ლიტერატურაფილოსოფია

გურამ თევზაძე – პეტრე იბერი

„სამკაული და სიქადული ქართველთა და მეოხი ყოვლისა სოფლისა“

ადამიანის, როგორც სასრულო გონიერი არსების სპეციფიკა ისაა, რომ იგი თავისი სასრულობის გაცნობიერების შემდეგ, საკუთარ არსებობას მიიჩნევს გარდუვალი სიკვდილისაკენ სვლად, ანუ როგორც მ. ჰაიდეგერი ამბობდა “ყოფნად სიკვდილისაკენ”. “ყოფნა სიკვდილისაკენ”, ანდა “სიკვდილისათვის მზადება” (პლატონი), რომელსაც, რუსთველის სიტყვებით, რომ ვთქვათ, ვერაფერი დააკავ ებს, მოსვლის დროსა და ფორმასაც ვერაფერი დაუდგენს, არსებითია ადამიანის ცნობიერებაში. იმდენად არსებითი, რომ ადამიანი მასზე ფიქრობს მაშინაც, როცა მისი არც ფიზიკური, არც სულიერი და არც გარეგანი (სოციალური) მდგომარეობა მის არავითარ საშიშროებაზე არ ლაპარაკობს. ამ დროსაც ადამიანი თავის მოქმედებას იმის მიხედვით ზომავს, თუ როგორ ესმის სიკვდილი. პავლე მოციქულმა ზღვრული სიცხადით გამოხატა ათეისტის და თეისტის პოზიციები ამ საკითხში და უჩვენა, რომ ეს განმსაზღვრელია ადამიანის რაობისათვის, რომ თუ სიკვდილი, როგორც გაარარავება არსებობს, თუკი მკვდრები არ აღდგებიან, მაშინ: ვჭამოთ და ვსვათ, ვინაიდან ხვალე მოვკვდებით (კორ.I,15,32). იმის მიხედვით, თუ როგორ ესმის ადამიანს სიკვდილი (როგორც გაარარავება, როგორც გარდაცვალება, თუ როგორც ყოველივეს გამაუფასურებელი მარადიული წრებრუნვა), აგებს ადამიანი თავის ცხოვრებას, ე.ი. თავის მიმართებას ოჯახთან, გვართან, ერთან, სახელმწიფოსთან, კაცობრიობასთან და ღმერთთან. ამ შეხედულებათა ერთიანობას მსოფლმხედველობა ეწოდება, რომელსაც, როგორც საკუთარი ცხოვრების საზრისის დადგენას, ადამიანი ირჩევს და რომლისთვისაც იგი, როგორც სასრულო გონიერი არსება, პასუხისმგებელია საკუთარი თავის, სხვებისა და ღმერთის წინაშე. ამიტომ ამბობენ, რომ ადამიანი არ არსებობს მსოფლმხედველობის გარეშე. ცხოველი არსებობს თავის საცხოვრის გარემოში, ადამიანი კი – სამყაროში.

ფარნავაზის (ძვ.. წ. IVს.), მირიან მეფის (ახ.წ. IVს.) და ვახტანგ გორგასლის (გარდ. ახ. წ.502წ.) გვერდით, პეტრე იბერი (410-491) ის მოღვაწე და მოაზროვნეა, რომელმაც სიღრმისეულად გაიაზრა პიროვნების მიერ ცხოვრების საზრისის ძიების გზაზე არსებული პრობლემები, საკუთარი შესაძლებლობები, პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, კაცობრიობის, საკუთარი ერის და ღმერთის წინაშე და ააგო მსოფლმხედველობა, სახელმძღვანელოდ მის თანამედროვეთა ამქვეყნიური მოღვაწეობისათვის და სანიმუშოდ შთამომავლობისათვის.

პეტრე იბერი ძველი ქართული და საერთოდ ქრისტიანული მსოფლმხედველობის გამოჩენილი წარმომადგენელია, რომლის მოძღვრება და მოღვაწეობა, სანიმუშოა, როგორც თეორიული, ისე რელიგიურ-ზნეობრივი თვალსაზრისით. იგი პირველი ქართველი სასულიერო პირი, რომელმაც საერთაშორისო სახელი და პატივი მოიპოვა. უდავოა, რომ იგი უმაღლეს შეფასებას იმსახურებდა საზოგადოების ყველა ფენაში, რისი მოწმენიც იყვნენ პეტრეს გარშემო შეკრებილი ერთგულ მიმდევართა მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები. ისინი პეტრე იბერის პრინციპებს ერთგულად იცავდნენ და მისი ცხოვრების შთამბეჭდავი აღწერაც დაუტოვეს მომდევნო თაობებს.

პეტრე იბერის სახელთანაა, არსებითად, დაკავშირებული ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრების (მონასტრების) მშენებლობა წმინდა მიწაზე. სწორედ მის მიერ აგებული ერთ-ერთი ქართველთა მონასტრის წარწერა ჩათვალა აკად. გ. წერეთელმა ქართული დამწერლობის შემორჩენილ ძეგლთა შორის უძველეს ნიმუშად. მასში პეტრეს მშობლების, პაპის და თავადთპეტრეს საერო, ქართული სახელია (“მურვანოსი”) მოხსენებული. მის მონასტერში წელიწადის გარკვეულ დღეს ლოცვები ქართულად იკითხებოდა და ქართველი მორწმუნენი მოიხსენიებოდა. უდავოა ცნობები, რომლებიც, როგორც იმპერატორის სასახლეში, ისე მის გარეთ, იმდროინდელი საერო და სასულიერო ცხოვრებაში პეტრე იბერის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებენ, რამაც განაპირობა ის, რომ ძველი ქრისტიანული ლიტერატურის კლასიკურად მიჩნეულ სახელმძღვანელოებში მას საპატიო ადგილი ეთმობა (1.315-317).

ბერძნულად დაწერილი პეტრე იბერის ცხოვრება, სამწუხაროდ დაკარგულია. მისგან სირიული თარგმანია შემორჩენილი. ქართული თარგმანი, როგორც მაკარი მღვდლის (სავარაუდოდ XIII ს.) ცნობიდან ჩანს მას, ასურულის მცოდნეს, უთარგმნია ქართულად. ნუსხები დაზიანებულია და ძნელია გაიგო ტექსტში შეუსაბამობები ვისგან მოდის, მთარგმნელისაგან, მისთვის მისაწვდომი დედნიდან, თუ მოგვიანო რედაქტორის, პავლე დეკანოზოსაგან, რომელსაც საკმაოდ დაზიანებული ტექსტი შეუვსია. მაგრამ არის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი ცვლელებებიც, მაგ., როგორც კ. კეკელიძემ მიუთითა. მთარგმნელმა, თუ მისმა რედაქტორმა, პეტრეს ბიოგრაფიის ავტორი ზაქარია რიტორი, პეტრეს ერთგულ მიმდევარ, ზაქარია ქართველად აქცია და რაც უფრო მნიშვნელოვანია, პეტრე იბერი, საქვეყნოდ მონოფიზიტად და მონოფიზიტების ერთ-ერთ საყრდენად აღიარებული (მაგ.,ო. ბარდენჰევერი, ა. ჰარნაკი, კ. კეკელიძე, დ. ლანგი, ი. ლოლაშვილი და სხვა) უეჭველ დიოფიზიტად წარმოადგინა. საქართველოში მსოფლმხედველობრივი ცნობიერების ისტორიის თვალსაზრისით საყურადღებოა, რომ პეტრეს შესახებ “ქართლის ცხოვრების” სხვადასხვა ვერსიებში ვახტანგ VI სახელით ცნობილ გამოცემამდე, ფაქტობრივად, პეტრეზე არაფერია ნათქვამი. ვახტანგისეულში კი პეტრეს(რომელიც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანია) შესახებ ორი მოზრდილი ჩანართია მოცემული, და ორივენი პეტრეს ცხოვრების ქართული თარგმანიდან მომდინარეობს. ეს მეფე ვახტანგ VI-ს არჩევანია და მის, როგორც ქართული კულტურის მკვლევარის და მოჭირნახულეს შორსმჭვრეტელობაზე მიუთითებს.

პეტრეს მონოფიზიტად მიჩნევის გამოა, რომ არც ე.წ. “ძველ ქართლის ცხოვრებაში” (რომელიც 1996 წ. ი. ანთელავამ და ნ. შოშიაშვილმა გამოსცეს) პეტრეს სახელიც არაა ნახსენები, ხოლო ბატონიშვილი ვახუშტის – „აღწერა სამეფოსა საქართველოისა“-ში პეტრეს დიდებაზე არაფერია ნათქვამი. ვახუშტი მხოლოდ აღნიშნავს, რომ ვარაზ ბაქარის ძე, 12 წლის მურვანოსი მძევლად წაიყვანეს კონსტანტინეპოლში, სადაც იგი წმინდანი და ეპისკოპოსი გახდა. მაგრამ ვარაზ ბაქარის მანკიერებანი შთამბეჭდავადაა აღწერილი.ასურულიდან ქართულად ზემოაღნიშნული მთარგმნელი კი ბერობაში პეტრედ წოდებულ მურვანოსს მართლმადიდებლობის და საერთოდ ქართული კულტურის სიმაღლის საბუთად მიიჩნევს, ხოლო მის მამა- მეფე ვარაზ-ბაკურზე ნათქვამია: “იყო მართლმადიდებელი და დიდად ღმრთისმსახური მამის მამულად და მხურვალე სარწმუნეობასა ზედა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა”.

