პოეზია

ილია ჭავჭავაძე – რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით

ერთხელ მე და პაპაჩემი
ერთს ადგილს შევიყარენით;
ჯერ, როგორც მოგეხსენებათ,
მრავალჯერ დავამთქნარევით.
მერე ვუთხარი: – პაპაჩემო!
უწინდელი რამ გვაუწყეთ:
რით ვიდიდეთ თავი ჩვენი,
სახელი რით მოვიხვეჭეთ?
მაგალითებრ, მაშინ, როცა
მიიწურა ქართლის ბედი,
როცა მოგვიკვდა ერეკლე,
ის ჩვენის ქვეყნის იმედი, –
რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

  • შენი მტერი!.. პირღიადა
    დავრჩით და ცას შევყუროდით.
    მერე, როს მეფე გიორგი
    დაჯდა შერყეულსა ტახტზედ,
    შინ თვისტომნი აუჯანყდნენ,
    წამოასხდნენ მტრადა თავზედ, –
    რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
  • ჩვენც ერთმანეთს გულმოდგინედ
    ვწეწდით და ვიწეწებოდით.
    მერე, როცა ემაგ წეწვით
    მეფეს საქმე გავუჭირეთ
    და ქვეყანას ერთგულობა
    ჩვენი ურცხვად დავუძვირეთ –
    რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
  • რუსეთისკენ სახვეწნელად
    გავრბოდით და გამოვრბოდით.
    მერე, როცა საწყალ მეფემ
    დაგვიყენა ლეკნი მცველად, –
    თვის ქონება სრულად დასდვა
    ჩვენის ქვეყნის დასახსნელად, –
    რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
  • მადლიერნი მუთაქაზედ
    ვიწექით და ვნებივრობდით.
    მერე, როცა მოკვდა მეფე,
    აიშალნენ მეფეთ ძენი
    და ერთმანეთის შურითა
    სულ ძირს დასცეს ქართლის ბჭენი, –
    რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
  • ჩვენც ლამაზად სულ ყველასა
    თვითო-თვითოდ ვღალატობდით.
    მერე, როცა დაქსაქსულნი
    უცხო ხალხმა ხელთა გვიგდო,
    ქართვლის ბედი ბურთსავითა
    სათამაშოდ წინ გაიგდო, –
    რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
  • ჩვენც ყაბახზედ ვაჟკაცურად
    ვჯირითობდით, ვბურთაობდით!
    მერე, როცა გაგვიჭირდა
    ყოფნა უცხო ხალხის ხელში,
    როს საშველად მოწვეულმა
    წაგვიჭირა თოკი ყელში, –
    რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
  • მაშინ მივხვდით, რომ ყველანი
    ერთს ტაფაში ვიწვებოდით.
    მერე, როცა ამ წვა-დაგვამ
    დღენი ჩვენი მოგვაწბილა;
    ტანჯვა ვეღარ ავიტანეთ,
    სინიდისმაც გაგვამხილა, –
    რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
  • შერცხვენილნი და დამწვარნი
    აქა-იქა ვჩურჩულობდით.
    მერე, როცა ეგ ჩურჩული
    შეგვიტყვეს თუ შეგვამჩნიეს,
    როცა ცხვრისა ფარასავით
    მოგვკრიბეს და შეგვამწყვდიეს, –
    რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
  • ფერმიხდილნი ბეზღობაში
    ერთმანეთს ვეჯიბრებოდით.
    მერე, როცა მაგ ბეზღობით
    ზოგმა თავი გადვირჩინეთ,
    ქვეყნისათვის ზრუნვა, ფიქრი
    ჩვენ თავიდამ ავიცდინეთ, –
    რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
  • მოვყევით და სიხარულით
    ყოველდღე ვბედოვლათობდით.
    მერე, როს ბეთოვლადობით
    საქმე ხელთ არ მოდიოდა,
    რაც რამ გვქონდა, სულ გავფლანგეთ,
    არარა შემოგვდიოდა, –
    რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
  • ერთმანეთს უსინიდისოდ
    მამულებს ვეცილებოდით.
    მერე, როცა მაგ ცილობით
    ერთმანეთი ჩვენ დავღუპეთ,
    ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს
    ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, –
    რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
  • ჭკვიანურად იმ ცეცხლი წინ
    ვისხედით და ხელს ვითბობდით.
    მერე, როს ხელთ სათბობადაც
    ჩვენი სახლი აღარ ვარგდა,
    როცა დიდი და პატარა
    გაღარიბდა, გაღატაკდა, –
    რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
  • თვით შევსხედით მაღლა თაროს,
    დაბლა ყმებსა ტვინსა ვწოვდით.
    მერე, როცა ის ყმებიცა
    დროთა ბრუნვით ჩამოგვერთვნენ
    და ცხოვრების ჩვენის წყარო
    მაგ გზებითაც თითქო შესწყდნენ, –
    რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
  • მაგას, შვილო, ნუღარ მკითხავ…
    ვტიროდით, ვიხოცებოდით!..
    მერე, როცა მაგ ტირილით
    ყმები აღარ დაგვიბრუნდა
    და ყმებისა მოშორების
    გულს ტკივილი დაგივყუჩდა, –
    რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
  • რაღაც ბანკი მოვიგონეთ
    და მასზედ ვლაზღანდარობით.
    მერე, როს საშვილიშვილოს
    ბანკს უმუხთლა თქვენში ერთმა:
    ჩემთვის ბანკი რა ჭკვააო,
    არ მომცაო შვილი ღმერთმა, –
    რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
  • „Наплечо“-ბა გვასწავლეო,
    მთავრობას ვეხვეწებოდით.
    მერე, როცა… – კიდევ როცა!.. –
    აქ გამიწყრა პაპაჩვენი:
  • შემაწუხე ამდენ კითხვით,
    „პოჟოლუსტა“, დამეხსენი!
    რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?
    მას ვშვრებოდით, რომ თქვენსავით
    უსაქმოდ ვეხეტებოდით.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button