ბიოგრაფია

გალაკტიონ ტაბიძე – Galaktion Tabidze – ბიოგრაფია

1891-1959

პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

„ინტურისტის“ ბაღში გალაკტიონი ზის და ჭიქა ღვინოს ელოდება.

ოფიციანტი აგვიანებს. გალაკტიონი დაუძახებს: – ბიძიკო!

ოფიციანტი წყენით მიუგდებს:

– დამაცადე, შე კაცო, შენისთანა მილიონია, მე ერთი ვარ.კკ

ნოდარ დუმბაძე, „მზიანი ღამე“

გალაკტიონმა იცოდა, რომ ერთადერთი იყო: „როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი.“ მის დროს ბევრი იყო აღიარებული მწერალი, გამოჩენილი, ნიჭიერი, მაგრამ გალაკტიონი ერთი იყო, განმარტოებით მდგარი, შეუდარებელი.

დაიბადა ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში, პატარა, იმერულ ოდაში.  პოეტის მამა – ვასილ ტაბიძე, სოფლის მასწავლებელი, შვილის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე, 35 წლისა გარდაიცვალა. გალაკტიონს ჰყავდა ორი წლით უფროსი ძმა აბესალომი და დედა, მაკრინე ადეიშვილი, რომელიც თავისი გატუნიას ყველაზე დიდი თანამგრძნობი და დამცველი იყო სიკვდილამდე. მაკრინეს წინაპრები ყოფილან აფხაზეთის მთავარნი შერვაშიძეები. „ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზის, გურულისა და იმერელის. მე მქონდა ძალიან კარგი, უდარდელი ბავშვობა“ – იგონებდა პოეტი. სოფელში ისწავლა წერა-კითხვა, ცურვა, თევზაობა, ლექსების წერა. იქვე, რიონის პირას იზრდებოდა მისი ბიძაშვილი და თანამოაზრე ტიციან ტაბიძე.

1900 წელს ქუთაისში გადაიყვანეს, ვინმე წერეთლის ოჯახში დააბინავეს და სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მგრძნობიარე, დედის ნებიერა ბავშვს სასწავლებელში არცთუ სასიამოვნო გარემო დახვდა, თავის მოკვლაც კი სცადა, თუმცა პოეტადაც იმ პერიოდში, ქუთაისში დაიბადა. გალაკტიონ ტაბიძის მოსვლა მწერლობაში XX საუკუნის ყველაზე მძიმე ხანას დაემთხვა. ერთი მხრივ იყო რევოლუციით, განახლებით ჩასახული იმედი და მეორე მხრივ ამ მძაფრი რყევით გამოწვეული სევდა, „სისხლი და ცხედრები“.

1908 წლიდან გალაკტიონმა სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო  და  თავისი პირველი ლექსი „შავი ღრუბელიც“ გამოაქვეყნა.  „როდესაც ჩემი პირველი ლექსი დაიბეჭდა, ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა რაღაც ახალი. მეჩვენებოდა, რომ სადღაც გაიღო კარი და მე ვიწრო და ბნელი საკნიდან ამოვედი თავისუფალ ასპარეზზე და ყველგან, სადაც თვალი გასწვდებოდა, იყო მზე, მოძრაობა და სინათლე. ამ სულიერმა განწყობილებამ გასტანა მხოლოდ რამდენიმე დღეს: მე მოველოდი უფრო მეტს.“  სასულიერო სემინარია მალე მიატოვა და მასწავლებლობა დაიწყო ჯერ სოფელ ფარცხნალაში, შემდეგ ბათუმის მახლობლად. 1912 წელს ქუთაისში დასახლდა.

მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალდგაზეთებში, მაგრამ უცნაური სენი მარტოობისა უკვე  შეეპარა. იმ დროს გაიცნო გალაკტიონმა ოლია ოკუჯავა, მომავალი მეუღლე, მაგრამ ოლიას რევოლუციონერთა ოჯახი თანახმა არ იყო, მათი ქალიშვილი ვიღაც „ქუჩის ბიჭს“ მისთხოვებოდა. ამის მიუხედავად, 1916 წლის 23 აგვისტოს ოლიამ და გალაკტიონმა ჯვარი დაიწერეს და მოსკოვს გაემგზავრნენ. საყვარელ მეუღლესთან ცხოვრებაც არ გამოდგა პოეტისათვის შვების მომტანი. რევოლუციური სულისკვეთების ოლია თანაპარტიელებმა ორჯერ გადაასახლეს. პირველად დაბრუნდა, მეორეჯერ დ ვეღარ, 1943 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა.