ეს მთარგმნელი, ანდა მისი პირველწყარო – ბერძნულიდან ასურული თარგმანის ავტორი, _ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პეტრეს დიდ გავლენას ბიზანტიის ეკლესიაში და სამეფო კარზე, წამოსწევს მის პრაქტიკულ მოღვაწეობას და მრავლად აღწერს მის სახელთან დაკავშირებულ სასწაულებს (მაგ. ზეთის მაგიერ წყლით რომ 7 დღე ენთო სანთელი, სნეულთა განკურნვას, ნაკურთხი ხსნარით ერთი მთელი სოფლის დაავადებული ვაზის გადარჩენას და მრავალ სხვა), რომელთა ზემოქმედებით უამრავმა წარმართმა აღიარა ქრისტიანობა. უდავოდ მიჩნეულია ისიც, რომ პეტრეს გარდაცვალების შემდეგ გამოსამშვიდობებლად და გასაკურნავად იმდენი ხალხი მოვიდა, რომ “სამ დღეს ვერ შეუძლეს დამარხვად ნეტარსა მის“ (17, 272). ბიოგრაფებს მაინც საჭიროდ მიაჩნიათ აღნიშნონ, რომ პეტრეს სიწმინდე და ავტორიტეტი უკავშირდებოდა იმასაც, რომ იგი “ფილოსოფოსობას სრულს” ფლობდა (იქვ.133), რითაც აკვირვებდა თანამედროვეებს კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი _ ქ. ღაზაში(იგივე მაიუმი, ანდა მიუმი). ღაზაში მის გარშემო იყვნენ შემოკრებილი საყურადღებო თეოლოგები, უპირველეს ყოვლისა, ესაია და ენეა ღაზელები. ენეა ცნობილი დიალოგის- “თეოფრასტეს” ავტორია, რომელშიც აღწერილია მხოლოდ ადამიანურ გონებაზე დამყარებულ ცოდნაზე (ე.ი. ბერძნულ ფილოსოფიაზე), რწმენის გამარჯვება და ამ სახელის მატარებელი ვინმე ფილოსოფოს თეოფრასტეს დამშვიდობება აკადემიასთან, როგორც ბერძნული კულტურის ცენტრთან. ეს ის ენეაა, რომელიც სიამაყით წერდა, რომ აკადემია და ლიცეუმიც შეიძლება იპოვო არა პირეის (ათენის ნავსადგურის) გავლით, არამედ ღაზაში.

ბელგიელი მკვლევარი ე. ჰონიგმანი (1892-1954) რომელიც შ. ნუცუბიძისაგან დამოუკიდებლად მივიდა იმ აზრამდე, რომ “არეოპაგიტიკის” ნამდვილი ავტორი ღაზაში მოღვაწე პეტრე იბერია და საყურადღებო არგუმენტით(იოანე ლაზის, როგორც მწერალის და პეტრეს მასწავლებლის მნიშვნელობაზე ხაზგასმით) გააძლიერა ეს პოზიცია, წერდა: “თვით ათენელები ჩამოდიოდნენ ღაზაში პლატონის ენისა და ფილოსოფიის შესასწავლად” (23, 49).

თუ რას გულისხმობდა პეტრე იბერის ბიოგრაფი „ფილოსოფოსობის“ ქვეშ, ძნელი მისახვედრი არაა. ეს ის პერიოდია ქრისტიანული თეოლოგიის განვითარებაში, როცა დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასაბუთებას, ე.ი. როცა მიღებულია კლიმენტ ალექსანდრიელის (150-215) განმარტება, რომ პავლე მოციქული ბერძნულ ფილოსოფიას რომ უარყოფდა, მხედველობაში ეპიკურე და მისი მიმდევარი ათეისტები ჰყავდაო. თავად კლიმენტი ფიქრობდა, რომ მისი საკუთარი პოზიცია ბერძნული ფილოსოფიის მიმართ, სულაც არ ეწინააღმდეგება პავლე მოციქულისას, რომ ჭეშმარიტი ფილოსოფია ღვთის წყალობაა ადამიანებისათვის. (6.,188) ფილოსოფიასთან ამგვარ მიმართებას კიდევ უფრო აზუსტებდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (330-390), მას უდავოდ მიაჩნდა, რომ, „თუ გვსურს, საერთოდ არ დავცილდეთ კეთილს, ან ფილოსოფოსი უნდა ვიყოთ, ან სხვისი ფილოსოფიის მიმდევარი“.

აქ იგულისხმება ფილოსოფიის თეოლოგიაში იმგვარი შესავლის სტატუსი, რომელიც ამზადებს ადამიანს, მის სასრულო გონებაზე მაღლა მდგომი ჭეშმარიტი რწმენის პრინციპების გასაგებად, ამდენად ფილოსოფია, მართალია, თეოლოგიის მსახურია, მაგრამ უდავოდ ღირებული და სათანადოდ დაფასებული.

პეტრე, მიუხედავად მისი საოცარი ერთგულებისა მონაზნობის იდეალებისადმი, სულაც არ ემშვიდობებოდა ცოდნას, მას ცოდნა, როგორც მისი ეპოქის დიდ მოაზროვნეებს, მაგ., გრიგოლ ღვთისმეტყველს და დიონისე არეოპაგელს, ღვთისაკენ გზის აუცილებელ ნაწილად მიაჩნდა. მისთვის ეს იყო ადამიანის მცდელობა ღმერთისაკენ საკუთარი შესაძლებლობებით გზა გაეკაფა, ე.ი. მომზადებულიყო იმის მისაღებად, რისი ღირსიც შეიძლებოდა „ყოვლად ბრძნულ დუმილში“ გამხდარიყო. პეტრეს ბიოგრაფები ფილოსოფიურად ორიენტირებულნი სულაც არ ყოფილან, მაგრამ მაინც მოჰყავთ პეტრეს დიდებული სიტყვები: “ვითარცა მტილი მზუარისაი ურწყავი განხმების და უნაყოფო იქმნების, ეგრეცა გონებაი მონაზონისაი უნაყოფო არს თვინიერ წიგნისა კითხვისა და სმენისა სწავლათა სულიერთასა” (19.270).

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პეტრეს მიერ მორწმუნე ადამიანისგან ღმერთისათვის შესაძლებელ შესაწირთა შორის საკუთარი „გაწმენდილი გონებისათვის“ ყველაზე დიდი მნიშვნელობის მინიჭება. ეს საკითხი, ქრისტიანული თეოლოგიისათვის მნიშვნელოვანია და ამაზე ისიც მიუთითებს, რომ მართლმადიდებლობის უდიდესი ავტორიტეტი – იოანე დამასკელი (875-753) თავის „გარდამოცემაში“ საჭიროდ მიიჩნევს „არაწმინდა გონების“ განმარტებას და მის შინაარსად გულისხმობს არა მარტო პიროვნების მიერ ბოროტების ფაქტიურ ჩადენას, არამედ რაიმე ამგვარის გაფიქრებასაც კი. (26.640)

არა ნაკლებ საყურადღებოა ქრისტეს გამოცხადების (რაც პეტრე იბერს არაერხელ განუცდია) სიღრმისეული ზნეობრივი გაგება, რის საფუძველზეც ქართველმა მოაზროვნემ კეთილი საქმის გვერდით, კეთილი მიზანის, კეთილი განზრახვის, როგორც შინაგანი სტიმულის გადამწყვეტი მნიშვნელობა წამოსწია. ეს ხილვა დაახლოებით ისეთ სიტუაციაში მოხდა, როგორც პავლესათვის (გარდ.67წ.) უფლის გამოცხადება დამასკოს გზაზე, ასევე, წმ. ავგუსტინეს (350-430) მიერ ზღვის ნაპირას მოთამაშე ბავშვის სახით ზეციურისგან იმ ჭეშმარიტების გაგება, რომ ნების თავისუფლების საკითხი ადამიანური ლოგიკით ვერ აიხსნება, ანდა დიდი მორწმუნე და დიდი მეცნიერი ბ. პასკალის (1623-1662) დიალოგი ქრისტესთან. ამ დონის მოაზროვნეების გულრწფელობაში შეეჭვება უსაფუძვლოა. თუნდაც უკიდურესი ათეისტი, თუ იგი ობიექტურია, იტყვის, რომ აქ სამივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს იმასთან, რასაც საკუთარ თავთან დიალოგს უწოდებენ. საკუთარი თავის უმაღლესი შესაძლებლობების წარმოსახვის საფუძველზე, ესაა დიალოგი თავად ჭეშმარიტებასთან, ანუ ეს ადამიანის, როგორც ღვთის ხატისა და მსგავსის მიერ საკუთარი უმაღლესი შესაძლებლობების განამდვილებაა. ცნობილია, ანალოგია ყოველთვის მოიკოჭლებს, მაგრამ მისი ღირსებაც ამაშია, რამდენადაც, არსებითად განსხვავებულებს აკავშირებს. ამ მიზნით, ანალოგიისათვის მივმართავ მათემატიკოსის მიერ, დიდი ხნის ძიების შემდეგ, ამოცანის სიზმარში ამოხსნის დაშვებას, ანდა კომპოზიტორის მიერ ძილში მშვენიერი მელოდიის შექმნას. იმ ფაქტით, რომ ეს სიზმარში მოხდა, ამოხსნილის ჭეშმარიტობას, ანდა ამ დროს შექმნილ მელოდიის მშვენიერებას ხომ არაფერი აკლდება? უნდა შევეცადოთ ამ კუთხიდან გავიგოთ დიდი ადამიანების სიზმრები და ხილვები. ბიბლიურ იაკობთან, პავლე მოციქულთან, პეტრე იბერთან, ბ. პასკალთან და სხვებთან, აქაც პრინციპულად ამგვარ ძიებასთან და ამგვარ იმედთან გვაქვს საქმე. ფსიქოლოგიურად ამგვარი ვითარება კარგად ახსნა ცნობილმა ფრანგმა მოაზროვნემ ე. რენანმა(1823-1892), როცა მოციქულების მიერ ქრისტეს აღდგომის გულწრფელი მოლოდინი ფსიქო-ფიზიკური პარალელიზმის გადალახვის შესაძლებლობის რწმენას დაუკავშირა. (29. 37-50).

