ერთ ხელმწიფეს სამი ქალი ჰყავდა: ერთს — შავი თმა ჰქონდა, მეორეს — ჟღალი, მესამეს კი — ქერა.
უფროსი გონჯი იყო, შუათანა — სანდომიანი, უმცროსი კი ლამაზიც იყო და კეთილიც. ამიტომ უფროსი დები შურის თვალით უყურებდნენ.
ხელმწიფეს სამი ტახტი ედგა: ერთი — თეთრი, მეორე — წითელი, მესამე კი — შავი. როცა კარგ გუნებაზე იყო, თეთრ ტახტზე ჯდებოდა, როცა დარდი მო-
ერეოდა — წითელ ტახტზე, თუ გააჯავრებდა ვინმე, მაშინ შავ ტახტზე დაბ-რძანდებოდა.
ერთხელ უფროსმა ქალებმა გააჯავრეს. ადგა ხელმწიფე და შავ ტახტზე დაბ-რძანდა. შეწუხდნენ შვილები, შემოეხვივნენ მამას, მიუალერსეს. უფროსმა ქალმა ჰკითხა:
— მამავ ბატონო, როგორ გეძინათ წუხელ? შავ ტახტზე რატომ დაბრძანდით, ჩემზე ხომ არა ხართ გაჯავრებულიო?
— დიახ, სწორედ შენ გამაჯავრეო.
— რა დავაშავე, მამავ ბატონო?
— რაღა რა დააშავე, სულ არ გიყვარს მამაშენიო!
— რასა ბრძანებთ, მამა მე ისე მიყვარხართ, ისე, რომ…
— მაინც, როგორ გიყვარვარო?
— პურზე მეტად მიყვარხართ, მამა!
ხელმწიფემ წარბები შეიჭმუხნა, ხმა კი არ ამოუღია. ძალიან მოეწონა უფრო-სი შვილის პასუხი. ახლა შუათანა ქალმა ჰკითხა:
— მამავ ბატონო, როგორ გეძინათ წუხელ? შავ ტახტზე რატომ დაბრძანდით, ჩემზე ხომ არა ხართ გაჯავრებულიო?
— დიახ, სწორედ შენ გამაჯავრეო.
— რა დავაშავე, მამავ ბატონო?
— რაღა რა დააშავე, სულ არ გიყვარს მამაშენიო!
— რასა ბრძანებთ, მამა? მე ისე მიყვარხართ, ისე…
— მაინც, როგორ გიყვარვარო?
— ღვინოზე მეტად მიყვარხართ, მამა!
ხელმწიფეს შვილის პასუხი მოეწონა და რაღაც ჩაიდუ-დუნა.
ბოლოს მხიარულმა და ალერსიანმა უმცროსმა ქალმაც ჰკითხა მამას:
— მამავ ბატონო, წუხელ როგორ გეძინათ? რატომ დაბრძანდით შავ ტახტზე, ჩემზე ხომ არ ხართ გაჯავრებული?
— დიახ, სწორედ შენ გამაჯავრე. სულ არ გიყვარს მამა-შენიო!
— რასა ბრძანებთ, მამა? მე ისე მიყვარხართ, ისე…
— მაინც, როგორ გიყვარვარო?
— როგორ და მარილზე მეტად მიყვარხართო!
_ რაო, მარილიო? — დაიღრიალა ხელმწიფემ. — ეს რა გაიგონა ჩემმა ყურმა. აი, შე უკეთურო. ეგ როგორ გაბედე! ახლავე დაიკარგე აქედან, თვალით არ და-მენახოო!
მერე მსახური იხმო და უბრძანა:
— წაიყვანე ჩემი უმცროსი ქალი ტყეში და მოკალიო.
დედოფალს ძალიან უყვარდა თავისი უმცროსი ქალი, ეს ამბავი რომ გაიგო, გადაწყვიტა, როგორმე შვილი სიკვდილს უნდა გადავარჩინოო. სასახლეში ვერცხლის დიდი შანდალი იდგა. იმ შანდალში ციცოლა, ასე ეძახდნენ ხელ-მწიფის უმცროს შვილს, თავისუფლად დაიმალებოდა, დედოფალმა შვილს უბ-რძანა, შანდალში ჩაძვერიო. მერე ერთგული მსახური იხმო და უთხრა:
— ეს შანდალი წაიღე და გაყიდე, თუ ღარიბი შეგევაჭროს, ძვირი დაუფასე, თუ წარჩინებული შეგევაჭროს, გროშის ფასად მიეცი, იცოდე, შანდალი აუცი-ლებლად წარჩინებულს მიჰყიდეო.
მერე ციცოლას გადაეხვია, დალოცა, შანდალში ჩაუწყო ლეღვის ჩირი, შოკო-ლადი, ნამცხვარი და მსახური გაისტუმრა.
