან თითონ ქვას იპარავს და ეშმაკმა იცის სადა კარგავს. ახლა იკითხავთ: რა ანგარიშია, რომ ხსენებული წარწერა გადაუმახინჯებიათ, გადაუსხვაფერებიათ? ოინბაზობა, თაღლითობა, რუსები რომ იტყვიან подлог, მართალია დიდს ოსტატობას, დიდს გაგებას და თითქმის ერთსგვარს გულადობასაც თხოულობს, მაგრამ არც იმისთანა საქებური და სასახელო ხელობაა, რომ კაცმა თავი შეიდოს, ანუ, უკეთ ვსთქვათ, იკადროს მარტო სახელისათვის, თუ სახელს სახრავიც ზედ არ მოჰყვება. მაშ საბუთი გვაქვს ვიკითხოთ რად ნდომებიათ, რომ ძველი წარწერა ასურეთის ხანასი აქემენიდების წარწერისათვის განგებ მიემსგავსებინათ, როგორც ბ-ნ ნიკოლსკის სიტყვებიდამა სჩანს.
აი რა ანგარიში უნდა ვიგულისხმოთ: წინანდელ წერილებიდამ უკვე ვიცით, – რა დიდი საბუთია მართალ მეცნიერთათვის ის გარემოება, რომ ვანის ლურსმული წარწერანი რადგანაც ეკუთვნიან აქემენიდების წინა დროს და სომხები მარტო აქემენიდების დროს მოსულან არმენიაში და მინამდე მათი ჭაჭანებაც იქ არ ყოფილა, აშკარაა, ანგარიშია სომეხთა მეცნიერთათვის დაამტკიცონ, რომ წარწერები ასურელთა დრონისანი-კი არ არიან, არამედ აქემენიდების დროინდელნი. იგი წარწერანი რომ ასურეთის ხანასი იყვნენ, ესე იგი იმ დროინდელი, როცა იმ ადგილებში, საცა იგი წარწერანი უპოვნიათ, სომხების ხსენებაც არ ყოფილა, სომხები ისე ადვილად ვერ დაიჩემებდნენ – იქ ჩვენი ისტორიაა მოთხრობილიო. და თუ აქემენიდების დროისანი აღმოჩნდებოდნენ, მაშინ ოინბაზობის და თაღლითობის ქსელი ადვილად გაიბლანდებოდა, ადვილად გაისმოდა სხვისის სახელის და ისტორიის დასაჩემებლად და იმას ვეღარ უსაბუთებდნენ გასამტყუნებლად, რომ თქვენ ჯერ სად იყავით, როცა ეს წარწერანი ქვებზე ამოუჭრიათო.
ნუთუ ეს ოინბაზობა, ეს თაღლითობა იგივე არ არის, რაც სთქვეს სომეხთა მეცნიერებზე დ.
ბაქრაძემ, ილო სერებრიაკოვმა, ლენორმანმა, რაულინსონმა, ბ-ნმა ნიკოლსკიმ და რასაც ჩვენ ამ წერილებით ვამტკიცებთ.
ყოველ ამის შემდეგ, განა აშკარა არ არის, რომ იმისთანა მეცნიერნი, როგორიც პატკანოვია, ფილოსოფოსი არწრუნია და ვიღაც ეზოვები, ხუდაბაშოვები და მთელი მათი ამქარი, არაფერს თაკილობენ ოღონდ-კი თავისი შავი გაათეთრონ და ჩვენი თეთრი გააშავონ იმისდა მიხედვით, რა დროს რა სწყურიათ, რა დროს რა უხდებათ ტანად და პირად. ამას რომ მარტო ჩვენ, ქართველები ვამბობდეთ, კიდევ არ დაიჯერებოდა, მტრობაში ჩამოგვართმევდნენ, შურით მოსდითო, იტყვიან. ლენორმანი, რაულინსონი, ბ-ნი ნიკოლსკი, ჩვენი მამადაშვილები, ან ნათელ-მირონები ხომ არ არიან, რომ ამათაც მიდგომით ლაპარაკი შესწამონ.
ბ-ნი გოლმსტრემიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ სომეხთა მეცნიერთა ფეხის ხმას აჰყოლია და ჩვენთვის, ქართველებისათვის, მღაღადებელს ქვებს სომხებისათვის აღაღადებს და დიდის ბუკითა და ნაღარით იძახის: „И Камни вопиют! Камни не лгут!..“… აქ ქვანი კი არ ჰღაღაღებენ, ქვანი მართალს ამბობენ – ხოლო ჰღაღადებენ და სტყუიან სომეხთა გაცუღლუტებულნი მეცნიერნი, ან გამეცნიერებული ცუღლუტები ეზოვები და სხვა ამისთანები. ეს რაღაც მთელი გუნდია, რომელსაც თითქო პირი შეუკრავთ, გაფიცულან, რომ ქვეყანა ატყუონ, მელა-ტურა ლომად აქციონ, ლომი კატად, და ფრთაგაცვივნულ, გაქუცულ უხეირო კრუხ-ქათამსავით წიწილები სჩეკონ არწივის ნაბუდარზედა.