პოეზია

ემხვარ კახაძე – გამარჯობა, ჩემო მეგობარო nnnn

თეონა დოლენჯაშვილის “რეალურ არსებებს” მივაწერე

ბებე მართლაც რომ ყველგანაა.
ბებე ყველასია…
ბებე ერთია და წყალი თბილი,
ქვები – ლამაზი და…
ცა ცისფერი…

”ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდგან ვეტრფოდი.” და მაინც
წყალი სარკე როდია…
წყალი ყველაფერს შთანთქავს…
ოღონდ… ყველაფერს რაც ”მისია”…
ბებე – ბეიბია…,
ყველაზე ლამაზი – ერთადერთია და მაინც
ახლა თენგოს დროა…
თენგოს და არა თენგიზის, მითუმეტეს ბატონი თენგიზის…
თენგო ჯერ ისევ თვლემს, დროს აჩერებს და დედამიწა მაინც ბრუნავს…
ჩვენს ჩასასვლელად არავინ და არაფერი გააჩერებს…
ეს ის თენგო არაა, საჯილდაო ქვას ხელში, რომ მოიგდებსა და ცხენზე გადააგდებს…
თენგო თვლემს და ჯერ კიდევ არ იცის მოსახდენი უკვე მომხდარია.
ტბა ღრმავდება…
წყალი მუქდება და…
კენჭები ადგილზეა!
ჯერ კიდევ ასეა… და მაინც
ყველა ტბის ბოლო…
ტორფია ან/და ჭაობია!!!
გლუვი, კრიალა ქვა სარკე არაა და
საკუთარ სახეს ვერასოდეს დაგანახებს!
ტყუპებს ერთმანეთის ტკივილი სტკივათ…
ერთმანეთის სიხარული უხარიათ და სულ არ ჰგვანან…
დიდი ხნის თვალმოშორებულ ან/და გულმოშორებულ დაქალებს…
არც ძმაკაცებს ალბათ…
და მაინც კრივი რაინდთა სპორტია…
თენგოს საღამოები ტყუპისცალებივით ჰგვანან ერთმანეთს…
თენგო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელია და
ათასი ამბით სავსე გულს… სულ მცირე ხანში… სულს ამოაყოლებს…
ლანას წინ ფურცელი უდევს..
ხელში კალამი აღარ უჭირავს და კითხულობს…
”სანაპიროზე პარეო დამრჩა”
პარეო გუჩისაა და ძვირი ღირს…
ინგლისურში ძვირს ყველაზე მეტი სინონიმი აქვს…
ვცდები?!
კიდევ ერთი არაფერს დააშავებს.
საზამთრო მწვანეა…
შავი ზოლები აქვს და
გული წითელი…
წითელი სიკვდილიცაა და სიკვდილზე გამარჯვებაც…
აქ კი ყველანი დამარცხდებიან…
ოღონდ ჯერ სიორენ კირკეგორამდე უნდა მივიდეთ…
”თავისუფლება შეცნობილი აუცილებლობაა და მე მისგან გაქცევას ჯერჯერობით არ ვაპირებ!
გუჩის პარეო საზამთროსფერია და არა მწვანე…
ოთახი მზის რბილი შუქით სავსე!
თავისუფლება კი შეუძლებელია ახირებების გარეშე!
წყარო ჯონ ფაულზის ”მოგვია”.
სადღაც ბაყაყები ყიყინებენ…
ბებე ტბაზე შეჩრილ დიდ ქვაზე დგება და ტბისკენ იხრება…
ქვა პრიალაა…
ბებე წყალში იყურება და საკუთარ დაბრეცილ სახეს უყურებს…
ბებეს ეცინება…
მე ”სიცილის ოთახში” გადავინაცვლე…
თუმცა… ლამის ვიტირო…
ცრემლები საშიში არაა…
მითუმეტეს საშიში არაა წყალი…
ბებე ახლა წყალზეა…
ბებე თვითონაა წყალი…

ბებე სანაპიროზე ზის და…
ცაში იყურება…
ბებე ღრუბლებზე დაჯდომაზე ოცნებობს…
ბებე მეცხრე ცაზეა და ბებე ჯერ ვერ იქნება ცის…
ბებე მიწაზე ნელა მიაბიჯებს…
ბებე მიწაზეა და ბებე არის მიწის…

არა ცის და არა მიწის
არა წყლის და ცეცხლის
ბებე თვითონაა წყალი

”მი–კა, მი–კა, უუუ.. მიკა, მიკა, მოწყენილო და გასუქებულო მიკა”..
მიკა კი არა მიკი მაუსო…
კისერი არ გეტკინოს მიკა…
ცა შორსაა და მიწაც ფეხქვეშ გამოგეცალა ბიჭო!
ბუდეებიც მაღლაა და შიგნით ბავშვისთავიანი ჩიტები, ჩიტისთავიანი ბავშვები სხედან და ზიანს არავის აყენებენ!!!
მიკა ქალების სულმოკლეობაზე ბრაზობს და
უკვე არც ქეთას დანახვა შეუძლია
არადა სულ ცოტა ხნის წინ თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო,
ქალმაც ივარგა და კაცმაც…
ესაა გემრიელ ვახშამს… დამპალი ვაშლი დააყოლა თუ დააყოლებინეს…
მე კი ბოსხი მასხენდება და ვამბობ
ბოსხი რთულია და კეთილი (?!)
მიკის წიწვები ზურგს ჩხვლეტენ.

