ლიტერატურაპოეზიასაკითხავი

ილია ჭავჭავაძე – ქართვლის დედა

გაგვიძეღ, ბერო მინდიავ,
მუხლი მაიბი მგლისაო,
გაიყოლიე უმცროსნი,
ვისაც თავი აქვს ცდისაო.
ხალხური სიმღერა.

ვუძღვნი პეტრე ნაკაშიძეს

აჰა, იმ დროთგან ერთი სახე ამოღებული,
რომელნიც ერთად გვინატრია უცხოეთში ჩვენ,
რომელთ იმედი, ღვთიურ სხივით გაბრწყინვებული,
დღესაც გულში გვაქვს მტკიცე რჯულად, ძმაო, მე და შენ.
მყობადს ავხადე ერთი კუთხე დიდის ფარდისა
და ეს ვიხილე, — მომიტევე მე სითამამე…
ეს არს ნაყოფი აწმყოსაგან შობილ დარდისა, —
ამით მამართლე, მიიღე და ნუ განმკიცხავ მე.

    (სცენად არის ოთახი, რომლის ფანჯრებიც ქუჩას გადაჰყურებენ, ერთ მხრივ ტახტზედ ლოგინში წევს სნეული, ძალიან მისუსტებული და მოხუცებული დედა)

    დედა
    თუმცა სიცოცხლე სნეულთათვის წვალება არი,
    მაგრამ, ჰე ღმერთო, გმადლობ, ამ დღეს რომ შემასწარი,
    და აქამომდე არ მოჰკვეთე ჩემი ცხოვრება:
    ჩემი მამული, საქართველო, დღეს მიცოცხლდება!
    ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედებს,
    კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ჰფიქრობს, —
    და ეგ ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება!..
    დიდია ხალხი, როს ეს გრძნობა წინ წარუძღვება!
    ერთი შვილი მყავს, საყვარელი და სანატრელი,
    იგია მარტო თავის დედის ნუგეშმცემელი,
    იგია ჩემი სიცოცხლეი და სიხარული,
    იმითი მიდგა უძლურს ტანში უძლური სული,
    ჩემის სიბერის მისაყრდომად ისღა მშთენია, —
    მაგრამ, მამულო, წაიყვანე, დღეს ის შენია…
    (შეწუხებული ჩაფიქრდება და მცირეს ხანს შემდეგ იტყვის)
    ის დღეა დღეს, რომ მამულს ვუძღვნა ძის სიყვარული,
    ან ძეს შევწირო საყვარელი დიდი მამული…
    ამ ორის გრძნობის ბრძოლა გულმა ვით გადიხადოს?
    ძის სიყვარული თუ მამულის, — რომელი დასთმოს?..
    ეჰა, ამ დღისთვის გაგიზარდე, მამულო, შვილი,
    სიცოცხლე მივეც, რომ შეიძლოს შენთვის სიკვდილი…
    დედისერთა მყავს, მაგრამ შენთვის მე მას ვშორდები.
    ვინ იცის, შვილო, რომელს ველზედ მტრისგან მოჰკვდები?
    დამტირებელი დედა ახლოს არ გეყოლება,
    მის ცხარე ცრემლი სისხლიანს მკერდს არ გეპკურება,
    დედისა ხელით ვერ შეიხვევ განგმირულს გულსა
    და ეგრეთ შენს თავს მტლად დაუდებ შენსა მამულსა!..
    შენს სიკვდილშია ჩემი ვაიც და ნეტარებაც,
    მისთვის, რომ მე ვარ დედა შენიც და ქართვლის დედაც:
    ვით დედა შენი, იმ სიკვდილით შენით ვივაებ,
    ვით ქართვლის დედა ვინეტარებ და ვისახელებ.
    (ჩაფიქრდება და მცირეს ხანს შემდეგ)
    თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი,
    შენ ხარ ჩაგრულის, წვალებულის წმინდა საფარი,
    შენ ხარ მშვიდობა და სიმართლე ამა ქვეყნისა,
    შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთ ბუნებისა.
    მტარვალთა თქმითა ოდითვე ხარ შენ აკრძალული,
    ხე ცნობადისა, ედემს რგული, შენი ხე იყო;
    მაგრამ სამოთხეც, ყოველისფრით აღსავსე, სრული,
    პირველ კაცთათვის უშენოდა არარა იყო.
    რა განიცადეს იმათ შენთა მადლთა უხვება,
    მსწრაფლ აღგიარეს, ჰოი, ღმერთავ თაყვანებითა,
    მსწრაფლ მოგიპოვეს: ფასად მისცეს თვის უკვდავება
    და სამოთხეც სთმეს სრულის მისის ნეტარებითა.
    ეგრეთ ნაშოვნი რად წაგვერთვი მესავთა შენთა?
    რაღად ჰღვრის დღესაც შენთვის სისხლსა ადამიანი?
    რად შეიღებე კაცის სისხლით საშიშრად ჩვენდა
    და რისთვის დახვალ ამა ქვეყნად პირსისხლიანი?
    თვით ხარ მშვიდობა, უხვად მადლთა ქვეყნად მომფენი,
    მაგრამ სისხლით კი იკვლევს გზასა მძებნელი შენი!
    რად არ შენდება უსისხლოდა მისი ტაძარი,
    მისი, რომელიც თვით მშვიდობის ღვთაება არი?..