პეტრეს არაერთხელ ჰქონდა ხილვები, როგორც თავად ქრისტესთან, ისე გარდაცვლილ დიდ მორწმუნეებთან შეხვედრის. ყოველთვის ეს იყო მისი ძიებების გაგრძელება და საკუთარი ნააზრევის გაძლიერება რომელიმე დიდ მორწმუნეში, ანდა თავად ქრისტეში მისი პროექციით. ასეთი ხილვის დროს ეზიარა პეტრე იბერი დიდმნიშვნელოვან პრინციპს ადამიანის აზრისა და მოქმედების შესაფასებლად. მეტიც, პიროვნების სიმაღლისა და ზნეობის გასანსხვავებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის გასაგებად, რასაც როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში, ეწოდა დიდმნიშვნელოვანი მცნება შურისგებისა. ეს მცნება ადამიანს, რაგინდ რწფელი და გონიერი არ უნდა იყოს იგი, კი არ უთმობს უმაღლეს სასჯელს, სახელდობრ მეორე ადამიანის მოკვდინებას, არამედ მხოლოდ უფალს და გასაგებს ხდის მის სიტყვებს: „შურისგება ჩემია“! რადგან მხოლოდ უფალს შეუძლია იცოდეს ადამიანის სულის შინაარსი, მისი ნამდვილი განზრახვა (მოგონებაი), რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს იმას, რაც ამ განზრახვის შედეგად რეალობად იქცა.

გასაგები უნდა იყოს, რომ აღნიშნული პოზიცია სულაც არ ეწინააღმდეგება გრიგოლ ღვთისმეტყველის (329-390) ცნობილ პოზიციას სიტყვისა და საქმის მიმართების თაობაზე. კერძოდ, მის მიერ „საქმის“ „სიტყვაზე“ წინ დაყენებას; „სჯობს საქმე უკმოი სიტყვასა უსაქმოსა, ვერავინ ამაღლდა თვნიერ საქმისა ქმნისა“….(17,365).

დიდი ღვთისმეტყველის ეს მოსაზრება ეხება გამოთქმულ სიტყვას და მის ნამოქმედარს, ე.ი ემპირიას, ანუ საქმეს. ძნელი დასანახი არაა, რომ განზრახვას (მოგონებაის), რომელზედაც“პეტრეს ცხოვრებაშია“ ლაპარაკი, მხოლოდ შინაგანი სიტყვა შეიძლება ეწოდოს. ის არაა სიტყვა, რომელიც სხვისადმია მიმართული. იგი გამოთქმული აზრია და შეიძლება სწორი იყოს და შეიძლება არა, ასევე, შეიძლება გულრწფელი იყოს და შეიძლება არა. როგორც გამოთქმულზე, მასზე შეიძლება ყველამ იმსჯელოს, ვინც მას გაიგონებს, განზრახვის როგორც დასახული მიზნის რაობა კი, მხოლოდ პიროვნებამ და ღმერთმა შეიძლება იცოდეს და მისი შეფასება შეუძლებელია ადამიანური სამართლისათვის, რადგან სამართალი აუცილებლობით გულისხმობს სხვა ადამიანის, ანდა ადამიანების დაჯერებასაც (19. გვ.281-282)

ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში პეტრეს სულიერი ძიების ანალიზი. ქრისტესთან შეხვედრა ხომ შედეგია პეტრეს მიერ საკუთარი ადრინდელი პოზიციის გადასინჯვის და თავისი ახალი პოზიციის თავად ქრისტეს მოსაზრებად ყოფნის ღირსად მიჩნევის? გავიხსენოთ კონკრეტული სიტუაცია: ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის შენებისას, პეტრეს, რომელიც ფიზიკურად თავგამოდებით შრომობდა, დაქანცულს ჩაეძინა. მას გამოეცხადა ეშმაკი და ღმერთის უსამართლობაზე და უმადურობაზე მიუთითა, რომლის წყალობითაც პეტრე ამ დღეშია. პეტრემ რწმენის ფარით მოიგერია ეშმაკი, მაგრამ ჩანს რაღაცნაირად უკმაყოფილო დარჩა საკუთარი თავის. სადღაც ეჭვიც შეეპარა, შესძლებდა თუ არა ეკლესიის აშენებას და, თუ ვერ შესძლებდა, მაშინ მისი აქამდელი შრომაც ფუჭად ჩაივლიდა. იგი მიხვდა, რომ ეშმაკის გამოცხადება მისი ,სწორედ ამგვარი, ეჭვის შედეგი იყო და, რაც მთავარია, მისი პასუხიც ეშმაკისადმი, ჩანს, მისთვისაც არ იყო სავსებით დამაჯერებელი. თუმცა ეშმაკი გააძევა. მისთვის ნათელი არ იყო მისი საკუთარი სულიერი პოზიცია (და შეიძლება ითქვას) თავად საკუთარი მსოფლმხედველობის მთლიანობაც. სწორედ ამ დროც მიაგნო პეტრეს გონებამ ქრისტიანობისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომელზედაც ამ დიდ მორწმუნეს მანამდე, ჩანს, არ უფიქრია, ანუ არ უფიქრია იმაზე, რომ პიროვნების ღვაწლის შეფასებაში, გადამწყვეტი არის არა ემპირიული შედეგი (ამ შემთხვევაში, მშენებარე ეკლესიის დამთავრება), არამედ ამ პიროვნების წრფელი განზრახვა. პეტრეს ამ მიხვედრის დასადასტურებლად გამოეცხადა ქრისტე და “მოაგონა”: “განა არ იცი? არავისსა წარვსწყმედ შრომასა, არამედ მივაგებ კეთილსა მრავალწილად, არა ოდენ შრომათათვის, არამედ მოგონებათთვისცა” (17. 261).

შინაგანი რწმენის სიმყარე, როგორც მორწმუნის საბოლოო და უძლიერესი საყრდენი, ქართულ კულტურაში უფრო ფართო პრინციპადაც გამოიყენებოდა. დავით აღმაშენებლის (XII ს.) “გალობანი სინანულისანი” ამის ერთ-ერთი გამოვლენებაა, სადაც დიდი მეფე და მოაზროვნე, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა პასუხისმგებლობა საკუთარი ერისა და საკუთარი თავის წინაშე, უამრავი ცოდვის აღიარების შემდეგაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შეწყალების იმედს იტოვებდა, რადგანაც სხვა ღმერთის იმედი არასდროს ჰქონია, სხვა ღმერთისთვის არასდროს მიუმართავს (30, 42). ამ დროს დავით აღმაშენებელი მისთვის გამორჩეულ წმინდანის – გრიგოლ ნოსელის (340-394) პრინციპს ემყარებოდა, რომლის აზრითაც, პიროვნება თავისი სიზმრისთვისაც პასუხისმგებელია (16).

“მივაგებ კეთილსა, არა ოდენ შრომათათვის, არამედ მოგონებათათვისცა” (17. 261), ე.ი. განზრახვისათვისაც. ზნეობრიობისათვის ეს დიდმნიშვნელოვანი პრინციპი, პეტრე იბერთან “გაწმენდილ გონებას” როგორც ღმერთისათვის ადამიანის შესაწირთაგან საუკეთესოს და უმაღლესი ღირებულების მქონეს, უკავშირდება (“გონებაი წმინდაი უზეშთაეს არს და უფროის ყოველთა მსხვერპლთა, წინაშე უფლისა” (9.266), დასავლეთის სქოლასტიკის დიდმა წარმომადგენელმა პიერ აბელიარმაც (1079-1142) გაწმენდილი გონების და კეთილი განზრახვის ამგვარი კავშირი ნახა საკუთარ შინაგან გამოცდილებაში და ზნეობრივი მოქმედების ძირითად კრიტერიუმად მიიჩნია, რითაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა დასავლეთის მსოფლმხედველობრივი კულტურის შემდგომი განვითარება. პეტრეს მიერ დადგენილი პრინციპი, რომ პიროვნების ზნეობრივ შეფასებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა განზრახვას(მოგონებაი) აქვს, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ფსევდო-დიონისეს ავტორის იდენტიფიცაციაშიც არაპირდაპირ საბუთად გამოდგება: ასეთი ხილვის მქონე ადამიანს სავსებით შესაძლებელია „სიფხიზლეში“, ე.ი. განსჯის დონეზე, „არეოპაგიტულ კორპუსში“ შემავალი შრომები დაეწერა.

არაპირდაპირი საბუთი, რომ პეტრე იბერი ღრმა და ავტორიტეტულ თეოლოგად ითვლებოდა არის ისიც, რომ ერთ-ერთ ქრისტიან თეოლოგს მისი სახელით გამოუცია შრომა, ამ პლაგიატს, ალბათ, ერთადერთი, და, არსებითად თუ ვიმსჯელებთ, ზნეობრივი მიზანი ჰქონდა: პეტრეს ავტორიტეტის ძალით უნდოდა უფრო მისაღები გაეხადა ის პრინციპები, რომლებიც მას ჭეშმარიტად მიაჩნდა. ასეთი გულწრფელი პლაგიატები იმ ეპოქაში მრავლად იყვნენ. ათეულობით ვრცელდებოდა და საუკუნეებით ინარჩუნებდნენ ნდობას და გავლენას ფსევდო-არისტოტელეს, ფსევდო-ლონგინეს, ფსევდო-პროკლეს და სხვ. წიგნები. თუმცა პეტრე იბერი დიდი აღშფოთებით შეხვდა მისი სახელის ამგვარ გამოყენებას. მაგრამ არც მას და არც ბიოგრაფს არ უთქვამთ, რომ ეს უაზრო მცდელობა იყო, რადგან პეტრეს შრომები საერთოდ არ ჰქონია.

თუ XXს. ე.წ. ახალი ონტოლოგიის დიდი წარმომადგენლის ნ. ჰარტმანის (1882-195) ცნობილი მეთოდის (მოცემულობის მაქსიმუმიდან თავისთავადის მინიმუმზე დასკვნის უფლებიანობის შესახებ) ტერმინებს გამოვიყენებთ, ამ ცნობაში უეჭველი მხოლოდ ისაა, რომ პეტრეს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, მაგრამ ეს ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს იმაზე, რომ მას თეორიული შრომებიც ჰქონდა, თუმცა ამის გამორიცხვა უსაფუძვლოა. არსებობდნენ დიდი ფილოსოფოსები, რომელთაც არც არაფერი გამოუქვეყნებიათ სიცოცხლეში და არც მემკვიდრეებისათვის დაუტოვებიათ ხელნაწერები. დიდი სოკრატე (469-399) და ნეოპლატონიზმის მამამთავარი ამონიოს საკასი (175-242) ამგვარ მოაზროვნეთა ნიმუშები არიან.

