მერაბ მამარდაშვილი გასული საუკუნის ქართველი ფილოსოფოსი გორიდან
ალბათ გასული საუკუნის ქართულ ფილოსოფიურ აზრს, თუ ვინმე შეიძლება ესადაგებოდეს, ერთ-ერთი მერაბ მამარდაშვილია. ქართველი მოაზროვნე და ფილოსოფოსი, რომელიც დაიბადა ქალაქ გორში 1930 წელს.
მან დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. აღნიშნულთან დაკავშირებით მამარდაშვილი იხსენებს:
„ მე გამიტაცა კითხვის ნაკადმა, რომელიც შემთხვევით ფრანგული საკითხავი მასალა აღმოჩნდა:მონტენი, მონტესკიე, ლიბოესი, რუსო, სწორედ მათ ჩამოაყალიბეს ჩემი სიჭაბუკე.ჩემი თავი სიმარტოვეში ჩამოვაყალიბე, ფრანგული წიგნების წყალობით და არც კი ვიცოდი, რომ ჩემს გვერდით, თბილისის უნივრსიტეტში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნამყოფი იყვნენ გერმანიაში. ქართველები, რომლებიც იყვნენ გერმანიაში გაგზავნილნი ფილოსოფიის შესასწავლად და დაბრუნდნენ. მე კი ‘სიბრძნის შესასწავლად’ მოსკოვის უნივერსიტეტში გავემგზავრე და იქ ვერაფერი ვიპოვე.“
1968-1987 წლებში სამეცნიერო ჟურნალის „ვოპროსი ფილოსოფიი“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია. იგი 1987-1990 წლებში გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი, აგრეთვე იგი სხვადასხვა პერიოდულობით ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.
იგი გამოირჩეოდა, ენების შესწავლისადმი მიდრეკილებით და თავიდანვე დაეუფლა ანტიკურ, ფრანგულ და გერმანულ ფილოსოფიურ სკოლის ნააზრვებს. წერდა მხოლოდ ქართულ და რუსულ გერმანული ფილოსოფიის (განსაკუთრებით იმანუელ კანტის) აღქმის რაციონალისტურ თეორიაზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევები. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი.
2001 წლის მაისში თბილისში გაიხსნა მ. მამარდაშვილის ბიუსტი, აგრეთვე მისი ბიუსტი დგას ქალაქ გორში.
თუმცა მამარდაშვილი საქართველოში, გარკვეული წლების მანძილზე პოლიტიკურ ლექსიკონში სალანძღავ ადგილს იკავებდა, სიტყვების გამო, რომელიც მან 1989 წელს წარმოთქვა – „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას“. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოში ნაციონალური მუხტი მაღლა იწევდა, ეს სიტყვები ძალზედ მიუღებელი აღმოჩნდა, იმპერიოდის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. თუმცა დროის გასვლის შემდგომ მამარდაშვილი პიროვნების საკითხი, ნაციონალისტური ელფერიდან, ნელ ნელა რაციონალურ გააზრებაში გადადის და ხდება მისი ერთგვარი „რეაბილიტაცია“.
მერაბ მამარდაშვილი გარდაიცვალა 1990 წელს თბილისში და ბოლოს ამ ამბავს დავასრულებთ, მისი ფრაზით, რომელიც აზროვნების დასაწყის ეხება – „იმისათვის, რომ იყოს აზრი, საჭიროა სიბნელე, რომელიც აზროვნებას აიძულებს“.