ჩხიკვი აქ არაფერ შუაშია…

გურამიშვილია თავში და მაინც
მიკის ხელებზე ჭიანჭველები აცოცდება…
ნახევრად შიშველი ქეთა მთელი ძალით ეტმასნება და ტიტინებს..
ქეთა ტიტინებს…
ლიკა დასაძინებელ აბებს ბლომად ყლაპავს და ”მოღალატე, მოღალატე!” –
ღრიალებს…
ბოსხი მავიწყდება და გურამიშვილს ვიხსენებ…
გურამიშვილს ჩხიკვამდე მივყავარ…
”რა იქნება ცოტა ხნით რომ გაჩუმდეს. ყველა ქალი ერთნაირია“ – ფიქრობს მიკი და
ოცნებობს: ”ცოტა ხანი გაჩუნდეს”…
ქეთა ლიკას სახელს ახსენებს და ეს უკვე საფინალო სასტვენია!!!

ბებეს კი ახალი თამაში აქვს…
ბებე სანაპიროზე ზის,
სილას პეშვში იგროვებს
სილის საათივით ცრის.
ნელ–ნელა ცრის,
მუშტს კრავს და დრო ჩერდება.
თვითონაც ირინდება,
შეშდება.
ოდნავადაც არ ირხევა და გრძნობს:
როგორ შეჩერდა წამი და
რა მშვენიერი ყოფილა!!!
ბებემ გარემომცველი სამყარო სხვებისდაუხმარებლად შეიცნო და
ირგვლივ ყველაფერი გააჩერა!!!
დრო ჩერდება. და დროსთან ერთად ყველა და
ყველაფერი მის ირგვლივ და გარშემო:
დაღლილი დედამიწა ორბიტაზე,
ჩამავალი მზე ცაზე,
მეთევზის ანკესზე წამოგებული თევზი წყალში,
ლოკოკინების ხოცვაში გართული პატარა ბიჭები ქვებით ხელში,
დედა და მსუქანი მიკი მაუსი სადღაც ტყეში, არყის სირჩაზე ხელწავლებული და აკანკალებული მამა რომელიღაც ბუნგალოში,
საკუთარი ვენების გადასერვით დაკავებული ქალი სასტუმროს რომელიღაც ნომერში, რეალური არსებები მიწაზე და ვირტუალურები – დათუნას თავში…
ბებეს უხარია, რომ ერთადერთია ვინც აქა დგას და სხვაგვარად არ ძალმის.

მიკი კი აქ თხუთმეტი წლის წინ იყო
მას შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა…
სასტუმროც…
ევკალიპტებიც…
ტბის სანაპიროც…
აქაურობა დროს არ მიჰყოლია…
თითქოს ისევ ის ზაფხული დგას…
მაშინდელი უდარდელი, თხუთმეტი წლის წინანდელ ზაფხული და მაინც,
დათუნას დათუნას სძულს აქაურობა. აქაურობა, ანუ რეალობა. ეზიზღება ცოცხალი ადამიანები, ყველაზე მეტად კი მშობლები, რადგან ისინი ყველაზე ახლობლები და რეალურები არიან. ის ხომ ყოველდღე ხედავს მათ ადამიანურობას _ სიმახინჯეს, სისუსტეს, დაუსრულებლობას… დათუნა წამით თავს სწევს და ადამიანების მოძრავ და სხვადასხვაგვარ სახეებს შეფარული ზიზღით უყურებს.
რადგან: ამათ ჰგონიათ, რომ ერთმანეთისგან განსხვავდებიან, არადა, ყველა ერთნაირი ნეხვია _ საკუთარ ყოველდღიურობაში გამოკეტილები, შეზღუდულები, მოკვდავები… საჭმლის ხარბად, დიდ-პატარა ულუფებით მყლაპავები, მოფარებულში შვებით და ხმაურით რომ დაიცლიან მუცლებს და კმაყოფილები წამოწვებიან სანაპიროზე, ან ძაღლებივით ალოკავენ ერთმანეთს.
დათუნას გულს აზიდებს. არა, ის ამათიანი არ არის და არც არასოდეს გახდება…

ნია კი კმაყოფილია. ფული, ამქვეყნად ყველაზე საჭირო რამ, მისთვის ძალიან ადვილად იშოვება. მართალია, ვიდრე სრულწლოვანი არ გახდება, ცალკე ცხოვრებას ვერ შეძლებს, მაგრამ ცოტასაც მოითმენს. იქამდე დააგროვებს, შეიძლება ბინის ყიდვაც მოახერხოს, მანქანის… ბუნგალოში შედის… ბართან, მაღალ სკამზე სკუპდება. კოქტეილს უკვეთავს. წრუპავს და ბარმენს მხიარულად ეჭყანება. მუსიკას ბეჭებს და ტანს აყოლებს. ლამაზად ირხევა. მოპირდაპირე მაგიდასთან ჩამომსხდარი ტიპები ერთხმად მიშტერებიან. ნია მათკენ იხედება და იცინის…
ნია იცინის…
მიკი და ლილა ისევ ხის ქვეშ წვანან…
დათუნა ისევ ვირტუალურ არსებებზე ოცნებობს…
თენგო ისევ სვამს და აღარავინ ახსოვს…
ბებე?
ბებე არც ცისაა და არა მიწის,
არც წყლისა და არც ცეცხლის,
ბებე წყალშია და ბებე თვითონაა წყალი…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button