წავიდა მსახური, გაიტანა შანდალი მოედანზე. შემოეხვია ხალხი, მაგრამ მსახურს ერთიც არ მოუვიდა თვალში და ისეთი ფასი დაადო შანდალს, რომ ყველა ცივად გატრიალდა. ამ დროს მაღალ კოშკთა სამეფოს უფლისწული მი-ვიდა მსახურთან, ახედ-დახედა შანდალს და ჰკითხა, რას აფასებო. მსახურმა გროშები დაუფასა, უფლისწულმა იყიდა შანდალი, მხლებლებს უბრძანა, სა-სახლეში წაიღეთ შანდალი და ჩემს სასადილო ოთახში დადგითო. კარისკა-ცებმა თვალი დააჭყიტეს, ეს რა ლამაზი შანდალიაო.
საღამოს უფლისწული სტუმრად წავიდა. არ უყვარდა, როცა მის დაბრუნე-ბას ელოდნენ. ამიტომ მსახურები ვახშამს გაუწყობდნენ ხოლმე და დასაძინებ-ლად მიდიოდნენ, იმ ღამესაც გაუწყვეს სუფრა და დაიშალნენ. დაინახა ციცო-ლამ, რომ ოთახში მარტო დარჩა, გადმოხტა შანდლიდან და, იცოცხლე, მოულ-ხინა უფლისწულის ვახშამს. მერე ისევ შანდალში ჩაძვრა.
დაბრუნდა უფლისწული, მიუჯდა მაგიდას, მაგრამ სუფრა მოცარიელებუ-ლი დახვდა. ატეხა ზარის წკრიალი. მოცვივდნენ მსახურები. შეახურა, მაგრამ როგორ შეახურა. საცოდავები იფიცებოდნენ, ვახშამი გაგიწყვეთ, ალბათ კატა ან ძაღლი შემოიპარა და შეჭამაო.
— მეორედ არ დაგემართოთ ასეთი რამ, თორემ კინწისკვრით გაგყრით ყვე-ლასო, — დაემუქრა უფლისწული და სუფრის გაწყობა ბრძანა. ივახშმა უფლის-წულმა და დაწვა.
მეორე საღამოს მსახურებმა ვახშამი გააწყვეს, კარ-ფანჯარა ჩაკეტეს, მაგრამ ვახშამი მაინც გაქრა, ისე გაბრაზდა უფლისწული, იმდენი იყვირა, ლამის და-ანგრია სასახლე. მერე ცოტა, რომ დაშოშმინდა, თქვა:
— ვნახოთ, ხვალ რაღა მოხდებაო.
მეორე დღეს კი, აი, რა ქნა უფლისწულმა: სასადილო მაგიდას გრძელი სუფ-რა ეფარა. ადგა უფლისწული და მაგიდის ქვეშ დაიმალა.
შემოვიდნენ მსახურები, გააწყვეს ვახშამი, ძაღლი და კატა ოთახიდან გარე-კეს და კარი ჩაკეტეს. ცოტა ხნის შემდეგ მშვენიერი ციცოლა შანდლიდან გად-მოხტა, სუფრას მივარდა და დაიწყო გამალებით ჭამა.
უფლისწული სამალავიდან გამოვიდა და ხელი სტაცა ქალს. ციცოლამ გაქ-ცევა დააპირა, მაგრამ უფლისწულს რას გაუსხლტებოდა ხელიდან. რაღას იზამდა, დაუჩოქა ვაჟს და თავისი ამბავი უამბო.
უფლისწულს თავდავიწყებით შეუყვარდა ციცოლა. ჯერ დაამშვიდა, დაუყ-ვავა და ბოლოს უთხრა:
_ სულ მალე ჩემი ცოლი გახდები. ჯერჯერობით კი ისევ შანდალში დაიმა-ლეო.
უფლისწულს ისე შეუყვარდა ციცოლა, რომ მთელი ღამე თეთრად გაათენა. მეორე დღეს მსახურებს უთხრა: ეს შანდალი ძალიან მომწონს, ღამეც თვალწინ მინდა მქონდეს და ჩემს საწოლ ოთახში დადგითო. მერე ბრძანა, მეტი კერძი შეეტანათ მისთვის, ბოლო ხანებში მადა მომეცაო.
მიართვეს უფლისწულს ყავა, მერე საუზმე, საუზმეს სადილი მოჰყვა. სულ ორ-ორი ულუფა შეჰქონდათ. გაუშლიდნენ სუფრას, უფლისწული კარს ჩაკე-ტავდა, ამოიყვანდა ციცოლას შანდლიდან და მხიარულად შეექცეოდნენ.