    შვილი
    (შემოდის გახარებული)
    მოვიდა დიდ ხნის სანატრელი, დედავ, ამბავი:
    ჩვენი ქვეყანა, საქართველო, გაღვიძებულა,
    მთელი კავკასი, მტერზედ რისხვით აღმომქშინავი,
    ერთისა აზრით, ერთის გრძნობით აღელვებულა.
    მომილოცნია!.. გაგვითენდა ძლივს ბნელი ღამე!..
    მაგრამ შენ სწუხხარ, თითქო ამ თქმით მე ვერ გაამე.

    დედა
    მე ვწუხვარ მარტო მასზედ, რომე ჩემს სიბერესა
    სანუგეშებლად მხოლოდ ერთი მოეცა შვილი,
    მე ვწუხვარ მასზედ, რომ ჩემს მამულს ამ ნეტარ დღესა
    მხოლოდღა ერთი შეაკვდება ჩემგან შობილი.
    ვაი, რომ ჩემის სიცოცხლისა მზე მაშინ ჩადის,
    როცა ამოდის ჩემის ქვეყნის მზეი დიადი!..
    ვაი, რომ ბინდი დღეთა ჩემთა სიკვდილს მიქადის,
    როს ჩემის ხალხის დიდებისა სჩანს განთიადი!
    ამაზედ ვწუხვარ… მაგრამ ამას რაღა ეშველოს?
    ღმერთს მარტო ერთს ვსთხოვ, მკვდარი დედა ძემ ასახელოს.

    შვილი
    როგორ? მეც მგზავნი საომრადა, დედისერთასა,
    რომ თავი დავსდო მამულისა ჩვენის სახსნელად?

    დედა
    სულზედა დიდი ცოდვა უნდა ედვას დედასა,
    რომ შვილი ამ დროს არ გაჰგზავნოს ძმათა საშველად…
    ღმერთმა გვაშოროს, შვილო ჩემო, იმა სირცხვილსა,
    რომ შენ შინ იჯდე, ოდეს სხვანი იხოცებიან,
    ვინც მამულისთვის არ იმეტებს თავისა შვილსა,
    მას შვილი თვისი, ჩემო კარგო, არ ჰყვარებიან…
    ვაჟკაცად იყავ, — ჩემი თხოვნა არის მხოლოდ ეს.

