დაანონსდა ელექტრომობილი მზის ბატარეებზე, რომელსაც სპეციალური დამუხტვა არ სჭირდება
ამერიკულმა საავტომობილო სტრატაპმა Aptera-მ დააანონსა ელექტრომობილი, რომელიც მზის ენერგიით იკვებება და არ საჭიროებს სპეციალურ დამუხტვას. კომპანიის პირობაა, რომ მაქსიმალური კომპლექტაციის მოდელს შეუძლია გაიაროს 1600 კმ სრულად დამუხტული აკუმულატორით.
სამსაბურავიანი ავტომობილი გათვლილია სალონში ორი მგზავრისა და შინაური ცხოველის განთავსებაზე. აღსანიშნავია, რომ საბარგული დამზადებულია კომპოზიტური მასალებისგან, რის ხარჯზე ავტომობილის წონა კომპლექტაციის მიხედვით იქნება 816-998 კილოგრამი. ელექტრომობილის სახურავი მთლიანად დაფარულია მზის ბატარეებით, რომლებიც, როგორც მწარმოებელი ამტკიცებს, დღის განმავლობაში აკუმულატორს მუხტავენ 70 კილომეტრი მანძილის გავლის სამყოფი ენერგიით. არის უსიამოვნო ნიუანსიც: მოძრაობის დროს აკუმულატორი არ იმუხტება.
საბაზისო კონფიგურაციის ელექტრომობილში განთავსებულია 25 კვტ/სთ მოცულობის ბატარეა – მისი გავლის მარაგი 400 კილომეტრს აღწევს. ძრავის სიმძლავრეა 134 ცხენის ძალა. ავტომობილს შეუძლია 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 5.5 წამში.
აგრეთვე გათვალისწინებულია 40- და 60 კვტ/სთ მოცულობის აკუმულატორის მქონე მოდელები 640 და 960 კილომეტრის გავლის მარაგით, შესაბამისად. მაქსიმალურ კონფიგურაციაში კი გამოყენებული იქნება 100 კვტ/სთ მოცულობის აკუმულატორი (1600 კმ-მდე გავლის მარაგი), 201 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავი და ოთხი წამყვანი თვალის სისტემა.
ავტომობილ Aptera-ს აქვს რთული ფორმა აეროდინამიკური წინაღობის 0.13 კოეფიციენტით. შედარებისთვის, Tesla Model 3-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 0.23-ს შეადგენს. ავტომობილის ფასი იწყება 25900 აშშ დოლარიდან და ადის 46 ათას დოლარამდე. წინასწარი შეკვეთები უკვე მიიღება, მიწოდების დაწყება 2021 წლიდან არის მოსალოდნელი.
2011 წელს კომპანიამ სცადა ბაზარზე სამსაბურავიანი ელექტრომობილის გატანა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა თავი გაკოტრებულად გამოეცხადებინა, რადგან ვერ მიიღო 150 მლნ აშშ დოლარის კრედიტი. 2019 წელს Aptera-მ ინვესტორების ძიება გამოაცხადა და ამჯერად ახალი პროექტით დაბრუნდა.