მას მერე, რაც უფლისწულმა შანდალი იყიდა, სულ ცალკე ჭამდა. დედას უკ-ვირდა.
— ნეტა ისეთი რა ვაწყენინე, რომ სუფრაზე ჩემთან აღარ ჯდებაო?
— ცოტა მოითმინე, დედი, ერთი ისეთი საქმე მაქვს, რომ მარტო მინდა ყოფ-ნაო, — უთხრა უფლისწულმა.
ერთ მშვენიერ დღეს უფლისწულმა დედოფალს გამოუცხადა:
— ცოლი უნდა შევირთოო.
— მერე ვინ არის შენი საცოლეო? — გაუხარდა დედოფალს.
— ვინ და ვერცხლის შანდალიო.
— ხომ არ შეიშალეო! — აღმოხდა დედას და სახეზე ხელები აიფარა.
ბევრი ეხვეწა, ბევრი ემუდარა შვილს, ხალხი რას იტყვის, სირცხვილით თა-ვი სად უნდა გამოვყოო, მაგრამ არც დარიგებამ გაჭრა, არც ხვეწნა-მუდარამ.
უფლისწულმა ბრძანა: ერთი კვირის შემდეგ ჯვარს ვიწერ და ქორწილის-თვის ყველაფერი მოამზადეთო.
ქორწილის დღეს სასახლის ეზოდან ურიცხვი ძვირფასი ეტლი გავიდა. პირ-ველ ეტლში უფლისწული იჯდა, გვერდით ვერცხლის შანდალი ედგა. საყდარ-ში რომ მივიდნენ, უფლისწულმა ბრძანა, ვერცხლის შანდალი საკურთხეველ-თან დადგითო.
საკურთხეველში ციცოლა შანდლიდან ამოძვრა, სულ დიბა-ატლასში იყო გახვეული და უთვალავი თვალ-მარგალიტით შემკული.
დაიწერეს ჯვარი, შინ რომ დაბრუნდნენ, დედოფალს ყველაფერი უამბეს.
დედოფალი ჭკვიანი ქალი იყო. ციცოლას უთხრა:
— მე მომანდე, შვილო, შენი საქმე. მამაშენს ჭკუას ვასწავლიო.
გამართეს დიდი ნადიმი, მოიწვიეს მეზობელი ქვეყნების ხელმწიფეები და ციცოლას მამაც. დედოფალმა ციცოლას მამისთვის განსაკუთრებული კერძი შეუკვეთა. მზარეულს ნაბრძანები ჰქონდა, ციცოლას მამისთვის ყველაფერი უმარილო მიერთმია.
შეიკრიბნენ წვეულნი, შემოუსხდნენ სუფრას. დედოფალმა სტუმრებს უთ-ხრა, პატარძალი შეუძლოდ არის და ნადიმზე ვერ გამოვაო. შეუდგნენ ჭამა-სმას. აიღო ციცოლას მამამ კოვზი, შეხვრიპა წვენი და თავისთვის ჩაიდუდუნა:
— მზარეულს მარილი დავიწყებიაო, — და მათლაფა განზე გადგა.
მიართვეს სხვა კერძი. ისიც უმარილო. ახლა ჩანგალიც განზე გადადო ხელ-მწიფემ.
— რატომ არაფერს მიირთმევთ, დიდო ხელმწიფევ, არ მოგეწონათ ჩვენი კერძებიო? — ჰკითხა დედოფალმა.
— არა, რასა ბრძანებთ, ყველაფერი გემრიელიაო!
— თუ ასეა, რატომ არას მიირთმევთო?
— რატომღაც არ მინდაო.
ჩამოჭრა ხორცის ნაჭერი ხელმწიფემ, ჩაიდო პირში, ღეჭა, ლოღნა, მაგრამ ლუკმა ყელში არ გადაუვიდა. უცებ გაახსენდა თავისი უმცროსი ქალის სიტ-ყვები, მარილზე მეტად მიყვარხარო, რომ უთხრა, დაენანა შვილი და ტირილი წასკდა:
— ეს რა ჩავიდინე მე უბედურმაო.
— რა დაგემართათო? — ჰკითხა დედოფალმა.
ხელმწიფემ ყველაფერი გულახდილად უამბო. წამოდგა დედოფალი და ბრძანა, პატარძალი შემოიყვანეთო. დაინახა ხელმწიფემ შვილი, გულში ჩაიკრა, ტიროდა, ეფერებოდა, ეკითხებოდა, რა სასწაულით გადარჩი, ან აქ როგორ გაჩ-ნდიო.
ხელად აფრინეს კაცი ციცოლას დედის მოსაყვანად. ისევ განაგრძეს ქეიფი. დღე დღეს მისდევდა, ქეიფი კი არ წყდებოდა. ალბათ დღესაც ღრეობენ.
ბოლონია