ქართულ კულტურაში პეტრე იბერის ძალზე დაგვიანებული აღიარება, ცხადია მისი ცხოვრების და სწავლების ცალმხრივი გაგებით უნდა აიხსნეს, რასაც მონოფიზიტები განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს. მაგრამ ძნელი დასაშვები არ უნდა იყოს, რომ მეტროპოლიიდან უდაბნოში პეტრეს გაქცევა და მისი აშკარა მცდელობა არ ჩარეულიყო საეკლესიო დაპირისპირებებში, იმაზე მიუთითებს, რომ იგი იმ საერთო საფუძვლების ერთგული რჩებოდა, რომელნიც ქრისტიანობაში დაპირისპირებულებს აერთიანებდნენ, მაგრამ ინტერპრეტატორებს ამის დანახვა არ სურდათ. როცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც, მიიღო პეტრე იბერი ქართულმა კულტურამ და მისი სწავლება წმინდა დიოფიზიტურად წარმოადგინა, ესეც იმაზე მიუთითებდა, რომ დიდი მღვდელთმთავარი დაპირისპირებულობაზე მაღლა მდგომ ღირებულებებს ემსახურებოდა და საერთოდ ზოგად ადამიანურ სასულიერო ზნეობრივ პრინციპებს ანვითარებდა, რაც უფლებას აძლევდა მის ბიოგრაფს ხაზი გაესვა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საკაცობრიო სულიერი კულტურის წინაშე ამ დიდი მოაზროვნის და მორწმუნის დამსახურებისათვის.

საეკლესიო და სახელმწიფო პოლიტიკათა ხშირად საბედისწერო გადაკვეთების გამო, ძალზე რთულია ამა თუ იმ დიდი მოღვაწის პოზიციის ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრა, რაც, საერთოდ, პოლიტიკური და, კერძოდ, რელიგიური კულტურის ისტორიის კვლევას განსაკუთრებით ართულებს. თუნდაც ეს ისე აშკარად განსხვავებულ ვითარებებს ეხებოდეს, როგორიცაა მონოფიზიტობა (ანტიქალკედონისტობა) და დიოფიზიტობა (ქალკედონისტობა), ე.ი. ღმერთში მხოლოდ ერთი, თუ ორი ბუნების აღიარება.

პეტრეს როგორც განსხვავებულ აღმსარებლობათა გამაერთანებლის როლი, ამა თუ იმ ასპექტით, მრავალ მკვლევართან ჩანს. მის მიერ “ჰენოტიკონზე” ანუ მონოფიზიტების და დიოფიზიტების შემარიგებელ, გამაერთიანებელ დოკუმენტზე (“ჰენოს” ბერძნულად ერთ-ს ნიშნავს) ხელის მოწერის აცილება, ერთმნიშვნელოვნად სულაც არ ნიშნავს, რომ იგი შერიგების მომხრე არ იყო. დიოფიზიტურ მაიუმის სასურველ ეპისკოპოსად მისი ყოფნის უბრალო ფაქტი საეჭვოდ ხდის ამგვარ მტკიცებას. ამ პოზიციის მომხრეები მიუთითებენ იმაზე, რომ იგი “ზომიერი მონოფიზიტი”, რომ არ ყოფილიყო, არ აირჩევდნენ მაიუმში ეპისკოპოსად, სადაც დიოფიზიტები იყვნენ გაბატონებული (13.142). იგივე კითხვა დღევანდელ მკვლევარებსაც აწუხებს. მაგრამ, პირადი სათნო ცხოვრების ძალა და გავლენა, ქრისტიანობის უფრო ადრინდელ ისტორიასაც უჩვენებია, როცა სარწმუნოებათა განსხვავების დროსაც, პირადი ღირსებები ოფიციალურ აღმსარებლობაზე უფრო წინ დაუყენებიათ. მაგ. პეტრე იბერამდე ერთი საუკუნით ადრე, ანტიკური კულტურის ზნეკეთილი წარმომადგენელი სინეზიოს კირენელი (375-415) მოუნათლავი იყო და მაინც აირჩიეს ეპოსკოპოსად (14. 553). საკამათო არ უნდა იყოს, რომ კაცობრიობის ისტორიაში სიკეთისაკენ მსოფლიოს მიბრუნებაში გადამწყვეტი როლის მქონე მოძღვრება, ე.ი. ქრისტიანობა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია _ “გიყვარდეთ მტერნი თქუენნი”, პოლიტიკისაგან დამოუკიდებლად განხილული, მის აღმსარებლებს შორის არავითარი შეურიგებელი დაპირისპირების საფუძველს არ იძლევა. კავკასიაში ამ აღმსარებლობათა იმდროინდელი დაპირისპირების ისტორია, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვან დადებით პასუხს იძლევა.

თანამედროვე პოზციიდან მიუკერძოებელი შეფასების ცდამ მაშინდელი პოლიტიკური და კონფესიური პროცესებისა, შეიძლება დადებითი როლი შეასრულოს პეტრე იბერის მოძღვრების შესახებ მკვლევარებში არსებულ დაპირისპირებების შერიგების თვალსაზრისით.

კ. ჰორნი, რომელმაც ბერძნულ, სირიულ, ლათინურ და არაბულ წყაროებზე რამოდენიმე წლის შედეგიანი მუშაობის შემდეგ 2001წ. ამერიკის კათოლიკურ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: “თეოლოგიის მიღმა: პეტრე იბერის კარიერა V ს. პალესტინაში მიმდინარე ქრისტოლოგიურ დაპირისპირებებში” (10). მიუხედავად პეტრეს, როგორც მონოფიზიტთა ბელადის უეჭველი აღიარებისა, არ გამორიცხავს გარკვეულ მიკერძოებას, თუნდაც ისეთი ავტორისა, როგორიც იყო იოანე რუფუსი, პეტრეს ერთგული მოწაფე და მისი მემკვიდრე საეპისკოპოსო ტახტზე. ამ ადამიანს მიეწერება, ასევე ცნობილი “პლეროფორიების” (თეოლოგიის ანთოლოგიის, ყვავილთკრებულის) შედგენა. ეს კრებული დიდწილად პეტრეს აზრებს შეიცავს. (15, 44). ამ თვალსაზრისით გასახსენებელია ისიც, რომ იმპერატორი თეოდოსი II, ანუ თეოდოსი მცირე (401-450) რომელთანაც პეტრე იზრდებოდა და საერთო კეთილგანწყობით სარგებლობდა, (მაღალი თანამდებობაც ეკავა, შტალმაისტერი, მეჯინიბეთუხუცესი იყო) მონოფიზიტებისკენ უფრო იხრებოდა. ხოლო დიდად გავლენიანმა მისმა დამ _ პულხერიამ, რომელსაც ქალწულობის აღქმა ჰქონდა დადებული, სასახლეში მონასტრული ატმოსფერო გააბატონა, რატომ გაიქცა პეტრე და მისი ახალი მეგობარი იოანე ლაზი, ასე მონოფიზიტური და მონასტრული სულით გაჟღენთილი სასახლიდან?

პოლიტიკური პოზიცია ნათლად ჩანს პეტრეს ბიოგრაფიებშიც და მათში მთარგმნელების თუ რედაქტორების ნაკვალებში. მათი ღირებულების საზომი მარტო პირველწყაროსთან ერთგულება კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა დადგინდეს განსხვავებებისა და ცვლილების მიზეზები. თუ ამ საზომს გამოვიყენებთ “პეტრეს ცხოვრების” მაკარისეულ თარგმანს მისი “შეცდომების” სოციალურ საფუძველსაც დავინახავთ და სათანადოდ შევაფასებთ.. პირველწყაროებთან ამგვარი გულმოდგინე შედარების შედეგად (ზაქარია რიტორის და ი. რუფუსის წყაროებთან) პ. ჰორნი ო. ბარდენჰევერის კვალად აკეთებს დასკვნას: “როგორც ჩანს ქართულ “პეტრეს ცხოვრებას” არა აქვს რაიმე დამოუკიდებელი ღირებულება პეტრეს ცხოვრების აღსადგენად (10, 49). Mმაგრამ თუ დავუკვირდებით, ეს ცვლილებები, გარკვეული აზრით არა მარტო პეტრეს ბიოგრაფიის დასაზუსტებლად, არამედ, და ესაა დღეს ჩვენთვის მთავარი, მაშინდელი ქართული კულტურის (ე.ი. მაკარი მესხისა და პავლე დეკანოზის დროინდელის) ბუნების და მისი ისტორიის გაგებისათვისაც საჭიროა. გარდა ამისა, თუ დიოფიზიტებსა და მონოფიზიტების დაპირისპირების რთულ ისტორიაში გარკვევას შევეცდებით პეტრე იბერის “საშუალედო” პოზიციის გათვალისწინება სასარგებლო იქნება. ამდენად ზემოაღნიშნული დასკვნა გარკვეულ დაზუსტებას საჭიროებს. ამგვარი დაშვების სასარგებლოდ შეიძლება მივუთითოთ იმ ფაქტზე, რომ იმპერატორ ზენონის (426-491) „ჰენოტიკონზე“ ხელმოწერას, იმპერატორის თხოვნის მიუხედავად პეტრე იბერი აერიდა, ისევე, როგორც მისი უფროსი მეგობარი და თანამოსენაკე ენეასი.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ზუსტად იმის დადგენაც არ ხერხდება, იყო თუ არა დიდი ასკეტი ენეასი ქალკედონისტი (.10, 113). მაგრამ საკამათოდ არ მიაჩნიათ, რომ ენეასმა ღვთისაგან მძიმე ავადმყოფობა გამოითხოვა, რათა ამ თავისთავად სასარგებლო დოკუმენტზე ხელმოწერა აეცილებია. ხელმოწერას თავად იმპერატორი თხოვდა. უფალმა მას თხოვნა შეუსრულა. იგი მცირე ხნით მძიმედ დაავადდა და მალე განიკურნა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, სრული ერთმნიშვნელობით, არც საქართველოში, არც სომხეთში რწმენითი ორიენტაციები, პეტრეს დროს, არ იყო მყარად განაწილებული. ფაქტია, რომ პეტრეს სიცოცხლეში და კარგა ხანს მისი სიკვდილის შემდეგაც, რეგიონის პოლიტიკური მდგომარეობის გამო, პიროვნებებიც და ქვეყნებიც იცვლიდნენ პოზიციებს. და აქ მეორე დიდი. ქართველი მოღვაწის და მორწმუნის, პეტრეს თანამედროვის ვახტან გორგასალის (გარდ. 502წ.) რელიგიურ პოლიტიკასთან გარკვეული მსგავსებაც შეიძლება დავინახოთ. სრულად მონოფიზიტური, ანდა დიოფიზიტური მაშინ არც საქართველო და არც სომხეთი არ ყოფილა. (11.311). ასე გრძელდებოდა პეტრეს გარდაცვალებიდან კარგა ხნის შემდეგაც (23. 43). როგორც აღნიშნავენ თვით სომხური ეკლესიაც მხოლოდ 551 წლიდან უნდა ჩაითვალოს მონოფიზიტურად. (იქ.). ხოლო ქართლში VI ს. შუა წლებიდან, დიოფიზიტობა უფრო გაძლიერებულა და ეროვნულ სარწმუნოებად ქცეულა (იქ.390)., მაგრამ მონოფიზიტური მოსახლეობის არსებობას საქართველოში, მაშინ და მის შემდეგაც, არავინ უარყოფს (იქ.).