1914  წელს გალაკტიონის პირველი წიგნი გამოიცა და მსოფლიო ომიც დაიწყო. „რა წელიწადი დადგა, რანაირი წელი ერგო ჩემს პირველ წიგნს, ამ წიგნით ქვეყნის აფეთქებას ვაპირებდი, აქ კი გერმანია შეუდგა ჩემს მაგიერ ქვეყნის აფეთქებას“ – დაიჩივლა გალაკტიონმა ტიციანთან.

მომდევნო წელს, უკვე აღიარებულ პოეტს ტიციანი „მარტოობის ორდენის კავალერს“ უწოდებს და ეს წოდება გახდება გალაკტიონის შემოქმედების განმსაზღვრელიც.

1919 წელს გამოცემულმა „არტისტულმა ყვავილებმა“ პოეტს საყოველთაო აღიარება მოუტანა. „მე და ღამემ“, „მთაწმინდის მთვარემ“, „ლურჯა ცხენებმა“, „მერიმ“, „სილაჟვარდემ…“ მკითხველს სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ენის დიდებული კეთილხმოვანება გადაუშალა.

1918 წელს გალაკტიონი თბილისში დამკვიდრდა.  ავტობიოგრაფიაში წერს: „ვმუშაობდი ჟურნალ-გაზეთებში, მაგრამ ბუნებით პოეტად ვრჩებოდი. ჩემი ტრიბუნა იყო პოეზია  და მე არასოდეს არ დამიტოვებია ეს ტრიბუნა და გადამიცვლია სხვა რამეზე.“ არც რომელიმე ლიტერატურული დაჯგუფებისა თუ  ორდენის წევრი ყოფილა, გამორჩეული იყო როგორც მეფე, მართლაც, 1921 წელს პოეტების მეფის ტიტული მიანიჭეს და ეს „გვირგვინი“ სამუდამოდ დაიდგა, მის მეფობას ძალა არ დაუკარგავს.

გალაკტიონი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. მის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე დღემდე იწერება წიგნები, სხვა პოეტთა თაყვანისცემისა და შთაგონების უშრეტ წყაროდ რჩება, მის პოეზიაზე სიმღერები იქმნება, ახალ-ახალი ლექსი ხდება პოპულარული, მაგრამ ისევ ყველაზე შეუცნობელ და ამოუხსნელ შემოქმედად რჩება. გალაკტიონი რთული, მრავალფენოვანი, ძნელადგასაშიფრი, ამასთანავე ნათელი, სადა და ადვილად მისაწვდომია.  მსუბუქი და ჰაეროვანი კილოთი აკაკის ენათესავება, სულიერი წყობით კი ბარათაშვილის  შთამომავალია.

გალაკტიონი გრძნობის პოეტია – „მძლავრი – ვით ქარი, ნაზი – როგორც მთების ზეფირი“. თავისი შემოქმედების გასაღები თვითონვე მოგვცა: „ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებს.“ ევროპული და რუსული კულტურისადმი დიდი პატივისცემის, უცხოელ პოეტებთან სულიერი ნათესაობის მიუხედავად, გალაკტიონი წმინდა ქართული ფენომენია:

„წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,

ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის.“

თითქოს ყველაფერი ჰქონდა – სახელი, მთავრობის დაფასება, ჯილდო, სიყვარული, ჰონორარი და თავშესაფარი, მაგრამ არაფერს ფლობდა. სხვა რამ უნდოდა, რაღაც დიდი, ისეთივე გრანდიოზული და მასშტაბური, როგორიც მისი პოეზიაა. ამქვეყნიურ ყოფაში მისთვის ბედნიერება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან სამკვიდრო ზეცაში ჰქონდა მონიშნული.

1959 წლის 17 მარტს გალაკტიონ ტაბიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. თბილისში ხმა დაირხა, გალაკტიონს თეთრ ბალდახინში შებმული ლურჯა ცხენებით გაასვენებენო, მაგრამ ეს პოეტური ოცნება არ გამართლდა. გასვენებას ზღვა ხალხი დაესწრო. მის კუბოს ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას მთაწმინდისაკენ მის მიერვე შექმნილი რეკვიემი მიაცილებდა. უკანასკნელი გზაც თავისივე ლექსით გაინათა:

„მიდიხარ… შენს ბედს ბევრი ინატრებს

მშვენიერს, ბედი სხვა არსად არი,

შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს –

შენ უკვდავების ხარ ბინადარი.“

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button