    შვილი
    არას დროს არა მყვარებიხარ ისე, როგორც დღეს,
    შენ, დედა-ჩემო!.. რასაც მნუკავ, აღგისრულდება…
    შენგან შობილი შვილი განა მხდალად მოკვდება?!
    (ისმის გარედგან ჯარების ხმაურობა, შვილი ფანჯარას მივარდება)

    დედა
    (თავის-თავად)
    არ იცი, შვილო, როგორ მიღირს მე ეს სიტყვები,
    და ვერც შეიტყობ მაგას ჩემგან, ისე მოვკვდები…
    იმ დრომდე სულსა დანაშთენსა ღონეს მოვუკრებ,
    ვიდრე საომრად, შვილო ჩემო, შენ გაგისტუმრებ,
    რომე სიკვდილმა ჩემმა უცებ არ დაგაბრკოლოს, —
    და მერე კი, ვგრძნობ: ბედი ჩემი მომიღებს ბოლოს.
    (ისმის ჯარების სიმღერა ორ-პირად)
    ”ქართველო, ხელი ხმალს იკარ,
    გათენდა დღე დიდებისა,
    თოფ-იარაღი აისხი,
    დრო მოდის გამარჯვებისა.
    მამულის დახსნის დღე არის,
    ქვეყანა გვნუკავს შველასა,
    თავისუფლების შოვნაი
    სჯობს საშოვნელსა ყველასა.
    მამულის დამხსნელს — ვაჟკაცის
    ხმალი და გული სდომია,
    ვაჟკაცის გამომჩენელიც
    მტერთან გულდაგულ ომია.
    თავისუფლების მშოვნელი
    ამ ქვეყნად მარტო თოფია,
    შინ უღლით გაქნილს მშვიდობას
    ომში სისხლის ღვრა სჯობია!
    მაშ მამულს თავი შევსწიროთ
    საშველად, გამოსახსნელად,
    თუ მისთვის დავიხოცებით,
    ჩვენ ის გვეყოფა სახელად.
    ქართველო, ხელი ხმალს იკარ,
    გათენდა დღე დიდებისა,
    თოფ-იარაღი აისხი,
    დრო მოდის გამარჯვებისა!”
    (ქუჩიდამ ისმის დედაკაცების და სოფლის პატარა ბიჭების ძახილი: ”ჯარს გაუმარჯოს, ჯარს გაუმარჯოს”, ისმის კიჟინა და ხმაურობა)

    დედა
    (აღელვებული)
    მიმიყვა, შვილო, დამანახვე ქვეყნისა მხსნელნი,
    რომ მით დავიტკბო დღენი ჩემნი უკანასკნელნი.

    (ჩამოიყვანს ლოგინიდან, დედას შეუჯდება მხრებში და მიიყვანს ფანჯარასთან)
    შვილი
    შეხე, დედილო, ამ განწირულ ყმაწვილკაცობას,
    ისე მიდიან სასიკვდილოდ, როგორც დღეობას.
    (დედა, რა დაინახავს ჯარს, ცრემლს ვერ იმაგრებს და სტირის)
    შეხედე, ხალხი რა რიგ ლოცვით ჯარსა აცილებს,
    დიდი, პატარა მხიარულობს, შენ რა გატირებს?

    დედა
    ღმერთმა კურთხევა დიდ საქმეში წინ წაგიმძღვაროთ!
    ჩვენ კი, დედებმა, ღვთის წინ უნდა ცრემლები ვღვაროთ,
    რომ ჩვენ შეგვასწროს, მამულისთვის თავდადებულნი
    კიდევ ვიხილოთ შინ მოსულნი, გამარჯვებულნი.
    მიმიყვა შვილო, ლოგინთანვე, მუხლი მეჭრება.
    (შვილს დედა უკანვე მიჰყავს)
    ვაიმე, შვილო, რამდენს დედა აუტირდება,
    რომ ვეღარ ნახავს თავის შვილსა უკანვე მოსულს!..

