განხილვამუსიკა

ტაქსი – ტაქსი (1988)

post-punk

ტრეკლისტი:

  1. შენ გავხარ ნიანგს (3:30)
  2. ჩემი სახლი ჯოჯოხეთს ჰგავს (4:27)
  3. მოდიხარ ჩემთან (4:47)
  4. მე მივდივარ (5:00)
  5. შენთან ერთად (5:50)
  6. ზიზღს (3:18)
  7. ის ითხოვს ოპიუმს (5:22)
  8. ელექტროსკამზე (4;44)

შემადგენლობა:

  • დადა დადიანი – ვოკალი, ბასი
  • კახა კიკაბიძე – გიტარა
  • ირაკლი ჩარკვიანი – კლავიშები
  • ბიჭიკო ოსიპოვი – დასარტყამები

ქართული როკ-მუსიკის რეტროსპექტული შეფასებისას 86/87 წლები გადამწყვეტ წყალგამყოფად მოსჩანს. 86-ში ”ივერიამ” გამოსცა თავისი უკანასკნელი ფირფიტა, როკ-ოპერა ”არგონავტები”, რომლის ქართული ვერსიის გამოცემაც ვერ მოხერხდა და ამ ვარიანტის, როგორც გადმოცემით ვიცი, მხოლოდ ცოცხალი ვიდეოჩნაწერი არსებობს. 87-ში კი ლადო ბურდულმა და ”რეცეპტმა” თავისი პირველი სიმღერების ჩაწერა დაიწყეს და საქართველოში როკ მუსიკის ახალი, ახალი ტალღითა და პოსტ-პანკით დომინირებული ეპოქა დაიწყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო, 7-8 წლის დაგვიანებით,  მუსიკალურ ოთხმოციანებში შევიდა, ვინაიდან სპექტრის მეორე ბოლოშიც კი იტალო-პოპის პლასტიკური ჟღერადობა წამოვიდა წინ.

1988 წელს კი ”ტაქსიმ” თავისი მაგნიტოალბომი ჩაწერა. ამ ჩანაწერით დაიწყო დადა დადიანისა (ბასი, ვოკალი) და ირაკლი ჩარკვიანის(კლავიშები) მუსიკალური კარიერა. დადიანი ქართული პოსტ-პანკ სცენის ერთ-ერთ ლიდერად იქცა, ჩარკვიანზე კი არ შევჩერდები. მათ გარდა ჯგუფში უკრავდნენ კახა კიკაბიძე (გიტარა) და დრამერი ბიჭიკო ოსიპოვი (შემდგომში ”გენეტიკური კოდი”).

ეს ჩანაწერი ქართული მუსიკისათვის ნამდვილად ეპოქალურია. აქ ქართულ მუსიკას პირველად ჩამოსცილდა ყველანაირი ფორმალობა და ინტელიგენტობა, რომელიც მუსიკას ფართო მსმენელისთვის ამზადებდა. ამ მისი ადგილი დაიკავა ფარდაახსნილმა დეკადანსმა. ტრეკლისტის წაკითხვითაც სჩანს, რომ სიმღერები თემატურად და ემოციურად ერთსადაიმავე თემებს ეხება: რეალობისადმი უარყოფით დამოკიდებულებას, პირად ურთიერთობებში გამეფებულ სიცივეს, ახალგაზრდულ  მიზანთროპიზმს და გუნება-განწყობილების შეულამაზებელ, ერთობ ნეგატიურ გამოხატვას. მუსიკა თითქმის დაცლილია ყოველგვარი escapism-ისგან. ერთადერთი ნახსენები ”გაქცევის მეთოდიც”  კი ყველაზე დეკადანსურია (”ის ითხოვს ოპიუმს”). ამ ემოციური სიპირქუშის თვალსაზრისით, ეს ჩანაწერი ერთ-ერთი ყველაზე რადიკალურია ქართულ მუსიკაში – მისი ეს ასპექტი სტილის უცხოურ სტანდარტებსაც კი მოიტოვებს უკან.

მუსიკალურად აქ lo-fi, გიტარის ჟღერადობაზე ორიენტებული პოსტ-პანკია, სტილისთვის სავსებით მისაღები საშემსრულებლო დონით.  ჩანაწერის ცუდი ხარისხი მუსიკის ემოციურ სიშიშვლეს კიდევ უფრო მკაფიოს ხდის. მომენტებში კი ჩარკვიანის სინთეზატორი მოკლე, მაგრამ საინტერესო მელოდიური პასაჟებით შემოდის ხოლმე. ვოკალიც ”პანკურია”. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერები რიტმულად მაინცდამაინც სწრაფი არ არის, ჟღერადობისა და ტექსტის გამო მათგან მაინც დიდი ენერგია მოდის. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი პირველი სამი და ბოლო ორი სიმღერაა, რომლის კონკრეტული ფრაზებიც უკვე რახანია, თავიდან არ ამოდის.

საბოლოო ჯამში, ეს ქართული როკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ალბომია. მას არ აქვს პრეტენზია შედევრობაზე (სტილის მასშტაბითაც კი), მაგრამ ”ტაქსიმ” პირველმა დაიყვირა, რომ ”პაწაწინა სამოთხეში” არის ნაგვით აყროლებული სახლები, ”რომელიც ჯოჯოხეთს ჰგავს”; რომ ”საქართველოს ლამაზების” გვერდით არის ხალხი, რომელიც ”ჰგავს ნიანგს”, თანმდევი ფსიქოლოგიური კომპლექსებით; რომ თმის გაზრდის და საყურის გაკეთებისთვის შეიძლება “ელექტროსკამზე” დაგსვან. ამ ჩანაწერმა დასაბამი და მაგალითი მისცა სპეფიციკურად ქართულ პანკ-ესთეტიკას, მახასიათებელი სოციალური ნიუანსებითა და კომენტარებით.

ალბომის სუფთა მუსიკალური ღირებულებისა და ისტორიული მნიშნველობის გათვალისწინებით, ჩემი შეფასებაა: 8.5 / 10.

გადმოსაწერი ბმულიhttp://www.mediafire.com/?exiqixl3gil4ytb

Source
georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button