ახალი ამბებიბიზნესიტექნოლოგია

Amazon Alexa მსოფლიოს იპყრობს

ნებისმიერი ობიექტი, რომელშიც ელექტროენერგია მიედინება, იმუშავებს ხმოვან ასისტენტ Alexa-სთან. უამრავ მოწყობილობას შორის მთავარი ეფექტი მოახდინა CES-გამოფენაზე წარმოდგენილმა Audi e-tron-ის დემონსტრაციამ, რომელზეც განთავსებული იყო ხმოვან ბრძანებებთან დაკავშირებული სარეკლამო წარწერები: „Alexa, რა ვითარებაა აეროპორტამდე საცობების მხრივ?“ ან ამგვარი: „Alexa, იყიდე ჰაერის გამწმენდი ჩემი მანქანისთვის“. 

Alexa Voice Service-ის ვიცე-პრეზიდენტმა, პიტ ტომპსონმა გაამხილა Amazon-ის ციფრულ დამხმარესთან დაკავშირებული გეგმები. 

“მე ვფიქრობ ბავშვზე, რომელიც ყველა ეკრანთან მიდის და მას ეხება, რადგან ფიქრობს, რომ ეს თაჩსქრინია“ – თქვა მან, „ბავშვები მივლენ მოწყობილობებთან და დაელაპარაკებიან. და თუკი პასუხს ვერ მიიღებენ, გაუკვირდებათ და ჩათვლიან, რომ გაფუჭებულია“. 

ამგვარი ხედვის რეალიზებისთვის, Amazon-მა უნდა დაარწმუნოს მეტი ადამიანი, რომ მათ სჭირდებათ Alexa – მოწყობილობა, რომელიც დომინირებს სმარტ-დამხმარეების ბაზარზე მთელ მსოფლიოში. დღესდღეობით, ამერიკელების 32% ფლობს ამგვარ მოწყობილობებს, შედეგად – ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა Echo და Alexa-ს შექმნიდან სულ რაღაც ოთხ წელიწადში. Alexa უფრო ღრმად მიიწევს ძირითად ბაზარზე, თუმცა იგი შესაძლოა წინააღმდეგობას წააწყდეს იმ მომხმარებლების მხრიდან, რომელთაც არ სურთ მოწყობილობებთან საუბარი, ვერ ხედავენ ხმოვანი დამხმარის არსებობაში აზრს ან არ ენდობიან ტექნოკომპანიებს და ცდილობენ არ დატოვონ მიკროფონი მუდმივად ჩართული. 

უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენტები ეწევიან Amazon-ს. ზოგიერთი პროგნოზირებს, რომ Google დაიბრუნებს პირველობას. ამ დროისთვის იგი მეორე მოთამაშეა სმარტ-დამხმარეების ბაზარზე. მან მოახერხა თავისი Assistant-ით აღეჭურვა KitchenAid-ის სმარტ-დისპლეი, მულტიგაზქურა  Gourmia და სმარტ-შხაპი Moen. ყველა ეს პროდუქტი მიანიშნებს, რომ Google აგრესიულად ცდილობს სათავეში მოექცეს ხმოვან დამხმარეთა იერარქიას. 

შედარებით მცირე მოთამაშეები არიან ციფრული დამხმარეები – Bixby Samsung-სგან, Siri Apple-ისგან და Cortana – Microsoft-ისგან, თუმცა მათაც შეუძლიათ მომხმარებლები წაართვან Alexa-ს. 

ტომპსონი დადებითად რეაგირებს კონკურენტებზე: 

„შესანიშნავია იმის ნახვა – რამხელა ენერგიას, აქტიურობასა და ინვესტიციას დებს კომპანიათა უმეტესობა. ეს ზრდის მომხმარებელთა ცნობადობის დონეს, ნდობას მათი მხრიდან, ინტერესს, რომ შეიტყონ მეტი და მეტი“. 

Echo-სა და Alexa-ს მოწყობილობების ვიცე-პრეზიდენტმა, მირიამ დენიელმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს Amazon-ი აპირებს ხმოვანი დამხმარე უფრო აქტიური და ამბიციური გახადოს, ასევე უზრუნველყოს მისი მუდმივი ფუნქციონირება. 

ამის ერთ-ერთი მაგალითია Hunches –  მეგობრული შეხსენება Alexa-სგან, რომ მაგალითად როდესაც იტყვით „ძილი ნებისა“ –  შეგახსენოთ ჩაკეტოთ სახლის კარი. მეორე კონცეფციაა Alexa Guard, რომელიც გაგაფრთხილებთ, თუკი დააფიქსირებს მინის მტვრევის ან საკვამლე სიგნალიზაციის ხმას იმ დროს, როდესაც შინ არ იმყოფებით. 

კომპანია თავდაპირველად მოახდენს ახალი ფუნქციების ტესტირებას, რათა დარწმუნდეს, რომ მომხმარებლებისთვის მოსახერხებელი და სასურველია ისინი. „Alexa მოიცავს მხოლოდ იმ მოწყობილობებს, რომლებზეც მომხმარებლები თავად დართავენ ნებას“. 

რადგანაც Alexa ზრდა-განვითარებას აგრძელებს, მისთვის საჭირო იქნება უფრო მეტი და მეტი ინფორმაციის გადამუშავება მომხმარებლებზე, მათ შორისაა ადგილმდებარეობის შესახებ ცნობებიც. მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით ტომპსონმა განაცხადა: „მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება მუდამ უმნიშვნელოვანესი იყო Alexa-სთვის. ვერაფერი იმუშავებს, თუკი რაიმეს არასწორად გავაკეთებთ“. 

IHS Markit-ის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში Alexa მუშაობს 51 მილიონ სმარტ-მოწყობილობაში, Google კი – 24 მილიონზე. მაგრამ ოპერაციული სისტემა Android-ის წყალობით მოსალოდნელია, რომ 2023 წლისთვის Google გადაასწრებს Amazon-ს. რა თქმა უნდა, ოთხი წელი საკმაოდ დიდი დროა ინდუსტრიის განვითარებისთვის, ასე რომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.  


Source
overclockers.ge
ჭდეები

Related Articles

Leave a Reply

Close
Close