ბიოგრაფია

დავით დეფი გოგიბედაშვილი David Dephy GogibedaSvili

“კეისარს კეისრისა, ღმერთს ღმერთისა”.
დეფი
დაბ.თარიღი 21 ივნისი, 1968, თბილისი, საქართველო.
პოეტი, რომანისტი, პერფორმერი, მულტიმედია არტისტი, XXI საუკუნის პირველი ქართული პოეტური ორდენის „სამკაულის“ დამაარსებელი.
დაამთავრა თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა, 1992 წელს – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის ფაკულტეტი. მუშაობდა მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში: გაზეთები, რადიო, ტელევიზია. ტელეკომპანია „მეორე არხში“ დაარსა ორიგინალური საავტორო მედიაპროექტი „მზეRA“. 2004 წლის 21 მაისს _ XXI საუკუნის პირველი ქართული პოეტური ორდენი „სამკაული“. განახორციელა ოთხნაწილიანი პოეტური აქცია „ოთხი სტიქია“, გამოიცა წიგნი „სამკაული“ და ორნაწილიანი აუდიოალბომი „ამიშვი ცამდე“.
რუსული ინტერვენციის დროს ჩაეწერა მოხალისეთა არმიაში, დაარსა სამოქალაქო სოლიდარობის შტაბი და არის ცნობილი სლოგანისა და მოძრაობის „STOP RUSSIA“ ავტორი. 2008 წელს ლვოვის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე განახორციელა პოეტური პროექტი „ობსერვატორია“, სადაც თავის ლექსებში პირველმა გამოიყენა კვადროფონია ვიზუალურ წარმოდგენასთან ერთად.
ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა 25 წლის ასაკში დაიწყო. ინსპირირება მიიღო ედგარ ალან პოსგან. 1994 წელს გამოაქვეყნა ესეების კრებული „მკვდარი დრო“, რომელიც შეეხებოდა ადამიანის ბედს იმდროინდელ მსოფლიოში. 2000 წელს გამოდის დიალოგების ორიგინალური კრებული „P. S.“ 2003 წლიდან ქვეყნდება მისი სამი რომანი: „ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს“, „დეკემბრის თილისმა“, „დილა სასაწაულების წინ“. რომანი „ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს“ ითარგმნა გერმანულ ენაზე.
2003 წელს გამოიცა ლექსების წიგნი „ზურმუხტი და საფირონი“. 2004 წლიდან ქვეყნდება მისი პოეტური ტრილოგია „დაიქცა“, რომელიც მოიცავს სამ დამოუკიდებელ წიგნს: „და“, „იქ“, „ცა“; 2006 წელს _ ლექსების კრებული „სამკაული“ და აუდიოალბომი „ამიშვი ცამდე“; 2007 წელს _ დეფის მიერ შესრულებული თარგმანი ხალილ ჯიბრანის „წინასწარმეტყველისა“, ხოლო 2008 წელს მისი ფუნდამენტური ნამუშევარი, რომანი „დემნა გედევანიშვილი“, ორნაწილიანი რომანი პროლოგითა და ეპილოგით და გაგრძელებით ინტერნეტში, რაც ათავისუფლებს ტექსტს ყდაში ჩასმული ჩარჩოებისგან. ეს არის „ამბავი კაცისა, ვისაც უყვარდა, სწამდა და ჰქონდა იმედი“.
დეფიმ შექმნა ახალი პროექტი „High Definition“, რომელიც მოიცავს მისი პოეზიის აუდიო და ვიდეო ალბომს სახელწოდებით „დაფიონი — Super Nova Domine“. მისი ნაწილი, სახელწოდებით „ობსერვატორია“, 2008 წელს ქალაქ ლვოვში გამართულ პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე იქნა წარმოდგენილი.
http://dephy.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button