ახალგაზრდა მურვანოსი, იგივე ნაბარნუგი (საეკლესიო სახელი – პეტრე იბერი) 12 წლისა წაიყვანეს კონსტანტინეპოლში, როგორც მძევალი, იმპერატორ თეოდოსი II-ისა. იგი მონოფიზიტებს უჭერდა მხარს და სპარსეთს, (რომელსაც ქრისტიანულ აღმსარებლობათა შორის მონოფიზიტობა უფრო აწყობდა) სომხეთისათვის წარუმატებლად ებრძოდა.

ცნობილია, რომ ამ იმპერატორს რთულ პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. მაგრამ მაინც შესძლო კეთილი კვალი დაეტოვებინა ბიზანტიის ისტორიაში. მან ატილასთან (+453) ქვეყნის დამანგრეველი ომი დიდი ხარკით აიცილა. იგი ე.წ. “თეოდოსის კოდექსის” ავტორია, (439). მის დროს მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია განხორციელდა კონსტანტინეპოლის უნივერსიტეტში (425). მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ, ძირითადად გარეგანი მტრისაგან თავდაცვით დაკავებული იმპერატორი, ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ქვეყნის მართვას. მისი უფროსი და_პულხერია და მისი ცოლი–ევდოკია (401-465) ფაქტიურად მართავდნენ სახელმწიფოს.

დედოფალი ევდოკია, ათენელი რიტორიკის პროფესორის განათლებული და ნიჭიერი ქალიშვილი(მონათვლამდე ათენაიდა ერქვა), განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა პეტრეს, ზრუნავდა მასზე, უდაბნოში გაქცეულიც მოინახულა. ამ საფუძველზე ქეთევან ნუცუბიძემ რომანიც დაწერა, რომლის კონცეფციაც შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ პეტრეს ცხოვრებაში. განსაკუთრებით გამოყოფენ ცნობილ რომაელ ქალბატონ _ მელანია უმცროსს. ამბობდნენ, მან დაინახაო პეტრეზე ღვთის წყალობა, როცა კონსტანტინეპოლში სასახლეში ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდა. (10, 67). მას პეტრეს სულიერ დედსა უწოდებენ. მელანია უმცროსს, რომელიც რომაელი დიდკაცის და სენატორის ქალიშვილი იყო და მის ქმარს _ პინინოს, ასევე დიდგვაროვანს, რომელნიც მონასტრებს აშენებდნენ და პავლე მოციქულის მოთხოვნის თანახმად, საკუთარი, ფიზიკურ შრომით ცხოვრობდნენ, მონაზვნები რომაელ მეფე _ დედოფლად თვლიდნენ. ასევეა ისინი მოხსენებული პეტრეს ცხოვრების ქართულ ვერსიაშიც. მასში მელანია უფროსის შესახებ არაფერია ნათქვამი. მელანია უმცროსის მიერ დაარსებულ მონასტერში პეტრე და იოანე აღიკვეცენ ბერად.

როგორც აღინიშნა, იმპერატორის სასახლეში კულტურული (შეიძლება ითქვას, მონასტრულიც) ატმოსფერო სუფევდა. რატომ გაიქცა პეტრე და მისი ახალი ნაცნობი იოანე ლაზი ამგვარი სასახლიდან? შ. ნუცუბიძის აზრით, ეს გამოწვეული იყო რთულ სასიყვარულო ამბავთან დაკავშირებული სკანდალით, „რომელშიც გარეული ყოფილა თავად დედოფალი ევდოკია. შ. ნუცუბიძის აზრით, „მეტისმეტად გულმოდგინე ბიოგრაფებმა საერო განათლების მქონე ქართველი უფლისწულის, ბიზანტიის კავალერიის ბრწყინვალე მეთაურის ეს იძულებითი ლტოლვილება კონსტანტინეპოლიდან განდეგილობრივ ღვაწლად შეცვალეს. მეტიც, თითქოს ღვთისმიერი გამოცხადების აღსრულებას ისახავდა მიზნად“. (7.169).

ამგვარ ინტერპრეტაციას მაშინ საქართველოში გაბატონებული საბჭოთა იდეოლოგიის და პოლიტიკის ათეისტური არსის ზეგავლენა ეტყობა. თუ მხოლოდ წყაროებს დავეყრდნობით, სასახლის დატოვების მიზეზის უფრო იყო, პეტრეს ახალგაზრდობიდანვე განმსაზღვრული სურვილი: მთელი თავისი შესაძლებლობანი იქეთკენ მიემართა, რომ მაქსიმალურად დაქვემდებარებოდა ღმერთისათვის უმაღლესი ღირებულების მქონე შესაწირის – „გონებაი განწმენდილის“ მიღწევას. მას არ აკმაყოფილებდა რწმენის ის დონე, რომლის შესაძლებლობასაც იმპერატორის სასახლე (მეფე-დედოფლის მთელი მცდელობათა მიუხედავად) იძლეოდა. პეტრე ხომ სამეფო სამოსლის ქვეშ, ფარულად, თხის თმისაგან მოქსოვილ უხეშ პერანგს ატარებდა, რათა სხეულებრივი ლტოლვანი მაქსიმალურად დაეთრგუნა.

ჩვეულებრივი ადამიანისათვის, თუნდაც ჩვეულებრივი მორწმუნისათვის, ამ გაუგებარ და მიუღებელ გულმოდგინეობას პეტრეს მისი მსახურებიც საყვედურობდნენ. ქართულად არსებულ „პეტრეს ცხოვრების“ ერთ-ერთ ვარიანტში ამ საყვედურს საინტერესო სოციალური დატვირთვა ეძლევა. მსახური, ალბათ, პატრიოტი ქართველი, სიზარმაცის გამო კი არ ეუბნება უარს პეტრეს სასანთლეში ზეთის ჩასხმაზე, არამედ საკმაო საფუძველს წამოაყენებს თავისი ურჩობის და განრისხებული საყვედურობს: “რასა იქმ, დააშთობ თავსა შენსა? არა უწყია, რამეთუ შენ მხოლოი უვი მამასა შენსა და ყოველი სამეფო ქართველთა შენდა დამოკიდებულ არს?“ ( 19. 165).

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა დაპირისპირებულ მხარეთაგან ორივენი მართალია. მსახური მაშინდელი საქართველოს კონკრეტულ სიძნელეებზე მიუთითებდა, პეტრე კი – ღვთის წინაშე, როგორც საქართველოს, ისე საერთოდ, კაცობრიობის გამართლებას ისახავდა მიზნად. (23, 48).

აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამავე რიგის მოვლენა იყო პეტრეს მიერ ეპისკოპოსობაზე კატეგორიული უარის თქმა. ეს იყო უარი სასულიერო სფეროში, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე. ეს, პეტრეს აზრით, მას ხელს შეუშლიდა ღვთისაკენ პირად სულიერ წინსვლაში. მაგრამ პეტრე მიხვდება, რომ სხვა პიროვნებათა სულიერი ამაღლებისათვის ზრუნვაც აუცილებელია ნამდვილი მორწმუნისათვის. როგორც ყოველთვის, ამგვარ სიტუაციაში, ე.ი. ჭეშმარიტი გზის ძიების პროცესში, პეტრე იხილავს ქრისტეს, რომელიც მას მკაცრად ეუბნება: “არა გიც ნაწილი არცა სამკვიდრებელთა ჩემთა, უკეთუ არა დამწყსნე ცხოვარნი ჩემნი” (19. 168).

იქნებ საყურადღებო იყოს XIXს. ცნობილ მკვლევართა მოსაზრება, რომ არეოპაგიტიკის ავტორი, არც მონოფიზიტია და არც დიოფიზიტი, არამედ საშუალო პარტიის წარმომადგენელია (1. 294). აქედან თუ შევხედავთ, იქნებ მეტი ღირებულება შეიძინოს ბიოგრაფთა მიერ იმ ფაქტების წამოწევამ, რომელნიც მიგვითითებენ პეტრეს ნამდვილ სურვილზე _ ამ დაპირისპირებაზე მაღლა დამდგარიყო. პეტრე ხომ ცდილობდა, რამდენადაც შესაძლებელი იყო, საერთოდ არ ჩარეულიყო სასულიერო და, მით უმეტეს, საერო ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის დაპირისპირებაში. მეტიც, არც მისივე საკუთარი სწავლების, საკუთარი თეოლოგიის ინტერპრეტაციებით დაინტერესებულიყო. ამაში არც ახალი და არც გასაკვირი არაფერია, ყველა შემოქმედი, გავლენიანი მოძღვრებისა, სოკრატედან (თუ პითაგორადან არა) დაწყებული და მ. ჰაიდეგერით (1889-1976) გათავებული, არც ერთ ინტერპრეტაციასთან არ აიგივებდნენ საკუთ არ პოზიციას. ალბათ, ასეთსავე მიმართებაში იყო პეტრე იბერი საკუთარი სწავლების მხოლოდ მონოფიზიტურად, ანდა მხოლოდ დიოფიზიტურად მიჩნევის მიმართ. თუმცა, ჩანს ზოგჯერ იძულებული იყო დაძაბული სიტუაციის განსამუხტავად მონოფიზიტობის მომხრეთათვის დაეჭირა მხარი.