    შვილი
    რა ვუყოთ, თუ კი სხვა გზით შველა არა აქვს მამულს!

    (ამ დროს ერთი ცხენოსანი მოადგება ფანჯარას და გარედამ იძახის)
    ცხენოსანი
    კიაზო, წამო!.. რაღას იცდი, გვიგვიანდება,
    დრო საშურია… ჩვენს ძმებს ჩვენით მშველი აკლდება.

    შვილი
    აჰა, მოვდივარ! აბა, დედი, მოიეც გული!
    ჩემგან — მეომარს, შენგან — შვილსა ითხოვს მამული.
    (დედა გადაეხვევა შვილს და გულზედ მიიკრავს)
    მშვიდობით, დედი!.. შენ ჩემზედა ნუ დაღონდები,
    ცოცხალი მოვალ, თუ არა და ისე მოვკვდები,
    რომ ჩემს სიცოცხლეს ამჯობინო ჩემი სიკვდილი…
    ნუ სტირი, დედი! გზადა ვდგევარ, დამლოცე შვილი.

    დედა
    ვაი შენს დედას!.. მოვიდა დრო განშორებისა
    და გული მიმდის… უძლურია გული დედისა…
    მაგრამ ნუ სწუხხარ… გადამივლის… შვილო, მშორდები?!
    ვაი თუ მოკვდე და ვისგანღა დავიტირები?..
    (სტირის და უფრო მაგრად გულზედ მიიკრავს შვილს. მერე უეცრად ხელს ანებებს და ზარდაცემულსავით თვალში თვალს უყრის და მცირეს ხანს ამ ყოფით არის)

    დედა
    დედა არ გიყვარს, დედა შენი მოხუცებული?

    შვილი
    (გაოცებით)
    მერე, რომ მიყვარს?

    დედა
    (ძლივს ბედავს თქმას)
    მასთან დარჩი!

    შვილი
    მერე, მამული?

    დედა
    (თითქო ეხლა გაახსენდაო)
    მართლა, მამული!.. იგი უფრო საყვარელია,
    მაშ წადი, შვილო!.. ღმერთი იყოს შენი მხსნელია.
    მაგრამ ვიშ! მე რომ უშენოდა მარტო მოვკვდები,
    ვიღა დამმარხავს?.. წადი… წადი… ნუ გვიანდები.

    შვილი
    ეჰა, მამულო! შენის ტრფობის ძალსა ღვთიურსა
    რა დაუდგება? კლდის სიმაგრეს აძლევ უძლურსა…
    ოდეს შენდამი სიყვარული დაიძვრის გულში,
    დედაც კი შვილის სიყვარულს ჰკლავს შენს სიყვარულში;
    რა სხივოსანი შენი შუქი აღმობრწყინდება
    კაცისა გულში, ყველა გრძნობა მასშია ჰქრება,
    ვითა მზის შუქში უმცირესი მნათობი ცისა,
    ვითა ზღვაშია დაცემული წვეთი წვიმისა.
    მშვიდობით, დედი! მეძნელება შენი დათმობა,
    მაგრამ უფრორე ძნელი არის მამულის გმობა.
    (შვილი გადის)

    დედა
    (ღონემიხდილი გადიქცევა ლოგინზედ და სულთმობრძავი ამბობს)
    ვაიმე, შვილო!.. შენს წასვლასთან მიქრება ალი
    ჩემი სიცოცხლის… უშენოდა ძნელია ყოფნა…
    დიდ ხანს ებრძოდა შვილის ტრფობას მამულის ვალი,
    ვალმა აჯობა, მაგრამ ძვირად დამიჯდა ჯობნა.
    სულიც ამომდის… არ ყოფილა ძნელი სიკვდილი,
    როცა შენ შენი აღასრულე… მამული… შვილი!..

    (კვდება)

    14 ივლისი, 1860 წ. პავლოვსკი

    Related Articles

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

    Back to top button