უნდა აღნიშნოს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული პეტრე იბერი, რომელსაც ქალკედონური პოზიციიდან განსხვავებული ეკლესიებიც აღიარებდნენ, ცნობილი ავტორების მიერ ან უგულებელყოფილი იყო, ან გარკვეული დისტანციით მოიხსენიებოდა ქართულ კულტურაში. საკმარისია იმაზე მითითებაც, რომ ანტონ კათოლიკოსი (1720-1788) თავის “წყობილსიტვაობაში” პეტრეს არ ახსენებს (14) და არც ქართულ მატიანეებში მოიხსენიებოდა ვახტანგ VI მიერ “ქართლის ცხოვრების” გამოცემამდე. ამასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მსოფლმხედველობრივი აზროვნების საყურადღებო ასპექტია, ის რომ ქართული კულტურის დაცემის ეპოქაში XIII _ XVII სს. ძალზე საინტერესო განაზრებებთან გვაქვს საქმე პეტრე იბერის “რეაბილიტაციის” მცდელობის თვალსაზრისით. (14ა.)

ვახტანგისეული “ქართლის ცხოვრების” გამოცემის შემდეგაც პეტრე იბერის ღირებულების გაცნობიერება მის მშობლიურ კულტურაში მაინც შორს იყო ადეკვატურისაგან. ამ გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, ცნობილი გერმანელი მეცნიერის რ. რააბეს მიერ 1895 წ. პეტრე იბერის ცხოვრების ასურული ვერსიის საკუთარი, გერმანული თარგმანითურთ გამოქვეყნება, დამახასიათებელი სათაურით: “პეტრე იბერი. V საუკუნის საეკლესიო და ზნეობრივი ისტორიის სურათი“ (2). მომდევნო 1896 წ. ნ. მარმა რუსულ ენაზე გამოაქვეყნა საინტერესო ნარკვევი – “ცხოვრება უფლისწულის, მოღვაწის და მაიუმის ეპისკოპოსის პეტრე იბერისა“ (3), მაგრამ XX ს. შუა წლეებში ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიასთან დაკავშირებით პეტრე იბერის სახელი ახალი ასპექტით განხილვის საგანი გახდა. შ. ნუცუბიძის დიდი ცოდნა და სინთეზური კვლევის იშვიათი უნარი იყო საჭირო, რომ პეტრე იბერის შესახებ შემორჩენილი ცნობებიდან არსებითი კავშირი დაენახა მაიუმის ქართველ ეპისკოპოსის ნააზრევსა და XV საუკუნიდან ფსევდო-დიონისე არეოპაგელად წოდებულ ავტორს შორის, რომელმაც საკაცობრიო კულტურას აჩუქა დღეს „არეოპაგიტიკის“ საერთო სახელით ცნობილი უდიდესი მნიშვნელობის 4 თეოლოგიური ნარკვევი და 10 წერილი. მათში ანტიკური ფილოსოფიის შემაჯამებელი ნეოპლატონური ფილოსოფია, რომელსაც ქრისტიანები იყენებდნენ, მაგრამ მუდამ საკამათო ვერსიებით, სანიმუშოდ იყო გადააზრებული ქრისტიანული მსოფლმხედველობის პოზიციებიდან. ეს ნაშრომი VI საუკუნეში გავრცელდა. ავტორი თავს პავლე მოციქულის მიერ მოქცეულ დიონისე არეოპაგელს უწოდებდა. ანონიმმა თავისი განზრახვა ისე კარგად შეასრულა, რომ სპეციალისტების ცნობით, 4 საუკუნის განმავლობაში ქრისტიანი თეოლოგები ნეოპლატონიკოსებს თითქმის არც ახსენებდნენ და თუ ვინმე მათთან მსგავსებაზე მიუთითებდა, მარტივად პასუხობდნენ, რომ წარმართებმა, პლოტინემ (III ს.), პროკლემ (V ს.) და სხვებმა მოიპარეს პირველ საუკუნეში მცხოვრები, პავლე მოციქულის მიერ ქრისტიანად მოქცეული დიონისე არეოპაგელის აზრები. აღორძინების ფილოლოგებმა ეჭვი შეიტანეს დიონისეს ავტორობაში. შემდეგ დადასტურდა, რომ თავად დიონისე პროკლეს იყენებდა. ასე დადგა ფსევდო-დიონისე არეოპაგელის პრობლემა. დაიწყო ნამდვილი ავტორის ძიება. წამოყენებულია 22 ჰიპოთეზა. შეიძლება ითქვას, რომ შ. ნუცუბიძის (1942 წ.) და ბელგიელი მეცნიერის ე. ჰონიგმანის (1948 წ.) პოზიცია მათ შორის ყველაზე საფუძვლიანია. ე. ჰონიგმანმა (1892-1954), როგორც შ. ნუცუბიძის თანამოაზრე და თანამებრძოლი ს. ყაუხჩიშვილი აღნიშნავდა, ახალი და მნიშვნელოვანი ასპექტი წამოაყენა ამ ჰიპოთეზის სასარგებლოდ: მაღალი ალბათობით უჩვენა, რომ პეტრე იბერის მასწავლებლი და მეგობარი იოანე ლაზი (ერისკაცობაში-მითრიდატე) და „არეოპაგიტიკაში“ ფიქსირებული დიონისეს მასწავლებელი იეროთეოსი ერთი და იგივე მოაზროვნეა (10.110).

პირველ ხანებში ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორიას დასავლეთში დიდი სიხარულით შეხვდნენ. შემდეგ პრობლემური ასპექტებიც წამოიწია. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე საფუძვლიანი შენიშვნები ისევ ქართველ მკვლევრებს ეკუთვნის (კ. კეკელიძე, ი. ლოლაშვილი, ნ. შოშიაშვილი და სხვ.). ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემამდე ეს საინტერესო თეორია სამუშაო ჰიპოთეზად რჩება, რომელთანაც ქართული და საკაცობრიო კულტურის მრავალი პრობლემაა დაკავშირებული. ზემოაღნიშნული უფლებას მაძლევს ვთქვა, რომ V საუკუნის ქართველი უფლისწულის, ბერის და ეპისკოპოსის პეტრე იბერის შესახებ შემორჩენილი ცნობების შეგროვება, კვლევის თანამედროვე მეთოდებით მათი შედარება და შეფასება ჩვენი კულტურისა და მეცნიერებისათვის საჭირო საქმეა, როგორც წარსულის უკეთ გასაგებად, ისე მომავლის გამოწვევათა ღირსეულად შესახვედრად.

ამ წერილის მიზანი კი იმის ჩვენებაა, რომ დიდ ქართველ მოაზროვნეს, წმინდა პეტრე იბერს, თუნდაც მხოლოდ იმით რასაც მისი ბიოგრაფები გადმოგვცემენ, სრული ღირსება ჰქონდა იმისათვის, რომ „არეოპაგიტიკის“ შესაძლებელ ავტორთა სიაში ყოფილიყო, მაგრამ ამის გარეშეც, მის მიერ წამოყენებული პრინციპები ადამიანის, როგორც პიროვნების, თავისი თავის, კაცობრიობის და ღმერთის წინაშე პასუხისმგებელის, მსოფლმხედველობის არსებითი ასპექტების წამოწევისათვის მას, მართლაც, ეკუთვნის პატივი ჩაითვალოს საქართველოს სიამაყედ და საერთოდ კაცობრიობის მეოხად.

მითითებული ლიტერატურა და შენიშვნები

1.Bardenhever O., Geschichte der Altkirchlichen Literatur, Bd. IV (Das Fünfte Jahrhundert mit Einschluss der syrischen Literatur des vierten Jahrhunderts, Berlin 1924.
2.Raabe R., Petrus der Iberer. Ein Charakterbild zur Kirchen und Sittengeschichte des Fünften Jahrhunderts. Syrische Übersetzung einer um das Jahr 500 verfassten griechischen Biographie. Herausgeben und übersetzt von Richard Raabe, Leibzig 1895.
3.Мар Н. Я., Житие Ретра Ивера, царевича, подвижника и эпископа майумского 5 века (Православний Палестинский Сборник 1896, т. 16, в. 2).
4. კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I. თბილისი 1956. უნდა აღინიშნოს, რომ „პეტრე იბერის“ ქართული ცხოვრების ღირებულება სირიულთან შედარებით იმ ეპოქის გასაგებად ახალს, როგორც პატრისია ჰორნი ასკვნის, არაფერს იძლევა და რაიმე დამოუკიდებელი ღირებულება არა აქვს(8.49), ეს ბარდენჰევერმაც აღნიშნა, (1.გვ.317). ვფიქრობ, ეს საკამათო საკითხია, მაგრამ, უდავო ისაა, რომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის და პოლიტიკის თავგადასავლის გასაგებად. რაზედაც ი. ჯავახიშვილმა გარკვევით მიუთითა.
5. Кекелидзе К. Профессор Э Хонигман о Петре Ивере и сочинения Пс.-Дионисия Ареорагита. Труды ТГУ. т.63. Тбилиси .1956.
6. Charlesworth M., Philosophie and Religion.(From Plato to Postmodernism. Oxford, 2002.). კლიმენტი ძალიან მკაცრია. თავის ცნობილ ნაშრომში, „სტრომატა“ იგი თვლის, რომ უბრალო მორწმუნე, ე.წ. ორთოდოქსი მორწმუნე, საქონელს ჰგავს, რომელიც იმიტომ მუშაობს, რომ ეშინია. იგი კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ იმის ცოდნის გარეშე, თუ რას აკეთებს“. (გვ.188).
7. ნუცუბიძე შ.,პეტრე იბერი და ანტიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობა.შრომები, ტ. V. თბილისი 1975.
8. ყაუხჩიშვილი ს. ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, თბილისი 1973
9. HRebillard E., reviewer. Cornell University _ The Monastic School of Gaza. By Brouria Bitton-Ashkelony and Arych Kofsky. leiden and Boston: Brill, 2006. (The Expository Times. Book Review. 2009. http:ext.sagepub.com).
10. Horn Cornelia B.Ascetism and Christological Controversy in Fift-Century Palestine. The career of Peter the Iberian. Oxford Early Cristian Studies. Oxford 2006
11. Horn C. B. Peter the Iberian and Palestinian Monasticizm in fifth and early sixth-century Gaza. (in: “Aram” 15(2003). ეს ვრცელი წერილი შედგებოდა 11 თავისაგან: I. პეტრე იბერიელის სიკვდილი და დასაფლავება, II. მოცემული წერილის ხასიათი საზღვრები და მიზანი; III. ი. რუფუსის შრომები, როგორც პალესტინაში ანტიქალკედონიზმის წყარო; IV. ვინ იყო პეტრე იბერი?; V. პეტრე იბერი, როგორც პალესტინელი პროტომონახის, ილარიონის მემკვიდრე; VI.პეტრე იბერის, როგორც მონაზვნის, ყოველდღიური ცხოვრება ღაზაში; VII, პეტრე იბერის მიერ მონასტერში მოწაფეების მიზიდვა,VIII. როგორი იყო მაიუმში სამონასტრო ცხოვრება პეტრემდე და პეტრეს შემდეგ? IX, რა შეიძლება გავიგოთ მაიუმის მონასტრის ფიზიკური სტრუქტურის შესახებ? X, არქეოლოგიური ფაქტები; XI, ანტიქალკედონიანობის და ქალკედონიანობის მშვიდობიანი და კონფლიქტური ურთიერთობანი ღაზის რეგიონში.
12. Chambers Biographical Dictionery. Ed. Una McGovern. 2003.
13, Book Review: Peter the Iberian: Cornelia B. Horn and Robert R. Phenix Jr.(ed. and tr.) John Rufus:The Lives of Peter the Iberian,Theodosius of Jerusalem, and the Monk Romanus. In: The Expository Times 2009. http://ext.sagepub.com
14. ჯაფარიძე ანანია, მიტროპოლიტი, ქართული სამოციქულო ეკლესიის ისტორია, თბილისი 2008. “სომეხთა მონოფიზიტობა ქალკედონური სამყაროსათვის აშკარა გახდა პეტრე მიჯინის მიერ მოწვეული დვინის ადგილობრივი საეკლესიო კრების შემდეგ.გვ. 380. ეს კრება 551-554 წწ. მიმდინარეობდა, ე.ი. პეტრეს გარდაცვალებიდან და ძენონის ჰენოტიკონის ძალაში შესვლიდან 64 წ. შემდეგ. ძენონის ჰენოტიკონი 491წ. ვაღარშაპატში სომხეთის საეკლესიო კრებამაც მიიღო.(იქვ. 646)
14ა. შეიძლება ამასთან იყოს კავშირში „ქართლის ცხოვრების” მრავალ გამოცემაში პეტრეს მამის ვარაზ _ ბაკურის ხაზგასმულად მკაცრი კრიტიკა და ამ მეფის ქება პეტრეს ცხოვრების ქართულ ვერსიებში და ასევე, „სადღესასწაულოში”, რომელიც, ალბათ, ვახტანგ VI პოზიციის მქონე სასულიერო პირმა, დემეტრე პეტრესძე ეპიტაშვილმა 1742წ. მოსკოვში გადაწერა. იქ აღნიშნულია, რომ დიდი მღვდელთმოძღვარი პეტრე „იყო ძე ქართველთა მეფისა, ვარაზ ბაკური კეთილ – მორწმუნისა“ ( 19. 184).
15. Chidascheli Sch.. Neoplatonismus im Mittelalterlichen Georgien.(Accademia Nationale Dei Lincei. N 198, Roma 1974.) როგორც შ. ხიდაშელმა, აღნიშნა, პეტრე, ალბათ, პირველი ქართველია, რომელმაც ყრმობიდან წამოღებული სამშობლოს განცდა, წინაპრ ების, მშობლების, გამზრდელების ხსოვნა, ქართული ლოცვები საეკლესიო ისტორიაში შეიტანა. (იხ. ქართველ ფილოსოფოსთა ლექსიკონი. თბ. 2000, გვ. 57).
16. შეადარეთ: ხინთიბიძე ე. „უახლესი ტენდენციები ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის მიმართულებით“ (კრებ.: ბიზანტიოლოგია საქართველოში. რედ. ნ. მახარაძე. თ. დოლიძე. თბ. 2007. გვ. 546).
17. ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, ტ. I. (რედ. ს. ყუბანეიშვილი), თბილისი 1946. ქართული „პეტრეს ცხოვრება“ თავის წყაროდ მიუთითებს ვინმე ზაქარიას, როგორც პეტრე იბერის ქართველ მოწაფეს. ე. ჰონიგმანის აზრით, აქ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამაა შეცვლილი (მაგ. პეტრეს ქალკედონისტობა, მისი სახელი ნაბარნუგი კი არა მურვანოსია, შესავალი და დასკვნაც შეცვლილია), მაინც, ქართული „პეტრეს ცხ.ოვრება“ რუფინუსის „პეტრეს ცხოვრების“ ვერსიაა. დ. ლენგი, ჰონიგმანთან თანხმობით, ხაზს უსვამს მსგავსებას ქართულ და სირიულ ტექსტებს შორის და მიაჩნია, რომ ქართული ზაქარია სქოლასტიკოსის ტექსტიდან მოდის (10. 48). სხვები განსხვავებებს და შეუსაბამობებს აქცევენ მეტ ყურადღებას. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ადგილები, ძირითადად, შეცდომა კი არა, არამედ გარკვეული განზრახვით განხორციელებული რედაქციაა. მთარგმნელი და რედაქტორი ცდილობდენ ქართული კულტურის და სახელმწიფოს მაშინდელი სიძნელეების გადასაჭრელად გამოეყენებიათ სახელგანთქმული წინამორბედი. აქაც ჩანს, რომ ერი რომელიმე აღმსარებლობისათვის კი არ არსებობს, არამედ ერისა და სახელმწიფოსათვის არსებობენ აღმსარებლობები, როგორც ძირითადი, რელიგიური ჭეშმარიტების ინტერპრეტაციები, რომელთა შორისაც ამოირჩევენ ერის გამოჩენილი წარმომადგენლები (როგორც, მაგ, ლუთერმა აირჩია პროტესტანტიზმის საკუთარი ხედვა. კალვინმა თავისი და ა.შ.). ისტორია იმასაც გვიჩვენებს, რომ ერის ინტერესებისათვის, ოფიციალურად რჯულსაც იცვლიან, როგორც ეს ავღანეთში დაღუპულმა გიორგი XI-ემ გააკეთა, რომელიც აბჯრის ქვეშ გულზე ჯვარს ატარებდა (14,986). ქართულ კულტურაში პეტრეს „რეაბილიტაციასთან“ დაკავშირებულია მეორე გასათვალისწინებელი ფაქტიც: ქართულად მთარგმნელი მიუთითებს, რომ პეტრე იბერის ქება რომის ცნობილ პაპს გრიგოლ დიდს, ლოღოთეტსაც (540-604) გამოუთქვამს. ეს აზრი ექვთიმე მთაწმინდელისაგან (ათონელისგან, იგივე იბერიელისაგან-963-1028) მოდის. Mმან თარგმნა გრიგოლის „დიალოღონი” 1011წ. და ცნობილი მოღვაწე პეტრე ესპანელი (იბერიელი), როგორც კ. კეკელიძე აღნიშნავს, ქართველ პეტრე იბერად აქცია (4. 203-207). Eეს, ცხადია, არ შეიძლება იყოს არც პეტრე ესპანელი(იბერი- 1205-1277) რომელიც რომის პაპი გახდა 1276წ. იოანე XXI სახელით. იგი ცნობილი „Summulae Logicales”-ს ავტორია, რომელშიც დიალექტიკა მიჩნეულია `ხელოვნებათა ხელოვნებად და მეცნიერებათა მეცნიერებად”. რაც შეეხება გრიგოლ ლოღოთეტს მასთან მიმოწერა ჰქონია ქართლის კათოლიკოს კირიონს, ნესტორიანული მწვალებლობის შესახებ (4.,124-125). ს. ყაუხჩიშვილის გამოცემულ “ქართლის ცხოვრებაშიც” (თბ. 1955, ტ. I. მითითებულია ვახტანგ VI –სიტყვებზე, რომ, მან მონახა “პეტრეს ცხოვრება” და შეიტანა `ქართლის ცხოვრებაში”. აქაცაა აღნიშნული, რომ რომის პატრიარქმა გრიგოლ დიალოღმა აღწერა პეტრეს ცხოვრება. (“ქართლის ცხოვრება, ტ.1, 235). ერთ-ერთი თვალშისაცემი შეუსაბამობაა ის, რომ ქართულ ვერსიებში ერთნაირად კონკრეტულადაა განსაზღვრული, რომ პეტრემ 65 წელი იცოცხლა. სხვა წყაროები _ 80 წელს მიუთითებენ.
18. “პეტრეს ცხოვრებაში” პეტრეს უახლოეს მეგობარს – ესაიას ეწოდება “მონაზონთა მამა” და იგი “პეტრეს მასწავლებელად (მენტორად) ითვლება” (10. .167).
19. ლოლაშვილი ი. (რედაქტორ-გამომცემელი). არეოპაგიტული კრებული. თბილისი. “მეცნიერება”. 1983.
20. “ქართლის ცხოვრება”. ტომი I. სანაძე მ., შოშიაშვილი ნ. (რედ.). თბილისი 1994. მიუხედავად იმისა, რომ მაკარი მესხი და მისი ტექსტის მოგვიანო რედაქტორი კარგად მიხვდნენ პეტრეს საჭიროებას ქართული კულტურისათვის, ვახტანგ VI-მდე (და სამწუხაროდ,ნაწილობრივ, მის შემდეგაც) პეტრეს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. მ. სანაძისა და ნ. შოშიაშვილის მიერ გამოცემულ ადაპტირებულ „ქართლის ცხოვრებაში“, ეს ასპექტი კარგადაა წარმოდგენილი. როგორც ცნობილია, ვახტანგის შექმნილმა მეცნიერ კაცთა კომისიამ “ქართლის ცხოვრებას“ დაუმატა 5 ტექსტი: „1. ისტორია ქრისტეს კვართის მცხეთაში მოტანისა, 2. ანდრია მოციქულის ქადაგება საქართველოში, 3. პეტრე იბერის ცხოვრება, 4. ცამეტი სირიელი მამის (იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების) ცხოვრება, 5. მოკლე შენიშვნა დავით და კონსტანტინეს წამებაზე“ (13.141). აქედან ზემოაღნიშნულმა მკვლევრებმა „პეტრე იბერის ცხოვრება“ შეიტანეს „ქართლის ცხოვრების“ თავის გამოცემაში. ეს გამომცემლები არ არიან ნუცუბიძე – ჰონიგმანის თეორიის მომხრენი. ისინი პეტრე იბერს „ზომიერ მონოფიზიტს“ უწოდებენ, რამდენადაც იგი, მათი აზრით, მხარს უჭერდა იმპერატორ ძენონის (426-491) „ჰენოტიკონს“. ეს საინტერესო ფაქტია, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად იმპერატორის თხოვნისა, პეტრემ `ჰენოტიკონს~ ხელი არ მოაწერა. ეს გამომცემლები, გარკვეული ასპექტით, ეთანხმებიან „პეტრეს ცხოვრების“ ასურულიდან ქართულად მთარგმნელს ამ დიდი საეკლესიო მოღვაწის, როგორც „ეროვნული გმირის“ შეფასებაში (იქ. 142).
21. ანტონ კათალიკოსი, წყობილსიტყვაობა, თბილისი, 1980
22. Lang D. M.,Peter the Iberian and His Biographers. Journal of Ecclesiastical History, vol.2. (1951).
23. ხიდაშელი შ. ქართული ფილოსოფიის ისტორია. თბილისი, 1988; შ. ხიდაშელმა რიგ მკვლევართა ყურადღება მიაქცია იმას, რომ გიორგი მთაწმინდელის ამაყი განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში მართლმადიდებლობისაგან გადახრებს ადგილი არ ჰქონია, სინამდვილეს არ შეეფერება (იბიდ 23, 43)
24..Kobusch Th., Christliche Philosophie, Entdekung der Subjektivität. Darmstadt.2006.
25.. Lexikon der Antike ( Hrsg. J. Irmscher). Berlin. 1984.
26. წმ. იოანე…დამასკელი, მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. თბილისი 2000. დამასკელისათვის „არაწმინდა გონებას“ განეკუთვნება, არა მხოლოდ ამ გონების თანხმობა უკადრის საქციელზე, არამედ ამგვარი რაიმეს გაფიქრებაც კი” (გვ.440).
27. თევზაძე გ.,უდანაშაულობის პრეზუმფცია და მორალურობის პრეზუმფცია “ანალები” ,N.3. თბილისი. 2008.
28. აბულაძე ი., ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბილისი 1973: `გამოვიდა სენაკით და გზასა შეუდგა სოფლისასა, რაითა მოგონებული საქმითაცა აღასრულოს“, Gგვ.263
29. Ренан Э. Апостолы . Спб. 1907
30. დავით აღმაშენებელი, გალობანი სინანულისანი. ქართულ- ინგლისური ტექსტი. თბილისი 1993.
“გარნა არავე უღვიხუნე ხელნი..
არცა დავდე სასოებაი ჩემი
ღმრთისა მიმართ უცხოისა”. (გვ. 42)……
31.თევზაძე გ., პავლე მოციქული პეტრიწის კომენტარებში.(საღვთისმეტყველო კრებული, თბილისი 1981)
32. ამ დამოკიდებულებაზე მოგვიანებით. კ. ჰორნმა სპეციალური ნარკვევი გამოაქვეყნა სადაც ევდოკიას კვაზი- დედობილად მიიჩნევს: Empreses Eudocia and the Peter the Iberian. Patronage, Pilgrimage and the Live of a Foster Mother in fifth Century Palestine (Bizantinische Forschungen, 28.(2004) p.197-213). აღმსარებლობათა ურთიერთმიმართების ასპექტით საინტერესოა ორი დედოფლის, თეოდოსი მცირეს უფროსი დის – პულხერიას და მისი ცოლის – ევდოკიას (401-465) პოზიციათა შედარება. ევდოკია სარძლოდ პულხერიამ აირჩია, მაგრამ სასახლეში ისინი სასტიკად დაუპირისპირნენ ერთმანეთს იმპერატორზე გავლენისა და ძალაუფლებისათვის. Pპულხერიას ქალკედონის კრების არა უბრალო მომხრედ, არამედ ამ მიმართულების ერთ-ერთ ორგანიზატორადაც თვლიდნენ. ძმის სიკვდილის შემდეგ იგი გათხოვდა, მისი ქმარი Mმარსიანე იმპერატორი იყო 450-457 წწ. იგიც ქალკედონიზმის მიმდევარი იყო. დაქვრივებული ევდოკია კი – ანტი-ქალკედონისტი. მორწმუნენი მარკიანეს ახალ კონსტანტინეს(280-337) უწოდებდნენ, ხოლო დედოფალ – პულხერიას ადარებდნენ კონსტანტინეს დედას – დიდმორწმუნე ელენეს. (10. 351). ევდოკია თეოდოსის სიკვდილის შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა და, როგორც მწერალი, თავისი ქმრის საქმეებს ადიდებდა (12, ასევე, 23, 47).
33. ამ უცნაურ საუკუნეში, როცა მორწმუნეებით და განდეგილებით მართლაც “აივსო გამოქვაბულები” (ლიბანიოსი) და მონასტრები საოცარი სისწრაფითა და მონდომებით შენდებოდა, მელანიას და მის ქმარს წმინდა მიწაზე დახვდა მელანია უფროსი. მელანია უმცროსის დიდედა. მელანია უმცროსი, პეტრეზე 18 წ. უფროსი იყო. (10.138). იგი ორივეს, პეტრესაც და იოანე ლაზსაც საკუთარი შვილებივით უვლიდა (იქ.278). ეს ქალი უბედური დედა იყო. შვილები ქალი და ვაჟი, ჩვილები მოუკვდა. და მან ქმართან _ პინიანოსთან ერთად, მონაზვნობას შეაფარა თავი. ქართულ “პეტრეს ცხოვრებაში” მათ რომაელი მეფე და დედოფალი ეწოდებათ. ისინი ერთმანეთის მახლობლად, სხვადასხვა (დედათა და მამათა) მონასტერში ცხოვრობდნენ. სანამ წმინდა მიწაზე მივიდოდნენ მელანია უმცროსმა 7 წ. ეგვიპტეში გაატარა, როგორც მონაზონმა. დიდგვაროვანი რომაელი ქალბატონი უმაღლეს სასულიერო პირთა წრეში ტრიალებდა. სამოღვაწეოდ მისი პალესტინაში გადასვლა, შესაძლებელია, თავად ნეტარი ავგუსტინეს ((354-439) რჩევით მოხდა. Aამდენად, მელანია უმცროსი ორი წმინდანის, ნეტარი ავგუსტინეს და წმინდა პეტრე იბერის სიმბოლური დამაკავშირებელი გახდა.

V ს. ის დრო იყო, როცა მორწმუნენი თანდათან ეგუებოდნენ ანტიკური ფილოსოფიის, როგორც ქრისტიანული სარწმუნოებისათვის აუცილებელი მსახურის საჭიროების აზრს და იმასაც, რომ მორწმუნეს არა მარტო კოსმოსის სრულყოფილებაში და სასწაულებში დაენახა ღვთის ძალა, არამედ პიროვნების სხეულებრივი მშვენიერებაც ღვთის წყალობად მიეჩნიათ. ჯანსაღი, ძლიერი და მშვენიერი სხეულის ღვთის სამსახურში ჩაყენება ამაღლებდა ამგვარი მორწმუნისადმი ნდობას. ეს “პეტრეს ცხოვრებაშიც” ჩანს და მომდევნო საუკუნეების ქართულ ჰაგიოგრაფიაშიც.

V ს. საუკუნეში აღარავინ ფიქრობს, ანტიკურობის დაბრუნების შესაძლებლობაზე. იმპერატორ იულიანე განდგომილის (332-363) თავგანწირული მცდელობა და მისი მარცხი, ანტიკურობის დამცველთა ბოლო გაბრძოლებად იქნა მიჩნეული. ამ მცდელობის შემდეგ ძველის და ახალი მსოფლმხედველობების სინთეზის იდეამ მეტი ღირებულება მიიღო. ამის ერთ-ერთ გამოვლინება იყო მიწიერთან და საერთოდ სხეულებრივთან მსოფლმხედველობრივი შერიგების ცდა. რაც დიონისე არეოპაგელთან `ყოვლითურთ ბოროტის~ არსებობის შეუძლებლობაზე ნეოპლატორნური იდეის ათვისებით და იოანე დამასკელთან ბოროტის წყაროდ სულის და არა სხეულის აქტივობის დადგენა იყო. მანამდე კი ამ პოზიციას ამზადებდენ ანტიკურობის ქრისტიანი “მიმდევრები” სხეულებრივი მშვენიერების მნიშვნელობის წამოწევით. ამის საინტერესი და დამაჯერებელი გამოვლენა იყო მითითება, წმინდანთა სხეულებრივ სრულყოფილებაზე.აქ თავისებურად აღდგა ანტიკური მსოფლმხედველობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი: “ლამაზ სხეულში ლამაზი სულია”. “პეტრეს ცხოვრებაში” ლაპარაკია ბერზე, რომელმაც “იხილა გარდაცვლილი ბერი ვინმე შუენიერი და პირი მისი ნათობდა ვითარცა მზე”. ეს წინასწარმეტყველი მოსეს ცხედარი აღმოჩნდა. (17. 267).

გამომცემლობა “Carpe diem”

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button